Facebook Twitter

საქმე №ას-420-2023

31 ოქტომბერი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.ი–ძე (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განცხადების დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - დ.წ–ის მიმართ, აქციების უკან დაბრუნების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „თ.ბ–მა“ , რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „თ.ბ“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სს „თ.ბ“-ს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. დ.წ–ს დაევალა სს „თ.ბ“-სთვის სს ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული 63 809 ბონუს აქციის უკან დაბრუნება. დ.წ–ს, სს „თ.ბ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა აპელანტის მიერ, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 7 000 ლარის ოდენობით. დ.წ–ს სს „თ.ბ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.

5. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2021 წლის, 27 აპრილს საკასაციო საჩივარი წარადგინა დ.წ–მა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სს „თ.ბ–ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის ძირითად ფაქტობრივ მისამართად მითითებული აქვს ქ.თბილისი, ...... ქუჩა N4;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, დ.წ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7. 2022 წლის 08 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა ა.ი–ძემ.

8. განმცხადებელმა მიუთითა, რომ იგი 2006 წლიდან, დღემდე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, მოწინააღმდეგე მხარე - დ.წ–თან. 2022 წლის 30 ოქტომბერს, მეუღლის მონაყოლიდან შეიტყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ, რომლითაც დ.წ–ს დაევალა სს „თ.ბ–ისთვის“ აქციების დაბრუნება. იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული აქციები წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იქნა მისი ჩართულობის გარეშე, ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2023 წლის 09 მარტის განჩინებით, ა.ი–ძის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

10. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 06 იანვარს, სარჩელით მიმართა სს ,,თ.ბ–მა”, მოპასუხე დ.წ–ის მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით: 1) დ.წ–ს აეკრძალოს 2017 წლის 01 იანვრიდან 6 თვის განმავლობაში სს ,,ს.ბ–ში” დასაქმება და აღნიშნულ ბანკთან რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი თანამშრომლობა; 2) დ.წ–ს დაევალოს სს ,,თ.ბ–ის” მიერ მისთვის გადაცემული 63 809 ბონუს აქციის უკან დაბრუნება. მითითებულ სარჩელზე 2017 წლის 01 თებერვალს შესაგებელი წარადგინა მოპასუხე მხარემ დ.წ–მა. მოპასუხე მხარეს ძირითად ფაქტობრივ მისამართად მითითებული აქვს: ქ.თბილისი, ......... ქუჩა N4;

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს „თ.ბ–მა“. სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო შესაგებელი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ - დ.წ–მა, სადაც ძირითად ფაქტობრივ მისამართად მითითებული აქვს: ქ.თბილისი, ........ ქუჩა N4;

12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ფაქტი, იმის შესახებ, თუ როდის შეიტყო პირმა გადაწყვეტილების არსებობის შესახებ და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა - განმცხადებელმა ვერ დაარწმუნა სასამართლო, რომ 2017 წლის შემდგომ მიმდინარე დავაზე, 2021 წლის 02 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, მხოლოდ 2022 წლის 30 ოქტომბერს შეიტყო, იმ პირობებში, როდესაც მეუღლეები დღემდე რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და განცხადებებზე/სარჩელზე/შესაგებელზე და ა.შ ერთი და იგივე მისამართს უთითებენ, ასევე რთულად სარწმუნოა ისიც, რომ მეუღლეები, თანაცხოვრების პერიოდში ერთმანეთის შესახებ არ იყვნენ იმგვარი საკითხების საქმის კურსში, როგორიცაა სასამართლო დავა, რაც პირდაპირ გამომდინარეობს მოპასუხე მხარის, (მეუღლის) დ.წ–ის პროფესიული საქმიანობიდან.

14. დამატებით პალატამ მიუთითა, რომ უფლება უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ დ.წ–ი, სს ,,თ.ბ–ის" მიერ ბონუსად გადაცემული სს ,,თ.ბ–ის" 63809 აქციის მესაკუთრედ დარეგისტრირდა 2016 წელს. თუ ა.ი–ძეს მიაჩნდა, რომ იგი იყო აქციათა თანამესაკუთრე, მას შეეძლო იმთავითვე 2016 წელს განეხორციელებინა თანასაკუთრების რეგისტრაცია და დამატებით დაეცვა თავისი უფლებები, რაც მას არ განუხორციელებია.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2023 წლის 09 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა.ი–ძემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

16. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო მსჯელობისას იშველიებს სსკ-ის 429-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ევალება საკუთარი ინიციატივით საქმის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის შემოწმება. თუმცა აღნიშნული ნორმა სასამართლოს არ აძლევს უფლებას, თვითნებურად უარყოს განმცხადებლის მითითებები და მას წაართვას არსებითი განხილვის პროცესში მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება. სასამართლომ უარყო ა.ი–ძის მითითება, რომ მან 2022 წლის 30 ოქტომბერს შეიტყო 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების შინაარსი. ამით სასამართლო არა მხოლოდ გასცდა სსკ-ის 429-ე მუხლის ფარგლებს, არამედ მან ავტომატურად დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპიც (სსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილი).

17. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა - მცდარია სასამართლოს შეხედულება იმაზეც, რომ თუკი პირები დოკუმენტაციაზე ერთსა და იმავე მისამართს უთითებენ, ისინი რეალურად თანაცხოვრობენ. დღეს ნებისმიერი მიზეზის გამო შესაძლებელია, ერთი მეუღლე მსოფლიოს მეორე წერტილში მოღვაწეობდეს. დ.წ–ი 2022 წლიდან მუშაობს აზერბაიჯანში უფროს აღმასრულებელ ოფიცრად და მისი სამსახურებრივი კონტრაქტი ძალაშია 2027 წლის 12 იანვრამდე.

18. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ, ა.ი–ძეს 2022 წლის 30 ოქტომბრამდე რომც შეეტყო დავის მიმდინარეობის შესახებ, როგორც ამას სასამართლო მიუთითებს, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მან შეიტყო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შესახებ. დავის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ქონა არ ნიშნავს, რომ პირი დეტალურად იცნობს დავის საგანს (კერძოდ, იცის, რომ დავის საგანია მეუღლეთა თანასაკუთრება), რაც აუცილებელი იქნებოდა იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ პირმა უკვე შეიტყო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შესახებ.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

20. განსახილველ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობების არსებობა.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობასა და აღსრულებასაც უზრუნველყოფს. თუმცა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამავე დროს, „ახდენს არასწორად მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობის გარანტირებას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობისა და შეუქცევადობის პრეზუმფცია იმთავითვე პირობადებულია ახლად აღმოჩენილი გარემოებებით საქმის განახლების შესაძლებლობით. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობა დაცულია მანამ, სანამ კანონით განსაზღვრული წესით არ დადგინდება მისი მცდარობა. სათანადო პროცედურის პირობებში, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მცდარობის დადგენის შემთხვევაში მისი გაუქმება, არათუ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ ამ უფლების პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-40). (იხ. სუსგ. Nას-222-2022, 03.06.2022)

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამრიგად, პირებს, რომლებიც არ ყოფილან საქმის განხილვაში ჩაბმულნი, თუმცა მათ უფლებრივ მდგომარეობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა და მათ კანონიერ ინტერესებს შეეხო, აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის უფლება, რათა არათანაზომიერად და დაუსაბუთებლად არ დაირღვეს ასეთი პირების კანონიერი უფლებები, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლებაც.

25. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საქმის განახლების შესახებ განცხადება. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა, შესაძლოა, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდეს.

26. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დაადასტურა, რომ სადავო შემთხვევაში, დაცულია სსკ-ის 426-ე მუხლის შესაბამისად განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა. კერძოდ, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ფაქტი, იმის შესახებ, თუ როდის შეიტყო პირმა გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

27. კერძო საჩივრის ავტორი ა.ი–ძე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელე დ.წ–თან დღემდე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და საცხოვრებელ ადგილად ერთსა და იმავე მისამართს უთითებენ, მცდარია სასამართლოს დასკვნა, რომ იგი საქმის კურსში იყო სს ,,თ.ბ–სა” და მის მეუღლეს დ.წ–ს შორის არსებული დავის შესახებ 2022 წლის 30 ოქტომბრამდე. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე, ა.ი–ძე განცხადებაში უთითებს, შემდეგ მისამართს: ქ.თბილისი, ..... ქუჩა N4-ს, რაც საქმის მასალების მიხედვით, ასევე წარმოადგენს დ.წ–ის ფაქტობრივ მისამართს, რომელიც მან მიუთითა საქმეზე წარდგენილ 2017 წლის 01 თებერვლის შესაგებელზე.

28. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განმცხადებელმა (კერძო საჩივრის ავტორმა), ვერ დაარწმუნა სასამართლო, იმ ფაქტის მიმართ, რომ 2017 წლის შემდგომ, მიმდინარე დავაზე, 2021 წლის 02 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, მხოლოდ 2022 წლის 30 ოქტომბერს შეიტყო მეუღლისაგან, იმ პირობებში, როდესაც მეუღლეები დღემდე რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და რთულად სარწმუნოა, რომ მეუღლეები, თანაცხოვრების პერიოდში ერთმანეთის შესახებ არ იყვნენ იმგვარი საკითხების საქმის კურსში, როგორიცაა სასამართლო დავა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ გარემოებას ვერ აქარწყლებს კერძო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი მოცემულობა, რომ დ.წ–ი 2022 წლიდან მუშაობს აზერბაიჯანში უფროს აღმასრულებელ ოფიცრად და მისი სამსახურებრივი კონტრაქტი ძალაშია 2027 წლის 12 იანვრამდე(იხ. კერძო საჩივარზე დართული აქსეს ბანკის დირექტორის მიერ 2022 წლის 20 მაისს გაცემული ცნობა დ.წ–ის დასაქმების შესახებ), უფრო მეტიც, ამ ფონზე არათანმიმდევრული და ალოგიკურია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ 2022 წლის 30 ოქტომბერს, შეიტყო მეუღლისგან მიმდინარე დავის თაობაზე.

29. დასახელებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა განმცხადებელ ა.ი–ძეს განცხადების განსახილველად დაშვებაზე უარი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს განცხადების დასაშვებობის საკითხის შემოწმების ვალდებულება აკისრია, რა დროსაც უნდა შემოწმდეს მისი განსახილველად მიღების ფორმალური წინაპირობები, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დარღვეულია სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობა და

სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა განუხილველად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება.

30. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (სუსგ. Nას-1455-2019 15.11.2019წ.).

31. საკასაციო პალატა, დამატებით განმარტავს, რომ სსსკ 422.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომელიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. ასეთი პირები არიან პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი. აღნიშნული დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს ხანგრძლივი პრაქტიკით (იხ. სუსგ-ები: Nას-687-687-2018, 20.07.2018წ; Nას-409-409-2018, 18.05.2018წ; Nას-269-269-2018, 20.03.2018წ; Nას-88-88-2018, 27.02.2018წ; Nას-1450-1370-2017, 6.02.2018წ; Nას-1098-1034-2015, 22.12.2015წ).

32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, აღნიშნავს, რომ „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ისე რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნეს დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი #18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 58).

33. მოცემულ შემთხვევაში, ბუნდოვანია კერძო საჩივრის ავტორს უნდა მიეღოთ თუ არა იმ დავაში მონაწილეობა, რომელზეც ის მიუთითებს და რა პროცესუალური სტატუსით, რადგან დ.წ–ი, სს "თ.ბ–ის" მიერ ბონუსად გადაცემული სს "თ.ბ–ის" 63809 აქციის მესაკუთრედ დარეგისტრირდა 2016 წელს. ხოლო, ა.ი–ძეს თავისი უფლების რეალიზაცია, აქციათა თანასაკუთრების რეგისტრაციის გზით, არ განუხორციელებია. 34. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი: სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადასტურებული ურთიერთობის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა, როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ. ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმის წარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას და, მეორე მხრივ, საპროცესო ვადების დაცვას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი (სსსკ 426-ე მუხლი) (იხ. სუსგ. Nას-1523-1437-2012, 24.12. 2012წ., Nას-582-553-2015). განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, განმცხადებელმა 2017 წლის შემდგომ მიმდინარე დავაზე, 2021 წლის 02 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომ 2022 წლის 30 ოქტომბერს შეიტყო, არ ქმნის ფაქტის რეალურად აღქმის საფუძველს.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა.ი–ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა.ი–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე