საქმე №ას-1049-2024
15 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – გ.ს–ძე, თ.ს–ძე, ნ.ს–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ტ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ს–ძის, თ.ს–ძისა და ნ.ს–ძის (შემდგომში - „მოპასუხეები“, „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი.
5. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის გადავადების/გათავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით გ.ს–ძეს, თ.ს–ძესა და ნ.ს–ძეს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
11. ზემოაღნიშნული განჩინება მხარეებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ, თუმცა არ ჩაბარდათ.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში გ.ს–ძესთვის (პ/ნ.........), თ.ს–ძესთვისა (პ/ნ .......) და ნ.ს–ძესთვის (პ/ნ ......) (მისამართი: საქართველო, გორის რაიონი, სოფელი ........ ან ალტერნატიული მისამართი: ქ.გორი, სოფელი ........, ზ.ს. 32) ჩაებარებინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება და მათვე დაევალათ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისთვის ეცნობებინათ დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის თაობაზე.
13. 2024 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის III განყოფილების უფროსმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით და წარმოადგინა ნ.ს–ძის 2024 წლის 8 ოქტომბრის ხელწერილი, სადაც აღნიშნულია რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება ჩაიბარა როგორც მხარემ, აგრეთვე როგორც თ.ს–ძის დედამ და გ.ს–ძის მეუღლემ (იხ. ხელწერილი ს.ფ.181)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს მუნიციპალიტეტის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). მუნიციპალიტეტის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საშუალებით ჩაბარდათ 2024 წლის 8 ოქტომბერს, რაც დასტურდება ნ.ს–ძის ხელწერილით. (იხ. ხელწერილი ს.ფ.181) ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ვინაიდან ნ.ს–ძემ ზემოაღნიშნული განჩინება ჩაიბარა როგორც მხარემ, აგრეთვე როგორც თ.ს–ძის დედამ და გ.ს–ძის მეუღლემ, თ.ს–ძისა და გ.ს–ძის ნაწილშიც განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2024 წლის 8 ოქტომბერს.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 5 დღის ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 9 ოქტომბერს და ამოიწურა 2024 წლის 13 ოქტომბერს. ვინაიდან 13 ოქტომბერი და 14 ოქტომბერი იყო არასამუშაო დღეები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2024 წლის 15 ოქტომბერს.
23. ამ დროის განმავლობაში მხარეებს სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ს–ძის, თ.ს–ძისა და ნ.ს–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ს–ძის, თ.ს–ძისა და ნ.ს–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: გიზო უბილავა