Facebook Twitter

საქმე №ას-997-2024

11 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ი (მოპასუხე)

დაინტერესებული პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, კახეთის რეგიონული ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.მ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დედა“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.კ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მამა“) მიმართ და მოითხოვა: მამას აეკრძალოს 2019 წლის 14 სექტემბერს დაბადებული ნ.კ–ის (შემდგომში - „არასრულწლოვანი“ ან „ბავშვი“) სააღმზრდელო-საბავშვო დაწესებულებიდან (სკოლის ასაკის მიღწევის შემდეგ სკოლიდან) წაყვანა; მამას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღე 11 საათიდან 19 საათის ჩათვლით; მამას არასრულწლოვანი შვილის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით წინამდებარე საქმის მასალები გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს, კახეთის რეგიონულ ცენტრს და მასვე, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, დაევალა მოცემულ საქმეზე არასრულწლოვნის წარმომადგენლის დანიშვნა და შესაბამისი დასკვნის წარდგენა სასამართლოში.

4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციის თანახმად, თუკი მამას შეეზღუდება უფლება და მოსარჩელეს მიეცემა თანხმობა, რომ მან თავისუფლად გაიყვანოს საზღვარზე ბავშვი, ამით, ფაქტობრივად, მამას შეეზღუდება ბავშვზე ზრუნვის უფლება. მისი თქმით, მოსარჩელეს რომ დაეკონკრეტებინა, როდის უნდა გაიყვანოს და შემოიყვანოს ბავშვი, ასეთ შემთხვევაში, ამ მოთხოვნას დაეთანხმებოდა (იხ. 27.09.2023წ. და 08.01.2024წ. სხდომის ოქმები).

5. ბავშვის ადვოკატის პოზიციის თანახმად, ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა სამართლებრივი საკითხია, სასამართლოზე არ იხილება ბავშვის საცხოვრებელი ადგილი და რადგან აღნიშნული არ არის განსაზღვრული, ეს არის რისკის შემცველი. ადვოკატი ბავშვის საზღვარგარეთ გასვლას ეთანხმება, ბავშვმა უნდა ნახოს დედა, მაგრამ, მისი თქმით, დაუკონკრეტებელი გაყვანა თვითონ ბავშვის ინტერესშიც არ ჯდება. ბავშვს შეუძლია საზღვარგარეთ გავიდეს სამოგზაუროდ, სასწავლებლად თუ დედის მოსანახულებლად, რა თქმა უნდა, მას ეს უფლება გააჩნია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას დაემსგავსოს. ამ ვითარებაში ბავშვს შეიძლება აღმოაჩნდეს მამასთან ურთიერთობის დეფიციტი, მამა მითუმეტეს პატიმრობაშია. ეს დავა გაგრძელდება და შეიძლება გადაინაცვლოს იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან, ხოლო ბავშვს ნამდვილად არ აქვს იმის ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს სასამართლო დავის განხილვის პროცესებში. ამიტომ, თუ მოთხოვნა იქნებოდა კონკრეტული და ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა შემოყვანის კონკრეტული თარიღები იქნებოდა მითითებული, ადვოკატი მოთხოვნას დაეთანხმებოდა (იხ. 27.09.2023წ. და 08.01.2024წ. სხდომის ოქმები)

6. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს/მამას აეკრძალა მისი არასრულწლოვანი შვილის სააღმზრდელო-საბავშვო დაწესებულებიდან და სკოლიდან (ბავშვის სკოლის ასაკის მიღწევის შემდეგ) წაყვანა ბავშვის დედის (მოსარჩელის) ან მის მიერ განსაზღვრული პირის წინასწარი ინფორმირების გარეშე, ასევე, ბავშვის წაყვანა და მასთან ურთიერთობა (მათ შორის თავისთან დატოვება) არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინება შეწყდა 2015 წლის 20 მაისს. მოპასუხე წავიდა ყაზახეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მხარეები შერიგდნენ და გააგრძელეს თანაცხოვრება ქორწინების რეგისტრაციის გარეშე (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება, ტ. 1, ს.ფ. 28);

9.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს ჰყავთ საერთო შვილი - 2019 წლის 14 სექტემბერს დაბადებული ნ.კ–ი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 29);

9.3. მოსარჩელე 2020 წლის სექტემბერში გაემგზავრა საქართველოდან სწავლისა და მუშაობის მიზნით. მოსარჩელის გამგზავრების შემდეგ ბავშვის მამას, მოპასუხეს ჰქონდა ინტენსიური ურთიერთობა შვილთან, ბავშვი ხშირად რჩებოდა მამასთან. ამჟამად, ბავშვი ფაქტობრივად იმყოფება და იზრდება ბებიასთან - ლ.მ–თან, მოსარჩელის დედასთან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 166-171, 400-404);

9.4. მოპასუხე თელავის რაიონული სასამართლოს 28.02.2023წ. განაჩენის (საქმე N1/350-22) საფუძველზე, სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. განაჩენის თანახმად, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. აღნიშნული განაჩენით მოპასუხეს განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, საიდანაც 03 წელი განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 წელი პირობით გამოსაცდელი ვადით. ამავე განაჩენის თანახმად, მოპასუხეს სასჯელის მოხდის ვადა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 29 სექტემბრიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 382-396);

9.5. მოსარჩელე იმყოფება გერმანიაში. საქმეში წარდგენილია შპს „პ–ის“ მიერ ქართულ ენაზე ნათარგმნი (ნოტარიულად დამოწმების გარეშე) დოკუმენტები: მოსარჩელის მიმართ გაცემული EU ვიზა, 067477441, რომლის მოქმედების ვადაა: 27.02.23-დან 26.04.23-მდე პერიოდი, ყოფნის ხანგრძლივობად მითითებულია 90 დღე; ასევე, შეთანხმება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა, წარმოდგენილი ოჯახისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხთა ფედერალური სამსახურის მიერ და მოსარჩელეს შორის სამოხალისეო სამსახურის გაწევის თაობაზე, ქალაქ დიუსელდორფში მდებარე სანტ მარტინუს საავადმყოფოში. მუშაობის პერიოდი მითითებულია 01.01.2023-დან 31.12.2023-მდე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 320-341);

9.6. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, კახეთის რეგიონული ცენტრის 19.07.2022წ. დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი არის 2 წლის და 10 თვის. მისი განვითარება ასაკს შეესაბამება. ლაპარაკობს ორ-სამ სიტყვიანი წინადადებით, რეაგირებს სახელის დაძახებაზე, შეუძლია დამოუკიდებლად ადგომა/დაჯდომა, ოთახებში გადაადგილდება. გარშემომყოფებს აკვირდება და უცინის. არ აღენიშნება რაიმე სახის დამოკიდებული ქცევა. მისი ქცევა და ემოციის გამოხატვის უნარი ასაკის შესაბამისია.

ბავშვი დიდ სიყვარულსა და სითბოს გამოხატავს მამის მიმართ. იგი მამის ოჯახში ძირითადად ურთიერთობს მამასთან. მას ძალიან უყვარს მამა. ბავშვი მეტ-ნაკლებად ურთიერთობს ბებიასთან - თ.ო–თან.

მოსარჩელის მშობლების სახლში სტუმრობისას ბავშვი კარგად გრძნობდა თავს ბებიასთან და პაპასთან, თამაშობდა და ასრულებდა სხვადასხვა აქტივობებს მათთან ერთად.

მამის ოჯახში დაკმაყოფილებულია ბავშვის საჭიროებები. უზრუნველყოფილია საკვებით, სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, ასაკის შესაბამისი სათამაშოებით. ბავშვი გამოიყურება სუფთად და მოწესრიგებულად. მამა ზრუნავს ბავშვის ჰიგიენაზე და სისუფთავეზე.

დედის მშობლების სახლში ბავშვის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ოჯახში ბავშვი უზრუნველყოფილია საკვებით, სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით და ასაკის შესაბამისი სათამაშოებით. ბავშვის ბებია - ლ.მ–ი ზრუნავს მის ჰიგიენასა და სისუფთავეზე. საბავშვო ბაღის მასწავლებლების გადმოცემით, ბავშვი ყოველთვის სუფთად და მოწესრიგებულად დაჰყავს ორივე ოჯახს.

ბავშვის მამა ბავშვს სიყვარულით, სითბოთი ეპყრობა, არ ეჩხუბება და ზრუნავს მასზე. სურს, რომ მისი შვილი გაიზარდოს კარგი ადამიანი. როდესაც ბავშვი საბავშვო ბაღში არ არის, იგი მთელ დროს ბავშვთან ატარებს.

ბავშვის დედა სოციალურ მუშაკთან დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობს შვილზე. სოციალური მუშაკის შეფასებით, იგი მტკივნეულად განიცდის ბავშვისაგან შორს ყოფნას. მას გადაწყვეტილი აქვს მიმდინარე წლის აგვისტოში დაბრუნდეს საქართველოში. დედის გადმოცემით, ბავშვი მას „მესენჯერით” ეკონტაქტება.

მოპასუხეს ოჯახში არ ჰყავს ადამიანი, რომელსაც მასთან მყოფ შვილს დაუტოვებს. ამის გამო, როცა უწევს სხვა ქალაქში საქმეზე წასვლა, ბავშვიც თან მიჰყავს. რამდენიმე ხნის წინ იგი პოლიციაში გამოიძახეს დაკითხვაზე, იძულებული იყო ბავშვიც თან წაეყვანა. მცირეწლოვანს მოუწია გვიან ღამემდე პოლიციაში ყოფნა.

სოციალური მუშაკის შეფასებით, მოსარჩელე გაწონასწორებული ადამიანია. მოსარჩელის ინფორმაციით, მას არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, რაც ხელს შეუშლის შვილისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში. მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. მისი თქმით, შვილზე ძვირფასი არავინ ჰყავს ამქვეყნად და თუ რაიმეს აკეთებს ცხოვრებაში, ყველაფერი შვილის მომავალზე ზრუნვას და მის კეთილდღეობას უკავშირდება.

მოსარჩელის მშობლები - ლ. და ე. მ–ბი მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს მშვიდი გარემო. ასაკიდან გამომდინარე, ბავშვს მუდმივად სჭირდება მეთვალყურეობა, ამიტომ ბავშვის მამა მასთან მყოფ ბავშვს უმეთვალყურეოდ არასდროს ტოვებს. მოსარჩელის ოჯახში ყოფნის დროს ბავშვს ჰყავს მუდმივი მეთვალყურე ბებიისა და პაპის სახით.

ბავშვის მამა ცხოვრობს დედის მშობლების სახლში, რომელიც თ.ო–ის და მისი დების საკუთრებაშია. სახლი ორსართულიანია, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. პირველ სართულზე არის მისაღები ოთახი, სამზარეულო და საძინებელი ოთახი გაერთიანებულია. საძინებელში დგას დივან-სავარძლები. მოპასუხის გადმოცემით, მას და მის შვილს დივანზე სძინავთ ერთად. ბავშვს არ გააჩნია საკუთარი საწოლი. ოთახში არის რამდენიმე სათამაშო. მეორე სართულზე ერთი ოთახი არის გარემონტებული. სააბაზანო და ტუალეტი ეზოშია.

მოსარჩელეს საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია. იგი ფიქრობს, რომ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვთან ერთად იცხოვრებს მშობლების სახლში. სახლი ორსართულიანია. სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. პირველ სართულზე არის მისაღები ოთახი, სამზარეულო, დერეფანი და 2 საძინებელი. ერთ საძინებელში დგას ბავშვის საწოლი და ორსაწოლიანი საწოლი. დერეფანში მოწყობილია ბავშვის კუთხე სათამაშოებით. სააბაზანო-ტუალეტი პირველ სართულზეა. მეორე სართულზე 3 ოთახი, კორიდორი და სამზარეულოა, ასევე, სააბაზანო-ტუალეტი.

დასკვნითი ნაწილის თანახმად, შემთხვევაზე მუშაობის პროცესში ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ჯანმრთელი ბავშვია, მისი ფიზიკური, გონებრივი, კოგნიტური და ემოციური განვითარება ასაკის შესაბამისია. ამ დროისთვის დედის მხრიდან უზრუნველყოფილია მისი საბაზისო საჭიროებები. მასზე ასევე ზრუნავს მამა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭიროებებით. ბავშვი ასაკიდან გამომდინარე მშობლებთან და ოჯახში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით აზრს ვერ გამოთქვამს.

მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ერთიანი პოზიცია/ გადაწყვეტილება მიმდინარე დავასთან დაკავშირებით: ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნას ბავშვის საუკეთესო ინტერესები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვის უფლებაა ცხოვრობდეს და იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში მშობლების გვერდით და ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული მის აღზრდაში. რადგანაც ამ ეტაპზე ეს შესაძლებელი არ არის, ბავშვის განვითარებისთვის და ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან და მასზე მზრუნველ ახლობლებთან, მისივე სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 165-171);

9.7. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, კახეთის რეგიონული ცენტრის 21.09.2022 N1000318 8 22 00333590 დასკვნის (გარემოების დაზუსტება) თანახმად, შეფასების დროს გამოკვეთილი გარემოებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მამას შეეზღუდოს შვილთან ურთიერთობა, თუნდაც საბავშვო ბაღიდან მისი წამოყვანა. როგორც წარდგენილ დასკვნაშია აღნიშნული, მოსარჩელე წინააღმდეგი არ არის ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან. ბავშვი დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს მამის მიმართ. მამა-შვილს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ბავშვისთვის მატრავმირებელი იქნება მამასთან ურთიერთობის შეზღუდვა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 174-175);

9.8. თელავის რაიონული სასამართლოს 08.06.2023წ. განჩინებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვის პროცესში შეიცვალა ფაქტობრივი მოცემულობა, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და საქმის განხილვისას ის უკვე ცხოვრობდა ბებიასთან, მოსარჩელის დედასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დაევალა, დავის საგნისა და შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების კიდევ ერთხელ შესწავლა, ასევე, ფსიქოლოგის მონაწილეობით ბავშვის დედასთან არსებული ურთიერთობის შეფასება და შესაბამისი დასკვნისა და ფსიქოლოგის ანგარიშის წარდგენა.

9.9. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, კახეთის რეგიონული ცენტრის 26.06.2023წ. N1000318 3 23 00663255 დასკვნის თანახმად: ბავშვი არის 3 წლის, მისი განვითარება ასაკს შეესაბამება, მეტყველებს ასაკის შესაბამისად, რეაგირებს სახელის დაძახებაზე, შეუძლია დამოუკიდებლად ადგომა, დაჯდომა, ოთახებში გადაადგილდება თავისუფლად. გარშემომყოფებს აკვირდება და უცინის. არ აღენიშნება რაიმე სახის დამოკიდებული ქცევა, მისი ქცევა და ემოციის გამოხატვის უნარი ასაკის შესაბამისია. ბავშვი სიყვარულს და სითბოს გამოხატავს დედის, მამის, ასევე, ბებიის (დედის მხრიდან, რომელსაც ბაბუტას ეძახის) - ლ.მ–ის მიმართ. ნ. ოჯახში ურთიერთობს ბებიასთან, პაპასთან, ბიძასთან და ბიცოლასთან.

დედის მშობლების სახლში ბავშვის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ოჯახში ბავშვი უზრუნველყოფილია საკვებით, სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით და ასაკის შესაბამისი სათამაშოებით. ოჯახის ყველა წევრი ზრუნავს მასზე და მონაწილეობას იღებს მის აღზრდა-განვითარებაში. ბავშვს განსაკუთრებულად უყვარს ბებია - ლ.მ–ი, რომელსაც „ბაბუტას“ ეძახის.

საბავშვო ბაღის მასწავლებლის, ნ.გ–ის გადმოცემით, დედის ოჯახი ზრუნავს ბავშვის ჰიგიენაზე და სისუფთავეზე. ბავშვი ყოველთვის მოწესრიგებულად დაჰყავს მოსარჩელის ოჯახს. მასწავლებლის ინფორმაციით, ბავშვი კონტაქტური, თბილი, მოსიყვარულე და ემოციურია, გული მალე უჩუყდება და ტირის. საბავშვო ბაღში სოციალური მუშაკის ვიზიტის დროს ბავშვმა განაცხადა, რომ დედა და მამა სამუშაოდ არიან წასულები და ბევრი სათამაშოები და კანფეტები უნდა უყიდონ. ასევე, იგი სიყვარულით ახსენებს დედას, რომელმაც „ბელანიაში“ უნდა წაიყვანოს. იგი ასე ეძახის გერმანიას. ბავშვის მამა იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მოსარჩელის ოჯახში ცხოვრობენ მისი დედა - ლ.მ–ი, მამა - ე.მ–ი, ძმა - ი.მ–ი და რძალი - ი.ყ–ი. ოჯახის თითოეული წევრი ზრუნავს ბავშვზე. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს მშვიდი გარემო.

სოციალური მუშაკის შეფასებით, მოსარჩელე გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანია. მისი ინფორმაციით, მას არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, რაც ხელს შეუშლის შვილისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში. მისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. მისი თქმით, შვილზე ძვირფასი არავინ ჰყავს ამქვეყნად და თუ რაიმეს აკეთებს ცხოვრებაში, ყველაფერი შვილის მომავალზე ზრუნვას და მის კეთილდღეობას უკავშირდება.

ასაკიდან გამომდინარე, ბავშვს დედის ოჯახში მუდმივად ჰყავს მეთვალყურე ბებიისა და პაპის სახით. ოჯახის წევრები ბავშვს არასოდეს ტოვებენ უმეთვალყუროდ.

მოსარჩელეს ამჟამად საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია, თუმცა მომავალში გეგმავს საკუთარი სახლის შეძენას. ბავშვი ცხოვრობს ბებიასთან და პაპასთან ერთად. სახლი ორსართულიანია. სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. პირველ სართულზე არის მისაღები ოთახი, სამზარეულო, დერეფანი და 2 საძინებელი. ერთ საძინებელში დგას ბავშვის საწოლი და ორსაწოლიანი საწოლი. დერეფანში მოწყობილია ბავშვის კუთხე სათამაშოებით. სააბაზანო-ტუალეტი პირველ სართულზეა. მეორე სართულზე 3 ოთახი, კორიდორი და სამზარეულოა, ასევე, სააბაზანო - ტუალეტი. ბავშვის დედა ემიგრანტია და სამუშაოდ იმყოფება გერმანიაში. იგი მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში და მისი ხელფასი შეადგენს 500 ევროს. ამავე წლის ოქტომბრიდან აპირებს სწავლის გაგრძელებას და თან მუშაობას, შესაბამისად, მისი ხელფასი გაიზრდება.

დასკვნითი ნაწილი: შემთხვევაზე მუშაობის პროცესში ირკვევა, რომ ბავშვი ჯანმრთელია, მისი ფიზიკური, გონებრივი, კოგნიტური და ემოციური განვითარება ასაკის შესაბამისია. ამ დროისთვის დედის მხრიდან უზრუნველყოფილია მისი საბაზისო საჭიროებები. ბავშვი ადვილად შედის კონტაქტში ადამიანებთან. მისი ინფორმაციით, დედა და მამა ურეკავენ ტელეფონზე. მან საუბრისას აღნიშნა, რომ უყვარს მამაც და დედაც, რომელიც არის გერმანიაში, თვითონაც უნდა წავიდეს მასთან, მაგრამ, როგორც ბებიამ უთხრა, მამა არ უშვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მამა არის სამუშაოდ წასული და ბევრი კანფეტები უნდა ჩამოუტანოს და როცა ის ჩამოვა, მასაც წაიყვანს გერმანიაში დედასთან.

მეურვეობა - მზრუნველობის ორგანოს ერთიანი პოზიცია/ გადაწყვეტილება მიმდინარე დავასთან დაკავშირებით: ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნას ბავშვის საუკეთესო ინტერესები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვის უფლებაა, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში მშობლების გვერდით და ორივე მშობელი თანაბრად იყოს ჩართული მის აღზრდაში. რადგანაც ამ ეტაპზე ეს შესაძლებელი არ არის, ბავშვის განვითარებისთვის და ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან და მასზე მზრუნველ ახლობლებთან მისივე სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 400-404).

9.10. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის 05.07.2023წ. დასკვნის თანახმად, ბავშვი 3 წლისა და 10 თვის, ადრეული ბავშვობის ხანის (განვითარების წინარეოპერაციული საფეხური) ბენეფიციარია. მისი ფიზიკური, კოგნიტურ-შემეცნებითი და ფსიქო-სოციალური განვითარება შეესაბამება ასაკობრივ ცენზს. ბავშვის ნიშანსვეტის განვითარება ხდება თანმიმდევრულად. მას ნორმაში აქვს, როგორც წვრილი და მსხვილი მოტორიკის, ასევე, მეტყველებისა და ენის განვითარება. ბავშვი ავლენს ასაკისთვის შესაბამის ემოციებს, არის კომუნიკაბელური და ლაღი. მისი ასაკი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია, სწორედ ამ დროს ვითარდება თავის ტვინი ყველაზე სწრაფად და ინტენსიურად, რაც საფუძვლად ედება ადამიანის შემდგომ ცხოვრებას. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის პოზიტიური მხარდაჭერა, მისი საუკეთესო ინტერესების დაცვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა. ბავშვთან ყოველი შეხვედრა ემპათიის, გულწრფელობის და უპირობო მიმღებლობის გარემოში ხდებოდა, რაც განაპირობებდა ეფექტური რაპორტის დამყარებას, ნდობის ჩამოყალიბებას. ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, შეხვედრის დროის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა ასაკობრივ ცენზთან მიმართებაში, რათა არ მომხდარიყო ბავშვის ემოციური და ფიზიკური გადაღლა. შეხვედრების დროს არ იკვეთება დათრგუნვა და ტრავმული გამოცდილების სასიგნალო ნიშნები. ასევე, არ იკვეთებოდა ემოციის სეპარაცია.

მნიშვნელოვანია ბავშვის მამასთან და ბიძასთან შეხვედრის ეპიზოდი სასამართლო სხდომის დარბაზში. ემოციური კავშირის და მონატრების არსებობა. ბავშვის შემთხვევაში არ იკვეთება გაუცხოება მამის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ხდებოდა მამა-შვილის ურთიერთობა.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო ბავშვის ქცევითი პატერნების შეფასება დედასთან ონლაინ შეხვედრების დროს. ბავშვი გამოხატავდა სიყვარულსა და მონატრებას დედის მიმართ და ითხოვდა მასთან ყოფნას. ციტატა: „გენანიაში წამიყანე, მამაც წავიყანოთ“. ბავშვი ბებიასთან საუბრის დროს ხშირად ახსენებს, როგორც დედას, ასევე, მამას.

ყველა ბავშვისთვის აუცილებელია ორივე მშობელთან ემოციური რეგულარული კავშირის არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის ფსიქიკა ტრავმას განიცდის. ბავშვს ასაკიდან გამომდინარე, არ შეუძლია გააცნობიეროს მშობლებს შორის არსებული კონფლიქტი. მნიშვნელოვანია, რომ დედის საზღვარგარეთ ყოფნა და მშობლებს შორის დესტრუქციული ურთიერთობა მდგომარეობას ჩიხურს ქმნის, იკვეთება დეპრივაციის (დედობრივი სიყვარულის დეფიციტი, ჩამორთმევა) რთული ფორმა, რაც ბავშვისთვის მატრავმირებელს წარმოადგენს. ყოველივემ კი შეიძლება ბავშვის ხასიათის დეფორმაცია, ნევროტულობა, ემოციური და ქცევითი პრობლემები გამოიწვიოს.

როგორც ცნობილია, მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი შორეულ ბავშვობაში მომხდარ მოვლენათა შთაბეჭდილებების ქვეშ რჩება. ამდენად, ოჯახური, ცოლ-ქმრული და თითოეული მშობლის პრობლემები, მხოლოდ მათი პირადი საქმე როდია, არამედ პირველ რიგში შვილის პიროვნული განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორებია. ბავშვის იდენტიფიკაცია სწორედ მშობელთა დამოკიდებულებების მიხედვით ვლინდება ან ირღვევა.

ბავშვის ჭეშმარიტად საუკეთესო ინტერესების დაცვისათვის აუცილებელია ორივე მშობელთან მყარი ემოციური კავშირის და პირადი რეგულარული ურთიერთობის არსებობა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში დედასთან პირადი რეგულარული კავშირის არსებობა არ ხერხდება და შეხვედრები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ხორციელდება, რაც ბავშვის ფსიქიკას რისკებს უქმნის. ცნობილია, რომ ტაქტილური შეგრძნებები (შეხებითი შეგრძნებები) სოციალურ-ემოციური ფუნქციისა და მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი სოციალურ-ემოციური განვითარებისათვის. დედასთან ტაქტილური კონტაქტის დროს ბავშვი თავს დაცულად გრძნობს და აძლევს მას უსაფრთხოების განცდას. სწორედ ასეთი კონტაქტი არის ყველაზე ძლიერი იარაღი ნებისმიერი ანტისოციალური ქმედების წინააღმდეგ. გამომდინარე ზემოთ თქმულიდან (დედასთან ტაქტილურ-ემოციური კომუნიკაციის უქონლობა), ბავშვის ფსიქო-სოციალური განვითარება რისკის შემცველია.

ბავშვს ბებია-ბაბუასთან, დედის მშობლებთან აქვს ზომიერად კეთილსაიმედო ემოციური კავშირი, ასევე, მამის დედასთან. ზოგადად, ბებიას და ბაბუას ბავშვის აღზრდაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი წარმოადგენენ დავაში მყოფ მხარეებს და შესაბამისად დესტრუქციულ ემოციურ ურთიერთობაში იმყოფებიან ერთმანეთთან. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უპირობოდ მოითხოვს მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, სიყვარულის უფლების დაცვას. არ შეიძლება საფრთხე შეექმნას მამა-შვილს შორის ემოციური, რეგულარული კავშირის არსებობას. მომავალში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათ შორის შეუზღუდავი კავშირი, რათა არ მოხდეს ბავშვის ფსიქიკური ტრავმატიზაცია და მისი სოციალური საფრთხის წინაშე დაყენება.

დაპირისპირებულმა მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ არ მოხდეს მათ შორის არსებული დესტრუქციული ურთიერთობის, ბავშვების მიმართ სუბიექტურ კონტექსტში გადატანა, რაც თავისთავად გამოიწვევს ბავშვის ჭეშმარიტად საუკეთესო ინტერესებისა და სურვილების უგულებელყოფას.

მშობლები და ბებია-ბაბუები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან იზრუნონ შვილის (შვილიშვილის) ფსიქო-ემოციურ კეთილდღეობაზე და არ აქვთ უფლება, გამოიყენონ ბავშვები, როგორც დავის მათ სასარგებლოდ მოგვარების „იარაღი“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 405-407).

9.11. 2023 წლის 28 აპრილს ბავშვთან დახურულ სხდომაზე განხორციელდა გასაუბრება, მისი ასაკის გათვალისწინებით, ფსიქოლოგის, ბავშვის ადვოკატისა და მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რა დროსაც ბავშვის მხრიდან გამოიკვეთა სიყვარულის და მონატრების არსებობა ორივე მშობლის მიმართ. ასევე, გამოიკვეთა მამასთან ბავშვის განსაკუთრებით მჭიდრო ემოციური კავშირი.

ამავე სხდომაზე სასამართლომ ასევე მოისმინა ფსიქოლოგის პოზიცია. ფსიქოლოგმა ხაზი გაუსვა ბავშვის მიმართ ორივე მშობლის მხრიდან უარყოფითი გავლენების არსებობას. ასევე, ბავშვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ემოციურ კავშირს მამის და ბიძის მიმართ. ფსიქოლოგმა ასევე მიუთითა, რომ შესაძლოა უკეთესი იყოს ბავშვი იზრდებოდეს გერმანიაში დედასთან, თუმცა ამ შემთხვევაში მხარის მიერ უნდა გაცხადდეს კეთილსინდისიერად, რომ მას სურს ბავშვი გერმანიაში წაიყვანოს და იქ აღზარდოს. ამ მოცემულობით ბავშვი არ იზრდება არცერთ მშობელთან, პრაქტიკულად გამოუვალი მდგომარეობაა. ბავშვი ვერ აცდა მამის მხრიდან უარყოფით გავლენებს, თუმცა ფსიქოლოგის პოზიციით, ეს გავლენები არ იყო იმ ხარისხით, რომ მის გამო მამას ან დედას დააშორონ შვილი. უნდა ინახოს რაიმე ისეთი გამოსავალი, რაც ბავშვს დაიცავს დიდი ტრავმისგან, ბავშვის მშობლისგან მოგლეჯა არ უნდა მოხდეს. უნდა ინახოს გამოსავალი, რომ ბავშვს ურთიერთობა შეუნარჩუნდეს ორივე მშობელთან (იხ. 28.04.2023წ. სხდომის ოქმი, 16:17:08 სთ).

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეეძლო მესამე სასარჩელო მოთხოვნაც დაეკორექტირებინა და ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა, მამას შეზღუდვოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისას ბავშვის სრუწლოვანების მიღწევამდე, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესაძლებლობა დაედგინა პერიოდების მითითებით, ქვეყანაში არსებული არდადეგების ან სხვა გარემოების გათვალისწინებით. გარდა ამისა, აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ დადგინდა ბავშვის საუკეთესო ინტერესი, არამედ მამის ინტერესს დაუსაბუთებლად მიენიჭა უპირატესობა და ბავშვს შეეზღუდა დედასთან ურთიერთობა.

11. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, ზემოაღნიშნული დასკვნების საფუძველზე, მიიჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მოსარჩელის მიერ ბავშვის საქართველოს საზღვრის გარეთ შეუზღუდავად გაყვანის საჭიროება, აუცილებლობა და მისი ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობა. ასევე, არ დგინდება მამის მიერ მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წინამდებარე საქმეში არ იკვეთება ფაქტობრივი გარემოებები და ვერც აპელანტი (მოსარჩელე) მიუთითებს კონკრეტულად რაში გამოიხატება მოპასუხის (მამის) მიერ არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებების მიღება და მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება.

13. სააპელაციო პალატის განმარტებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, როდესაც იგი არასრულწლოვნის უფლებებს შეეხება, მიუხედავად კანონით რეგლამენტირებული ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპისა, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, დაიშვება, როგორც ერთ-ერთი, ისე ორივე მშობლის უფლების შეზღუდვა, თუკი მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა. ამდენად, ის მშობელი, რომელიც მეორე მშობლის უფლების შეზღუდვას მოითხოვს, სულ მცირე, უნდა მიუთითებდეს ისეთ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც დაადასტურებს მეორე მშობლის მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას ან/და უმოქმედობას. ამდენად, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს, რომ მეორე მშობლის უფლების შეზღუდვის გარეშე ირღვევა ან უპირობოდ დაირღვევა ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა ამ ეტაპზე მის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ დედას გარკვეული პერიოდულობით შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა, ამასთან ის ბავშვის წაყვანის ვერც კონკრეტულ ვადებსა და პერიოდს ასახელებს და არც მკაფიო გეგმა აქვს, თუ როგორ იქნება იქ ბავშვი, რის გამოც, აქვს ზოგადი მოთხოვნა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რჩება განცდა, რომ მთავარია კანონიერად ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა, რადგან თუნდაც სასამართლომ კონკრეტული ვადები დაუწესოს აპელანტს ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით, რეალურად ვერ მოხდება დედის გრაფიკის სასამართლო გადაწყვეტილებაზე მორგება. ამავდროულად, არსებობს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანისა და დაუბრუნებლობის რისკიც, რამდენადაც საქმეში წარდგენილი არ არის გერმანიაში დედის საცხოვრებლის, მუშაობისა და სწავლის ოფიციალური და მოქმედი დოკუმენტაცია. მართალია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარემ მიუთითა, რომ იგი კვლავ ლეგალურად იმყოფება გერმანიაში, რადგან გაუგრძელდა ვიზის ვადა, თუმცა წარდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ იკვეთება. ამჟამად ბავშვი ადაპტირებულია დედის მშობლების გარემოში, დადის საბავშვო ბაღში, აქვს ყოველდღიური რეჟიმი, შესაბამისად, გაურკვეველ დროს, გაურკვეველი ვადით ამ ყოველდღიურობისგან მოწყვეტა, ბავშვის საუკეთესო ინტერესს არ შეესაბამება.

15. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ დავობს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. ამასთან, მან ვერ მიუთითა ბავშვის ჩაყვანის პერიოდულობა, ანუ წელიწადში რამდენჯერ შეძლებდა ბავშვის გერმანიაში ჩაყვანას, ასევე შესაბამისი პერიოდები და ბავშვის გერმანიაში დატოვების ხანგრძლივობა, ვერ გამოიკვეთა ვერც მოსარჩელის შვებულებისა თუ არდადეგების შესაძლო პერიოდები, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობებიც არ არსებობს, რადგან სასამართლომ ვერ დაადგინა დედის სწავლისა თუ მუშაობის, მისი დასვენების გრაფიკი და ხანგრძლივობა.

16. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ფსიქოლოგის განმარტება და მიუთითა, რომ წლების განმავლობაში დედის ვიზიტი შვილთან წლის განმავლობაში ერთხელ საქართველოში ნახვით შემოიფარგლებოდა, რის მიზეზადაც მხარის შეზღუდული ფინანსური რესურსები დასახელდა. პრაქტიკულად, დედას უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ბავშვთან საურთიერთობოდ, თუნდაც თავდაპირველ ეტაპზე, თუმცა აღნიშნული არ განხორციელებულა და დღემდე იგივე გრაფიკი მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ყოფნის რამდენიმე წლის განმავლობაში აპელანტი სხვადასხვა სამსახურში იყო დასაქმებული, რაც ნიშნავს შრომისა და დასვენების განსხვავებულ რეჟიმს. ასევე, იყო პერიოდი, როდესაც არ სწავლობდა, ამჟამად სწავლობს, თუმცა მიუხედავად ასეთი მკვეთრი ცვლილებებისა, არ შეცვლილა დედის მიერ ბავშვის ნახვის რაოდენობა და ხანგრძლივობა. ამჟამად კი, დედა ითხოვს პრაქტიკულად განუსაზღვრელი რაოდენობითა და განუსაზღვრელი დროით შვილის გერმანიაში ჩაყვანას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის გადმოსახედიდან აღნიშნული ნიშნავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესია დედის საქართველოში ვიზიტი წელიწადში ერთხელ და ბავშვის განუსაზღვრელი ვიზიტები და დარჩენის ხანგრძლივობა გერმანიაში. თუმცა, სასამართლოს აზრით, ასეთი გრაფიკი სრულებითაც არ შეესაბამება ბავშვის ასაკსა და მდგომარეობას, არაა გათვალისწინებული მისი სწავლისა და დასვენების გრაფიკი, მგზავრობის რაოდენობები და ხანგრძლივობები, ასევე, თავად მგზავრობის დრო და აკლიმატიზაცია, რომელმაც შესაძლოა ბავშვის არა მხოლოდ ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ცვლილება, არამედ ფიზიკურად ცუდად ყოფნაც კი გამოიწვიოს. შესაბამისად, ასეთი გრაფიკი ვერ იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესი, თუმცა იქნება დედის „საუკეთესო ინტერესების შესაბამისი”.

17. მამის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნის თაობაზე, მის ნასამართლობაზე და სხვა ნეგატიურ მომენტებზე აპელანტის მითითებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სწორედ მამასთან იზრდებოდა ბავშვი, ხოლო წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბავშვზე მამის უარყოფითი გავლენა არც იმ დროს, როცა მასთან მუდმივად ცხოვრობდა და არც ამჟამად, ასევე, არ დგინდება მამის მიერ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შვილთან მიმართებით, შესაბამისად, მხოლოდ ნასამართლობა თუ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოფნა, ან თუნდაც ყოფილ მეუღლესთან ხასიათების შეუთავსებლობა, ვერ იქნება მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის წინაპირობა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად დედა საზღვარგარეთ არის წასული იმ დროიდან, როცა ბავშვი 1 წლის იყო, შესაბამისად, იგი არ არის ჩართული ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში და დედასთან არ იზრდება. დედას მხოლოდ წელიწადში ერთი ვიზიტი აქვს საქართველოში, რა დროსაც ფიზიკურად ნახულობს შვილს. რაც შეეხება აპელანტის არგუმენტს, რომ დედა ფინანსურად უზრუნველყოფს ბავშვს და ამიტომ იმყოფება საზღვარგარეთ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთ დროს შეწონვადი ხდება ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და მისი ფინანსური უზრუნველყოფა.

18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198.1, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლებით და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, მიჩნია, რომ დედის სასარჩელო მოთხოვნა არ არის ბავშვის საუკეთესო ინტერესებისკენ მიმართული. სასამართლოს განმარტებით, ერთი მხრივ, მოსარჩელის ზოგადმა მოთხოვნამ მამის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ და, მეორე მხრივ, მოსარჩელის ბუნდოვანმა პოზიციამ და შესაბამისი გეგმის არარსებობა თუ როდის და რა პერიოდულობით აპირებს ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანას, ვერ დაარწმუნა სასამართლო აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობაში. ამასთან, ასეთ შემთხვევაში რთულია ასევე შეფასდეს ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული ბავშვისთვის დამატებითი ტრავმის მიყენებას.

19. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

20. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

20.1. მოპასუხე არის უმუშევარი, იგი რეგულარულად იხმარდა ნარკოტიკებს, გახდა აბსოლუტურად უმართავი, რის გამოც მოსარჩელე 2020 წლის სექტემბერში იძულებული გახდა ერთი წლის ბავშვი მშობლებთან დაეტოვებინა და უცხოეთში წასულიყო სწავლისა და მუშაობის მიზნით, რათა მამის მატერიალურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვი ეკონომიკურად უზრუნველეყო. მოპასუხე დღესაც უმუშევარი და კვლავ ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია. მართალია, იგი ჩართულია მეტადონის პროგრამაში, მაგრამ ამას შედეგი არ გამოუღია;

20.2. მართალია, მოპასუხე მამაა და ბავშვის ბებია-პაპასთან შედარებით მას შვილთან ურთიერთობისას უპირატესი უფლება გააჩნია, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაუშვებელია მშობლის უპირატესი უფლების გამოყენება თუ ამით ბავშვს ზიანი მიადგება. არაფხიზელ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა მოპასუხემ ბავშვი არაერთხელ წაიყვანა საბავშვო ბაღიდან შეუთანხმებლად და პაპა - ბებიასთან იმავე დღეს სახლში აღარ დააბრუნა ან დააბრუნა არადროულად. არის მომენტები, როდესაც მეგობრებთან ან თუნდაც მარტო მყოფი მოპასუხე ბავშვის თანდასწრებით მოიხმარს ნარკოტიკებს და ბავშვი ყოველივე ამას ხედავს და ყვება კიდეც სახლში დაბრუნებული;

20.3. მოსარჩელისათვის არ არის ცნობილი კიდევ რა პერიოდით მოუწევს სწავლა და ცხოვრება საზღვარგარეთ. მას სურვილი აქვს, რომ დროდადრო ბავშვი თავისთან წაიყვანოს, რათა იგი დედის ყურადღებისა და ზრუნვის გარეშე არ დარჩეს, მაგრამ მოპასუხე არ აძლევს ამის შესაძლებლობას. იგი თანახმაა ბავშვი დედასთან გაემგზავროს მხოლოდ მისთვის მისაღები პირობებით, თანხის სანაცვლოდ, რაც დასტურდება სარჩელზე დართული მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, ან თავადაც წავიდეს, რაც მოსარჩელისათვის მიუღებელია - მოპასუხესთან მძიმე თანაცხოვრებამ და უკეთეს მომავალზე ზრუნვამ აიძულა მოსარჩელე ბავშვი მშობლებთან დაეტოვებინა;

20.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ დგინდება მამის მიერ მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები. ის ფაქტი, რომ მოპასუხე ყოველგვარი სათანადო დასაბუთების გარეშე საერთოდ წინააღმდეგია ბავშვის თუნდაც დროებით დედასთან გამგზავრების, უკვე მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებაა;

20.5. სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა იმ გარემოებას, რომ როგორც სოციალური მუშაკი, ისე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი და ბავშვის ადვოკატი წინააღმდეგები იყვნენ მამისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ზოგადი ფორმით შეზღუდვის და არა გარკვეული დროით, სწავლისგან თავისუფალ დროს ბავშვის დედასთან გამგზავრების;

20.6. სასამართლოს შეეძლო ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მესამე სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეეზღუდა და ბავშვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით მიეღო იმგვარი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ კანონიერად ყოფნისას მოსარჩელისათვის მიეცა შესაძლებლობა, მამის თანხმობის გარეშე, სწავლისგან თავისუფალ დროს, საქართველოს სკოლამდელ და სასკოლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში დადგენილი არდადაგების პერიოდის დაცვით, შვილი თავისთან წაეყვანა, რათა ბავშვს არ ჰქონდეს დედის დეფიციტი;

20.7. მოსარჩელემ ასეთ შემთხვევაში დედის დახმარებაზე მიუთითა. კერძოდ, მისი შვებულებაში არყოფნისას, ლ.მ–ი იქნებოდა მასთან და მიეხმარებოდა ბავშვის მოვლაში;

20.8. ფსიქოლოგმა ნ.გ–მა განმარტა, რომ თუკი დედას ბავშვის ნახვა და მასზე ზრუნვა უნდა, მაშინ თავდაპირველად ჯერ თავად უნდა ჩამოვიდეს, გაუცხოება დაძლიოს და ამის მერე იფიქროს ბავშვის სადმე წაყვანაზე, რაც რადიკალურად განსხვავდება მის მიერ თელავის რაიონულ სასამართლოში მიცემული განმარტებისგან. ამასთან, ფსიქოლოგის განმარტების საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებით საერთოდ არ ყოფილა დადგენილი, რომ დედა-შვილს შორის არსებობს გაუცხოების ფაქტორი;

20.9. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, კახეთის რეგიონული ცენტრის 26.06.2023წ. დასკვნის თანახმად, ბავშვმა საუბრისას აღნიშნა, რომ უყვარს მამაც და დედაც, რომელიც არის გერმანიაში და თვითონაც უნდა წავიდეს მასთან. ანუ, დედასთან წასვლასთან დაკავშირებით ბავშვის აზრი გამოხატულია, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ამასთან, იმავე ცენტრის 05.07.2023წ. დასკვნით დადგენილია ბავშვის ლტოლვა დედისკენ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბავშვი გამოხატავდა სიყვარულს და მონატრებას დედის მიმართ და ითხოვდა მასთან ყოფნას, რაც სასამართლომ უგულებელყო;

20.10. შვილისთვის დედასთან წასვლის უფლების შეზღუდვა დაუსაბუთებელ ეჭვებზე დაყრდნობით, რომ დედა შვილს გერმანიაში დატოვებს და საქართველოში აღარ ჩამოიყვანს, უკვე მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებაა. მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების დასტურია ასევე სასამართლოს მიერ თელავის რაიონული სასამართლოს კანცელარიიდან მტკიცებულებებად გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალები. ასევე, სარჩელზე დართული შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს 24.03.2022წ. N MIA 2 22 007673 91 მიმართვით გადმოცემული მასალები, მათ შორის, სარჩელზე დართული მხარეთა მიმოწერა;

20.11. მოპასუხე უარყოფით გავლენას ახდენს შვილზე, როგორც დედის წინააღმდეგ უშვერი სიტყვების სწავლებითა და წაქეზებით, ისე ნარკოტიკების მოხმარებით, რაც ძალადობრივ დანაშაულთან ერთად, მისი მსჯავრდების საფუძველი გახდა;

20.12. მოსარჩელეს კანონიერად გააჩნია ბინადრობის უფლება სწავლისა და მუშაობის უფლებით;

20.13. ბავშვის მუდმივად საცხოვრებლად წაყვანას მოსარჩელე არც აპირებს და ვერც უზრუნველყოფს, მით უმეტეს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ თავადაც უნდა საქართველოში დაბრუნება და უკეთესი ცხოვრების მოწყობა დასავლური პროფესიული განათლების ხარჯზე;

20.14. საქმეში წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება რომ მოპასუხე კატეგორიული წინააღმდეგია დედას მისცეს ნებართვა, არასრულწლოვან შვილს აუღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დროდადრო, მისი გერმანიაში სწავლისა და მუშაობის დროს, წაიყვანოს და თავისთან ამყოფოს, რაც მამისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის საფუძველია;

20.15. ბავშვის საზღვარგარეთ გასვლა მხოლოდ დროებით მიზანს ემსახურება და ის არ გამოიწვევს მისი ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შეცვლას, არ შეუშლის მის განათლებას ხელს და არ შეაფერხებს მის განვითარებას, რაც მთავარია, არ მოხდება მისი მამასთან მუდმივად დაშორება.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

27. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მშობლის (მამის) წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვაზე უარის თქმის მართლზომიერება, არასრულწლოვანი შვილის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა“ და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

29. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

30. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

31. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

32. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე Nას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).

33. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).

34. აღნიშნულმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

35. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე Nას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი; ამასთან, სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

37. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის წაყენებისას მოსარჩელეს ეკისრება შეზღუდვის აუცილებლობის დამტკიცების ვალდებულება (იხ. სუსგ საქმე Nას-857-2019, 18 დეკემბერი, 2020 წელი),

38. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, კახეთის რეგიონული ცენტრის 19.07.2022წ., 21.09.2022წ. და 26.06.2023წ. დასკვნების, იმავე ცენტრის 18.07.2022წ. ფსიქოლოგის ანგარიშის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და ბავშვის ადვოკატის პოზიციის, ასევე, თავად არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ/დედამ ვერ დაადასტურა მამისათვის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის აუცილებლობა. მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარუდგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც სათანადოდ დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მშობლის უფლებით მანიპულირებას, უფლების ბოროტად გამოყენებას და ბავშვის ინტერესების საზიანოდ საზღვრის კვეთის მოთხოვნაზე უარის თქმას. როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან და ფსიქოლოგის ანგარიშიდან ირკვევა, ბავშვს უყვარს ორივე მშობელი, ამასთან, ბავშვთან გასაუბრებისას გამოიკვეთა მამასთან მისი განსაკუთრებით მჭიდრო ემოციური კავშირი, ხოლო მშობლებს შორის კონფლიქტისა და დესტრუქციული ურთიერთობის არსებობა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საფუძველი ვერ გახდება.

39. საკასაციო სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მისი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში ვერ მიუთითა ბავშვის მასთან (გერმანიაში) გამგზავრების ვერც კონკრეტული პერიოდი და ვერც მასთან ყოფნის ხანგრძლივობა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი არის მცირეწლოვანი, ამჟამად ადაპტირებულია დედის მშობლების გარემოში და აქვს ყოველდღიური რეჟიმი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას, რომ მამისათვის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა იმგვარად, რომ დედას მიეცეს განუსაზღვრელი ვადითა და პერიოდულობით ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანისა და ყოველდღიურობისაგან მოწყვეტის უფლება, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი ვერ იქნება. აღსანიშნავია ის დადგენილი გარემოებაც, რომ დედას გარკვეული პერიოდულობით თავად შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა, ხოლო საქმის მასალებით არ ირკვევა კონკრეტული, ოფიციალური ინფორმაცია გერმანიაში დედის საცხოვრებელი ადგილისა და პირობების, ასევე, მისი სწავლის, სამუშაო ადგილისა და შემოსავლების შესახებ. ამ უკანასკნელი ინფორმაციის დაუდგენლობის პირობებში კი, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოს თავად შეეძლო განესაზღვრა ბავშვის საზღვარგარეთ, დედასთან წასვლის პერიოდულობა და ხანგრძლივობა.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ დავებში ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას სასამართლო ხელმძღვანელობს საოჯახო დავების განხილვისთვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპით (სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც, მათ შორის, სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად განსაზღვროს ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის პირობები, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობა დასაბუთებულია და ამავდროულად გამოკვეთილი და დადგენადია მისი გაყვანის პერიოდულობა, ხანგრძლივობა და სხვა დეტალები, რაც, როგორ ზემოთ აღინიშნა, მოცემულ საქმეში ვერ იქნა განსაზღვრული თავად მოსარჩელის მიერ მიწოდებული არასრული და ზოგადი ინფორმაციისა თუ მტკიცებულებების გამო.

41. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მამის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ზოგადი სახით დაკმაყოფილებას არ დაეთანხმნენ არც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი და არც თავად ბავშვის ადვოკატი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 და მე-5 პუნქტები).

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლევან მიქაბერიძე