Facebook Twitter

საქმე №ას-983-2024

11 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ა–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ა–ძე, ა.გ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ა–ნმა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.გ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და თ.ა–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 16.12.2020წ. დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მოპასუხეთა შორის 01.07.2021წ. დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........., ს.კ. ….. (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) მესაკუთრედ ცნობა.

2. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის 2020 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით;

6.2. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეებს მიჰყიდა უძრავი ქონება, ხოლო მყიდველებმა იყიდეს აღნიშნული ნასყიდობის საგანი, მოსარჩელის მიერ ექვსი თვის ვადით, ე.ი. 2021 წლის 16 ივნისის ჩათვლით გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონება;

6.3. ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ იქნა ნასყიდობის ფასი და მისი გადახდის წესი. კერძოდ, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 18 275 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, აღნიშნული სანოტარო აქტის დამოწმების დღეს შეადგენდა 60 134 ლარს;

6.4. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მხარეებმა განაცხადეს, რომ მყიდველებმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადეს წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე. მეორე მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა შეადგენდა 12 900 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს (რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, სანოტარო აქტის დამოწმების დღეს შეადგენდა 42 447,45 ლარს), ხოლო პირველი მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა 5 375 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს (რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, სანოტარო აქტის დამოწმების დღეს შეადგენდა 17 686,43 ლარს) (იხ. ს.ფ. 22-28);

6.5. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება 16.12.2020 წელს აღირიცხა მოპასუხეთა საკუთრებაში (იხ. ს.ფ. 22-28, 31-32);

6.6. მოპასუხეთა შორის 2021 წლის 01 ივლისს გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეორე მოპასუხემ იყიდა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების წილი. აღნიშნულის საფუძველზე სადავო უძრავი ქონება მეორე მოპასუხის საკუთრებაშია (იხ. ს.ფ. 29-30, 33);

6.7. 2021 წლის 29 ივნისს ტელეფონის ნომრიდან ………. გაიგზავნა შემდეგი შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინება: „გამარჯობათ ქალბატონო მ–ნა, მე გ–ნე ვარ, მე ახლა ვთხოვე ძალიან თ–ის რომ 08 ივლისს ზუსტად მექნება 18 000 დოლარი და აუცილებლად ვალს გადავიხდი, 01 ივლისამდე ვერ მოვასწარი, დიდი ბოდიში“ (იხ. ს.ფ. 91);

6.8. მოსარჩელის მიერ 10.07.2021 წელს შედგენილ წერილში აღნიშნულია შემდეგი: „ვის ანგარიშზე ჩაირიცხა ფული. მ., მითხარი ანგარიშის ნომერი. 18 000$ რომ ჩარიცხე ა–ნი“ (იხ. ს.ფ. 112);

6.9. საშუალო განათლების ატესტატის თანახმად, მოსარჩელემ 1989 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 92-ე საშუალო სკოლა შემდეგი შეფასებით: მშობლიური ენა რუსული - 3 (დამაკმ.); მშობლიური ლიტერატურა რუსული - 4 (კარგი); ქართულ ენაში - 4 (კარგი) (იხ. ს.ფ. 132-136);

6.10. მოსარჩელის მიერ 03.10.2003 წელს წარდგენილია შემდეგი სახის განცხადება: „მოგახსენებთ, რომ 2022 წლის 11 ოქტომბერს გარდამეცვალა მამა, ო.ა–ი, ნაწილ სამკვიდრო ქონებას შეადგენს საცხოვრებელი ბინა მდებარე მისამართით: …... მე [მოსარჩელემ], შვილმა ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული მაქვს სამკვიდრო ქონება. გთხოვთ მომცეთ სამკვიდრო მოწმობა“ (იხ. ს.ფ. 173).

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობს თუ არა სადავო გარიგების ბათილობის წინაპირობები, კერძოდ, იყო თუ არა სადავო გარიგება მოტყუების შედეგად დადებული. აპელანტის განცხადებით, მოსარჩელე მესამე პირის მხრიდან აღმოჩნდა მოტყუებული, მ.ჯ–მა აქტიური ქმედებით განახორციელა მისი მოტყუება. რაც შეეხება მოპასუხეთა კავშირს აღნიშნული გარიგების მოტყუებით დადებასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეთა დუმილით თუ არასათანადო კომუნიკაციით, შეიქმნა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ხელი მოაწერა ისეთ ხელშეკრულებას, რომლის ცოდნის შემთხვევაშიც, ასეთ ხელშეკრულებას არ დადებდა, ვინაიდან კარგავდა ერთადერთ ბინას და აღნიშნული გარიგებიდან სარგებელი არ მიუღია. შესაბამისად, მესამე პირთა და მოპასუხეთა ერთობლივი ქმედება დაედო საფუძვლად სადავო გარიგების მოტყუებით დადების ფაქტს. ასევე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არ იცის ქართული ენა და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მიუღია.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოწმე - ნოტარიუსი მ.რ–ის განმარტებით: მხარეები მასთან მივიდნენ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. როდესაც მასთან მისული მხარის გვარი არის არაქართული, ყოველთვის ეკითხება ფლობს თუ არა ქართულ ენას, მხოლოდ კითხულობს კი არა, სამართლებრივად თუ აღიქვამს ხელშეკრულებას. თუ დაეთანხმება, რომ ფლობს, აძლევს წასაკითხს შემოწმების მიზნით, ხოლო თუ არ იცის ქართული ენა, მისი ოფისის პირველ სართულზე არის თარჯიმანთა ბიურო, სადაც ჩადის დოკუმენტი, ითარგმნება და თარჯიმნის თანდასწრებით ხდება გარიგების დადება ქართულ ენაზე და იმ ენაზე, რომელსაც აღნიშნული მხარე ფლობს. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა როდესაც განაცხადეს, რომ ფლობენ ქართულ ენას, დაიწყეს გარიგების გაკეთება, წაკითხვა, ხელის მოწერა (იხ. 21.03.2022წ. სხდომის ოქმი, 15:29 სთ). ნოტარიუსმა ასევე აღნიშნა, რომ თავის ეგზემპლარზე მხარეს აწერინებს - „გავეცანი, ვეთანხმები“, თან დეტალურად უკითხავს გარიგების შინაარს, მითუმეტეს ისეთი რთული ხელშეკრულების შემთხვევაში, როგორიც გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებაა და დეტალურად უხსნის ხელშეკრულების სამართლებრივ რისკებს. გარიგების წაკითხვისას ოფისში ტოვებს მხოლოდ მხარეებს და, შესაბამისად, სხვა პირები იქ არ ყოფილან (იხ. 21.03.2022წ. სხდომის ოქმი, 15:31:53 სთ). ნოტარიუსის განმარტებით, „ეჭვი რომ შემპარვოდა ნამდვილად არ გავაფორმებდი ასეთ რთულ გარიგებას, იმიტომ, რომ თან ვამოწმებ როგორ კითხულობს, როგორც ესმის და თუ დამიდასტურა, რომ ფლობს, იმ შემთხვევაში ვიწყებ ხელშეკრულების დადებას“ (იხ. 21.03.2022წ. სხდომის ოქმი 15:31:57 სთ). „როდესაც მკაფიო და ნათელია პოზიცია, ასეთ გარიგებას ვაფორმებ და თუ რაიმე შფოთვის საგანია, ან ეჭვი ჩნდება, ასეთ გარიგებას არ ვდებ. გარიგების ეგზემპლარებს გადავცემთ მხარეებს გასაცნობად და როდესაც გვარი არ არის ქართული, ვაკითხებ ამონარიდს, თან ვამოწმებ რამდენად გებულობს კონკრეტული სიტყვების შინაარსს, მაგალითად, რას ნიშნავს გაყიდვა და ა.შ.“.

9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოწმე მარინა ჩერქეზიშვილის განმარტებას, რომლის თანახმად: მეორე მოპასუხესთან აკავშირებს დიდ ხნიანი ნაცნობობა და მისთვის ცნობილი იყო, რომ ეძებდა იაფიან ბინას შესყიდვის მიზნით, ხოლო მოსარჩელეს არ იცნობდა. ახლობელმა დაურეკა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვაზისუბანში იყიდებოდა საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ბინის სანახავად, როგორც შუამავალი, მეორე მოპასუხესთან ერთად ავიდა, სადაც ელოდებოდა მოსარჩელე და პიროვნება, რომელიც როგორც მოსარჩელემ განუმარტა, მის მეუღლეს წარმოადგენდა. პირობებზე შესათანხმებლად მოსარჩელე პირადად იყო ჩართული. თანხაზე საუბრისას მეორე მოპასუხემ აღნიშნა, რომ ჰქონდა დაახლოებით 12-13 ათასი და სრული თანხა არ ჰქონდა. მოსარჩელემ უთხრა, რომ თანხა სჭირდებოდათ ბიზნესისთვის და ეჩქარებოდა, რადგან საქმე უფუჭდებოდათ. მოწმემ აღნიშნა, რომ მის და მეორე მოპასუხის საერთო ნაცნობს, ს.გ–ს ჰქონდა თანხა და შესთავაზა მეორე მოპასუხეს მისთვის ეთხოვა. ს.გ–ის თქმით, ჰქონდა ხუთი ათასზე ცოტა მეტი და მისცემდა. მეორე მოპასუხის ინიციატივით თანხა გააფორმეს, რადგან რამე არ მომხდარიყო. მოპასუხე მხარის შეკითხვაზე, რა ენაზე ჰქონდა ურთიერთობა მოსარჩელესთან, მოწმემ განმარტა, რომ მასთან ურთიერთობა ჰქონდა, რა თქმა უნდა, ქართულად (იხ. 01.11.2021წ. სხდომის ოქმი, 12:24:29სთ). ბინაში ასვლისას გაესაუბრა მოსარჩელეს, რომელმაც განმარტა, რომ ბინა იყო მის სახელზე, გადამოწმდა მოწმის მიერ საბუთებიც და წინა დღის ამონაწერის თანახმად, ბინა ნამდვილად მის სახელზე იყო, რისთვისაც მოსარჩელეს დაჩქარებული წესით მოსამზადებლად რეესტრში გადახდილი ჰქონდა 200 თუ 205 ლარი. როგორც მოწმემ განმარტა, მოსარჩელემ იცოდა, რომ ბინის გაყიდვაში ეხმარებოდა. თანხის გადაცემა მოხდა ნოტარიუსთან, თანხა გადაეცა პირადად მოსარჩელეს, დაითვალეს და ერთად წავიდნენ მოსარჩელე და მ–ი.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილია ასევე მოწმე მ.ჯ–ის ჩვენება, რომლის თანახმად: მოპასუხე მხარეს შეხვდა ერთხელ ხელშეკრულების გაფორმებისას, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ღებულობდა უშუალოდ მონაწილეობას. რაც შეეხება მოსარჩელეს, მას იცნობს კარგად, იმყოფებოდა ახლო დამოკიდებულებაში და გადაწყვიტეს ბიზნესის ჯერ წამოწყება, ხოლო შემდგომ მისი გაფართოება, რაშიც მას სჭირდებოდა მოსარჩელის დახმარება, ვინაიდან თანხების მოძიების მიზნით საჭირო იყო ბინის ჩადება. მოწმის განმარტებით, ბინის სანახავად მივიდნენ ბატონები, ნახეს ბინა, მათ აუხსნეს, რომ ბიზნესის მეშვეობით დაუბრუნებდნენ აღნიშნულ თანხას. წინასწარ გადაიხადეს 3 თვის პროცენტიც, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ 3 თვეში ბიზნესი მოძლიერდებოდა, თუმცა შემდეგ დააკავეს, დაიწყო პანდემიის პერიოდიც, მოექცა იზოლაციაში და სანამ მოსარჩელესთან მოახერხა ციხიდან დაკავშირება, ბიზნესიც ჩაიძირა. მისთვის მოსარჩელის მხრიდან დახმარება გამოიხატებოდა ბინის ჩადებაში, თუმცა მოსარჩელემაც იცოდა ხელშეკრულების შინაარსი და ისიც იცოდა, რომ ბიზნესის მეშვეობით აღნიშნული თანხა მ.ჯ–ს უნდა დაებრუნებინა. მოწმე აგრეთვე უთითებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში იმყოფებოდა ოფისში ვარკეთილის ტერიტორიაზე, სადაც თანხა მას მოპასუხეებმა გადასცეს, რომელიც ჩადო ბიზნესში.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-102.3, 105.1-105.3 მუხლებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება, რომ მოსარჩელე ფლობს ქართულ ენას; ამასთან, 2020 წლის 06 დეკემბერს მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონების გასხვისების ნება (გამოსყიდვის უფლებით) გამოხატა და 2020 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით; მყიდველებმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადეს წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე.

12. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 83-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულია სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის დადებისას ნოტარიუსმა შეამოწმა მხარეთა ნების ნამდვილობა, ასევე, განუმარტა მათ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები, ხოლო საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე მხარემ იგი რაიმე გარემოების შესახებ მოატყუა; საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ მესამე პირი და მოპასუხეები შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარემ, რომელიც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა, არსებითობა და მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და ნების გამოვლენას შორის. წინამდებარე საქმეში მოსარჩელემ/აპელანტმა სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა, თუ რატომ არ შეეძლო გამოევლინა ნამდვილი ნება. ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას სახელშეკრულებო პირობებზე, ივარაუდება, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის ცნობილია. კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ბათილობას მხარის დაუდევრობის - ხელშეკრულების გაცნობის გარეშე ხელმოწერის გამო (იხ. სუსგ საქმე Nას-193-180-2015, 30.04.2015წ.).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის საფუძველი.

15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

16. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

16.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. ვინაიდან, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია, მან ვერ მოახერხა ამ თანხის მოპასუხეთათვის უკან დაბრუნება, რათა ერთადერთი საცხოვრებელი არ დაეკარგა;

16.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელე სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას და გარიგების დადების მომენტში ერკვეოდა მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების შინაარსში;

16.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა და შეფასება არ მისცა მოწმე მ.ჯ–ის ჩვენებას;

16.4. მეორე მოპასუხის განმარტებით, იგი მ.ჯ–ს არ იცნობდა, თუმცა ამ უკანასკნელმა პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომ იცნობდა მას, იგი შუამავლის მეშვეობით გაიცნო და მასთან კონტაქტი ჰქონდა. სასამართლომ აღნიშნული ურთიერთშეუსაბამო გარემოებები არ გაითვალისწინა;

16.5. მოსარჩელის მიერ 10.07.2021 წელს შედგენილ წერილში აღნიშნულია შემდეგი: „ვის ანგარიშზე ჩაირიცხა ფული. მიხეილ მითხარი ანგარიშის ნომერი. 18 000$ რომ ჩარიცხე ა–ი“. ეს გარემოება ადასტურებს, რომ მოსარჩელემ არათუ არ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა პირადად, არამედ ხელშეკრულების დადებიდან მრავალი თვის განმავლობაში იყო მ.ჯ–ის მხრიდან მოტყუების მსხვერპლი;

16.6. მოსარჩელე მიზნად არ ისახავდა მოპასუხეთათვის ქონებაზე საკუთრების გადაცემას; მოსარჩელის მიერ დადებულმა გარიგებამ, რომლის დადების მიზანიც მას არ ჰქონდა, გამოიწვია მისი მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება, ვინაიდან მან დაკარგა ერთადერთი საკუთრების უფლება; მოსარჩელის ნდობით ბოროტად ისარგებლა მესამე პირმა და შეცდომით, ყოველგვარი თარჯიმნის გარეშე მოახდინეს გარიგების დადება; მოსარჩელის მიზანი, რომ მისი კუთვნილი ერთადერთი უძრავი ნივთის გაყიდვა ყოფილიყო, იგი შესაბამის სარგებელსაც მიიღებდა, რაც სახეზე არ არის; მოსარჩელე არის მ.ჯ–ისა და მოპასუხეთა ერთობლივი და შეთანხმებული მოტყუების მსხვერპლი.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

23. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მართლზომიერება.

24. კასატორი დავობს, რომ სადავო ხელშეკრულება დაიდო მოპასუხეთა და მესამე პირის მხრიდან მოტყუების საფუძველზე; გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ იგი ფლობს ქართულ ენას და ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მისთვის გარიგების შინაარსი ცნობილი იყო.

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სადავო გარიგების მოტყუებით დადების თაობაზე და განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

26. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.

27. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე Nას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; Nას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი; Nას-620-592-2016, 06 მარტი, 2017 წელი).

28. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო (იხ. სუსგ საქმე Nას-1214-1159-2013, 10 მარტი, 2014 წელი; Nას-620-592-2016, 06 მარტი, 2017 წელი).

29. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

30. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

31. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სათანადოდ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ 16.12.2020წ. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით, კერძოდ, მოპასუხეთა და მესამე პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა იმგვარი ობიექტური ვითარების შექმნას, რომელმაც მოსარჩელეს ხელი შეუშალა მისთვის სასურველი, ნამდვილი ნების გამოვლენაში და რომლის (მოტყუების) გარეშეც გარიგება არ დაიდებოდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელშკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მყიდველებმა გამყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად გადაუხადეს წინამდებარე ხელშეკრულების დადებამდე. კასატორს ამ მსჯელობის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

32. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ სადავო სანოტარო აქტის (ნასყიდობის ხელშეკრულების) შედგენისას მოსარჩელემ ნოტარიუსს განუცხადა ქართული ენის სათანადოდ არცოდნისა და თარჯიმნის საჭიროების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელს, ასევე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს მოსარჩელე ხელს აწერს ქართულ ენაზე (იხ. ს.ფ. 18, 331, 427), ასევე, საქმეში წარდგენილია მოსარჩელის მიერ ქართულ ენაზე შედგენილი და ხელმოწერილი განცხადებები და ხელწერილი (იხ. ს.ფ. 46, 47, 62, 225, 414).

33. გარდა ამისა, 16.12.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები, რაც მან ხელმოწერით დაადასტურა [ხელშეკრულების ტექსტში მითითებულია, რომ ნოტარიუსმა დაადგინა გარიგების შინაარსი და მხარეებს განუმარტა ხელშეკრულების დადების სამართლებრივი შედეგები (იხ. ს.ფ. 22-23)]; ხელშეკრულება საჯარო აქტის ფორმით დაიდო, ხოლო მოსარჩელეს ხელმოწერის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე იგულისხმება, რომ მოსარჩელე სანოტარო აქტზე ხელმოწერამდე გაეცნო მის შინაარსს და მიიღო ჯეროვანი განმარტებანი. კასატორს არც აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია წარმოუდგენია.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას პრეზუმირებულია ნოტარიუსის მხრიდან მხარეთა ინფორმირების ფაქტი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მხარეები ხელმოწერამდე გაეცნენ საჯარო სანოტარო აქტს და მიიღეს ადეკვატური ინფორმაცია მისი შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ. აღნიშნული პრეზუმფციის არსებობის გამო, იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ ნოტარიუსმა სანოტარო აქტზე ხელმოწერისას მხარეს სათანადოდ არ გააცნო სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები, აგრეთვე, სანოტარო მოქმედების განხორციელებისას მოსარჩელე ჯეროვნად არ ფლობდა ქართულ ენას და საჭიროებდა თარჯიმანს, ამ უკანასკნელს ეკისრება. ამასთან, საგულისხმოა, რომ მხარე, რომელმაც არ იცის სანოტარო მოქმედების შესრულების ენა, თავად არის ვალდებული მიუთითოს ნოტარიუსს აღნიშნულის შესახებ (იხ. სუსგ საქმე Nას-633-2023, 20 მარტი, 2024 წელი).

35. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე, ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ საქმე Nას-620-592-2016, 06 მარტი, 2017 წელი).

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ა–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლევან მიქაბერიძე