საქმე №ას-887-2024
11 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ბ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ გარიგების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2021 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელემ მოპასუხეს 25 000 ლარის სანაცვლოდ გადასცა ქ. თბილისში, ........ მდებარე, №75 ბინა ს/კ-ით ........ (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“);
6.2. 2020 წლის 23 სექტემბრის ანდერძის დამოწმების სანოტარო აქტის თანახმად, მოსარჩელემ გასცა საანდერძო განკარგულება, რომლის თანახმად მან მისი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მისი გარდაცვალების მომენტისათვის იქნება მის საკუთრებაში, სადაც არ უნდა მდებარეობდეს და რაშიდაც არ უნდა გამოიხატებოდეს იგი, უანდერძა - ზ.გ–ძეს. ანდერძი წაიკითხა თავად მოანდერძემ ხმამაღლა და გარკვევით, მოწმეების თანდასწრებით;
6.3. 2021 წლის 8 დეკემბრის განცხადებით დგინდება, რომ მოსარჩელემ გააუქმა 2020 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ანდერძი.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ გარიგების მოტყუებით დადების დასადასტურებლად წარადგინა მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, რომელსაც დაუპირისპირდა მოპასუხე და კატეგორიულად უარყო ამგვარი ფაქტის არსებობა.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გარდა მოსარჩელის განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ხელშეკრულების შედგენისას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებას დაადასტურებდა. მხოლოდ მოსარჩელის განმარტება კი, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის არასაკმარისია.
9. ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის გამო, ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი ხელშეკრულების თანახმად, რომელიც წარმოადგენს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებას, დგინდება, რომ „ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 25 000 ლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი“. ამასთან, ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა ცალკე აღებული არის არა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, არამედ - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 477-ე მუხლების საფუძველზე, ნასყიდობის ფასის, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მყიდველისთვის წარდგენის საფუძველი.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე და აპელანტის მითითება ფასის შეუსაბამობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად ვერ განიხილება.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
12. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
12.1. სააპელაციო სასამართლომ არ შეისწავლა მოსარჩელის დასაბუთებული განმარტება რომ, მას არანაირი ფული, მითუმეტეს 25 000 ლარი, მისი ნათესავისაგან არ მიუღია;
12.2. მოსარჩელე გახლავთ ასაკოვანი ქალბატონი ის მოტყუებით გაიყვანეს სახლიდან თითქოს მისი დის სანახავად, რომელიც იმ პერიოდში ავად იყო. ამ ტყუილის საფუძველზე კასატორი აღმოჩნდა საჯარო რეესტრში და მოაწერინეს ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლის ფასიც თვითონვე განსაზღვრეს 25 000 ლარით;
12.3. კასატორს აქვს მეხსიერების პრობლემა, რითაც ისარგებლეს მისმა ნათესავებმა (მოპასუხე ნათესავია კასატორის) და მოტყუებით/ შეცდომაში შეყვანის გზით, რაც აშკარად ირკვევა, რომ წინასწარ ჰქონდა მოპასუხეს განზრახული, ხელი მოაწერინა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე; ასევე მოხდა სანოტარო აქტის გაუქმების ნაწილშიც, კასატორს გააუქმებინეს მის უსინათლო მეუღლეზე დაწერილი ანდერძი;
12.4. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სადავო ქონების მაშინდელი ღირებულება და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფასი ძალიან განსხვავებულია, კერძოდ, ქონების შეფასების მიხედვით, მისი ღირებულება 99 000 ლარია.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად უთხრა უარი მოსარჩელეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობისა და სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნაზე.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე/ კასატორი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება მოტყუებით დაიდო.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გარიგების ბათილობის ლეგალურ დეფინიციას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ განსაზღვრული პირობების დარღვევით დადებულ გარიგებებს ბათილად აღიარებს. (იხ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011, 385-393). ამიტომ გარიგების ბათილობის ცნება და შინაარსი კანონის ნორმებსა და ლიტერატურაში არსებული მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს. (იხ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I., მუხლი 54., თბ., 2017, ველი 5.) ბათილია გარიგება, თუ ის არ იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას. გარიგების ბათილობა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგია, ამიტომ გარიგების ბათილობის მიზეზები, მოსალოდნელი შედეგები, გარიგების ნაკლის გამოსწორების ჩათვლით, კანონით განისაზღვრება. ამის შესაბამისად ერთმანეთისაგან განსხვავდება ბათილი გარიგების სახეები.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საცილო გარიგება. საცილო გარიგება დადების მომენტში ნამდვილია, მაგრამ შეცილების შედეგად კარგავს იურიდიულ ძალას, ე.ი ხდება ბათილი. საცილო გარიგება შეცილების გამო ბათილად ჩაითვლება არა შეცილების მომენტიდან, არამედ მისი დადების მომენტიდან. საცილო გარიგების გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 54, ველი12, თბილისი, 2017).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-ე-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-182-171-2014,1 6 ივნისი, 2014 წ; №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი; №1126-2021, 29 მაისი, 2023 წელი). ის, ვინც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა, მისი არსებითობა და მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და ნების გამოვლენას შორის.
24. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოტყუებით დადებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარდგენილი მტკიცებულება, მარტოოდენ მისი ახსნა-განმარტების საფუძველზე კი მსგავსი გარემოების დადგენა შეუძლებელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდის მსგავსი ფაქტის არსებობას. მითითება, რომ კასატორს აქვს მეხსიერების პრობლემები ასევე არ დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დასკვნით ან სხვა სარწმუნო მტკიცებულებით. ვერც მხოლოდ ის გარემოება დაედება ხელშეკრულების ბათილობას საფუძვლად, რომ მოსარჩელე მოტყუებით გაიყვანეს სახლიდან თითქოს მისი დის სანახავად და ამ ტყუილის საფუძველზე კასატორი აღმოჩნდა საჯარო რეესტრში, სადაც მოაწერინეს ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო (იხ. სუსგ საქმე №ას-620-592-2016, 6 მარტი, 2017 წელი).
26. წინამდებარე განჩინების 12.1 პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობა არა ხელშეკრულების ბათილობის, არამედ შესაბამისი სამოქალაქო-სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენის საფუძველია. ასეც, რომ არ იყოს საქმის მასალებში წარდგენილია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულია 2021 წლის 15 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ, სადაც მითითებულია, რომ ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 25 000 ლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერს როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. კასატორმა სსსკ-ის 102-ე-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერც ამ ნაწილში უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც ნასყიდობის ფასის გადაუხდელობას დაადასტურებდა.
27. სადავო უძრავი ქონების ნასყიდობისა და საბაზრო ღირებულებებს შორის შეუსაბამობის თაობაზე წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებას; „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი მხარეებს აძლევს უფლებას, რომ შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობითაც, ხოლო, მეორე მხრივ, საბაზრო ღირებულებასთან ნასყიდობის ფასის შეუსაბამობის დადასტურების შემთხვევაშიც, მხოლოდ ეს გარემოება, ცალკე აღებული, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის პირობებში, საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების გარეშე, ვერ გახდება სადავო გარიგების ბათილობის კანონიერი საფუძველი“ (იხ., სუს-ს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის სასამართლოსათვის.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-620-592-2016, 6 მარტი 2017 წელი; საქმე №ას-1448-2023, 20 მაისი 2024 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. საკასაციო საჩივრის ავტორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე