Facebook Twitter

საქმე №ას-858-2024

11 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ა–ის (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ა–ი, ნ.ა–ი, ე.ა–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.ა–ისმა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ა–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ნ.ა–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და ე.ა–ის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა ე.ს–ვის (შემდგომში - „მოსარჩელის დედა“ ან „მამკვიდრებელი“) მიერ მეორე მოპასუხის მიმართ 21.03.2012წ. გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა; მეორე მოპასუხეს, როგორც მამკვიდრებლის წარმომადგენელსა და პირველ მოპასუხეს შორის 05.08.2015წ. დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, .......... ქ. N21 (ყოფილი ........ქუჩა N14), ს.კ. ....... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ბინა“); დედის სამკვიდრო ქონებაზე მოსარჩელის მემკვიდრედ ცნობა და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.

2. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელის დედის, 2017 წლის 28 აგვისტოს გარდაცვლილი მამკვიდრებლის საკუთრებაში იყო სადავო უძრავი ქონება;

6.2. მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის დარჩა ორი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები - მოსარჩელე და მესამე მოპასუხე;

6.3. მოსარჩელეს დედის გარდაცვალებიდან, 2017 წლის 28 აგვისტოდან ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს მიღების მიზნით ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს;

6.4. მამკვიდრებელმა, როგორც მჩუქებელმა, 2011 წლის 29 ივლისს მეორე მოპასუხეს, როგორც დასაჩუქრებულს, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა სადავო უძრავი ქონება, ფართი 108 კვ.მ, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით N1, N2, N3. აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდა 2011 წლის 12 აგვისტოს და გაჩუქებული ქონება მამკვიდრებელს საკუთრებაში დაუბრუნდა;

6.5. მამკვიდრებელმა 2012 წლის 21 მარტს გაცემული მინდობილობით მეორე მოპასუხეს მიანიჭა გარკვეული უფლებამოსილებანი, მათ შორის, უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით გარიგებებზე მის მაგივრად ხელის მოწერის უფლებამოსილება;

6.6. აღნიშნული მინდობილობით მამკვიდრებელს (წარმომადგენელი მეორე მოპასუხე), როგორც გამყიდველს და პირველ მოპასუხეს, როგორც მყიდველს, შორის 2015 წლის 05 აგვისტოს დაიდო სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და პირველი მოპასუხე 2015 წლის 06 აგვისტოს საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონების მესაკუთრედ აღირიცხა;

6.7. მოსარჩელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 იანვრამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. „ქუთაისის აეროპორტის“ გავლით, კერძოდ: 08.14.2018წ. - ლარნაკა კვიპროსიდან შემოსვლა, 09.25.2018წ. - კვიპროსი ლარნაკა გასვლა; 11.27.2018წ. - ლარნაკა კვიპროსიდან შემოსვლა, ხოლო 12.01.2018წ. - კვიპროსი ლარნაკა გასვლა.

7. სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მოთხოვნაზე - დადგენილად იქნეს ცნობილი მოსარჩელის მიერ დედის, 2017 წლის 28 აგვისტოს გარდაცვლილი მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღება.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე, სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მას შემდეგ, რაც გაასხვისა ვარკეთილში მდებარე უძრავი ქონება, მისი კუთვნილი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები მშობლების სიცოცხლეშივე გადაიტანა მშობლების სადავო ბინაში, სადაც ინახებოდა დედის გარდაცვალების შემდეგაც და მოსარჩელე ფლობდა ამ ნივთებს მშობლების სახლში ცხოვრების პერიოდში. აღნიშნული ნივთები მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგაც ეწყო სადავო ქონებაში, ანუ მოსარჩელე სარგებლობდა სადავო ქონებით დედის გარდაცვალების შემდეგაც, რაც უტყუარად მიუთითებს მოსარჩელის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტზე.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვარკეთილში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი ბინიდან მამკვიდრებლის კუთვნილ სადავო უძრავ ქონებაში მოძრავი ნივთების გადატანის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმაც მიუთითეს, თუმცა აღნიშნული, სასამართლოს შეფასებით, არ ადასტურებს, რომ მოსარჩელემ სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო. კერძოდ, პირად საკუთრებაში არსებული ნივთების მამკვიდრებლის ქონებაში განთავსება და თუნდაც შემდგომში ამ ნივთების მამკვიდრებლის კუთვნილ ნივთებთან აღრევა, თავისთავად არ წარმოშობს სამკვიდროს მიღების შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველს, ვინაიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებისათვის და მოსარჩელის ქმედების ამგვარად შეფასებისათვის, სახეზე უნდა იყოს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში მისი კუთვნილი ნივთებით სარგებლობის ან ამ ნივთების დაუფლების ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ საბერძნეთში მასთან სტუმრად ჩასულმა მამკვიდრებელმა საქართველოდან ჩაუტანა ერთი მატყლის საბანი, ერთი ბალიში და ერთი ხელი თეთრეული, ასევე, პ.ა–ვის (მოსარჩელის ძმა) მიერ დამზადებული სამი ცალი საწერი კალამი სადგამით, ხოლო საქართველოში დაბრუნებისას აღნიშნული ნივთები დატოვა მოსარჩელესთან, რაც, სარჩელის თანახმად, იმაზე მიუთითებს, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები დაეუფლნენ მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდროს. მოწმეთა მითითებით, აღნიშნული ფაქტი მათთვის მხოლოდ გადმოცემით იყო ცნობილი, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულს უტყუარად ვერც მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული ფოტოსურათები დაადასტურებს. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, სადავო გარემოება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლების შესახებ, ვერ იქნება მიჩნეული დადგენილად, ვინაიდან არ დგინდება, რომ ეს ნივთები მამკვიდრებელმა დაუტოვა შემდგომში მის მიერვე გამოსაყენებლად. აღნიშნული ნივთების შვილთან დატოვება შესაძლებელია მისთვის ჩუქებადაც განიმარტოს.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102.1, 102.2, 105.1, 105.2 მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას დაადასტურებდა.

12. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი და ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტი, მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სადავო მინდობილობისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, ვინაიდან მაინც ვერ მიიღწევა მისთვის სასურველი შედეგი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

14.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება მისი გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუღია. მოსარჩელის მიერ დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ სადავო ქონებაში დედის გარდაცვალების შემდეგაც ინახებოდა მოსარჩელის ბინის გაყიდვის შემდგომ გადატანილი მოძრავი ქონება. მოსარჩელემ სწორედ ამ სახით განაგრძო უძრავი ქონებით სარგებლობა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ სადავო ქონებიდან მოსარჩელემ არ წაიღო თავისი მოძრავი ნივთები (ავეჯი, ჭურჭელი და სხვა), უნდა შეფასდეს, როგორც მის მიერ სადავო ქონებით სარგებლობის გაგრძელების სურვილის დაფიქსირება და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება;

14.2. გასათვალისწინებელია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები მოსარჩელე მისი მეუღლისა თუ სხვა პირების მეშვეობით, შეძლებისდაგვარად, ცდილობდა ტექნიკური საშუალებით (ვიდეოჩანაწერის მეშვეობით) განეხორციელებინა სამკვიდრო ქონების მონიტორინგი, რაც მოწმობს მის მიერ სამკვიდრო ქონების მიმართ ინტერესზე. აღნიშნული ფაქტი დასტურდება 25.01.2023წ. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწინააღმდეგე მხარის მოწმის - ც.ჩ–ძის ჩვენებით;

14.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სამკვიდროს დაუფლების შესახებ სხვა ფაქტიც. კერძოდ, მამკვიდრებლის მიერ საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილთან - მოსარჩელესთან საყოფაცხოვრებო ნივთების ჩატანის, შემდგომში მისივე მოხმარების მიზნით იქვე დატოვებისა და მისი გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის მიერ დედის ამ ნივთების დაუფლების შესახებ გარემოებები. აღნიშნულის თაობაზე მოწმე ლ.მ–ძის განმარტება მეზობლებისგან ინფორმირებულობის დადასტურების თაობაზე, სასამართლოებმა არასაკმარისად მიიჩნიეს. ვინაიდან მოპასუხემაც დაადასტურა მამკვიდრებლის მოსარჩელესთან საზღვარგარეთ გამგზავრების ფაქტი, ნეიტრალური მოწმის, ლ.მ–ძის (მამკვიდრებლის მეზობელი) ჩვენება სასამართლოს უფრო სანდოდ უნდა მიეჩნია;

14.4. სააპელაციო სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო მინდობილობით მეორე მოპასუხისათვის გარკვეული უფლებამოსილებების მინიჭების ფაქტი. შესაბამისად, ასევე არასწორად დადგინდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი;

14.5. სადავო მინდობილობა არ არის გაცემული კანონით დადგენილი წესით მამკვიდრებლის მიერ ნების გამოვლენის საფუძველზე;

14.6. სასამართლომ არ იმსჯელა მოწმეთა ჩვენებებზე და არასწორად უარყო, რომ მამკვიდრებელმა არ იცოდა ქართულ ენაზე საუბარი და წერა-კითხვა;

14.7. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას შეფასების გარეშე დატოვა თავად სადავო მინდობილობის ტექსტი;

14.8. სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა სადავო გარიგებების ძალაში დატოვების საკითხი, რომ მათ მართლზომიერებაზე საერთოდ არ იმსჯელა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

21. წინამდებარე საქმეში, უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის მემკვიდრედ ცნობაზე უარის თქმის მართლზომიერება. კერძოდ, ის გარემოება მოსარჩელემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო თუ არა დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება.

22. კასატორი დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეს დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება მისი გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუღია.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო; თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება (იხ. სუსგ საქმე Nას-851-800-2010, 16 თებერვალი, 2011 წელი). ამასთან, მემკვიდრეობის მიღება სამართლებრივი ძალის მატარებელია მაშინ, თუ იგი კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში განხორციელდა.

25. ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები: სამკვიდროს მართვა - დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (იხ. სუსგ საქმე Nას-844-794-2015, 02 დეკემბერი, 2015 წელი).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არც მატერიალური და არც საპროცესო სამართლის ნორმები გვთავაზობს მტკიცებულებათა იმგვარ ნუსხას, რომლებითაც შეიძლება დადასტურდეს მოსარჩელის მიერ სამკვიდროს/მისი ნაწილის დადგენილ ვადაში მესაკუთრის მსგავსად დაუფლება, შესაბამისად, ეს გარემოება შეიძლება დადასტურდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულებით (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, ნივთიერი თუ წერილობითი მტკიცებულება და სხვა). იმავე კოდექსის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მოსარჩელემ. რაც შეეხება მტკიცებულებათა შეფასებას, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევას სასამართლო ახდენს თავისუფალი შეფასების ფარგლებში (სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით), რომელიც მოიცავს მათ, როგორც ინდივიდუალურ, ისე ერთობლივად გამოკვლევას, მტკიცებულებათა იურიდიული სანდოობის შესწავლას, მათ შეპირისპირებას, რაც სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დადასტურების საკითხზე.

27. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

28. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომ მან კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების მამკვიდრებლის სიცოცხლეში სადავო უძრავ ქონებაში განთავსების ფაქტი, არ წარმოადგენს სამკვიდროს მიღების შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში გამოხატა სამკვიდროს მიღების სურვილი დედის კუთვნილი ნივთებით სარგებლობის ან/და მათი სხვაგვარად დაუფლების გზით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოში დედის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წლის შემდგომ, 2018 წლის 14 აგვისტოს ჩამოვიდა (იხ. წინამდებარე განჩინების 6.7 პუნქტი).

30. საქმეში არსებული მტკიცებულებებით აგრეთვე არ დასტურდება, ერთი მხრივ, მამკვიდრებლის მიერ მოსარჩელესთან საზღვარგარეთ მოძრავი ნივთების (მატყლის საბანი, ბალიში და თეთრეული, ასევე, სამი ცალი საწერი კალამი სადგამით) ჩატანის ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, თუნდაც ამ გარემოების უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, არ ირკვევა ამ ნივთების მოსარჩელესთან ჩატანის მიზნობრიობა. კერძოდ, ადგილი ხომ არ ჰქონდა დედის მხრიდან მოსარჩელისათვის აღნიშნული ნივთების ჩუქებას.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

33. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა მოსარჩელის მიერ დედის (მამკვიდრებლის) დანაშთი სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილი წესით მიღების ფაქტი, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სადავო მინდობილობისა და უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის თაობაზე.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

36. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 670 ლარის 70% – 1 869 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ა–ისის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ა–ისს (პ/ნ …..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მ.ღ–ის (პ/ნ .....) მიერ 2024 წლის 24 ივლისს №654 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 670 ლარის 70% – 1 869 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლევან მიქაბერიძე