საქმე №ას-918-2024
11 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ს.ე–მა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ს–სი“ (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ს–სი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ს.ე–მა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ა.ს–სმა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ს.ე–მას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „შემსყიდველი“,„კასატორი“) მიმართ თანხის - 16 649, 74 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 016,24 ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით მოსარჩელის წარდგენილი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 382, 74 ლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2018 წლის 7 აგვისტოს შემსყიდველსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება წინამდებარე ხელშეკრულების №1 (ხარჯთაღრიცხვა და ტექნიკური პირობა), №2 (გაბიონით გამაგრების სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკები) და №3 დანართების (სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები) შესაბამისად შეესრულებინა სამუშაოები;
7.2. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2. პუნქტის მიხედვით, სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს ქობულეთის რაიონის, სოფელი ....... 220 კვ. ე.გ.ხ „პ-1“ №185 ანძას, და ქობულეთის რაიონის, სოფელი ..... 220 კვ-ის ე.გ.ხ. „პ-2“ №235 ანძას;
7.3. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო თანხა განსაზღვრულია №1 დანართის მიხედვით და შეადგენს 135 038.10 ლარს;
7.4. ამავე მუხლის 3.2. პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სრული მოცულობის მიხედვით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან 8 სამუშაო დღის განმავლობაში;
7.5. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტით განსაზღვრულია სამუშაოების შესრულების ვადები, კერძოდ, მიმწოდებელი ვალდებულია შეასრულოს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან და ობიექტზე დაშვებიდან №2 დანართის (სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი) მიხედვით, ვადამდე შესრულების უფლებით;
7.6. ხელშეკრულების №2 დანართის შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკით სამუშაოების ვადა განისაზღვრა 6 თვით;
7.7. ხელშეკრულების მე-18 მუხლის 18.1. პუნქტის მიხედვით, განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა შორის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით, ხოლო საგარანტიო ვალდებულებების ნაწილში საგარანტიო ვადის ბოლომდე;
7.8. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიზეზით სამუშაოს დაგვიანებით შესრულების, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელი მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულების დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება;
7.9. ამავე მუხლის 10.5. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით გათვალისწინებული და მიმწოდებელზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხის ოდენობიდან. აღნიშნული გამოქვითვა არ შეიძლება გახდეს მიმწოდებლის მხრიდან შემსყიდველისათვის 10.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი;
7.10. 2019 წლის 27 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით, შეიცვალა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. და 3.3. პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების პირობები, მე-8 მუხლის 8.1. პუნქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი, ასევე, 220კვ-ის ე.გ.ხ. „პ-2“-ის №235 ანძის გაბიონით გამაგრების სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა მიმწოდებლისათვის კორექტირებული პროექტის გაცემიდან 2 თვე;
7.11. მხარეებს შორის 2019 წლის 26 ივნისს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის მიხედვით, მხარეებმა დააფიქსირეს, რომ 220 კვ-ის ე.გ.ხ. „პ-1“ №185 ანძის სამუშაოები დასრულებულია, ხოლო რაც შეეხება 220კვ-ის ე.გ.ხ. „პ-2“ №235 ანძას გაბიონით გამაგრების სამუშაოებს, შესრულების დროს მოსარჩელე წააწყდა რიგ პრობლემებს. მხარეებმა დამატებით შეთანხმებაში აღნიშნეს, რომ მისასვლელი გზა ჩამოშლილია, რომელიც საჭიროებს აღდგენას, ასევე, გზის ამ მონაკვეთზე გადის გაზის მილი, რომელიც ხელს უშლის სატრანსპორტო საშუალების (ბეტონმზიდი მანქანის) გადაადგილებას. აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად საჭიროა გაზსადენი მილის გადაადგილება, გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის ცვლილება, რაც მხარეებისათვის არ იწვევს რაიმე სახის უარყოფით შედეგს ტექნიკური, ფინანსური, ორგანიზაციული თუ სხვა ფორმით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი სამუშაოების დასრულებისათვის, სახელშეკრულებო ღირებულების უცვლელად, მიმწოდებელს განესაზღვრა ვადა წინამდებარე დამატებითი შეთანხმების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღით;
7.12. 2019 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულების მე-18 მუხლის 18.1. პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო საგარანტიო ვალდებულებების ნაწილში საგარანტიო ვალდებულებების ბოლომდე;
7.13. ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი აცნობიერებს, რომ წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილებას და არანაირად არ მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაზე, რომლის დარღვევის გამოც, მიმწოდებელს სამუშაოების დაგვიანებით გაწევისათვის ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-10 მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით.
7.14. 2019 წლის 15 ოქტომბრის დამატებითი შეთანხმებით კვლავ შეიცვალა მე-18 მუხლის 18.1. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, არაუგვიანეს 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. ამ შემთხვევაშიც, მხარეებმა დააფიქსირეს, რომ წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ცვლილებას და არანაირად არ მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაზე, რომლის დარღვევის გამოც, მიმწოდებელს სამუშაოების დაგვიანებით გაწევისათვის ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-10 მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით;
7.15. 2019 წლის 15 ნოემბრის დამატებითი შეთანხმებით კიდევ ერთხელ შეიცვალა მე-18 მუხლის 18.1. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ შემთხვევაშიც, როგორც წინა დამატებითი შეთანხმებებით, მხარეებმა დააფიქსირეს, რომ წინამდებარე შეთანხმების პირველი პუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადისცვლილებას და არანაირად არ მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაზე, რომლის დარღვევის გამოც, მიმწოდებელს სამუშაოების დაგვიანებით გაწევისათვის ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-10 მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით;
7.16. 2018 წლის (ზუსტი თარიღი მითითებული არ არის) მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეების უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ 2019 წლის 5 მარტს მიმწოდებელმა შეასრულა 220 კვ-ის ე.გ.ხ. „პ-1“ ანძა №185-ის გაბიონით გამაგრების სამუშაოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (ტ. 1, ს.ფ. 51);
7.17. 2019 წლის (ზუსტი თარიღი მითითებული არ არის) მიღება-ჩაბარების აქტით, მხარეების უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ 2019 წლის 30 დეკემბერს მიმწოდებელმა შეასრულა 220 კვ-ის ე.გ.ხ. „პ-2“ №235 ანძის გაბიონით გამაგრების სამუშაოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (ტ. 1, ს.ფ. 52);
7.18. მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურები, ჯამში 130 021.99 ლარის ღირებულების მომსახურების თაობაზე (64 951.55+65 070.44), წარედგინა მოპასუხეს, რომლებიც მომსახურების მიმღებმა დაადასტურა;
7.19. მოპასუხემ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად გადაუხადა შემდეგი თანხები: 2018 წლის 07 სექტემბერს - 15 000 ლარი, 2018 წლის 03 დეკემბერს - 20 000 ლარი, 2019 წლის 02 აპრილს - 62 255.49 ლარი, 2020 წლის 15 იანვარს - 19 499.50 ლარი, ჯამში, 116 754.99 ლარი;
7.20. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 იანვრის დასკვნის თანახმად, 2020 წლის 1 კვარტლის მიმდინარე ფასების დონეზე, 220 კვ-ის ე.გ.ხ. „პ-2“ №235 ანძის გაბიონით გამაგრების სამუშაოების პროექტის ფარგლებში, შესრულებული დამატებითი სამუშაოების ღირებულება 3 382.74 ლარს შეადგენს;
7.21. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილებისათვის, დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 13 267 ლარს, აქედან 220 კვ. ე.გ.ხ. „პ 1“ №185 ანძის გაბიონით გამაგრების სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოა 4 027 ლარი, რადგან მოსარჩელეს 64 951. 55 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2019 წლის 2 იანვარს და დასრულდა 2019 წლის 5 მარტს, 62 დღის გადაცილებით (64.95X62), ხოლო 220 კვ ე.გ.ხ. „პ 2“ №235 ანძის გაბიონით გამაგრების სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს 9 240 ლარს, რადგან შესრულებული სამუშაოების ღირებულების 65 070. 44 ლარის 0.1% შეადგენს 65.07 ლარს, გადაცილების პერიოდი განისაზღვრება სამუშაოების შესრულების ვადის გასვლიდან 2019 წლის 10 აგვისტოდან, სამუშაოების შესრულების თარიღამდე - 2019 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში.
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებით, ის გათავისუფლდა მე-10 მუხლის 10.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადაგადაცილებისათვის შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვადაგადაცილებული დღეებისა და ვადაგადაცილებული ვალდებულების ღირებულების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს თანხის ჯამურმა ოდენობამ 13 267 ლარი შეადგინა, რაც მოპასუხემ, ხელშეკრულების 10.5. პუნქტის შესაბამისად, გამოქვითა (დააკავა) ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულებიდან.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს მითითებულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს და არა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა არამართებულად. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ არსებობს მისი შემცირების სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა. შესაბამისად, ხელშეკრულების 10.5. პუნქტის საფუძველზე, მართებულად გამოიქვითა (დაკავდა) ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულებიდან 13 267 ლარი პირგასამტეხლოს ანგარიშში.
12. დამატებითი სამუშაოების ღირებულებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მტკიცების ტვირთზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელით, ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელის მე-11 ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებას დამატებითი სამუშაოს შესრულებისა და მისი ოდენობის შესახებ ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, რა ნაწილში არ ეთანხმებოდა სარჩელს. ამასთან, მოპასუხემ აქვე განმარტა, რომ მოსაზრებებს და შესაბამის მტკიცებულებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით წარადგენდა სასამართლოს მთავარ სხდომამდე, თუმცა შემდგომში მას ამ ნაწილში მარტივი შედავებაც არ განუხორციელებია. ასეთ ვითარებაში, დამატებითი სამუშაოს განხორციელებასა და მის ღირებულებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებები (იხ: სააპელაციო საჩივარი) წარმოადგენს ახალ ფაქტებს და ვინაიდან აპელანტმა უგულებელყო სსკ-ის 219-ე მუხლის მოთხოვნები, მან პროცესუალურად დაკარგა ამ ახალ გარემოებებზე მითითებით შედავების კანონისმიერი უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ სააპელაციო პრეტენზიაზე ვერ იმსჯელებს (სსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების ფარგლებში დამატებით შეასრულა 3 382.74 ლარის ღირებულების სამუშაოები.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.
14. პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დარჩენილ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
14.1. არასწორია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, დამატებითი სამუშაოების შესრულებისა და მისი ოდენობის შესახებ, ნაწილობრივ დაეთანხმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ნაწილში არ ეთანხმებოდა სარჩელს; სააპელაციო პალატა თავად აღნიშნავს, რომ ნაწილობრივი დათანხმება გამოიხატა სამუშაოს შესრულებისა და მისი ოდენობის შესახებ თანხმობაში, თუმცა მოპასუხე კომპანია არ ეთანხმება დამატებითი სამუშაოების შესრულების ღირებულების 3 382.74 ლარის მისთვის დაკისრებას უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო;
14.2. მოპასუხე კომპანიამ სარჩელის მე-11 ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით 2022 წლის 13 ოქტომბერს სასამართლოში წარადგინა დამატებითი მოსაზრება, რომლის მიხედვით, შემკვეთის წარმომადგენლობის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სსე-ს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მოპასუხეს საკითხი უნდა მოეგვარებინა პროექტის ავტორთან; დამატებით შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მხარეებს შორის არანაირი ზეპირი შეთანხმება არ არსებობდა და არც წერილობითი შეთანხმება ყოფილა გაფორმებული. შესაბამისად, არასწორია ექსპერტიზის დასკვნის მითითება, რომ ეგხ „პ-2”-ის №235 ანძის გაბიონით გამაგრების სამუშაოების პროექტის ფარგლებში, შესრულებული დამატებითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, წარმოდგენილი ხელშეკრულების მონაცემების გათვალისწინებით, ლიმიტირებული დანარიცხებისა და დღგ-ს ჩათვლით, განისაზღვრა 3 382,74 ლარის ოდენობით. დამატებით სამუშაოებთან დაკავშირებით არანაირი პროექტი არ ყოფილა შედგენილი. ასეთი პროექტი არც არის საქმეში წარმოდგენილი;
14.3. არასწორია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ დამატებითი სამუშაოების განხორციელებასა და მის ღირებულებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის (აპელანტის, სსე-ს) წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენს ახალ ფაქტებს და ვინაიდან აპელანტმა უგულებელყო სსკ-ს 219-ე მუხლის (ახალი ფაქტობრივი გარემოებები) მოთხოვნები, მან პროცესუალურად დაკარგა ამ გარემოებებზე მითითებით შედავების კანონისმიერი უფლება. მოპასუხე წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, რა გარემოებებზე და რომელ სამართლებრივ ნორმებზე იმსჯელებდა პირველი ინსტანციის სასამართლო. სააპელაციო საჩივარი არის პასუხი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე;
14.4. არასწორია მითითება, რომ დამატებითი სამუშაოების შესრულება მხარეებს შორის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა; ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები გათვალისწინებული უნდა იყოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებული სამუშაოების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც მხარეთა ხელმოწერებით უნდა დასტურდებოდეს, ასევე, საჭიროა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც განსახილველ შემთხვევაში, დამატებით სამუშაოებთან დაკავშირებით საქმეში არ წარდგენილა იმ მიზეზის გამო, რომ არანაირ დამატებით სამუშაოებთან დაკავშირებით მხარეებს შორის შეთანხმება არ არსებობს;
14.5. სსკ-ის 398-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარემოებები, რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დადების დროს შეუძლებელი იყო, მაშინ მხარემ ამის შესახებ უნდა აცნობოს მეორე მხარეს და ხელშეკრულებაში შევიდეს შესაბამისი ცვლილება დამატებითი შეთანხმების ფორმით. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ დამატებით შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ მიუმართავს; მხარეს უნდა მიემართა სსე-სთვის და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე მოეთხოვა შეთანხმების გაფორმება დამატებით სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც, სსე-სთან შეთანხმებით, შედგებოდა შესაბამისი პროექტი, ხარჯთაღრიცხვა და დამატებითი სამუშაოები განხორცილდებოდა შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, ხოლო მისი ანაზღაურება მოხდებოდა შესრულებული დამატებითი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს;
14.6. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი გამორიცხავს მოპასუხე კომპანიის შესაძლებლობას მხარესთან დადოს ზეპირი გარიგება. ხსენებული კანონი შემკვეთს ავალდებულებს მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დადოს მხოლოდ წერილობითი ფორმით, ისიც წინასწარ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე და იმ სუბიექტთან, რომელიც გაიმარჯვებს ტენდერში;
14.7. მოპასუხე კომპანიასთან მიმართებით არასწორია სსკ-ის 973-ე მუხლის გამოყენება; საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ნამდვილად იყო სახეზე შეცვლილი გარემოებების შესაბამისი გადაუდებელი აუცილებლობა;
14.8. დამატებით შესრულებული სამუშაოების ნაწილში მოპასუხე კომპანიას დაეკისრა 3 382.74 ლარის გადახდა სრულად, მაშინ, როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 იანვრის №002051320 დასკვნის თანახმად, ხსენებულ თანხაში შედის დღგ.
15. მეორე საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხისთვის 6 633,5 ლარის დაკისრება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
15.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. ამასთან, არ გამოიყენა უზენაესი სასამართლოს მყარად დადენილი პრაქტიკა პირგასამტეხლოს შემცირების კუთხით (იხ. სუსგ საქმე №ას-896-846-2015, 12 თებერვალი 2016 წელი);
15.2. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციების თანახმად, „ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არამართლზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს“. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს შემდეგ რეკომენდაციას: ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არა არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით;
15.3. კონკრეტულ შემთხვევაში, შემსყიდველი, რომელიც ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული და შეთავაზებული მეორე მხარისათვის ხელშეკრულების იმ დებულების შინაარსი (მე–10 მუხლის 10.1 პუნქტი), რომლის თანახმად პირგასამტეხლოს ოდენობა „მიმწოდებლის" მიზეზით სამუშაოს დაგვიანებით შესრულების, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ შესრულების შემთხვევაში შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,1%–ის განისაზღვრა ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, რაც თვიური 3%, ხოლო წლიური 36%-ია, რაც შეუსაბამოდ მაღალია. მოცემულ შემთხვევაში, ვადა გადაცილება არ მომხდარა კასატორის მიზეზით, იგი მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო მოხდა. კასატორი იძულებული იყო დათანხმებულიყო პირგასამტეხლოს ასეთ ოდენობას (0.1%), ვინაიდან მას სხვა ალტერნატივა არ ქონდა. პრეტენზიის გამოხატვის შემთხვევაშიც არ შეიცვლებოდა პირგასამტეხლოს ოდენობა, ვინაიდან მოპასუხე ასეთი სტანდარტული პირობებით აფორმებს ხელშეკრულებებს მხარეებთან და მისი შეცვლის ალბათობა ნულის ტოლია;
15.4. მოპასუხე კომპანიამ ვერ გასწია მტკიცების ტვირთი თუ ვალდებულების დარღვევამ, ვადის გადაცილებამ თუ რა გავლენა იქონია სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსზე და ვერ დაასაბუთა პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა, მაშინ როდესაც მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასაბუთებდა, რომ ურთულეს რელიეფზე, მთიან რეგიონში უწევდა სამუშაოების წარმოება, განსაკუთრებით რთული ხდებოდა მძიმე ტექნიკის გადაადგილება ნალექების (წვიმის) მოსვლის შემდეგ (იხ. სარჩელის დანართი 33 ფოტოსურათები და დანართი 37 ვიდეო ფაილი), რაც ხელს უშლიდა სამუშაოების წარმოების ტემპს. რატომღაც სრულიად უსაფუძვლოდ აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობის 0,1% ძალაში დატოვების დროს;
15.5. შემსრულებელმა რამდენიმეჯერ გააგრძელა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და არა შესრულების ვადა, თუმცა პირგასამტეხლოს დარიცხვა არ შეჩერებულა. მიუხედავად ასეთ რთულ პირობებში სამუშაოების წარმოებისა კომპანიამ სამუშაოები შეასრულა ხარისხიანად, რაც დასტურდება სარჩელზე დართულ მიღება-ჩაბარების აქტებით (იხ. სარჩელი გვ. 51, 52) სადაც შესრულებულ ხარისხზე აპელანტს პერეტენზია არ გამოუთქვამს. ყველა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მოეხდინა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ცვლილება და ძალაში უნდა დაეტოვებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისისა და 5 აგვისტოს განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად განსაზღვრა მიმწოდებლისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა და იყო თუ არა სახეზე შემსყიდველისათვის დამატებით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები. ამ მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლო, პირველ რიგში, მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე იმსჯელებს.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288).
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ.: სუსგ №ას-848-814-2016, 2016 წლის 28 დეკემებერი; №ას-1274-2022, 2022 წლის 22 ნოემბერი; №ას-1245-2022, 2023 წლის 9 მარტი).
25. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ.: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
26. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 2019 წლის 13 დეკემბერი; №ას-89-2024, 2024 წლის 12 აპრილი; №ას-65-2024, 2024 წლის 15 აპრილი).
27. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ.: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ: სუსგ №ას-827-2021, 2021 წლის 3 დეკემებრი).
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განასხვავებენ პირგასამტეხლოს ისეთ სახეებს, როგორიცაა საურავი და ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთი სახეა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს ამ სახეს იცნობს. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 419 I მუხლის დანაწესი. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმამ კრედიტორის იმ ინტერესის ანაზღაურება უნდა მოახდინოს, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. შესაბამისად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში ჯარიმის განსაზღვრა ხდება იმ ოდენობით, რათა მან ვალდებულების დარღვევის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა მოახდინოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საურავი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც. საურავი ირიბი იძულებითი ხასიათის ღონისძიებაა: ვალდებულმა პირმა იცის, რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო გვიან შეასრულებს ვალდებულებას, მით მძიმე იქნება მისი ფინანსური ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1634-2019, 4 მარტი, 2020 წელი).
29. საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებით, მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და შეამცირა 2-ჯერ, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.
30. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შემსრულებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ვადაგადაცილებით. ამასთან, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიზეზით სამუშაოს დაგვიანებით შესრულების, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელი მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულების დღემდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება;
31. ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).
33. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (იხ.: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი/ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014 წ., გვ. 604- 605.).
34. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „მეწარმე სუბიექტი“, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. შესაბამისად, ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).
35. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის და ის არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
36. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე, რომელიც მეწარმე სუბიექტია, დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო. ის არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც საკასაციო სასამართლოს დაარწმუნებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს (13 267 ლარი) შემცირების საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 116 754.99 ლარია, პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს და არა მთლიანი ხელშეკრულების ღირებულებიდან, შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია, უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა.
37. საქართველოს უზენაესი სასამართლო მეორე წინამდებარე განჩინების 15.2 პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობით განსაზღვრის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და მასში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სტანდარტული პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან და საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს და მისი განსაზღვრა ვერ იქნება დამოკიდებული მითითებულ რეკომენდაციაზე (იხ. სუსგ საქმე №1519-2023, 21 ივნისი 2024 წელი).
38. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს მოპასუხის სახით წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. გასათვალისწინებელია, ასევე, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 220 ე.გ.ხ. „პ-1“ №185 და პ-2“ №235 ანძის გაბიონით გამაგრების სამუშაოების შესრულება, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მოპასუხეს.
39. რაც შეეხება პირველი საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს დამატებით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლიდან გამომდინარეობს, კერძოდ, მენარდე ითხოვს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას. ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა დამატებითი სამუშაოს შესრულების შესახებ მხარეთა ზეპირი შეთანხმებაზე, ასევე, შესრულებული სამუშაოსა და მისი ღირებულების დასადგენად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა. საკასაციო პალატა ზემოხსენებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეასრულების ფაქტი და მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება სწორად დააკისრა.
40. კასატორი/მოპასუხე უარყოფს დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე შეთანხმების არსებობას. მისი განმარტებით, სამუშაოს შესრულების თაობაზე მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულება არ დადებულა, ამასთან, გარიგებისათვის წერილობითი ფორმა იყო სავალდებულო. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დამატებით სამუშაოებთან დაკავშირებით არანაირი პროექტი არ ყოფილა შედგენილი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ფორმასავალდებულო გარიგებათა კატეგორიას არ განეკუთვნება, რომლის ნამდვილობასაც სამოქალაქო კოდექსი დაუკავშირებდა რაიმე ფორმის დაცვის აუცილებლობას. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონზე კასატორის აპელირება კი, არასწორია, ვინაიდან ამ კანონით გათვალისწინებული გარიგების წერილობითი ფორმით დადება მიმართულია საჯარო მიზნისკენ (სახელმწიფო შესყიდვისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვისკენ) და მისი დაუცველობა კერძოსამართლებრივი გარიგების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება. ზეპირი ფორმით გარიგების დადება კი, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება.
41. საკასაციო პალატა ვერც მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის აუცილებლობაზე კასატორის პრეტენზიას ვერ გაიზიარებს. რაკი წარდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულებისა და შემკვეთის მიერ მისი მიღების ფაქტი (დამატებითი სამუშაოები 220ე.გ.ხ. „პ 2“ №235 ანძას ჩაუტარდა), სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა ამ უდავო ფაქტს ვერ გააქარწყლებს, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-989-950-2014, 04.03.2015 წელი) .
42. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა მხარეთა შორის დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ზეპირი შეთანხმებისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი (სსკ-ის 629.1 მუხლი), ხოლო მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გააბათილა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით (სსსკ-ის 102 მუხლი) და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი საკასაციო შედავების დასაბუთებულად მიჩნევისათვის და განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ანგარიშსწორების ფაქტობრივ საფუძველს ექსპერტიზის დასკვნა, ზედამხედველის წერილი და მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენს.
43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომც გავიზიაროთ კასატორის მსჯელობა მხარეთა შორის დამატებით სამუშაოს შესრულების შესახებ შეთანხმების არარსებობაზე, მოცემულ შემთხვევაში, მაინც იარსებებდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს მოთხოვნილი თანხა სსკ-ის 987.1 მუხლის (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) საფუძველზე. როგორც საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე“. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გამდიდრდა, ვინაიდან მან მიიღო მოსარჩელის ხარჯით გაუმჯობესებული ქონება. სსკ-ის 987.3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებებზე კასატორი არ მიუთითებს, შესაბამისად, იგი ვალდებულია, მის ქონებაზე გაწეული დანახარჯი აუნაზღაუროს მოსარჩელეს (იხ. სუსგ-ები №ას-1193-1122-2015, 31 მაისი 2016 წელი; №ას-74-71-2016, 25 მაისი 2016 წელი; №ას-225-215-2016, 25 მაისი 2016 წელი, №ას-184-171-2015, 20 მაისი 2016 წელი; №ას-960-2018, 22 ნოემბერი 2018 წელი).
44. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხისათვის დამატებით შესრულებული სამუშაოსათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის დაკისრება მართლზომიერად მოხდა.
45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-349-2019, 11 ივნისი, 2019 წელი; ას-729-729-2018, 28 თებერვალი 2019 წელი) ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობების არსებობაში.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.ს.ე–მის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ა.ს–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. სს „ს.ს.ე–მას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 ნწლის 27 მაისს №1716807405 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. შპს „ა.ს–სს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს ნ.ბ–ძის (პ/ნ ......) მიერ 2024 წლის 29 ივლისს №8915 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 331,68 ლარის 70 % - 232.2 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე