Facebook Twitter

საქმე №ას-939-2024

30 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.მ–ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.თ.ჯ.“ (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.თ.ჯ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.მ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ს.მ–იამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“ ან „პირველი კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.თ.ჯ–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“ ან „მეორე კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მხარეთა შორის 2022 წლის 19 აპრილს დაიდო სპეც. წესით შესყიდვის შესახებ N2-172/22 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება შემსყიდველისათვის მიეწოდებინა მრავალსექციური ტუმბოები, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესაბამისად, ხოლო შემსყიდველმა, თავის მხრივ, იკისრა ვალდებულება მიეღო მოთხოვნილი საქონელი და გადაეხადა მისი ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით;

2.2. მიმწოდებელმა შემსყიდველს სხვადასხვა თარიღებში მიაწოდა ტუმბოები, რომლებიც ამ უკანასკნელმა სატესტო რეჟიმში ჩაუშვა, თუმცა მიწოდებული 5 ტუმბოდან 2 ერთეული წუნდებული აღმოჩნდა. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა წერილობით და განემარტა, რომ მათ მიერ მიწოდებული ტუმბოებიდან მხოლოდ სამ ერთეულზე გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო დარჩენილი ორი ტუმბო უკან უნდა გაეტანათ მათზე არსებული წუნდების გამო;

2.3. ვინაიდან მიმწოდებელმა შემდგომში აღარ უზრუნველყო წუნდებული ტუმბოების ახლით ჩანაცვლება, მას ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების გამო, დაეკისრა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც ხელშეკრულების 10.5 პუნქტის მიხედვით, 10 000 ლარს შეადგენს;

2.4. მოპასუხეს დაკისრებული პირგასამტეხლო არ აუნაზღაურებია.

3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება - 2 500 ლარის ოდენობით.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მხარეთა შორის 2022 წლის 19 აპრილს დაიდო სპეციალური წესით შესყიდვის შესახებ N2-172/22 ხელშეკრულება;

7.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს შემსყიდველს მრავალსექციური ტუმბოები, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO220000166) შესაბამისად (შემდგომში საქონელი), ხოლო შემსყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს მოთხოვნილი საქონელი და გადაიხადოს მისი ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით;

7.3. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, მისაწოდებელი საქონლის დასახელება, განზომილება, რაოდენობა და ერთეულის ფასი განისაზღვრება ფასების ცხრილის შესაბამისად (დანართი N1);

7.4. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდება განახორციელოს საქონლის მიწოდების ადგილისა და ვადების შესაბამისად (დანართი N2); ხოლო, 5.2 პუნქტის მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2022 წლის 08 ივნისის ჩათვლით პერიოდში;

7.5. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონელი ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე;

7.6. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტი დგება საქონლის (ან მისი ნაწილის) ყოველი მიწოდების დასრულების შემდეგ; ხოლო, 6.4 პუნქტის თანახმად, საქონლის მიღება და საბოლოო შემოწმება ხდება საქონლის მიწოდების ადგილზე;

7.7. ხელშეკრულების მე-8 მუხლი ითვალისწინებს საქონლის საგარანტიო პირობებსა და ვადებს, კერძოდ: 8.1. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მიწოდებული საქონელი იქნება ახალი, ხარისხიანი, სწორი, ექსპლუატაციის პირობებში არ გამოავლენს დეფექტს და შეესაბამება საქონლის ტექნიკურ პარამეტრებსა და პირობებს (დანართი N2); 8.2. მიმწოდებელი იძლევა გარანტიას მიწოდებულ საქონელზე, საგარანტიო პირობისა და ვადების შესაბამისად (დანართი N2); 8.3. მიმწოდებელი ვალდებულია, გონივრულ ვადაში (თუ დანართი N2-ით კონკრეტული ვადა არ არის გათვალისწინებული) განახორციელოს წუნდებული საქონლის ან მისი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე; 8.4. მიმწოდებლის მიერ საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან;

7.8. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას, ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,02% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;

7.9. ხელშეკრულების 10.4 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის შემსყიდველს პირგასამტეხლოს სახით გადაუხადოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%;

7.10. ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას, ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულებების შესაბამისი ღირებულების 20%;

7.11. ხელშეკრულების დანართი N1-ით განისაზღვრა მისაწოდებელი საქონლის დასახელება, რაოდენობა და ღირებულება, კერძოდ, მიმწოდებელს შემსყიდველისათვის 2022 წლის 08 ივნისის ჩათვლით ჯამში უნდა მიეწოდებინა ხუთი ტუმბო შემდეგი მახასიათებლებით:

ა) ორი ცალი ტუმბო 300/300 (ელ. ძრავის გარეშე), რომელთაგან თითოეულის ღირებულება შეადგენდა 25 000 ლარს, ჯამში 50 000 ლარს;

ბ) ორი ცალი ტუმბო 300/180 (ელ. ძრავის გარეშე), რომელთაგან თითოეულის ღირებულება შეადგენდა 22 000 ლარს, ჯამში 44 000 ლარს;

გ) ერთი ცალი ტუმბო 180/128 (ელ. ძრავის გარეშე), რომლის ღირებულებაც შეადგენდა 14 770 ლარს.

ამდენად, ხუთივე ტუმბოს საერთო ღირებულებამ შეადგინა 108 770 ლარი, რაც იმავდროულად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას წარმოადგენდა;

7.12. მოპასუხემ 25.07.2022წ. წერილით მოსარჩელეს შეატყობინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატუმბი აგრეგატების მიწოდების თაობაზე და მათი ჩაბარება მოსთხოვა;

7.13. მოსარჩელემ მიწოდებული ტუმბოები სატესტო რეჟიმში გაუშვა შემდეგ თარიღებში: 10.08.2022წ.; 19.08.2022წ.; 07.09.2022წ.; 10.09.2022წ.;

7.14. მოსარჩელემ 2022 წლის 14 სექტემბერს N0000-0033150 მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა მხოლოდ სამ ტუმბოზე, შესაბამისად, მან მიმწოდებელს აუნაზღაურა მიწოდებული საქონლის (სამი ტუმბოს) ღირებულება - 58 770 ლარის ოდენობით;

7.15. მიწოდებულ სადავო ტუმბოებს: ა) მოდელი: 200D43x7 (ქარხნული ნომრით: N22043022) და ბ) მოდელი: 200D43x7 (ქარხნული ნომრით: N22043023) გააჩნდათ ნაკლი - ტექნიკური შეუსაბამობა, ვიზუალურად ხილული მექანიკური დაზიანება, რაც გამოვლინდა მათი ექსპლუატაციისას.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ მიწოდებულ ორ ტუმბოს ექსპლუატაციისას აღმოაჩნდა ნაკლი. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: 1. 10.08.2022წ. და 19.08.2022წ. ტესტირების აქტებით (იხ. ს.ფ. 31-32), რომელთა თანახმად, საროს N1 აწევის სადგურზე დამონტაჟებულმა ორმა ტუმბომ, მოდელი: 200D43x7 (ქარხნული ნომრით: N22043022) და 200D43x7 (ქარხნული ნომრით: N22043023), ტესტირების პროცესში ვერ დააკმაყოფილა N2-172/22 ხელშეკრულებით მოთხოვნილი პარამეტრები; 2. მოპასუხის 29.08.2022წ. წერილით, რომლითაც მან მოსარჩელეს შეატყობინა შემდეგი: ,,21 აგვისტომდე მოვახდინეთ აგრეგატზე დაკვირვება, დავაფიქსირეთ და აღმოვფხვერით ტუმბოს შემწოვ მილზე არსებული დეფექტები, რის გამოც ტუმბომ აჩვენა 38 ამპერი და, შესაბამისად, წყლის მიწოდება 300 კუბამდე გაიზარდა. იმისათვის, რომ აგრეგატს კიდევ უფრო მეტად შეეწყოს ხელი ტექნიკური მახასიათებლების სრულად განვითარებაში, გთხოვთ, მოგვცეთ საშუალება, ჩვენი ხარჯით ტუმბოს წყალაღების მხარეს დავამონტაჟოთ D250mm დიამეტრის ახალი მილი“ (იხ. ს.ფ. 73). ამასთან, მოპასუხემ 2022 წლის 05 სექტემბერს მორიგი წერილობითი შეტყობინებით მიმართა მოსარჩელეს: „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს წერილზე (29.08.2022წ.) შესაბამისი პასუხი ჯერაც არ გაგიციათ, ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 04 კალენდარული დღე, რა ვადაშიც აგრეგატსა და მილგაყვანილობაზე უფრო მეტი დაკვირვება/მოდერნიზება შეუძლებელია, გთხოვთ, მიწოდებისა და შესაბამისად ხელშეკრულების ვადა გაგვიხანგრძლივოთ 40 (ორმოცი) დღით. აღნიშნულ ვადაში მოესწრება, როგორც ადგილობრივი ექსპერტის, ისე ქარხანის წარმომადგენლის მოწვევა და სატუმბ სადგურში ტუმბოს რეჟიმზე დაკვირვება, წყალმიწოდების გაუმჯობესების მიზნით”; 3. მოსარჩელის 15.09.2022წ. წერილით, რომლითაც მოპასუხეს ეცნობა, რომ ვინაიდან საროს N1 აწევის სადგურზე დამონტაჟებულმა ორმა ტუმბომ ტესტირების პროცესში ვერ დააკმაყოფილა N2-172/22 ხელშეკრულებით მოთხოვნილი პარამეტრები, ამ ორ ტუმბოზე მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდებოდა და ეთხოვა, რომ მითითებული ტუმბოები გაეტანა კომპანიის ცენტრალური საწყობიდან (იხ. ს.ფ. 39-40); 4. მოსარჩელის 10.10.2022წ. წერილით, რომლითაც მოპასუხეს ეცნობა, რომ ვინაიდან მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო წუნდებული ტუმბოების ჩანაცვლება, ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, მას დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 41).

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 327.1, 477.1, 477.2, 487-488-ე მუხლებით, ასევე, მიუთითა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.1-8.4 პუნქტებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მიმწოდებლის მიერ შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ, დადგენილია, რომ მიწოდებულ სადავო ტუმბოებს გააჩნდათ ნაკლი - ტექნიკური შეუსაბამობა, ვიზუალურად ხილული მექანიკური დაზიანება, რაც მათი ექსპლუატაციისას გამოვლინდა. დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის აღმოფხვრა მოპასუხის მიერ ვერ მოხერხდა. სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა კი, როგორც წესი, ყოველთვის იწვევს პასუხისმგებლობას. ნივთობრივი ნაკლი წარმოშობს მხარის სახელშეკრულებო პასუხისმგებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებაში გამოიხატა.

10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, რომ მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, შეთანხმებულ ადგილას მოეხდინა ხუთივე ტუმბოს მიწოდება, რის შემდეგაც შემსყიდველს, ხელშეკრულების მე-6 მუხლის საფუძველზე, წარმოეშობოდა ვალდებულება მიწოდების ადგილზევე შეემოწმებინა მიღებული საქონელი და მიმწოდებელთან მიღება-ჩაბარების აქტი გაეფორმებინა, ვინაიდან N2/172-22 ხელშეკრულების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობას მიწოდებული საქონლის ექსპლუატაციაში ჩაშვება არ წარმოადგენდა; ხელშეკრულების მე-6 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებული იყო საქონლის მიწოდებისთანავე მიეღო შესრულება და გაეფორმებინა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. რაც შეეხება მიწოდებული ტუმბოების ექსპლუატაციაში ჩაშვებას, სრულიად ახალ, დამოუკიდებელ სახელშეკრულებო ეტაპს წარმოადგენდა, რომელიც ხელშეკრულების მე-8 მუხლით არის მოწესრიგებული.

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც დადგენილია და არც მოპასუხე ხდის სადავოდ მის მიერ ორი ტუმბოს ნაწილში ვალდებულების ნაკლიანი შესრულების ფაქტს, ხოლო მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით სწორედ ამ საფუძვლით მოითხოვს მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას, სასამართლოს მხრიდან შეფასების საგანი ვერ გახდება ხელშეკრულების 6.1 და 6.4 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები.

12. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 52-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქონლის მიღება-ჩაბარების წესი, რომელიც ხელშეკრულების მე-6 მუხლშია მითითებული, არ განსაზღვრავს თუ რა ვადაში უნდა გაფორმდეს მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი. ამასთან, ხელშეკრულება არ კრძალავს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიღებული საქონლის სატესტო რეჟიმში გაშვებას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მიღება-ჩაბარების აქტი ტესტირების შემდეგ გაფორმდა, არ წარმოადგენს შემსყიდველის მხრიდან სახელშეკრულებო პირობის დარღვევას. ხელშეკრულება არ შეიცავს არცერთ პუნქტს, რომელიც შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საქონლის ტესტირებას აუკრძალავდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ტუმბოები სატესტო რეჟიმში გაშვების გარეშე ფიზიკურად არ იძლევიან იმის შესაძლებლობას, რომ გარეგნული შეფასებით მათი პარამეტრებთან შესაბამისობა დადგინდეს. მათი ვარგისიანობის შემოწმება სწორედ სატესტო რეჟიმში გაშვებით ხდება, ტუმბოს მუშაობის დროს გამოიკვეთება დეფექტურია თუ არა ის. მოცემულმა სატესტო გაშვებამ აჩვენა, რომ ორი მათგანი გამართულად ვერ ფუნქციონირებდა, რის შესახებ მხარეც იყო ინფორმირებული. შესაბამისად, არასწორია სასამართლოს განმარტება, რომ აქტის გაფორმებამდე ტესტირებით შემსყიდველმა ხელშეკრულების პირობები დაარღვია. არც მხარეს ჰქონია რაიმე პრეტენზია, რომ აქტი საქონლის მიწოდებისთანავე არ გაფორმდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ტესტირება გონივრულ ვადაში განხორციელდა. კერძოდ, საქონლის მოწოდება მოხდა 2022 წლის 28 ივლისს, რაც დასტურდება საქმეში არსებული სასაქონლო ზედნადებით, ხოლო ტესტირებას ადგილი ჰქონდა 10 და 19 აგვისტოს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ტუმბოებს (მათი გამოცდა გარკვეულ დროს მოითხოვს), ტესტირების ვადა არაგონივრულად ვერ იქნება მიჩნეული.

13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ შემსყიდველი ვალდებული იყო მიმწოდებლისათვის დამატებით 40-დღიანი ვადა მიეცა, რათა იგი ტუმბოებს დამატებით დაკვირვებოდა. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებელი დამატებით ვადას ითხოვდა არა დეფექტების გამოსწორებისათვის, არამედ ტუმბოებზე დამატებითი დაკვირვების განხორციელების მიზნით, იმ მოცემულობაში, როდესაც მათი დეფექტურობა მოპასუხისათვის ცნობილი იყო. აღნიშნულს ადასტურებს თავად მოპასუხის 05.09.2022წ. და 29.08.2022წ. წერილები.

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418.1 მუხლებით და ვალდებულების დარღვევის ხასიათის, შესრულებული და შესასრულებელი ვალდებულების, ვადაგადაცილების პერიოდისა და, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვადაგადაცილებით მოსარჩელეს დამატებითი ზიანი არ მისდგომია, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის 4-ჯერ შემცირებისა და მისი 2500 ლარით განსაზღვრის საფუძველი.

15. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

16. პირველმა კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

16.1. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მეწარმე სუბიექტს ფიზიკური პირისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით უნდა მოეთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურება. გამომდინარე იქიდან, რომ მეწარმე სუბიექტი, რომელიც აქტიურად არის სამეწარმეო ურთიერთობებში ჩართული, აღჭურვილია ადვოკატით და ა.შ., ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება;

16.2. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ბიზნეს სუბიექტი, რომელმაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის მზაობა გამოთქვა და ვალდებულების ჯეროვნად შესრულების, ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა. შესაბამისად, არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ასეთ შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტმა დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს ის გარემოება, რატომ იყო შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა;

16.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებით იკარგება მისი არსი, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული ვალდებულებების შესრულების პრევენციასა და უზრუნველყოფას ემსახურება.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ასევე წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18. მეორე კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

18.1. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობას არ წარმოადგენდა მიწოდებული საქონლის ექსპლუატაციაში ჩაშვება (ტესტირება), შესაბამისად, მოსარჩელეს შესრულების ადგილზევე უნდა გაეფორმებინა მიღება-ჩაბარების აქტი მოპასუხესთან და მიეღო შესრულება ან დაეფიქსირებინა პრეტენზია თუკი მიწოდებულ ტუმბოებს ნაკლი გააჩნდათ;

18.2. ხელშეკრულების მე-6 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებული იყო საქონლის მიწოდებისთანავე მიეღო შესრულება და გაეფორმებინა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. რაც შეეხება მიწოდებული ტუმბოების ექსპლუატაციაში ჩაშვებას, აღნიშნული ახალ, სრულიად დამოუკიდებელ სახელშეკრულებო ეტაპს წარმოადგენდა, რაც ხელშეკრულების მე-8 მუხლით არის მოწესრიგებული და რომლის მიხედვითაც, თუკი სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში ხელშეკრულების საგანს რაიმე სახის დეფექტი აღმოაჩნდება, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით მოახდინოს ხარვეზის აღმოფხვრა ან არსებული ნივთი შეცვალოს ახალი ნივთით;

18.3. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ ვალდებულება სრულად და ჯეროვნად შეასრულა და შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მიაწოდა ხუთივე ტუმბო, შემსყიდველმა ტუმბოების ტესტირება მათი მიღებიდან უახლოეს ან/და გონივრულ პერიოდში არ მოახდინა;

18.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ნასყიდობის საგნის ექსპლუატაციაში ჩაშვება მოხდა გონივრულ ვადაში, ვინაიდან პროდუქციის მიწოდება განხორციელდა 2022 წლის 28 ივლისს, ხოლო ტესტირება ჩატარდა 10.08.2022წ., 19.08.2022წ., 07.09.2022წ. და 10.09.2022წ. თარიღებში, რაც გონივრულ პერიოდად ვერ მიიჩნევა;

18.5. მოსარჩელემ მიწოდებული ტუმბოები სატესტო რეჟიმში მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულებიდან ფაქტობრივად ერთი თვის შემდეგ გაუშვა, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი შეადგინა 2022 წლის 14 სექტემბერს, მაშინ, როცა მოსარჩელე ვალდებული იყო შესრულება მიწოდების დასრულებისთანავე მიეღო. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არ მიუთითებს რაიმე ხარვეზზე, რაც ხელშეკრულების საგანს გააჩნდა ან მიწოდების მომენტისათვის აღენიშნებოდა. შესაბამისად, მოსარჩელემ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და ბრალეულად, სრულიად უსაფუძვლოდ გადააცილა შესრულების მიღების ვადას;

18.6. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდგომ, ვინაიდან ხელშეკრულების მე-15 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2022 წლის 10 სექტემბრამდე;

18.7. მოსარჩელემ უარი განუცხადა მოპასუხეს ხელშეკრულების საგანზე დამატებითი დაკვირვებისა და შესწავლის განხორციელებაზე, შესაბამისად, უარი განუცხადა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე გონივრული ვადით, ხოლო მოგვიანებით შეატყობინა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების შესაბამისად უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო. ამდენად, მოსარჩელემ მიმწოდებელს წაართვა იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამის ექსპერტებთან, ასევე, ქარხნის წარმომადგენლებთან ერთად თავადაც შეემოწმებინა მიწოდებული ტუმბოები და დაედგინა ნამდვილად გააჩნდა თუ არა ხელშეკრულების საგანს რაიმე სახის წუნი/ხარვეზი;

18.8. გარდა ამისა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ მიუთითებია, რომ მას დამატებითი ვადის განსაზღვრით რაიმე სახის ზიანი მიადგებოდა, მან დაკარგა შესრულების ინტერესი აღნიშნული ვალდებულების მიმართ ან არსებობდა რაიმე სახის ობიექტური გარემოება, რომელიც დამატებითი ვადის განსაზღვრაზე უარის თქმას გაამართლებდა;

18.9. ამდენად, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საფუძველს მოკლებულია, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მის მიერ ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა, ხოლო, მეორე მხრივ, კანონმდებლობისა და დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ნაკლის არსებობის შემთხვევაში უპირველესად ხდება ნაკლის აღმოფხვრა, ხოლო თუკი შეუძლებელია არსებული ნაკლის გამოსწორება, შემდეგ უნდა შეიცვალოს ნაკლიანი ნივთი სხვა, ახალი ნივთით. შესაბამისად, ნაკლის არსებობის შემთხვევაშიც კი, მოპასუხეს არ ჰქონდა იმის ვალდებულება, რომ დეფექტური ტუმბო ახლით შეეცვალა.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად, ნაწილობრივ შესრულების გამო მოპასუხისათვის/მიმწოდებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება.

22. პირველი კასატორი დავობს, რომ ვინაიდან მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, ხოლო პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე მოხდა, არ არსებობს მისი ოდენობის შემცირების საფუძველი; ხოლო, მეორე კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ ჯეროვნად განახორციელა მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვალდებულება, რის გამოც არ არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე Nას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი; Nას-1520-2018, 28 დეკემბერი, 2018 წელი).

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; Nას-31-2021, 07 ივლისი, 2022 წელი).

26. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

27. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის 19.04.2022 წელს დადებული სპეც. წესით შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს მხოლოდ ნაწილობრივ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული ხუთი ტუმბოდან ორ ერთეულს გააჩნდა ნაკლი - ტექნიკური შეუსაბამობა, ვიზუალურად ხილული მექანიკური დაზიანება, რაც მათი ექსპლუატაციისას გამოვლინდა. ეს გარემოება მოპასუხეს არსებითად სადავოდ არ გაუხდია, ამასთან, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 10.08.2022წ. და 19.08.2022წ. ტესტირების აქტებით, მოპასუხის 29.08.2022წ. და 05.09.2022წ. წერილებით, მოსარჩელის 15.09.2022წ. და 10.10.2022წ. წერილებით (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი); დადგენილია ასევე, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ნაკლის გამოსწორება და არც ნაკლის მქონე ნივთის ახლით ჩანაცვლება მოუხდენია; ხოლო, ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა პასუხისმგებლობა, ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს სახით გადაეხადა შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების ღირებულების 20%.

28. ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მეორე კასატორის პრეტენზიას, რომ მხარეთა შორის 19.04.2022წ. დადებული სპეც. წესით შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველს საქონელი მიწოდებისთანავე უნდა მიეღო და მიღება-ჩაბარების აქტი გაეფორმებინა ან დაეფიქსირებინა პრეტენზია თუკი მიწოდებულ ტუმბოებს ნაკლი გააჩნდათ.

30. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-6 მუხლის ანალიზის საფუძველზე, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული მუხლით, ერთი მხრივ, არ არის განსაზღვრული საქონლის მიწოდებისას შემსყიდველის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ვადა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელშეკრულებით არ არის აკრძალული მიწოდებული საქონლის შემოწმება. კერძოდ, ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონელი ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე; ხოლო, 6.3 და 6.4 პუნქტების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტი დგება საქონლის ყოველი მიწოდების დასრულების შემდეგ, საქონლის მიღება და საბოლოო შემოწმება ხდება საქონლის მიწოდების ადგილზე. ამდენად, მეორე კასატორის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტებიდან გამომდინარეობს, რომ საქონლის მიღება (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება) მის შემოწმებასაც მოიცავდა, რომლის ვადა და წესი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქონლის მახასიათებლებით, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების მიხედვით განისაზღვრება. აღსანიშნავია ის უდავო გარემოებაც, რომ ტუმბოები, მათი სატესტო რეჟიმში გაშვების გარეშე, მხოლოდ გარეგნული დათვალიერებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ პარამეტრებთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შემსყიდველმა საქონლის შემოწმება განახორციელა, მისი მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევად ვერ მიიჩნევა.

31. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილია მეწარმე სუბიექტის მიერ ნასყიდობის საგნის დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.

32. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადგენს ნაკლის გამოვლენის სპეციალურ წესს მეწარმე მყიდველისათვის - მას ნივთის შემოწმების ვალდებულება დაუყოვნებლივ წარმოეშობა. მეწარმე სუბიექტის მიერ ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმებისა და ნაკლის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში გამყიდველისთვის პრეტენზიის წარუდგენლობა ართმევს მას ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას. კანონმდებლის მიერ საკითხის მსგავსი მოწესრიგება განპირობებულია იმით, რომ მეწარმე კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს უკეთ აღიქვამს. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს, წარმოადგენს პრეზუმფციას, რომელიც თავისი ბუნებით იურიდიული ფიქციაა და ამ ვარაუდს არ აუქმებს მეწარმე პირის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა. სტატუსი - „სამეწარმეო საზოგადოება“ მოსარჩელეს, როგორც შემძენ მეწარმეს, კანონის ძალით წარმოუშობს ჩვეულებრივ მყიდველთან შედარებით მეტი წინდახედულობისა და ნასყიდობის საგნის მახასიათებლების შემოწმების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე Nას-560-519-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).

33. კანონმდებელი მოცემული მოწესრიგებით გარკვეულ ფიქციას უშვებს. კერძოდ, თუ მყიდველი შესაბამის ვადაში არ წააყენებს პრეტენზიას ნივთის ნაკლის გამო, ივარაუდება, რომ მან ნივთი მოიწონა. შესაბამისად, იგი კარგავს ნივთის ნაკლის გამო სახელშეკრულებო მოთხოვნების წაყენების უფლებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1780-1758-2011, 22 იანვარი, 2013 წელი).

34. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება პირდაპირ არ უნდა განიმარტოს და ის ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. აღნიშნული შეფასება დამოკიდებულია როგორც ნივთის თვისებებზე, ასევე რაოდენობაზე, მყიდველის ობიექტურ შესაძლებლობაზე, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე პირველი ობიექტური შესაძლებლობისთანავე შეამოწმოს ნივთი (იხ. სოფიო ჩაჩავა, www. gccc.tsu.ge, სსკ-ის 495-ე მუხლის ელექტრონული კომენტარი, ბოლო დამუშავება: 30 მარტი, 2016).

35. ამდენად, გარდა იმისა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ნასყიდობის საგნის მიღებამდე მისი ვარგისიანობის შემოწმებას არ გამორიცხავდა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შემსყიდველი მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს, მას სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ნივთის დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში შემოწმების ვალდებულება ეკისრებოდა.

36. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 19.04.2022წ. ხელშეკრულების მე-8 მუხლით გათვალისწინებული საქონლის საგარანტიო პირობა - სწორი ექსპლუატაციის პირობებში დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის მიმწოდებლისათვის დაკისრების შესახებ (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 7.7 პუნქტი), არ გამორიცხავს საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მის შემოწმებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ტუმბოების ექსპლუატაციაში ჩაშვების გარეშე ვერ განხორციელდებოდა (საქონლის მახასიათებლების გათვალისწინებით).

37. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელისათვის მიწოდებული საქონლის გათვალისწინებით (ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მრავალფუნქციური ტუმბოები, რომელთა შემოწმებაც, სადავო არ არის, რომ გარკვეულ დროს მოითხოვდა), მოსარჩელის მიერ გამოყენებული შემოწმების ვადა არაგონივრულად ვერ იქნება მიჩნეული. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადავო სატუმბი აგრეგატები მიაწოდა 2022 წლის 28 ივლისს, ხოლო ტესტირების აქტები შედგენილია 2022 წლის 10 და 19 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 31-32). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დანარჩენ სამ, ნაკლის არმქონე ტუმბოებთან დაკავშირებით ტესტირების აქტები გაფორმდა უფრო გვიან, 2022 წლის 07 და 10 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 33-34), თუმცა აღნიშნული ტუმბოების შემოწმების ვადასთან დაკავშირებით მოპასუხეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. მეორე კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

38. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მოპასუხის მიერ შემსყიდველისათვის ნაკლის მქონე ორი ტუმბოს მიწოდების ფაქტი, საფუძველს მოკლებულია მეორე კასატორის პრეტენზია, რომ მიმწოდებელს ნაკლიან ტუმბოებზე დასაკვირვებლად დამატებითი ვადა არ მიეცა.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).

40. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „მეწარმე სუბიექტი“, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. შესაბამისად, ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე Nას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

41. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე, რომელიც მეწარმე სუბიექტია, დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო. ის არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც საკასაციო სასამართლოს დაარწმუნებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს (10 000 ლარი) შემცირების საფუძველი არ არსებობდა და სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 2 500 ლარის გარდა, დამატებით დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, 7 500 ლარის გადახდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

45. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 900 ლარის ანაზღაურება.

46. რაც შეეხება მოპასუხის/მეორე კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. შპს „ს.მ–იის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ს.მ–იის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ჯ.თ.ჯ.ს“ შპს „ს.მ–იის“ სასარგებლოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის გარდა, დამატებით დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, 7 500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარის გადახდა;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;

6. შპს „ჯ.თ.ჯ–ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. შპს „ჯ.თ.ჯ.ს“ შპს „ს.მ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს 900 (ცხრაასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

8. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლევან მიქაბერიძე