Facebook Twitter

საქმე №ას-1007-2024 8 ნოემბერი 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.ქ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ნ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით თ.ნ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ი.ქ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, ალიმენტვალდებული) წინააღმდეგ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2008 წლის 12 ოქტომბერს დაბადებული ნ.ქ–ის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა 2022 წლის 1 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელეს და მოპასუხეს ჰყავთ საერთო შვილი - 2008 წლის 12 ოქტომბერს დაბადებული ნ.ქ–ი.

3.2. მოსარჩელე და არასრულწლოვანი ნ.ქ–ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები.

3.3. არასრულწლოვანი ნ.ქ–ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მას ადრეული ასაკიდან დაუდგინდა ორმხრივი სენსონევრალური IV ხარისხის (უმძიმესი) სმენის დაქვეითება. 2011 წელს ჩაუტარდა იმპლანტაცია, თუმცა უშედეგოდ.

3.4. მოპასუხეს სხვა ქორწინებიდან ჰყავს ასევე არასრულწლოვანი შვილი - 2006 წლის 29 აგვისტოს დაბადებული მ.ქ–ი.

3.5. მოსარჩელე (არასრულწლოვანის დედა) არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

3.6. მოპასუხე დასაქმებულია შპს „ი–ში“ და აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. ბოლო 3 თვის ხელფასი - 2022 წლის აგვისტო-ოქტომბრის შემოსავალი (ხელზე ასაღები) სრულად შეადგენს - აგვისტოში - 3,867.91 ლარს, სექტემბერში - 3,749.76 ლარს, ოქტომბერში - 6512,79 ლარს.

3.7. წარმოდგენილი ცნობით დგინდება, რომ მოპასუხეს შესასრულებელი აქვს საბანკო ვალდებულებები. კერძოდ, სს „თ.ბ–ის“ წინაშე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება - სწრაფი სამომხმარებლო სესხი - 2586.64 ლარისა და განვადება - 281.20 ლარის ოდენობით. ასევე, სს „ს.ბ–ის“ წინაშე კრედიტის თანხა 3951,73 ლარი და საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანება - 497.96 ლარი.

3.8. საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 09 სექტემბრის სანოტარო წესით გაცემული თანხმობით დგინდება, რომ მოპასუხემ თანხმობა მისცა ბავშვის დედას - მოსარჩელეს, რათა ამ უკანასკნელს დაუბრკოლებლად უზრუნველეყო ბავშვის - არასრულწლოვანი ნ.ქ–ის საზღვარგარეთ გამგზავრება და უკან დაბრუნება. ამასთან, ამავე განცხადებაში მითითებულია შემდეგი: „წინამდებარე თანხმობა ძალაშია ჩემი არასრულწლოვანი შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე“. ამასთან, წარმოდგენილი ფოტოებით დასტურდება, რომ მოპასუხე და ბავშვი ერთმანეთს იცნობენ.

3.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის განაჩენით დასტურდება, რომ მოპასუხე, საპროცესო შეთანხმების პირობების შესაბამისად, ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის -3421- ე მუხლის მე-2 ნაწილით და, იმავე კოდექსის 55-ე და 50-ე მუხლების გამოყენებით, მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და დარჩენილი 1 წელი კი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მოპასუხისთვის აღნიშნული სასჯელის ათვლა დაიწყო მისი დაკავებიდან - 2008 წლის 19 ივნისიდან.

4. აპელანტის (არასრულწლოვანის მამის) მტკიცებით სასამართლომ ალიმენტის ოდენობა არასწორად განსაზღვრა 700 ლარით, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები ბავშვის მკურნალობისა და მედიკამენტების ხარჯების შესახებ, არასრულწლოვანს გამოკვლევა ჩაუტარდა 2022 წლის 16 ივნისს და დადგენილია, რომ 2026 წლამდე არ ესაჭიროება გამოკვლევა

4.1. სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მას ადრეული ასაკიდან დაუდგინდა ორმხრივი სენსონევრალური IV ხარისხის (უმძიმესი) სმენის დაქვეითება. 2011 წელს ჩაუტარდა იმპლანტაცია, თუმცა უშედეგოდ.

4.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით უსაფუძვლოა მოპასუხის პოზიცია, რომ არასრულწლოვანს 2026 წლამდე არ ესაჭიროებდა გამოკვლევა და არ არის წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა მედიკამენტებისა თუ მკურნალობის სხვა საჭიროებების შესახებ. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სმენადაქვეითებული) პირი, რის გამოც იგი განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს, რაც, ცხადია, დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამასთან, მოპასუხეს შესაგებელში მედიკამენტების მკურნალობის ყოველთვიური ხარჯი სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ყოველთვიური ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის მედიკამენტების შეძენასთან, შეადგენს 300 ლარს.

4.3. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მეორე მშობლის - დედის პასუხისმგებლობის საკითხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, მოპასუხის პრეტენზიის პასუხად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ დედის ფაქტორი იქნა გათვალისწინებული და ის „ტვირთი“, ვალდებულება, ყოველდღიური მცირე თუ დიდი ხარჯი, რაც მას აწევს ყოველდღიურად არასრულწლოვანი შშმ ბავშვის სათანადოდ მოვლისა და ზრუნვისთვის, რის გამოც მამას დაეკისრა ყოველთვიურად 700 ლარი, რათა მან ამ ფორმით მაინც მიიღოს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, მის მკურნალობაში მონაწილეობა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მოპასუხეს ბავშვთან არანაირი შეხება არ აქვს და არ ზრუნავს მასზე, უფრო მეტიც, წარმოდგენილი შესაგებლით იგი საერთოდ უარყოფდა ბავშვთან რაიმე კავშირს, არ სცნობდა მას თავის შვილად, რაც სასამართლოს უყალიბებს შინაგან რწმენას, რომ სწორედ ალიმენტის ოდენობით უნდა დაბალანსდეს მამის დამოკიდებულება შვილის მიმართ, რადგან მამა არ იჩენს მამობრივ მზრუნველობასა და ურთიერთობას ბავშვთან. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

4.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არც ის მტკიცება, რომ სასამართლომ მისი ხელფასის ოდენობა არასწორად განსაზღვრა 3500 ლარით, ვინაიდან რეალურად მისი ხელფასის ოდენობა არასტაბილურია და ხშირ შემთხვევაში 1500 ლარს არ აღემატება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე, რომელშიც ასახულია 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში მოპასუხის შემოსავლები, მისთვის ხელფასის სახით შპს “ი–ის” მიერ დარიცხული თანხები, ასევე ხელზე ასაღები თანხები. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ყოველთვიურად დარიცხული თანხების ოდენობის გათვალისწინებით, მაგალითად ბოლო 3 თვის ხელფასი - 2022 წლის აგვისტო - ოქტომბრის შემოსავალი (ხელზე ასაღები) სრულად შეადგენს - აგვისტოში - 3 867.91 ლარს, სექტემბერში - 3 749.76 ლარს, ოქტომბერში - 6512,79 ლარს. რაც შეეხება საშუალო შემოსავალს, გამოთხოვილ პერიოდზე მოპასუხის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს (ხელზე ასაღები თანხების ჯამური ოდენობა 80 924,53 ლარი/22 თვეზე= 3678.39 ლარს) 3658 ლარს.

4.5. აღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, აპელანტის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ მისი შრომის ანაზღაურება არ არის სტაბილური და ხშირ შემთხვევაში 1500 ლარს არ აღემატება, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ვერ გახდება მოპასუხის მტკიცების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი.

4.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მეორე მშობლის პასუხისმგებლობა და არასრულწლოვანის რჩენა დააკისრა მხოლოდ მოპასუხეს, საფუძველს მოკლებულია და სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არასრულწლოვანი ნ.ქ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი ვერ გახდება ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილიც.

4.7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტის მიერ შეთავაზებული ალიმენტის ოდენობა 150 ლარი (ორივე მშობლის მიერ გადახდის შემთხვევაში ჯამურად - 300 ლარი) საკმარისი არ არის ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრების უზრუნველსაყოფად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში მთავარ სხდომაზე, აპელანტმა აღიარა, რომ იგი თანახმაა ბავშვის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადაიხადოს 350 ლარი. თუმცა სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არც აღნიშნული თანხა არის საკმარისი ბავშვის სრულფასოვანი აღზრდისთვის და მისი მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

4.8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ასევე ბავშვის ასაკის გათვალისწინებით მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 700 ლარი (სარჩელის აღძვრიდან - 01.11.2022წ.), გონივრულია, ვინაიდან აღნიშნული თანხა აუცილებელია არასრულწლოვნისთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

5.6. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ მხოლოდ მას დააკისრა საალიმენტო ვალდებულება და არ გაითვალისწინა მოსარჩელის პასუხისმგებლობა. მოპასუხის განცხადებით, იგი თანახმაა ალიმენტის სახით ყოველთვე გადაიხადოს 350 ლარი, თუმცა სასამართლომ დააკისრა 700 ლარი, რაც საკმარია ორზე მეტი საალიმენტო ვალდებულების შესასრულებლად.

5.7. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იერ სადავო მტკიცებულებების განმარტებას. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია სამედიცინო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან დაზუსტებულ შესაგებელში, ახსნა- განმარტების ეტაპზე და საპაექრო სიტყვის წარმოდგენისას ერთ-ერთი სადავო საკთხი სწორედ სამედიცინო ხარჯები იყო, რასაც მოსარჩელის წარმომადგენელიც ადასტურებდა.

5.8. სასამართლომ არ გაითვალისწინა კასატორის ოჯახური მდგომარეობა, მის კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფინანსური ვალდებულებები და შეუსაბამოდ მაღალი თანხა დააკისრა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად იქნა მიჩნეული შემდეგი არგუმენტაციით:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. საკასაციო სასამართლო, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.

10. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს, უფლებებთან ერთად, ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).

11. სსსკ-ის თავი XLIII განსაზღვრავს საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებს. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი, ხოლო 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

12. გასაჩივრებული განჩინებით დავის საგანია მშობლის საალიმენტო ვალდებულების შესრულება, კერძოდ, კასატორი მოითხოვს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის შემცირებას.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე - შვილის საჭიროებებს. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

14. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.

15. ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის, სულ მცირე, საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.

16. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

17. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება, მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული, იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე. სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, ან/და გააჩნია საბანკო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.

18. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესია, ცხოვრების ისეთ დონით უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისთვის, რის გამოც ორივე მშობელის სტაბილურ თანადგომას საჭიროებს.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).

20. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ იგი უზრუნველყოფილ იქნეს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა არ უნდა იყოს სიმბოლური და გათვალისწინებულ იქნას სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 09.01.2024 წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შეადგენდა 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში შესაბამისად, 256.9, 256.4, 256.0, 251.8, 253.7, 254.5, 249.8, 253.5, 250.9, 252.1, 252.3, და 249.7 ლარს. ამასთან, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლომ დაადგინოს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ მდგომარეობასთან ერთად, ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. ალიმენტი არ უნდა იყოს სიმბოლური და რეალურად უნდა უზრუნველყოს სარჩენი პირისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა (შეად: სუსგ-ებს: N ას-1610-1511-2012, 4.02.2013 წ.; N ას-495-469-2015, 1.07.2015 წ.; N ას-463-463-2018, 14.01.2020 წ; N ას-1355-2019, 25.02.2020 წ.; N ას-767-2021, 18.11.2021 წ.; N ას-358-2023, 27.06.2023 წ.; Nას-1023-2023, 16.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ.).

22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 700 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, ვინაიდან მოსარჩელეს მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

23. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკსაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არასრულწლოვანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მას ადრეული ასაკიდან დაუდგინდა ორმხრივი სენსონევრალური IV ხარისხის (უმძიმესი) სმენის დაქვეითება. 2011 წელს ჩაუტარდა იმპლანტაცია თუმცა უშედეგოდ (ჯანმრთელობის ცნობა ს.ფ. 18-19, შპს „აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ცნობა N000023715 ს.ფ.20).

24. საკასაციო სასამართლოს შეფასებით უდავოა, რომ არასრულწლოვანი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (სმენადაქვეითებული), რის გამოც იგი განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს, რაც რა თქმა უნდა დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

25. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი შესაგებლით მედიკამენტების მკურნალობის ყოველთვიური ხარჯი სადავოდ არ გაუხდია, მან მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გახადა სადავოდ აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული, ბავშვისთვის მედიკამენტების შეძენის ხარჯი შეადგენს 300 ლარს. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები ფაქტებისა თუ მტკიცებულებების წარდგენისას შეზღუდული არიან საქმის მოსამზადებელი პერიოდით, ე.წ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად დაშვება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დროისათვის დასრულებულია მხარეთა პოზიციებისა თუ მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლო უკვე შეგროვებული მასალების არსებითად გამოკვლევის გზით გადაწყვეტს საქმეს, თავის მხრივ, მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ ახალი გარემოებების მითითება და გაზიარება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზით მათი მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენის შეუძლებლობისას. ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეცილება სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ უნდა იქნეს შეფასებული და გაზიარებული.

26. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა დედის პასუხისმგებლობის საკითხი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სწორედ დედის ფაქტორის გათვალისწინებით, იმ ვალდებულების, ყოველდღიური მცირე თუ დიდი ხარჯის გათვალისწინებით, რომელიც დედას ეკისრება ყოველდღიურად არასრულწლოვანი შშმ ბავშვის სათანადოდ მოვლისა და ზრუნვისთვის, მამას უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა, რადგან მან ამ ფორმით მაინც მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდა/განვითარებასა და მკურნალობაში. რაც შეეხება მოპასუხის მხრიდან მითითებას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2022 წელს გადამოწმდა და 2026 წლამდე არ საჭიროებს კვლევას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი), გარდა იმისა, რომ უპასუხიმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, სამედიცინო სფეროს განვითარებისა და მეცნიერული კვლევების პროცესის ზოგადი დინამიკა იმ პერსპექტივის საფუძველია, რომ ახალი გადაწყვეტები და მიგნებები გამოვლინდეს, რამაც შესაძლოა არასრულწლოვანის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა იქონიოს. 2022 წლის ცნობაში, ამ მოცემულობით მითითებული გარემოება, სავსებით არ გამორიცხავს 2026 წლამდე ზოგადად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საჭიროებას და არც იმას, რომ 2026 წლამდე შეიცვალოს ვითარება იმგვარად, რამაც სხვა საჭიროებების წარმოქმნა განაპირობოს და პოზიტიურად აისახოს არასრულწლოვანზე.

27. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე და წარმოდგენილი შესაგებლით საერთოდ უარყოფს ბავშვთან რაიმე კავშირს, არ სცნობს მას თავის შვილად, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სწორედ ალიმენტის ოდენობით არის შესაძლებელი შვილის მიმართ მამის დამოკიდებულების დაბალანსება, რადგან მამა არ იჩენს მამობრივ მზრუნველობას და არ ურთიერთობს ბავშვთან. აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები კასატორს არ წარმოუდგენია.

28. მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი ქორწინებაშია დაბადებული თუ მის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე, დაახლოებით 3500 ლარიანი შემოსავლის პირობებში, მიუთითებს, რომ მან უნდა იზრუნოს ქორწინებიდან შეძენილ შვილებზე, რომელთან ერთი სრულწლოვანია, ხოლო ქორწინების გარეშე დაბადბეულმა ბავშვმა, თანაც შშმ პირმა, 150 ლარი უნდა იკმაროს.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ხარჯების არსებობის ან/და შემოსავლის არქონის პირობებშიც კი, მშობელი ვერ გათავისუფლდება შვილის რჩენის ვალდებულებისაგან და სხვა ხარჯებს (მაგ. სახელშეკრულებო ვალდებულებებს) ვერ მიენიჭება უპირატესობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედის მატერიალური შესაძლებლობები საკმარისია, მამა ასევე ვალდებულია (თუნდაც არ იყოს დასაქმებული) სტაბილურად ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები - ორივე მშობლის მონაწილეობით.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი (მათ შორის განსაკუთრებული), ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს (სუსგ №ას-1141-1061-2017, 17.10.2017). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულება, უპირველესად, მორალურ-ზნეობრივი პასუხისმგებლობაა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონისმიერი მოწესრიგების საფუძველზე, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით.

31. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, ერთი მხრივ, ბავშვის საჭირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავალის მიღების შესაძლებლობას, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეს საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვს. ამავდროულად, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხეს ჰყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი - მ.ქ–ი, რომლის რჩენის ვალდებულება ასევე აკისრია, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი საკმარისია ქორიწინებაში და ქორწინების გარეშე დაბადებულ შვილებზე სრულფასოვნად ზრუნვისათვის. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით დგინდება, კასატორს სტაბილურად ერიცხება ხელფასი და იგი საქმის განხილვის დროისთვისაც დასაქმებულია შპს„ი–ში“.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა არ არის უცვლელი. სსკ-ის 1222-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ,რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ, ან შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს შვილის- არასრულწლოვანი ნ.ქ–ის სასარგებლოდ, იქნება - 700 ლარი.

33. საკასაციო სასამართლოს შეფასებით პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სწორად შეაფასეს, როგორც ალიმენტვალდებული მამის ფინანსური შესაძლებლობები, საკრედიტო და სხვა ვალდებულებების გავლენა მის გადახდისუნარიანობაზე, ისე დედის შემოსავლები და ვალდებულებები, ასევე არასრულწლოვნის ჩვეულებრივი და სპეციალური, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებები.

34. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში მშობელთა პასუხისმგებლობის თანაბრობრის პრინციპიდან გადახვევას ადგილი არ ჰქონია. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ მტკიცებას, რაც საკასაციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია მამის - ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის საკითხი.

35. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

36. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ მოტივაციასთან დაკავშირებით, რაც მისი დაუშვებლად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების, როგორც კანონიერი და დასაბუთებული მართლმსაჯულების აქტის, უცვლელად დატოვების საფუძველია.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ქ–ს (პ/ნ .....)) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. უ–ის (პ/ნ .......) მიერ 12.08.2024 წელს #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე