საქმე №ას-991-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.რ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ხ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2024 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (სარჩელით); ალიმენტის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.01.2024 წლის გადაწყვეტილებით ნ.რ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება მოსარჩელესა და თ.ხ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე”) შორის 17.07.2011 წელს რეგისტრირებული ქორწინება. გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №82201130770. სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილების, 02.08.2012 წელს დაბადებული ი.რ–ის, 27.04.2014 წელს დაბადებული მ.რ–ისა და 18.12.2015 წელს დაბადებული ა.რ–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი - არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულის მიმართ სარჩელის აღძვრიდან, 29.03.2023 წლიდან 280 ლარი, სულ - 840 ლარი, ხოლო 01.01.2024 წლიდან თითოეულის მიმართ 350 ლარი, სულ - 1050 ლარი, ბავშვების სრულწლოვანებამდე. დადგინდა, რომ ყოველთვიური საალიმენტო თანხა ჩაირიცხოს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ შეგებებული სარჩელით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა თავად შეგებებული სარჩელით მოპასუხე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 2591 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების ჩაბარების 30 დღიანი ვადა ამოიწურა 26.02.2024 წელს. აპელანტის წარმომადგენელმა ლ.დ–მა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩაიბარა 25.03.2024 წელს (ტ.1, ს.ფ. 394). შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 27.02.2024 წლიდან და არა 25.03.2024 წლიდან. ამდენად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოიწურა 11.03.2024 წელს, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია დაგვიანებით - 03.04.2024 წელს, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2024 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
8. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
9. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (სსსკ-ის მე-60 მუხლი).
11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014 წლის განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
12. საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრით არის სადავო, რომ აპელანტი პირადად ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26.01.2024 წელს გამართულ სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. 26.01.2024 წლის სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 353-357), თუმცა, აპელანტს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელმა ჩაიბარა მხოლოდ 25.03.2024 წელს (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 394). შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 27.02.2024 წლიდან (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე - 25.02.2024წ. იყო ყოველკვირეული დასვენების დღე - კვირა, ამდენად, მოპასუხეს შეგებებულ სარჩელში გადაწყვეტილების ჩაბარება შეეძლო 26.02.2024 წლის ჩათვლით. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 27.02.2024 წლიდან) და ამოიწურა 11.03.2024 წელს.
13. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია მხოლოდ 03.04.2024 წელს (ტ.1, ს.ფ.395), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. გაზიარებული ვერ იქნება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის პრეტენზია მასზე, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით მას ჰქონდა კომუნიკაცია სასამართლოსთან, თუმცა გადატვირთულობის გამო ვერ მოხერხდა მისთვის გადაწყვეტილების დროულად ჩაბარება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (სუსგ №ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.; №ას-1761-2018, 31.01.2019წ.; სუსგ Nას-1299-2021, 15.02.2022წ.). რაც შეეხება მოსამართლის თანაშემწესთან ტელეფონით დარეკვას, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადებად. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს (სუსგ. №ას-1761-2018, 31.01.2019წ.; №ას-717-2020, 19.11.2020წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა თავისი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლო.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5) (სუსგ № ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
17. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ Nას-1226-2019, 23.12.2019წ.).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.რ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2024 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია