საქმე №ას-1044-2024
17 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემკვეთი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მენარდე“, „კასატორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2016 წლის 25 სექტემბერს მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულება 2 000 ცალი გზათსარგებლობის საფასურის ბარათის (ერთი ბარათის ნომინალური ღირებულება 200 ლარი, ჯამური ღირებულებით 400 000 ლარი), რეალიზების მიზნით;
6.2. 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 იანვრამდე მენარდე უწყვეტად იხდიდა რეალიზებული გზათსარგებლობის ბარათების ღირებულებას;
6.3. 2019 წლის თებერვლიდან მენარდეს გზათსარგებლობის ბარათების ღირებულება აღარ გადაუხდია, რის შედეგადაც ერიცხება დავალიანება - 283 200 ლარი;
6.4. შემკვეთმა არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით და დაუწესა დამატებითი ვადაც (10 დღის ოდენობით), თუმცა უშედეგოდ.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 129.1-ე მუხლის პირველი წინადადებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრა 3 წლით.
8. სააპელაციო სასამართლომ შესაგებლის პრეტენზიის გათვალისწინებით იმსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე და აღნიშნა, რომ არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომლის თანახმად, ყოველი ბარათით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება უნდა ათვლილიყო დამოუკიდებლად. მოპასუხე მხარეს ამ კუთხით რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია და არც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მიუთითებია გადახდილი თანხებიდან რომელი ნაწილი, რომელ ბარათის საფასურის გადახდა მიემართებოდა და რომელი დარჩა გადასახდელი. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს პერიოდულად და დამოუკიდებლად, გაზიარებული ვერ იქნება.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე სარგებლობდა 2 000 ცალი გზათსარგებლობის საფასურის ბარათით, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენდა ერთიან ხელშეკრულებას, რომლის თანახმად მოპასუხეს ჯამში უნდა გადაეხადა 400 000 ლარი. შესაბამისად, რამდენადაც მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2019 წლის იანვრის თვეში და გადახდები შეწყვიტა 2019 წლის თებერვლიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 2021 წლის 4 თებერვალს - სამწლიანი ვადა გასული არ არის და მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
11. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
11.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ხანდაზმულობის საკითხი. მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგანაც მას მოთხოვნა უნდა წარედგინა ბარათების გაცემიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. 2019 წლის 10 იანვარს გადახდილი კონკრეტული ბარათის ღირებულების გადახდის ფაქტით, მთლიანი პერიოდის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაუშვებელია. მოსარჩელემ ბარათები შეიძინა 2016 წლის 25 სექტემბერს, შესაბამისად, მოთხოვნის უფლება წარმოიშვა ბარათების შეძენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში;
11.2. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ თითოეული ბარათი დამოუკიდებელი ნივთია და მას აქვს დამოუკიდებელი ნომერი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.
19. სასარჩელო მოთხოვნის ინდივიდუალიზაციის შემდეგ სასამართლო შეუდგება შესაგებლის შესწავლას, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს მოთხოვნის გამომრიცხველი, შემაფერხებელი ან შემწყვეტი. შესაგებელი, რომელშიც მითითებულია ხანდაზმულობაზე, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მითითებას იმგვარ ვითარებაზე, როცა გასულია რა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კრედიტორს აღარ შეუძლია იძულებით, სასამართლოს მეშვეობით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუკი მოვალე შესაგებელში სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს და ამგვარად შეეცდება მოთხოვნის სასამართლო წესით რეალიზების შეფერხებას. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. რაც შეეხება ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მისი შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა (იხ. სუსგ №ას-1764-2018, 13 აპრილი 2020 წელი).
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
21. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22.03.2019 წელი; №ას-1329-2018, 22.02.2019 წელი; №ას-1610-2019, 07.02.2020 წელი).
22. წინამდებარე საქმის ფარგლებში, მოპასუხე მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებად მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატა შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხზე ქვედა ინსტანციის სასამართლო მსჯელობებს.
23. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, სუბიექტურ ფაქტორზე - „უნდა შეეტყო“, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.
24. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები ერთმანეთთან ნარდობის/მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ (სსკ-ის 629.1 მუხლი). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი აქვს, რაზეც სპეციალური სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.
25. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პრეტენზია ეფუძნებოდა იმას, რომ ხანდაზმულობა თითოეული ბარათის შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა ათვლილიყო, ხოლო საკასაციო საჩივარში მოპასუხე მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა ბარათების გადაცემიდან 3 დღის შემდეგ, 2016 წლის 28 სექტემბრიდან უნდა ათვლილიყო, რამდენადაც თანხის მოთხოვნის უფლება სწორედ ბარათების გადაცემიდან 3 დღის ვადაში წარმოიშობოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარის პოზიცია არათანმიმდევრულია, რამდენადაც ბარათების გადაცემა ერთიანად მოხდა, შესაბამისად, ამ პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადაც ერთიანად უნდა აითვალოს. ხანდაზმულობის საკითხის მოპასუხის მიერ პირველი მეთოდით დათვლის შემთხვევაში, სასამართლოსათვის გაუგებარია რას უკავშირებს მენარდე თითოეული ბარათის შემთხვევაში, ხანდაზმულობის დამოუკიდებლად ათვლის ფაქტს.
26. ხანდაზმულობის შეფასებისას საკასაციო სასამართლო „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებას მოიშველიებს. აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, პირის მიერ, რომელიც ახორციელებს გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაციას ან/და რომელთანაც ხდება გზათსარგებლობის საფასურის გადახდა ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის მისაღები თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის 1,5 პროცენტს. ამასთან, ამ პროცედურებისა და პირობების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით გადახდილი გზათსარგებლობის საფასურის შესაბამის სახაზინო კოდზე გადარიცხვა უნდა განხორციელდეს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული დადგენილების შესაბამისად, ბარათების საფასურის ანაზღაურება ბარათების რეალიზაციიდან 3 დღის ვადაში უნდა მომხდარიყო, რასაც ასევე ამყარებს ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიას თანხა ერთიანად არ აქვს გადახდილი, არამედ იგი თანხას უწყვეტად იხდიდა 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 იანვრამდე. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურმა ვალდებულების დარღვევის შემდეგ მიმართა მოპასუხე კომპანიას და ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადაც დაუწესა. რამდენადაც მოპასუხემ გადახდა 2019 წლის თებერვალში შეწყვიტა მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ხანდაზმულობის ვადა ბოლო გადახდიდან უნდა აითვალოს.
27. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიას სასამართლოსათვის არ წარუდგენია ინფორმაცია იმის შესახებ თუ 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2019 წლის 10 იანვრამდე რომელი ბარათების თანხების გადახდა მოხდა მოსარჩელისათვის ან დარჩენილი გადასახდელი თანხა კონკრეტულად რომელი ბარათების რეალიზაციის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ან ამ ბარათების რეალიზაცია როდის მოხდა და როდიდან შეიძლებოდა წარმოშობოდა შემოსავლების სამსახურს მოთხოვნა. შესაბამისად, ასეთ პირობებში, ვინაიდან 2019 წლის თებერვლიდან მოპასუხემ შეწყვიტა დავალიანების გადახდა, სარჩელი კი აღძრულია 2021 წლის 4 თებერვალს მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, მოპასუხეს მართლზომიერად დაეკისრა 283 000 ლარის გადახდა.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის გადახდა, შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის 2 400ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის 30% - 2 400 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე