საქმე№ას-473-2023 22 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), თბილისის საქალაქო სასამართლოში, სს „ს.კ.უ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია) წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით 18 441.72 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2.2. მოპასუხის განმარტებით, გაცემული ცნობით არ დგინდებოდა, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა სწორედ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტარიტორიაზე, რადგან ცნობაში მითითებული იყო მხოლოდ ავტომობილის მფლობელის განცხადება. ამდენად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს არ დაუდგენია თუ სად დაზიანდა ავტომანქანა.
2.3. ამავე ცნობაში არ იყო მითითებული, ავტოსაგზაო შემთხვევას ან რაიმე შეჯახებას ჰქონდა თუ არა ადგილი.
2.4. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის განმარტებით, დაზიანებული ავტომობილი შეფასდა შპს „კ.ს–ში“ რომლის მიერ გაცემული ინვოისი და ავტომობილის სურათები გაეგზავნა სერვის ცენტრს. დადგინდა, რომ შპს „კ.ს–ს“ გაცემული ინვოისის არაა საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში, ამასთან, ბამპერისა და კაპოტის აღდგენა შესაძლებელი და მისაღები იყო მათი დაზიანებებიდან გამომდინარე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4.2. 2022 წლის 3 მარტს მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/03/1 ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის CON210000469 შედეგად. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის (თანდართული დაზღვევის პირობების დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად) მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის CON210000469 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით.
4.3. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის ადგილი იყო საქართველოს მთელი ტერიტორია.
4.4. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმების დღეს 24:00 საათიდან და დასრულებულიყო არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე.
4.5. ხელშეკრულების მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო იმ სატრანსპორტო საშუალების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები, განეხორციელებინა შესაბამისი მარკის სერვის-ცენტრში, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც არ ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები, უნდა განხორციელებულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებულ სერვის-ცენტრებში.
4.6. ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილის - სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევა არის შემთხვევა, რომლის დადგომის შედეგად, მზღვევლის მიერ შესაბამისი დადასტურების/აღიარების შემდეგ წარმოიშობა მზღვევლის ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და რომელიც დასტურდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის ხელმოწერილი სადაზღვევო შემთხვევის აქტით.
4.7. სატენდერო დოკუმენტაციის ზოგადი პირობების მეორე ნაწილის მე-4 მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა ითვალისწინებდა შემდეგ გამონაკლისებს, რომელთა შემთხვევაშიც მზღვეველი უფლებამოსილი იყო არ აენაზღაურებინა ზარალი: - თუ ზიანი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე და არ იყო გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად („ბ“ პუნქტი). - გაჩერებული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების დაუდგენელი პირების მიერ ან დაუდგენელ ვითარებაში დაზიანება/განადგურების შემთხვევებში, თუ არ მოხდებოდა მზღვეველთან და საპატრულო პოლიციასთან დაზიანების აღმოჩენისთანავე დაკავშირება („დ“ პუნქტი); - თუ გაჩერებული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა/განადგურდა დაუდგენელი პირის ან დაუდგენელ ვითარებაში, დამზღვევი აღნიშნულის შეტყობისთანავე დაუყოვნებლივ არ დაუკავშირდა მზღვეველს, საპატრულო პოლიციას ან/და დაზიანებული დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე დაძრა ადგილიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაადგილება მოხდა შესაბამისი კომპეტენტური უწყების მითითებით კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დამზღვევის ზეპირსიტყვიერი მითითებით („ე“ პუნქტი).
4.8. ხელშეკრულების დანართი №1-ის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დაიზღვა მოსარჩელე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა/მოდელი - „KIA K5“, სახელმწიფო ნომერი - „......“.
4.9. 2022 წლის 23 მარტს მოსარჩელის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა - ნ.ყ–მა აცნობა სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და დამზღვევს 2022 წლის 3 მარტს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/03/1 ხელშეკრულებით დაზღვევული ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა/მოდელი - „KIA K5“, სახელმწიფო ნომერი - „.....“, დაუდგენელ ვითარებაში დაზიანების ფაქტის შესახებ.
4.10. განმცხადებლის განმარტებით, მისი მართვის ქვეშ მყოფ სამსახურებრივ ავტომანქანას აღენიშნებოდა წინა ბამპერის, სანისლე ფარის, წინა მარცხენა სარკის დაზიანებები, ასევე დეფორმირებული იყო ძრავის ხუფი.
4.11. შემთხვევაზე რეაგირების მიზნით გამოცხადებული სსიპ საპატრულო პოლიციის 2022 წლის 23 მარტის რეაგირების ოქმის თანახმად, ავტომანქანას არ აღენიშნებოდა შეჯახების კვალი.
4.12. 2022 წლის 23 მარტს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ნ.ყ–ს ცნობა მიეცა მასზედ, რომ მისივე განცხადებით 2022 წლის 23 მარტს ქ. თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ აღმოაჩინა, რომ დაზიანებული იყო მისი სამსახურებრივი ავტომანქანა... კერძოდ, დაზიანებული იყო ავტომანქანის წინა ბამპერი, სანისლე ფარი, წინა მარცხენა სარკე და დეფორმირებულია ძრავის ხუფი.
4.13. 2022 წლის 3 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა/მოდელი - ,,KIA K5“, სახელმწიფო ნომერი - „.......“, იმყოფება შპს „კ.ს–ს“ გარანტიაზე, რაც განაპირობებს სატრანსპორტო საშუალების ყველა დაზიანებული ნაწილის ახლით შეცვლის ვალდებულებას. დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა სერვის ცენტრში მომსახურების მიღების შემთხვევაში აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მოიხსნება შპს „კ.ს–ს“ გარანტიიდან.
4.14. შპს „კ.ს–ს“ 2022 წლის 30 მარტის შეფასების აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე - მარკა/მოდელი - „KIA K5“, სახელმწიფო ნომერი - „......“, არსებული დაზიანებების აღმოფხვრის ღირებულება ჯამში შეადგენს 18 441.72 ლარს.
4.15. შეფასების აქტის თანახმად, დაზიანებული ნაწილების ღირებულებებია: ბამპერი - 1 578 ლარი; წინა ბამპერის მარცხენა სამაგრი - 33.68 ლარი; წინა ბამპერის მარცხენა მოლდინგი - 172.80 ლარი; წინა ბამპერის მარცხენა ფარი - 266.72 ლარი; წინა ბამპერის შუა მოლდინგი - 315.76 ლარი; წინა ბამპერის შუა მოლდინგის მარცხენა ფარი - 1 631.04 ლარი; წინა ბამპერის შუა მოლდინგის კანტი - 159.36 ლარი; წინა ბამპერის შუა მოლდინგის შავი კანტი - 103.68 ლარი; წინა მარცხენა სატალახე - 313.36 ლარი; წინა მარცხენა სატალახის საჰაერო - 49.92 ლარი; კაპოტი - 4 061.76 ლარი; მარცხენა სარკე - 1 728.16 ლარი; ძრავის ქვედა საფარი - 659.68 ლარი; წინა მარცხენა ფარი - 5 354.80 ლარი; კაპოტის შპილკები - 56 ლარი; სამაგრების კომპლექტი - 45 ლარი; დაშლა-აწყობა, სამღებრო-სათუნუქე მომსახურება, პოლირება - 1 912 ლარი.
4.16. შპს ,,კ.ს–ს“ შეფასების აქტზე დაყრდნობით, მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა 2022 წლის 23 მარტის შემთხვევის შედეგად, მის ბალანსზე რიცხულ დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მარკა/მოდელი - „KIA K5“, სახელმწიფო ნომერი - „....“, მიყენებული ზიანის, 18 441.72 ლარის ანაზღაურება.
4.17. 2022 წლის 6 აპრილს სს „ს.კ.უ–მა“ მიმართა შპს „ა–ის“ ექსპერტს - გ.ბ–ძეს, რომელსაც წარუდგინა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ცნობა და საქრთველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის ნ. ყ–ის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა და მოითხოვა 2022 წლის 23 მარტს დაუდგენელ ვითარებაში დაზიანებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენა. აგრეთვე, იმ გარემოების დადგენა, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევა და ავტომანქანაზე არსებული, თანდართულ დოკუმენტებში აღწერილი დაზიანებები, შესაძლებელია თუ არა გამოწვეულიყო ამავე დოკუმენტებში და ფოტოებზე მოცემულ ადგილას აღწერილი ერთი შემთხვევის შედეგად.
4.18. შპს „ა–ის“ 2022 წლის 6 აპრილის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 1) დაზიანებების მიზეზის დადგენა არის შეუძლებელი; სახეზეა გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველი სახის დაზიანებები. დასაშვებია იმის თქმა, რომ ზოგიერთი დაზიანება სტატიკურ მდგომარეობაში მყოფ ავტომობილზე საგნით და სხვა ავტომობილის მიერ იყო მიყენებული, მაგრამ დიდი ალბათობით, მინიმუმ ერთი მათგანი უნდა მომხდარიყო ავტომობილის ბორდიურთან ან სხვა მსგავს შემზღუდველთან პარკირების დროს შეჯახებით; 2) დაზიანებები ერთი შემთხვევის დროს არ არის მიყენებული, შესაბამისად შეუძლებელია შემთხვევის ადგილის იდენტიფიცირება. აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ფოტოების შესწავლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ „დაზიანების ადგილები მნიშვნელოვნად დაშორებულია ერთმანეთისგან: - ძრავის სექციის სახურავი (კაპოტი) დაზიანებულია გლუვი საგნით ან ხელით, რადგანაც დაზიანების ადგილზე, საღებავზე არ არის ნაკაწრები და წვრილი დაზიანებები. დეფორმაციის გამო 1-1.5 სმ სიგრძეზე გატეხილია საღებავი (ფოტო 5); - მყარ საგანზე მიწოლით დაზიანებულია, გატეხილია წინა ბამპერის მარცხენა ქვედა კუთხე (ფოტო 6); - განცხადებულია, რომ დაზიანებულია სარკე, მაგრამ ფოტოების მიხედვით დაზიანების ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხდება, უკანა ხედვის მარცხენა გარეთა სარკეს, კორპუსზე ეტყობა შეხების ადგილი, სადაც დაზიანებულია საღებავის ზედაპირი (ფოტო 7). დაზიანებები, მდებარეობის და დაზიანების ხასიათის მიხედვით არ შეიძლება ერთად, ერთი შემთხვევის დროს იყოს მომხდარი: - ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის ძრავის სექციის სახურავი (კაპოტი) - დაზიანებულია ვერტიკალური ზემოქმედებით და არ შეიძლება მიყენებული იყოს ამავე ავტომობილის წინა ბამპერის მარცხენა კუთხის ან უკანა ხედვის მარცხენა გარეთა სარკის კორპუსის დაზიანების დროს; - ბამპერის ქვედა კუთხეში არსებული დაზიანება ხასიათით, ტიპით და მდებარეობის მიხედვით, დიდი ალბათობით, მომხდარი მოძრაობის მიმართულებისთვის მარცხნივ, მახვილი კუთხით პარკირებისას ბორდიურზე ან სხვა შემზღუდველზე შეჯახებით; - სარკეზე არსებული დაზიანება, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებით არ ხერხდება დაზიანების ზუსტი იდენტიფიცირება, მომხდარია ავტომობილის ან მის მიმართ სხვა ავტომობილის პარალელურად მოძრაობის დროს, როდესაც დაზიანების მიყენების ობიექტი იმდენად იყო დაშორებული ავტომობილისგან, რომ არ დაზიანებულა ავტომობილის მარცხენა გვერდი; - შეუძლებელია მოძრავი ავტომობილი შეეჯახოს გაჩერებულ ავტომობილს მარცხენა კუთხეზე, დაუზიანოს ბამპერის ქვედა ნაწილის კუთხე და შემდგომ, სხვა დაზიანებების მიყენების გარეშე დაუზიანოს უკანა ხედვის გარეთა მარცხენა სარკის კორპუსი. განცხადებულ შემთხვევის ადგილზე არ არის ასეთი შემთხვევისთვის დამახასიათებელი შესაძლო სპეციფიური ჩამონაყარი. წინა ბამპერის მარცხენა კუთხესთან უნდა იყოს პლასტმასის ნატეხები (ფოტო 3 და 6). ავტომობილის მანევრირების სქემების, გაბარიტებისა და ძარის წერტილების გადაადგილების მონიშვნების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: - ავტომობილების გაბარიტების, გამოშვერილობების და მანევრირების ტრაექტორიის გეომეტრიის გათვალისწინებით, ავტომობილი ვერ იმოძრავებდა ისეთი კუთხით და ტრაექტორიით, რომ მიეყენებინა ავტომობილზე არსებული დაზიანებები; - შემთხვევის ადგილზე არ არის დაზიანებული ბამპერის ნატეხების ჩამონაყარი; - დაზიანებები მიყენებულია სხვადასხვა საგნით ან ავტომობილით, განსხვავდება ტიპით და ხასიათით, მომხდარია გაურკვეველ ვითარებაში და შეუძლებელია მიზეზის დადგენა; - დაზიანებები ერთი შემთხვევის დროს არ არის მომხდარი, დასაშვებია ვთქვათ, რომ ერთი ან რამდენიმე დაზიანება გაჩერებულ ავტომობილზეა მიყენებული, მაგრამ წინა ბამპერის ქვედა მარცხენა კუთხეზე არსებული დაზიანება, დიდი ალბათობით, უნდა მომხდარიყო მხოლოდ ამ ავტომობილის მოძრაობისას. 2022 წლის 18 აპრილის და 29 აპრილის წერილებით მოპასუხემ უარი განუცხადა მოსარჩელეს 2022 წლის 23 მარტის მითითებული შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარებასა და დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან - მარკა/მოდელი - „KIA K5“, სახელმწიფო ნომერი - „....“ მიმართებით მოთხოვნილი ოდენობით ზიანის ანაზღაურებაზე.
4.19. კომპანიამ ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების და კონსოლიდირებული ტენდერის პირობების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი (მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება ზიანი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე და არ არის გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად), ხოლო ფაქტობრივ საფუძვლად ის გარემოება, რომ დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით დანიშნული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ „დაზიანებების მიზეზის დადგენა შეუძლებელია გაურკევევლი სახის დაზიანებების გამო. თუ დავუშვებთ, რომ ზოგიერთი დაზიანება სტატიკურ მდგომარეობაში მყოფ ავტომობილზე საგნით ან სხვა ავტომობილის მიერაა მიყენებული, მაშინ დიდი ალბათობით, მინიმუმ ერთი მათგანი უნდა მომხდარიყო ავტომობილის ბორდიურთან ან სხვა მსგავს შემზღუდველთან პარკირების დროს შეჯახებით. ამასთან, შემთხვევის ადგილზე არ არის დაზიანებული ბამპერის ნატეხების ჩამონაყარი, შესაბამისად, დაზიანებები ერთი შემთხვევის დროს არ არის მიყენებული“.
4.20. მოსარჩელემ, 2022 წლის 19 ივლისს განცხდებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა 2022 წლის 23 მარტს დაუდგენელ ვითარებაში დაზიანებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენა. აგრეთვე, იმ გარემოების დადგენა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევა და ავტომანქანაზე არსებული, თანდართულ დოკუმენტებში აღწერილი დაზიანებები, შესაძლებელია თუ არა გამოწვეული იყოს ამავე დოკუმენტებში და ფოტოებზე მოცემულ ადგილას აღწერილი ერთი შემთხვევის შედეგად. განცხადებას თან ერთვოდა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ცნობა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის ნ.ყ–ის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა.
4.21. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 ივლისის №5005096022 წერილით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეცნობა, რომ სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტო მასალის მიხედვით, ტექნიკური თვალსაზრისით, იყო შეუძლებელი.
4.22. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განხილვის საგანი იყო სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება. აპელანტის პრეტენზია ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოცემული შემთხვევა არ წარმოადგენდა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაზღვეულ რისკს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის კვლევის საგანი იყო, დაზიანდა თუ არა ა/მანქანა სადაზღვევო ხდომილების ფარგლებში და ამ თვალსაზრისით, მზღვეველს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებული შესრულების ვალდებულება.
4.23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელემ მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ ზიდა და ვერ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებას - დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანებას. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
4.24. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი იყო სადაზღვევო შემთხვევისა და სადაზღვევო რისკის გამიჯვნა. სადაზღვევო შემთხვევა წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს. რისკი შეიძლება იყოს წინასწარ განჭვრეტადი, მაგრამ მისი რეალიზაციის (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის) ალბათობა უნდა იყოს განუჭვრეტელი და თავისუფალი მხარეთა გავლენისაგან. რისკი რომ სადაზღვევოდ ჩაითვალოს (დაზღვევადი რისკი), ის გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. რისკი არ უნდა იყოს იმ ხარისხით წინასწარ განუჭვრეტელი, რომ შეუძლებელი გახდეს მისი შეფასება სადაზღვევო კომპანიის მიერ (იხ. http://www.gccc.ge/, სკ-ის 799-ე მუხლის კომენტარი, გვ. 6).
4.25. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო რისკს მიეკუთვნებოდა დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. დამზღვევის ვალდებულება იყო დაედასტურებინა დაზღვევის ობიექტის სადაზღვევო ხდომილების ფარგლებში დაზიანების ფაქტი, რაც მზღვეველისთვის წარმოშობდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვალდებულებას.
4.26. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მტკიცება, რომ ავტომანქანა მფლობელის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ ვითარებაში დაზიანდა, მხოლოდ მის ზეპირ ახსნა-განმარტებას ემყარებოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხემ 2022 წლის 6 აპრილის შპს „ა–ის“ დასკვნა წარადგინა, რომლის თანახმადაც - „1) ...დასაშვებია ვთქვათ, რომ ზოგიერთი დაზიანება სტატიკურ მდგომარეობაში მყოფ ავტომობილზე საგნით და სხვა ავტომობილის მიერ იყოს მიყენებული, მაგრამ დიდი ალბათობით, მინიმუმ ერთი მათგანი უნდა მომხდარიყო ავტომობილის ბორდიურთან ან სხვა მსგავს შემზღუდველთან პარკირების დროს შეჯახებით; 2) დაზიანებები ერთი შემთხვევის დროს არ არის მიყენებული, შესაბამისად შეუძლებელია შემთხვევის ადგილის იდენტიფიცირება“.
4.27. სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი დასკვნის კვლევით ნაწილზე მიაქცია ყურადღება, რომლის მიხედვითაც დაზიანების ადგილები მნიშვნელოვნად დაშორებული იყო ერთმანეთისგან; დაზიანებები, მდებარეობის და დაზიანების ხასიათის მიხედვით არ შეიძლება ერთად, ერთი შემთხვევის დროს მომხდარიყო; ბამპერის ქვედა კუთხეში არსებული დაზიანება ხასიათით, ტიპით და მდებარეობის მიხედვით, დიდი ალბათობით, მომხდარია მოძრაობის მიმართულებისთვის მარცხნივ, მახვილი კუთხით პარკირებისას ბორდიურზე ან სხვა შემზღუდველზე შეჯახებით; შეუძლებელია მოძრავი ავტომობილი შეეჯახოს გაჩერებულ ავტომობილს მარცხენა კუთხეზე, დაუზიანოს ბამპერის ქვედა ნაწილის კუთხე და შემდგომ, სხვა დაზიანებების მიყენების გარეშე დაუზიანოს უკანა ხედვის გარეთა მარცხენა სარკის კორპუსი. განცხადებულ შემთხვევის ადგილზე არ არის ასეთი შემთხვევისთვის დამახასიათებელი შესაძლო სპეციფიური ჩამონაყარი. წინა ბამპერის მარცხენა კუთხესთან უნდა იყოს პლასტმასის ნატეხები (ფოტო 3 და 6); ავტომობილის მანევრირების სქემების, გაბარიტებისა და ძარის წერტილების გადაადგილების მონიშვნების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაზიანებები ერთი შემთხვევის დროს არ არის მომხდარი, დასაშვებია ვთქვათ, რომ ერთი ან რამდენიმე დაზიანება გაჩერებულ ავტომობილზეა მიყენებული, მაგრამ წინა ბამპერის ქვედა მარცხენა კუთხეზე არსებული დაზიანება, დიდი ალბათობით, უნდა მომხდარიყო მხოლოდ ამ ავტომობილის მოძრაობისას.
4.28. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ის პრეტენზია, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ა–ის“ დასკვნა წინააღმდეგობაში მოდიოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 ივლისის №5005096022 წერილთან, რომლის თანახმადაც შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ცნობისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალის მიხედვით ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება იყო შეუძლებელი.
4.29. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ავტომანქანაზე 2022 წლის 23 მარტს აღმოჩენილი დაზიანებების იდენტიფიცირებისა და გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შემთხვევიდან ოთხი თვის შემდეგ - 2022 წლის 19 ივლისს და მოითხოვა სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზედაც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ იმ სახის ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის, რომელსაც მხარე მოითხოვდა, მნიშვნელოვანი იყო, მომხდარიყო ექსპერტის მიერ გამოსაკვლევი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში დათვალირება და ტექნიკური შემოწმება. ხოლო ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევი ობიექტი იყო უკვე მრავლჯერ გარეცხილი და გაწმენდილი, ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელი იყო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადება.
4.30. მოსარჩელისგან განსხვავებით, მოპასუხის მოთხოვნით, შპს „ა–ის“ მიერ ჩატარდა ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა (რა დროსაც სავალდებულოა ობიექტის უშუალოდ შემთხვევის ადგილზე პირვანდელ მდგომარეობაში შესწავლა), არამედ - ავტომანქანის ტექნიკური ექსპერტიზა, რაც ექსპერტული კვლევის განსხვავებულ სახეს წარმოადგენს.
4.31. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საპირისპირო მტკიცების არარსებობის პირობებში, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა, იმ ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებაა, რომ მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მითითებული დაზიანებები არ არის მიყენებული ერთი შემთხვევის დროს. ამასთან, მინიმუმ ერთი დაზიანება - წინა ბამპერის ქვედა მარცხენა კუთხე, მომხდარია ამ ავტომობილის მოძრაობისას, რაც საფუძველს აცლის მოსარჩელის იმ მტკიცებას, რომ ავტომანქანამ დაზიანება მიიღო დაუდგენელი მიზეზით. ამასთან, ის გარემოება რომ მანქანის წინა ბამპერის ქვედა მარცხენა კუთხე დაზიანებულია უშუალოდ მანქანის მოძრაობის დროს, აჩენს კითხვას, საქმე ხომ არ გვაქვს ხელშეკრულების სადაზღვევო რისკების ჩამონათვალში მითითებულ სხვა ისეთ შემთხვევებთან, როგორიცაა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა (სატენდერო დოკუმენტაციის ზოგადი პირობების მეორე ნაწილის 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) ან მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (სატენდერო დოკუმენტაციის ზოგადი პირობების მეორე ნაწილის 1-ლი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), რომლებსაც განსხვავებული სამართლებრივი მოწესრიგება (განსხვავებული სადაზღვევო ლიმიტები, სუბროგაციის უფლება და სხვ.) უკავშირდება და არ წარმოადგენს მოცემული სარჩელის ფარგლებში მოთხოვნის საფუძველს.
4.32. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა აპელანტის მტკიცებას მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნის დაუსაბუთებლობის თაობაზე, წარდგენილი სარჩელის სამართლებრივ შედეგებს ვერ შეცვლიდა, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომ ავტომობილს 2022 წლის 23 მარტს ჰქონდა სწორედ ის დაზიანებები, რაც შემდგომ მოსარჩელემ შპს „კ.ს–ს“ 2022 წლის 30 მარტის აქტით შეაფასებინა (ბამპერი, წინა ბამპერის მარცხენა მარცხენა ფარი, წინა ბამპერის შუა მოლდინგი, წინა ბამპერის შუა მოლდინგის მარცხენა ფარი, წინა მარცხენა სატალახე, „თავსარქველი“, მარცხენა სარკე; ძრავის ქვედა საფარი, წინა მარცხენა ფარი და სხვ.). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამგვარ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა 2022 წლის 23 მარტს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა, ვინაიდან აღნიშნული ცნობის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ მითითებული ინფორმაცია დაინტერესებული პირის მიერ იყო მიწოდებული, რაც ვერ შეფასდება სარწმუნო და განკუთვნად მტკიცებულებად.
5. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებამ მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით, თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებით უარი ეთქვა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ბ.ჩ–ის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული საოქმო განჩინება გაასაჩივრა, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით ძალაში დარჩა.
5.3. კასატორის განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, კვლევის მიზნით წარუდგინა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ცნობა და ავტომობილის უფლებამოსილი მფლობელის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა. ექსპერტმა განმარტა, რომ წარდგენილი ფოტომასალის საფუძველზე ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი იყო. აღნიშნულის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანიამ იგივე შეკითხვებით და იმავე დოკუმენტებით მიმართა სხვა საექსპერტო დაწესებულებას. მოპასუხის ინიციატივით ჩატარებულ ექსპერტიზაზე, ექსპერტმა მიუთითა რომ შეადგინა ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საბოლოოდ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად.
5.4. კასატორის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული იყო, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული დაზიანებები ერთი შემთხვევის შედეგი არ იყო. ამასთან მინიმუმ ერთი დაზიანება - წინა ბამპერის ქვედა მარცხენა კუთხე, მოძრაობისას იყო მიყენებული. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ექსპერტიზის მიხედვით მსგავსი დასკვნის მომზადება შეუძლებელი იყო.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, რის შედეგადაც მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 „დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება“ და 820-ე მუხლის შესაბამისად „ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით“. კონკრეტულად, მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების საფუძველი. კომპანიამ ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების და კონსოლიდირებული ტენდერის პირობების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი (მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება ზიანი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე და არ არის გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად), ხოლო ფაქტობრივ საფუძვლად ის გარემოება, რომ დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებით დანიშნული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ „დაზიანებების მიზეზის დადგენა შეუძლებელია გაურკევევლი სახის დაზიანებების გამო.
9. ყოველი საქმის განხილვისას, სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე და პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (იმავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ N ას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
11. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016 წ., გვ.3-4).
12. „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰაინ. ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბილისი, 2004 წ., გვ.64).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ფაქტების დადგენის შემდეგ, მნიშვნელოვანია, სასამართლომ მითითებული ფაქტების დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებები სათანადოდ შეაფასოს.
14. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორე - ამ პოზიციას უარყოფს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რა თქმა უნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ საქმე №ას-1423-2019, 28.02.2020). მხარეთა მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
15. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს, თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა (იხ. სუსგ საქმე №ას-400-2020, 15.02.2020).
16. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების წესი და დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება (სუსგ №ას-1339-1377-2014, 24.06.2015წ.; №ას-984-2020, 19.04.2022).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტის დასკვნა, მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-462-2022, 24.06.2022).
18. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე (2022 წლის 23 მარტს მოსარჩელის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა აცნობა სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და დამზღვევს 2022 წლის 3 მარტს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/03/1 ხელშეკრულებით დაზღვევული ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა/მოდელი - „KIA K5“, სახელმწიფო ნომერი - „.....“, დაუდგენელ ვითარებაში დაზიანების ფაქტის შესახებ) შპს „ა–ის“ 2022 წლის 6 აპრილის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად: 1) დაზიანებების მიზეზის დადგენა არის შეუძლებელი; სახეზეა გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველი სახის დაზიანებები.
20. დადგენილია, რომ შპს „ა–ის“ ექსპერტს - გ.ბ–ძეს, სადაზღვევო კომპანიამ წარუდგინა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ცნობა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის ნ. ყ–ის მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა და მოითხოვა 2022 წლის 23 მარტს დაუდგენელ ვითარებაში დაზიანებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენა. აგრეთვე, იმ გარემოების დადგენა, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევა და ავტომანქანაზე არსებული, თანდართულ დოკუმენტებში აღწერილი დაზიანებები, შესაძლებელია თუ არა გამოწვეულიყო ამავე დოკუმენტებში და ფოტოებზე მოცემულ ადგილას აღწერილი ერთი შემთხვევის შედეგად.
21. მოპასუხე კომპანიამ 2022 წლის 6 აპრილს მიმართა საექსპერტო კომპანიას (შპს „ა–ი“- დირექტორი და დამფუძნებელი გ.ბ–ძე), შემდეგი კითხვებით - „1. გთხოვთ დაგვიდგინოთ შემთხვევის, ა/მანქანის დაზიანების გამომწვევი მიზეზი; 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევა და ავტომანქანაზე არსებული, თანდართულ დოკუმენტებში აღწერილი დაზიანებები, შესაძლებელია თუ არა გამოწვეული იყოს ამავე დოკუმენტებში და ფოტოებზე მოცემულ ადგილას აღწერილი ერთი შემთხვევის შედეგად?;“ ექსპერტი გ.ბ–ძის დასკვნაში აღნიშნულია: "წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022 წლის 23 მარტს უფლებამოსილმა მძღოლმა აღმოაჩინა, რომ ქ. თბილისში, ......... #15-ის მიმდებარედ გაჩერებული, მისი სამსახურებრივი ავტომობილი იყო დაზიანებული. კერძოდ ავტომობილს დაზიანებული ჰქონდა წინა ბამპერი, სანისლე ფარი, წინა მარცხენა სარკე და დეფორმირებული იყო ძრავის ხუფი. ფოტოების შესწავლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ: დაზიანების ადგილები მნიშვნელოვნად დაშორებულია ერთმანეთისგან: ძრავის სექციის სახურავი დაზიანებულია გლუვი საგნით ან ხელით, რადგანაც დაზიანების ადგილზე, საღებავზე არ არის ნაკაწრები და წვრილი დაზიანებები. დეფორმაციის გამო 1-1,5 სმ სიგრძეზე გატეხილია საღებავი. მყარ საგანზე მიწოლით დაზიანებულია, გატეხილია წინა ბამპერის მარცხენა ქვედა კუთხე. განცხადებულია, რომ დაზიანებულია სარკე, მაგრამ ფოტოების მიხედვით დაზიანების ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხდება, უკანა ხედვის მარცხენა გარეთა სარკეს, კორპუსზე ეტყობა შეხების ადგილი, სადაც დაზიანებულია საღებავის ზედაპირი. დაზიანებები, მდებარეობის და დაზიანების ხასიათის მიხედვით არ შეიძლება ერთად, ერთი შემთხვევის დროს იყოს მომხდარი: ექსპერტიზაზე წარდმოდგენილი ავტომობილის ძრავის სექციის სახურავი დაზიანებულია ვერტიკალური ზემოქმედებით და არ შეიძლება მიყენებული იყოს ამავე ავტომობილის წინა ბამპერის მარცხენა კუთხის ან უკანა ხედვის მარცხენა გარეთა სარკის კორპუსის დაზიანების დროს; ბამპერის ქვედა კუთხეში არსებული დაზიანება ხასიათით, ტიპით და მდებარეობის მიხედვით, დიდი ალბათობით მომხდარია მოძრაობის მიმართულებისთვის მარცხნივ, მახვილი კუთხით პარკირებისას ბორდიურზე ან სხვა შემზღუდველზე შეჯახებით; სარკეზე არსებული დაზიანება, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებით არ ხერხდება დაზიანების ზუსტი იდენტიფიცირება, მომხდარია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილის ან მის მიმართ სხვა ავტომობილის პარალელურად მოძრაობის დროს, როდესაც დაზიანების მიყენების ობიექტი იმდენად იყო დაშორებული ავტომობილისგან, რომ არ დაზიანებულა ავტომობილის მარცხენა გვერდი; ქვემოთ მოცემულია ავტომობილის გაბარიტული ზომები და ავტომობილების მანევრირებისას მათი გაბარიტული ძარის წერტილების გადაადგილების სქემები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეუძლებელია მოძრავი ავტომობილი შეეჯახოს გაჩერებულ ავტომობილს მარცხენა კუთხეზე, დაუზიანოს ბამპერის ქვედა ნაწილის კუთხე და შემდგომ, სხვა დაზიანებების მიყენების გარეშე დაუზიანოს უკანა ხედვის გარეთა მარცხენა სარკის კორპუსი. განცხადებულ შემთხვევის ადგილზე არ არის ასეთ შემთხვევისათვის დამახასიათებელი შესაძლო სპეციფიური ჩამონაყარი. წინა ბამპერის მარცხენა კუთხესთან უნდა იყოს პლასტმასის ნატეხები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: ავტომობილის გაბარიტების, გამოშვერილობების და მანევრირების ტრაექტორიის გეომეტრიის გათვალისწინებით, ავტომობილი ვერ იმოძრავებდა ისეთი კუთხით და ტრაექტორიით, რომ მიეყენებინა ავტომობილზე არსებული დაზიანებები; შემთხვევის ადგილზე არ არის დაზიანებული ბამპერის ნატეხების ჩამონაყარი; დაზიანებები მიყენებულია სხვადასხვა საგნით ან ავტომობილით, განსხვავდება ტიპით და ხასიათით, მომხდარია გაურკვეველ ვითარებაში და შეუძლებელია მიზეზის დადგენა; დაზიანებები ერთი შემთხვევის დროს არ არის მომხდარი, დასაშვებია ვთქვათ, რომ ერთი ან რამდენიმე დაზიანება გაჩერებულ ავტომობილზეა მიყენებული, მაგრამ წინა ბამპერის ქვედა მარცხენა კუთხეზე არსებული დაზიანება, დიდი ალბათობით, უნდა მომხდარიყო მხოლოდ ამ ავტომობილის მოძრაობისას.
22. შპს "ა–ის" ტექნიკური ექსპერტიზის მიხედვით დადგინდა - „1. დაზიანებების მიზეზის დადგენა შეუძლებელია, გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველი სახის დაზიანებებია. დასაშვებია ვთქვათ, რომ ზოგიერთი დაზიანება სტატიკურ მდგომარეობაში მყოფ ავტომობილზე საგნით და სხვა ავტომობილის მიერ იყოს მიყენებული, მაგრამ დიდი ალბათობით, მინიმუმ ერთი მათგანი უნდა მომხდარიყო ავტომობილის ბორდიურთან ან სხვა მსგავს შემზღუდველთან პარკირების დროს შეჯახებით. 2. დაზიანებები ერთი შემთხვევის დროს არ არის მიყენებული, შესაბამისად შეუძლებელია შემთხვევის ადგილის იდენტიფიცირება“. დასკვნის მიხედვით, კომპანიამ ექსპერტს - გ.ბ–ძეს ტექნიკური ექსპერტიზისთვის წარუდგინა ფოტომასალა, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის III სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა.
22.1. თავის მხრივ, მოსარჩელემ 2022 წლის 19 ივლისს მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შემდეგი კითხვებით „1. დაგვიდგინეთ, ა/მანქანის დაზიანების გამომწვევი მიზეზები. 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევა და ავტომანქანაზე არსებული, თანდართული დოკუმენტებში აღწერილი დაზიანებები, შესაძლებელია თუ არა გამოწვეული იყოს ამავე დოკუმენტებში და ფოტოებზე მოცემულ ადგილას აღწერილი ერთი შემთხვევის შედეგად.“ განცხადებას ერთვის ა/მანქანის ფოტოსურათები, CD დისკი, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ცნობა. განცხადებაზე, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 28 ივლისის პასუხით ირკვევა, რომ ექსპერტიზის სრულყოფილი ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი იყო გამოსკვლევი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში დათვალიერება და ტექნიკური შემოწმება. ვინაიდან, განცხადების წარდგენის დროისთვის გამოსაკვლევი ობიექტი მრავალჯერ გარეცხილი და გაწმენდილი იყო, ტექნიკურად შეუძლებელი იყო დასკვნის მომზადება იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა ვითარებაში დაზიანდა გამოსაკვლევი ავტომობილი და მასზე არსებული დაზიანებები განვითარდა თუ არა ერთი და იგივე შემთხვევის შედეგად. პასუხის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება მხარის მიერ წარდგენილი ფოტო მასალის მიხედვით ტექნიკურად შეუძლებელი იყო.
23. საკასაციო სასამართლო მითითებულ ექსპერტიზის დასკვნებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ მხარეებმა, სხვადასხვა საექსპერტო დაწესებულებებს ზუსტად იდენტური კითხვებით მიმართეს, ამასთან წარადგინეს იდენტური მასალა ექსპერტიზის ჩასატარებლად და დასკვნის მოსამზადებლად. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, წარდგენილი მასალის საფუძველზე დადგინდა გარკვეული გარემოებები, რომლის მიხედვითაც, ექსპერტი ალბათობის დიდი ხარისხით განმარტავს, რომ ავტომობილზე დაზიანებები სხვადასხვა დროს არის მიყენებული, ამასთან შეუძლებელია შემთხვევის ადგილის დათვალიერება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კომპანიის მიერ წარმოდგენილის ექსპერტიზის დასკვნის სახეზე, რომლის მიხედვითაც ჩატარებულია ტექნიკური ექსპერტიზა.
24. აღნიშნულის საპირისპიროდ, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელეს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უარი უთხრა ექსპერტიზის ჩატარებაზე და ამავე წერილით, განსაზღვრული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის მოტივად ირკვევა, რომ წარდგენილი კითხვების პასუხგასაცემად საჭირო იყო სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა (იხ. 1 ტომი ს.ფ.123), რომლის ჩატარებაც გამოსაკვლევი საგნის თავდაპირველ მდგომარეობაში დათვალიერების გარეშე შეუძლებელი იყო, ხოლო, სხვაგვარად წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელი იყო დასკვნის მომზადება.
24.1. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს, გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განხილვისას გამოირკვეს, შესაძლებელია თუ არა მხარეთა ხელთ არსებული მასალების საფუძველზე დაზღვევის ობიექტის იმგვარად გამოკვლევა, რომ დადგინდეს ან გამოირიცხოს სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე. კერძოდ; სატრანსპორტო საშუალების დაზიანებების გამომწვევი მიზეზის დასადგენად: 1. საკმარისი იყო თუ არა მხოლოდ ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება თუ აუცილებელი იყო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა; 2. შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იყო თუ არა ფოტომასალისა და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის III სამმართველოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.
25. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განხილვისას, მხარეები ითხოვდნენ ექსპერტების დაკითხვას, რომელთა ჩვენებების საფუძველზე შესაძლოა დადგენილიყო კონკრეტულად რა კვლევებისა და რა მეთოდების საფუძველზე მიიღო ექსპერტმა დასკვნა, ან დასკვნის მომზადებაზე უარის თქმის დამატებით რა მოტივები ჰქონდა. საკასაციო სასამართლო, 2022 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ სხდომაზე ორივე მხარემ იშუამდგომლა ექსპერტების გამოკითხვა, თუმცა, სასამართლომ უარი თქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ექსპერტები ახალს ვერაფერს იტყოდნენ. მაგალითად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილ ცნობაზე ნათლად ეწერა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი იყო.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას კვლევაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს.
27. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ექსპერტი დასკვნას იძლევა წერილობითი ფორმით. სასამართლოს უფლება აქვს მისცეს ექსპერტს წინადადება, რომ მან ზეპირი განმარტება მისცეს სასამართლოს თავისი დასკვნის შესახებ. ზეპირი განმარტება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში...
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც ერთი და იმავე მასალის საფუძველზე, ერთმა საექსპერტო დაწესებულებამ დასკვნა მოამზადა, ხოლო, მეორე დაწესებულებამ, უარი განაცხადა დასკვნის შედგენაზე, ამავდროულად იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მხარე ითხოვდა ექსპერტების დაკითხვას, სააპელაციო სასამართლოს უნდა მოესმინა ექსპერტების ზეპირი განმარტება და ამ გზით გამოეკვლია განჩინების 22.1 პუნქტში დაყენებული სადავო საკითხები.
29. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წარდგენილი ფოტოსურათების საფუძველზე ექსპერტმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს, შესაძლებელია თუ არა რაიმე სახის ექსპერტიზით დასმულ კითხვებს გაეცეს პასუხი, თუ შესაძლებელია, ალბათობის რა ხარისხით შეიძლება დადგინდეს, სურათზე აღბეჭდილი, სადავო ავტომობილზე არსებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს თუ არა სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობის საფუძველს, ამასთან, შესაძლებელია თუ არა დადგინდეს ამავე ფოტოსურათებით, ავტომობილზე არსებული დაზიანებები ერთი შემთხვევის შედეგი იყო თუ არა.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო წესის მიხედვით, სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს. თავისებურება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით (საჩივრით) (სსსკ-ის 414-ე მუხლი), ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად(სსსკ-ის 377-ე მუხლი). სასამართლოს იმ განჩინებების უსწორობაზე და დაუსაბუთებლობაზე, რომლებიც შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით არ გასაჩივრებულა, აგრეთვე იმ განჩინებებზე, რომლებზეც კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია, შეიძლება მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ საკასაციო საჩივარში. უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების ამ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების მიზანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის, მისი კანონის დარღვევით მიღების დადასტურება. შესაბამისად, თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული წინმსწრები განჩინებები კანონის დარღვევითაა მიღებული, რამაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობა განაპირობა, საკასაციო სასამართლო გააუქმებს როგორც შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ისე კანონის დარღვევით მიღებულ განჩინებებსაც. (იხ. სუსგ-ებები: №3კ/393-01, 19 ოქტომბერი, 2001 წ; №ას-112-415-04, 4 მარტი, 2004წ; №ას-217-209-2013, 20 სექტემბერი, 2013 წ.).
31. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებები(ექსპერტთა დაკითხვის თაობაზე უარის თქმის შესახებ), რადგან სახეზეა მათი გაუქმების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, იმ პირობებში როდესაც ერთი და იმავე მასალის საფუძველზე, ერთმა საექსპერტო დაწესებულებამ ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა, ხოლო, მეორე დაწესებულებამ, უარი განაცხადა ექსპერტიზის დასკვნის შედგენაზე, ამავდროულად, ორივე მხარე ითხოვდა ექსპერტების დაკითხვას, სააპელაციო სასამართლოს, მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის მიზნით, უნდა მოესმინა ექსპერტების ზეპირი განმარტება და ამ გზით სრულად გამოეკვლია მხარეთა მიერ სადავოდ ქცეული საკითხები, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ, უნდა გამოეტანა დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
32. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. რადგან მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქმის ქვემდგომი ინსტანციის (სააპელაციო) სასამართლოში განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, ამიტომაც საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე განჩინებაში განვითარებული საკასაციო პალატის მოსაზრებები და ისე გადაწყვიტოს დავა.
32.1. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 412-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინება, და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე