Facebook Twitter

საქმე №ას-768-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „გ.გ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან შემკვეთი/შემსყიდველი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „გ.გ–იას“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მენარდე/მიმწოდებელი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 5 283.65 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ/შემსყიდველმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის/მენარდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 52 836.52 ლარის გადახდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობა; კერძოდ, 2019 წლის 05 ივნისს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები #03.01/30/239 და #03.01/30/240, რომელთა საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი მინდვრის თელისა და უნგრული ცაცხვის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა. #03.01/30/239 ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა - 137 440 ლარი, ხოლო #03.01/30/240 ხელშეკრულების ღირებულებამ 121 980 ლარი.

3.2. იმავე მხარეებს შორის, 2019 წლის 28 მაისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #03.01/30/229, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი აღმოსავლური ჭადრის ნერგების და ნერგების დასარგავად საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 279 960 ლარი.

3.3. მხარეებს შორის, 2019 წლის 4 სექტემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #03.01/30/326, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი კრაზანას და სუროს დეკორატიული ბუჩქების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 69 000 ლარი.

3.4. მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის, 2019 წლის 14 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #03.01/30/245, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ატლსასის კედარის ნერგების და ნერგების დარგვისათვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 171 480 ლარი.

3.5. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ხუთი დამოუკიდებელი ხელშეკრულება, სხვადასხვა ტერიტორიაზე დასარგავი სხვადასხვა სახეობის ნერგების და საჭირო მასალების შესყიდვის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით, მათ შორის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებზე; ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რაც გათვალისწინებული იყო, როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის, ასევე არაჯეროვანი შესრულების და შესრულების ვადადარღვევისათვის, კერძოდ:

3.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

3.7. ხელშეკრულებების 8.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

3.8. ხელშეკრულებების 8.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

3.9. ხელშეკრულებების 9.5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევაში: მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში.

3.10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებთ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ/მენარდემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი; სარჩელის საფუძვლად მითითებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

3.11. შესაბამისად, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან 2019 წლის 5 ივნისს გაფორმებული #03.01/30/239 ხელშეკრულება. კერძოდ, ქ. თბილისში, თბილისის ზღვაზე, სანატორიუმ ,,ქართლის’’ მიმდებარედ არსებულ სანერგეთში, 400 ძირი მინდვრის თელა და შესაბამისი დამხმარე მასალები მიწოდებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2019 წლის 10 ნოემბრისა, თუმცა, დამხმარე მასალები მიწოდებულ იქნა 2019 წლის 25 დეკემბერს (45 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისათვის), ხოლო 400 ძირი მინდვრის თელა საერთოდ არ იქნა მიწოდებული.

3.12. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (137 440 ლარი) 0,2%-ის ოდენობით - 274.88 ლარი;

3.13. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (45 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (137 440 ლარი) 0,1%-ის ოდენობით ჯამში - 6184.8 ლარი.

3.14. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 9.5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილება) შესაბამისად, ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის 8.4 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (137 440 ლარი) 5%-ის ოდენობით, 6872 ლარი. საერთო ჯამში საჯარიმო თანხამ შეადგენა - 13 331.68 ლარი.

3.15. მოპასუხემ დაარღვია შემსყიდველთან 2019 წლის 28 მაისს გაფორმებული #03.01/30/229 ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა 50 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით. შესაბამისად მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (50 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (279 960 ლარი) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში 13 998 ლარი. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (279960 ლარი) 0,2%-ის ოდენობით - 559.92 ლარი; საერთო ჯამში საჯარიმო თანხამ შეადგენა - 14 557.92 ლარი.

3.16. მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან 2019 წლის 5 ივნისს გაფორმებული #03.01/30/240 ხელშეკრულება; ქ. თბილისში, თბილისის ზღვაზე, სანატორიუმ „ქართლის“ მიმდებარედ არსებულ სანერგეში, 300 ძირი უნგრული ცაცხვის და შესაბამისი დამხმარე მასალები მიწოდებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2019 წლის 10 ნოემბრისა, თუმცა აღნიშნული ნერგები და დამხმარე მასალები სრულად მიწოდებულ იქნა 2019 წლის 30 დეკემბერს (50 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით).

3.17. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის, შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (50 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (121 980 ლარი) 0,1%-ის ოდენობით, ჯამში - 6 099 ლარი.

3.18. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2., პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (121 980 ლარი) 0,2%-ის ოდენობით - 243.96 ლარი;

3.19. ვალდებულების ორჯერ დარღვევისათვის კი ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა და მიმწოდებელს/მენარდეს, 8.4 პუნქტის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების ( 121 980 ლარი) 5%-ის ოდენობით, 6099 ლარი. საერთო ჯამში საჯარიმო თანხამ შეადგენა - 12 441 ლარი.

3.20. მიმწოდებელმა ასევე დაარღვია შემსყიდველთან 2019 წლის 4 სექტემბერის #03.01/30/326 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, რაც მოიცავდა 2019 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდს. მიუხედავად მიწოდების ვადისა, მცენარეების ნაწილი მიაწოდა 2019 წლის 29 ნოემბერს, ხოლო ნაწილი საერთოდ არ მიუწოდებია.

3.21. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (69 000 ლარი) 0,2%-ის ოდენობით, ჯამში - 138 ლარი. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.5. პუნქტის ,,ბ’’ (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილება) ქვეპუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის, 8.4 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (69000 ლარი) 5%-ის ოდენობით, ჯამში - 3 450 ლარი. საერთო ჯამში საჯარიმო თანხამ შეადგენა - 3 588 ლარი.

3.22. მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან, 2019 წლის 14 ივნისს გაფორმებული #03.01/30/245 ხელშეკრულება. ქ.თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 11 დეკემბრის წერილით მიმწოდებელს დაევალა 26 ძირი ატლასის კედრის გამხმარი ნერგის ჩანაცვლება დავალებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში (2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით), თუმცა მიმწოდებელ კომპანიას დავალებით განსაზღვრული ნერგები შემსყიდველისათვის არ მიუწოდებია.

3.23. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (171 480 ლარი) 0.2%-ის ოდენობით, ჯამში - 342.96 ლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.5 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის ( მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევა) თანახმად, ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის, მე-8 მუხლის 8.4 პუნქტის თანახმად მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების (171 480 ლარი) 5%-ის ოდენობით, ჯამში - 8 574 ლარი. საერთო ჯამში საჯარიმო თანხამ შეადგენა - 8 916.96 ლარი.

4. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში:სსკ-ი) 420-ე მუხლის გამოყენებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობა.

4.1. სააპელაციო სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის, ასევე ზემოხსენებული ნორმის განმარტებების გათვალისწინებით, გაიზიარა აპელანტის/შემკვეთის პრეტენზია და მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის შინაარსიდან, ხარისხიდან, ინტენსივობიდან და დარღვევით გამოწვეული იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაზედაც აპელანტმა სასამართლოს მიუთითა (ვალდებულებათა შესრულების ვადაგადაცილების პერიოდი, რომელიც მერყეობს 45-50 კალენდარულ დღემდე; მიმწოდებელმა რიგ შემთხვევაში გამხმარი ნერგების ჩანაცვლების ვალდებულება არათუ ვადაში, არამედ საერთოდ არ შეასრულა) და განმარტა, რომ სსკ-ის 417-418-ე მუხლებით დადგენილი პირგასამტეხლოს ფუნქციისა და მიზნიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 8.2 პუნქტით (ხელშეკრულების ღირებულების 0.2%), 8.3 პუნქტით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%) და 8.4 პუნქტით (ხელშეკრუების შეწყვეტის შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების 5%) გათვალისწინებული პირგასამტეხლო, პირველი ინსტანციის სასამართლომ არამართებულად შეაფასა როგორც შეუსაბამოდ მაღალი;

4.2. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ხელშეკრულებათა საერთო ჯამურ ღირებულებაზე, რამაც 779 860 ლარი შეადგინა და, შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის/მენარდის სათანადო შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის არაჯეროვნად რეალიზების პირობებში, არ არსებობდა სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გამოყენებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს - ჯამში 52 836.52 შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი;

4.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შემკვეთის სააპელაციო საჩივარი და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 52 836.52 ლარის გადახდა დააკისრა.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა

5.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხის მიერ წარდგენილ არაკვალიფიციურ შესაგებელთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული განმარტება არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავდა კონკრეტულ მითითებებს, მხარეს ჰქონდა უფლება, პროცესზე გაეკეთებინა განმარტებები.

5.3. კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზრდილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ წარდგენილი დოკუმენტების ფარგლებში ადეკვატური და გონივრული პირგასამტეხლო განსაზღვრა.

5.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად დააკისრა, მოსარჩელის სასარგებლოდ, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გადახდა.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს: N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებების და მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გაანგარიშებას მოსარჩელისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თაობაზე და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია.

10.1. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან 2019 წლის 5 ივნისს გაფორმებული #03.01/30/239 ხელშეკრულება. კერძოდ, ქ. თბილისში, თბილისის ზღვაზე, სანატორიუმ ,,ქართლის’’ მიმდებარედ არსებულ სანერგეთში, 400 ძირი მინდვრის თელა და შესაბამისი დამხმარე მასალები მიწოდებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2019 წლის 10 ნოემბრისა, თუმცა, დამხმარე მასალები მიწოდებულ იქნა 2019 წლის 25 დეკემბერს (45 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისათვის), ხოლო 400 ძირი მინდვრის თელა საერთოდ არ იქნა მიწოდებული. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (137 440 ლარი) 0,2%-ის ოდენობით - 274.88 ლარი; ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის შემსყიდველის/შემკვეთის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (45 დღე) გაანგარიშებით, ხელშეკრულების ღირებულების (137 440 ლარი) 0,1%-ის ოდენობით ჯამში - 6184.8 ლარი.

10.2. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 9.5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილება) შესაბამისად, ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის 8.4 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (137 440 ლარი) 5%-ის ოდენობით, 6872 ლარი. საერთო ჯამში საჯარიმო თანხამ შეადგენა - 13 331.68 ლარი.

10.3. მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან 2019 წლის 28 მაისს გაფორმებული #03.01/30/229 ხელშეკრულება, რომლით გათვალისწინებული სამუშაოებიც შეასრულა 50 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით. შესაბამისად მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (50 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (279 960 ლარი) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში 13 998 ლარი. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (279 960 ლარი) 0,2%-ის ოდენობით - 559.92 ლარი; საერთო ჯამში საჯარიმო თანხამ შეადგენა - 14 557.92 ლარი.

10.4. მიმწოდებელმა დაარღვია შემსყიდველთან 2019 წლის 5 ივნისს გაფორმებული #03.01/30/240 ხელ შეკრულება; ქ. თბილისში, თბილისის ზღვაზე, სანატორიუმ „ქართლის“ მიმდებარედ არსებულ სანერგეში, 300 ძირი უნგრული ცაცხვი და შესაბამისი დამხმარე მასალები მიწოდებული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2019 წლის 10 ნოემბრისა, თუმცა აღნიშნული ნერგები და დამხმარე მასალები სრულად მიწოდებულ იქნა 2019 წლის 30 დეკემბერს (50 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით).

10.5. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის, მათ შორის შემსყიდველის კონკრეტული დავალებით განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (50 დღე), ხელშეკრულების ღირებულების (121 980 ლარი) 0,1%-ის ოდენობით, ჯამში - 6 099 ლარი.

10.6. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (121 980 ლარი) 0,2%-ის ოდენობით - 243.96 ლარი;

10.7. ვალდებულების ორჯერ დარღვევისათვის კი ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა და მიმწოდებელს დაეკისრა 8.4 პუნქტის თანახმად, ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების ( 121 980 ლარი) 5%-ის ოდენობით, 6099 ლარი. საერთო ჯამში საჯარიმო თანხამ შეადგენა - 12 441 ლარი.

10.8. მიმწოდებელმა ასევე დაარღვია შემსყიდველთან 2019 წლის 4 სექტემბერის #03.01/30/326 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, რაც მოიცავდა 2019 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდს. მიუხედავად მიწოდების ვადისა, მცენარეების ნაწილი მიწოდებული იქნა 2019 წლის 29 ნოემბერს, ხოლო ნაწილი საერთოდ არ იქნა მიწოდებული.

10.9. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (69 000 ლარი) 0,2%-ის ოდენობით, ჯამში - 138 ლარი. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.5 პუნქტის ,,ბ’’ (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილება) ქვეპუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის 8.4 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (69000 ლარი) 5%-ის ოდენობით, ჯამში - 3 450 ლარი. საერთო ჯამში საჯარიმო თანხამ შეადგენა - 3 588 ლარი.

10.10. მიმწოდებლის მიერ ასევე დარღვეულია, 2019 წლის 14 ივნისს გაფორმებული #03.01/30/245 ხელშეკრულება. ქ.თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2020 წლის 11 დეკემბრის წერილით მიმწოდებელს დაევალა 26 ძირი ატლასის კედრის გამხმარი ნერგის ჩანაცვლება დავალებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში (2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით), თუმცა მიმწოდებელ კომპანიას შემკვეთის დავალებით განსაზღვრული ნერგები არ მიუწოდებია.

10.11. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (171 480 ლარი) 0.2%-ის ოდენობით, ჯამში - 342.96 ლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.5 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის ( მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევა) თანახმად, ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის, მე-8 მუხლის 8.4 პუნქტის თანახმად მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების (171 480 ლარი) 5%-ის ოდენობით, ჯამში - 8 574 ლარი. საერთო ჯამში საჯარიმო თანხამ შეადგენა - 8 916.96 ლარი.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შეად. სუსგ-ებს: N ას-1079-2019, 30.09.2019წ.; N ას-672-2021 23.09.2021წ.; Nას-1194.2022, 8.06.2023წ.; N ას-480-2023 20.09.2023წ.; N ას-328-2023, 20.06.2023წ.; N ას-553-2023 28.09.2023წ.).

12. საკასაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი. (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103; სუსგ Nას-405-2021; 29.06.2021წ.).

13. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ (სუსგ N ას-237-2019, 17.05.2019წ.).

14. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შეად. სუსგ-ებს N ას 848-814-2016, 28.12.2016; N ას-816-767-2015, 19.11.2015; N ას-953-918-2016, 22.11.2016).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).

16. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).

17. „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf).

18. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

19. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ხელშეკრულების დებულება უნდა განიმარტოს ხელშეკრულების სხვა დებულებებთან ერთობლიობაში და არა სადაო დებულება განცალკევებულად მისი სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რადგან თითოეული დებულება ხელშეკრულების შესრულების საერთო მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

20. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; №ას-852-2023, 26.01.2024წ.).

23. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს და შემოწმდეს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაძლებელია განსხვავებული იყოს შემთხვევა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შეად. სუსგ-ებს: N ას-189-2022, 16.09.2022 წ; N ას-310-2022, 16.12.2022 წ; N ას-889-2022, 23.03.2023წ; N ას-65-2024, 15.04. 2024 წ; N ას-1519-2023, 21.06. 2024 წ; N ას-485-2024, 28.06.2024 წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების გზით მოვალისათვის დაკისრებული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც კრედიტორს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა. (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ N ას-504-2024, 4.10.2024წ.).

24. სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კასატორის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის შინაარსიდან, ხარისხიდან, ინტენსივობიდან და დარღვევით გამოწვეული შედეგებიდან გამომდინარე, კერძოდ - ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება 45-50 კალენდარულ დღემდე; ასევე, მიმწოდებელმა ზოგიერთ შემთხვევაში გამხმარი ნერგების ჩანაცვლების ვალდებულება, არათუ განსაზღვრულ ვადაში არამედ საერთოდ არ შეასრულა. შესაბამისად, სსკ-ის 417-418-ე მუხლებით დადგენილი პირგასამტეხლოს ფუნქციიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 8.2., 8.3. და 8.4, პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, დაუსაბუთებლად შეფასდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და შემცირდა.

26. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულებათა საერთო ჯამური ღირებულების - 779 860 ლარის და შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, ასევე მოპასუხის არაკვალიფიციური შედავებისა და მტკიცების ტვირთის არაჯეროვანი რეალიზაციის პირობებში არ არსებობდა სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების და დარიცხული პირგასამტეხლოს 52 836.52 ლარის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

27. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. საკასაციო სასამართლოს მიერ უარყოფილია კასატორის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.გ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „გ.გ–იას“ (ს/კ #.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, რ. ც–ძის (პ/ნ ...) მიერ, 26.08.2024 წლის #23478410755 საგადახდო დავალებით გადახდილი 2 377,64 ლარის 70% - 1664.348 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე