საქმე №ას-569-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ჯ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებთ, ნ.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი, მ.ჯ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ, აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე, დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №…….) ჯეროვანი გამოყენებისთვის, საჯარო გზასთან, ელექტრო, გაზის, წყლის, კანალიზაციის და კომუნიკაციის სხვა ქსელებთან კავშირის მიზნით, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლებით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №……) ნაწილი 126.68 კვ.მ იგივე მოცულობით და ადგილმდებარეობით, რა მოცულობითაც მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №……) უკვე დატვირთულია სერვიტუტით, უფლებამოსილი პირის გ.ი–ის მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ (საჯარო რეესტრის განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882010920223, თარიღი 10/12/2010) და შესაბამისი ჩანაწერი დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ N…… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მოსარჩელეს.
3.2. ეს ნაკვეთი ყველა მხრიდან შემოსაზღვრულია სხვა პირთა კუთვნილი ნაკვეთებით ისე, რომ ამ ნაკვეთების გავლის გარეშე საჯარო კომუნიკაციებთან კავშირი არ გააჩნია.
3.3. მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის სამხრეთით, თბილისი-კოჯორის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული N……საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მოპასუხეს (აპელანტს).
3.4. როგორც აპელანტის, ისე მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთები დატვირთულია უსასყიდლო და უვადო სერვიტუტით, მისასვლელი გზის ფუნქციით, მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარე N…….საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ.
3.5. საქმის მასალებით უტყუარად დგინდება და უდავოა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი არც ერთ საჯარო გზას არ ესაზღვრება.
3.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 მარტის N5001680523 დასკვნითა და საქმეში არსებული საკადასტრო გეგმებით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის თბილისი-კოჯორის გზატკეცილთან დასაკავშირებლად უმოკლესი გზა სწორედ აპელანტის კუთვნილ ნაკვეთზე გადის და იგი ისედაც, სწორედ მისასვლელი გზის ფუნქციით (სერვიტუტით) არის დატვირთული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ყველა შესაძლებლობიდან მოსარჩელემ აუცილებელი გზის მოწყობის უმოკლესი და გონივრული, ე.ი. ოპტიმალური ვარიანტი აირჩია.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 180-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.
4.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, უდავოა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი არც ერთ საჯარო გზას არ ესაზღვრება და შესაბამისად, მას აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება, ხოლო მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს ამის თმენის ვალდებულება გააჩნია.
4.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ვარიანტის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელი გზა უნდა დადგინდეს იმგვარად, რომ ამან მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე ან მესაკუთრეები, შეძლებისდაგვარად, მინიმალურად შეზღუდოს.
4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 მარტის დასკვნითა და საქმეში არსებული საკადასტრო გეგმებით ცალსახად დგინდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის თბილისი-კოჯორის გზატკეცილთან დასაკავშირებლად უმოკლესი გზა სწორედ აპელანტის კუთვნილ ნაკვეთზე გადის და იგი ისედაც, სწორედ მისასვლელი გზის ფუნქციითაა დატვირთული სერვიტუტით. შესაბამისად, ყველა შესაძლებლობიდან მოსარჩელემ აუცილებელი გზის მოწყობის უმოკლესი და გონივრული, ე.ი. ოპტიმალური ვარიანტი აირჩია. ამასთან, არც ერთი ეს გარემოება აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.
4.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ თავდაპირველად მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა შემდეგი სახით: მოსარჩელის „საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი …… სასარგებლოდ, მისასვლელი გზის ფუნქციით, უსასყიდლო და უვადო სერვიტუტით დაიტვირთოს ს.ჭ–ის... საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო კოდი …….ნაწილი 126,68 კვ.მ. იგივე მოცულობით და ადგილმდებარეობით, რა მოცულობითაც მიწის ნაკვეთი ს.კ. …… იგივე მოცულობითა და ადგილმდებარეობით, რა მოცულობითაც მიწის ნაკვეთი ს.კ. ……….. უკვე დატვირთულია სერვიტუტით უფლებამოსილი პირის... მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ“.
4.5. ე.წ. დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ მოთხოვნა შემდეგნაირად დააზუსტა: მოსარჩელის „საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ……) ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან, ელექტრო, გაზის, წყლის, კანალიზაციის და კომუნიკაციის სხვა ქსელებთან კავშირის მიზნით, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლებით დაიტვირთოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ……) ნაწილი 126,68 კვ.მ. იგივე მოცულობით და ადგილმდებარეობით, რა მოცულობითაც მიწის ნაკვეთი ს.კ. ……. უკვე დატვირთულია სერვიტუტით უფლებამოსილი პირის... მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ“.
4.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც სარჩელი, ისე დაზუსტებული სარჩელი ეყრდნობოდა ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებებს. თავდაპირველ სარჩელში მითითებული იყო ისიც, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი ერთადერთი გზა გადიოდა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ს.კ. ……., რომელსაც შეძენის დღიდან (მიწის ნაკვეთის ს.კ. ……. სასარგებლოდ რეგისტრირებული სერვიტუტის ფარგლებში) იყენებდა მოსარჩელე.
4.7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ აუცილებელი გზა თავდაპირველ სარჩელშივე მოითხოვა და ამ მოთხოვნებზე სასამართლოს მისი დაზუსტების გარეშეც უნდა ემსჯელა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებით აპელანტის უფლებები არ დარღვეულა. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელი საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისთვის მომზადების დამთავრებამდე წარადგინა.
4.8. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა აპელანტს, რომ სსკ-ის180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აუცილებელი გზის თმენის ვალდებულების გამო, მესაკუთრეს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს, თუმცა ასევე განმარტა, რომ თავად ეს უფლება აუცილებელი გზის განსაზღვრის საფუძველი არ არის.
4.9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ი) 248-ე მუხლის თანახმად განმარტა, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
4.10. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს მოსარჩელისთვის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, შესაბამისად, სასამართლო არარსებულ მოთხოვნაზე ვერ იმსჯელებდა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
12.2. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უმოკლესი გზის გარდა, სხვა ალტერნატიული გზის არსებობა, მიწის ნაკვეთის ცენტრალურ გზასთან დასაკავშირებლად.
12.3. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელისთვის მოპასუხის სასარგებლოდ, კომპენსაციის დაკისრების საკითხზე იმ მოტივით, რომ მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ წარადგინა.
12.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
17. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა აუცილებელი გზის უფლების დადგენა, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად) წარმოადგენს.
18. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს : N ას-157-147-2015 14.05.2015წ.; N ას-815-763-2017 11.01.2018 წ.; N ას-965-2019, 10.04.2020წ; Nას-1513-2018, 08.02.2019წ; N ას-848-848-2018, 11.12.2020წ; N ას-45-2021, 22.04.2021წ; N ას-832-2020, 21.04.2021წ; Nას-568-2021, 26.11.2021წ.; N ას-1022-2019 30.07.2021წ.; N ას-1107-2020, 2.02.2022წ.; N ას-558-2023, 30.11.2023წ.).
19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ-ები: N ას-1869-2018, 25.10.2019წ; N ას-367-2021 15.10.2021წ.; N ას-258-2019 30.10.2023წ.; N ას-827-2023 25.04.2024წ.; N ას-1620-2023 30.04.2024წ.; N ას-1147-2021, 31.03.2023წ.).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის გამოყენებისათვის საჭიროა ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. ეს კი ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გულისხმობს, ანუ - თუ არსებობს ობიექტური გარემოება, როგორიცაა - სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება. ამასთან, ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს (იხ. სუსგ-ები: N ას-1901-2018, 22.11.2019წ; N ას-367-2021 15.10.2021წ.; N ას-827-2023 25.04.2024წ.).
21. კასატორის (მოპასუხის) მტკიცებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2023 წლის 16 მარტის N5001680523 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ მის მიერ მოთხოვნილი გზა არის უმოკლესი მის ნაკვეთთან დასაკავშირებლად და არა ერთადერთი. სააპელაციო სასამართლომ კი არ გამოიკვლია არსებობდა თუ არა სხვა ალტერნატიული გზა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ცენტრალურ გზასთან დასაკავშირებლად.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის მხარეზე გადაინაცვლა. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო, საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თავადაც წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა). საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაში განმარტა: “ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ექსპერტიზის, თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122. იხ. სუსგ-ები: Nას-45-2021, 22.04.2021წ.; N ას-1152-2021, 31.01.2022 წ.; N ას-666-2022, 07.07.2022წ.; ას-1038-2022, 20.07.2023წ.; N ას-687-2021, 16.05.2024წ.; N ას-637-2024 26.07.2024წ.; N ას-1038-2024 11.10.2024 წ.).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი გზის მოწყობის საკთხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხის შეფასება. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.)
25. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე (კასატორი)შეედავა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, იგი შემოიფარგლა ზეპირსიტყვიერი შედავებით, ხოლო ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება ან ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გააბათილებდა მოსარჩელის მტკიცებას, წარმოდგენილ დასკვნაზე დაყრდნობით, და სასამართლოს დაარწმუნებდა ალტერნატიული გზის არსებობაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ წარმატებით დაადასტურა მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებები და სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა - აუცილებელი გზის მოწყობის წინაპირობების არსებობა დაადასტურა.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საჭიროებს საჯარო გზებთან და კომუნიკაციებთან დაკავშირების საშუალებებს. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა და მოპასუხესაც კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ ოპტიმალურ გზას სერვიტუტით უკვე დატვირთული გზა წარმოადგენს.
27. აუცილებელი გზის სანაცვლო კომპენსაციის დაკისრების თაობაზე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განამრტავს, რომ აუცილებელი თმენის ვალდებულების გამო, მესაკუთრეს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს, თუმცა თავად ეს უფლება აუცილებელი გზის განსაზღვრის საფუძველი არ არის.
28. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო აღნიშნულ მოთხოვნაზე ვერ იმსჯელებს. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, კი სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
29. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს აუცილებელი გზის დადგენა, ხოლო კასატორს მოსარჩელისთვის აუცილებელი გზით სარგებლობისთვის სანაცვლო კომპენსაციის დაკსირების მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, შესაბამისად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ საკითხზე, რაც მოპასუხეს არ მოუთხოვია.
30. საკასაციო სასამართლო განამრტავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებშია ლეგიტიმური. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს. თმენა კი ეხება არა მხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა: შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა. შ - ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება არა მხოლოდ აუცილებელი გზის ფარგლებში არსებული თმენის ვალდებულება, ასევე ის შეზღუდვა, დანაკარგი, დანაკლისი, თუ ზემოქმედება, რისი თმენის ვალდებულებაც მესაკუთრეს აუცილებელი გზის დაწესებიდან გამომდინარე წარმოეშობა. (იხ. სუსგ-ები: N ას-1762-2019, 5.10.2020 წ.; N ას-568-2021, 26.11.2021წ; N ას-171-2021, 30.03.2022წ, N ას-1160-2022, 16.01.2024; N ას-383-2024 24.05.2024წ.)
31. ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ მას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება შენარჩუნებული აქვს დამოუკიდებელი სარჩელითაც, რაც უნდა განისაზღვროს უფლების შეზღუდვის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების თარიღიდან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს აუცილებელი გზის დადგენის ფარგლებში თმენის ვალდებულება 2023 წლის 14 დეკემბრიდან, წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან, წარმოეშვა, როდესაც აუცილებელი გზის უფლებით უძრავი ნივთის დატვირთვის შესახებ სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილია, რომ აღნიშნული დავის ფარგლებში აუცილებელი გზით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოსთვის შეგებებული სარჩელით არ მიუმართავს და კომპენსაციის საკითხი არ გადაწყვეტილა. ამდენად, კომპენსაციის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა საკუთრების უფლების შეზღუდვის დღიდან და ამ უფლების რეალიზაცია მოთხოვნის წაყენების დროს არ უკავშირდება, რადგან, გარდა იმისა, რომ კანონმდებელი კომპენსაციის დაკისრებას უშუალოდ უფლების შეზღუდვის ფაქტს და არა ასეთი მოთხოვნის წაყენების დროს უკავშირებს, ამ ვალდებულების შესახებ იმთავითვე ცხადია უფლებით აღჭურვილი პირისთვისაც, რომელიც, თავის მხრივ, სხვის საკუთრებაზე სარგებლობის უფლებას სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოიპოვებს. (იხ. სუსგ. Nას-568-2021, 26.11.2021წ.).
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს განჩინება, შესაბამისად - წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
33. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგროც კანონიერი და დასაბუთებული.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
35. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელის მოთხოვნას საკასაციო სასამართლოში ადვოკატის მომსახურების თანხის 1500 ლარის დაკისრების თაობაზე.
36. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს მიიჩნევს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად, რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე და პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ №ას-739-707-2016, 24.10.2016წ.).
37. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელმა 2024 წლის 24 მაისს წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება, რომელსაც დაურთო ადვოკატის მომსახურების საფასურის 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015).
38. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო წარმოების ეტაპზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი/წერილობითი მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმომადგენლის მიერ საკასაციო წარმოების ეტაპზე გაწეული მომსახურებისთვის, კასატორისთვის დასაკისრებელი თანხის გონივრული ოდენობა არის, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოთხოვნილი თანხის - 1500 ლარის 30% - 450 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
1. მ.ჯ–ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, დ.ჩ–ის (პ/ნ ........) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N40842168, გადახდის თარიღი 2024 წლის 17 აპრილი), 70% – 105 ლარი;
2. მ.ჯ–ს (პ/ნ 01027008400) ნ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ღირებულების 450 ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
თ. ძიმისტარაშვილი