Facebook Twitter

საქმე №ას-1660-2023 24 სექტემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – გ.შ–ძე, შპს „ი-გ.კ–ი“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ვ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.11.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - 11 754 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30.03.2023 წლის გადაწყვეტილებით გ.ვ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი გ.შ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და შპს „ი-გ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 16954 ლარის ოდენობით, საიდანაც ავტომანქანის დაზიანების გამო ასანაზღაურებელი თანხაა 16500 ლარი, საჯარიმო ავტოსადგომის ღირებულება - 274 ლარი, ევაკუატორის მომსახურების ღირებულება - 70 ლარი, მკურნალობის ხარჯი - 110 ლარი.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა მათთვის 11 754 ლარის დაკისრების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.11.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. „ი–ოს“ მოდელის სატრანსპორტო საშუალება სანომრე ნიშნით ....., 08.04.2021 წლიდან რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის სახელზე. პირველი მოპასუხე დასაქმებულია მითითებულ კომპანიაში დისტრიბუტორად, 2021 წლის იანვარში გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

3.2. 07.10.2021 წელს, დაახლოებით 18:30 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ........ გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 210-ე კილომეტრზე, პირველი მოპასუხე, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა „ი–ოს“ მოდელის (სანომრე ნიშნით .......) სატვირთო ავტომობილს, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.5 მუხლის მოთხოვნები, დაეჯახა რაინდი რურუას მართვაში არსებულ „ფორდ ტრანზიტის“ მოდელის (სანომრე ნიშნით .......) მიკროავტობუსს, რომელიც ინერციით შეეჯახა „ტოიოტას“ მოდელის (სანომრე ნიშნით ........) ავტომობილს, რომელსაც მართავდა მოსარჩელე. შეჯახების შედეგად მოსარჩელემ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის №076081021002 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 17.11.2021 წელს გამოტანილი დადგენილებით გამოძიება შეწყდა.

3.3. პირველი მოპასუხის ბრალეულობა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ალკოტესტებით - პირველ მოპასუხეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 2.186 პრომილე, ხოლო მოსარჩელე აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის №717/ა თანახმად, მძღოლის - პირველი მოპასუხის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.5 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მას შეეძლო მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ავტოსაგზაო შემთხვევის სქემატურ რუკაში ვიზუალურად არის წარმოდგენილი ავტოსაგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართულებები, შეჯახებების ადგილის აღნიშვნით, რომელსაც ხელს აწერს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირები და პატრულ-ინსპექტორი.

3.4. შპს „ზ.ს.ა–ს“ მიერ 19.11.2021 წელს გაცემული ცნობის თანახმად, 2021 წლის 7 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, ავტომანქანა „ტოიოტა“, სახელმწიფი ნომრით ....., იმყოფებოდა სპეცავტოსადგომზე; საჯარიმო ავტოსადგომის მომსახურებისათვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 274 ლარი.

3.5. 19.11.2021 წლის ცნობით დადგენილია, რომ შპს „ზ.ს.ა–დან“ თერჯოლის რაიონის სოფელ ....... დაზიანებული ავტომანქანის გადატანისათვის მოსარჩელემ ევაკუატორს გადაუხადა 70 ლარი.

3.6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ავტოავარიის შედეგად მოსარჩელის ჯანმრთელობას მსუბუქი ხარისხის ზიანი მიადგა. სისხლის სამართლის საქმისწარმოების მასალებით დადგენილია, რომ 08.10.2021 წელს მოსარჩელე მივიდა თერჯოლის „ი–ის“ საავადმყოფოში, რადგან ტკიოდა ფეხი, თერჯოლის რაიონის სოფელ ........ მომხდარი ავტოავარიის შემდეგ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელემ საავადმყოფოს მიმართა 08.10.2021 წელს, სადაც დაუდგინდა ბარძაყის დაჟეჟილობის დიაგნოზი, ასევე, აღენიშნებოდა ექსკორიაციები ორივე მუხლის მიდამოში. დასკვნის მიხედვით, დაჟეჟილობა არ წარმოადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშანს, ხოლო დაზიანებები ექსკორიაციების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

3.7. საქმეში წარმოდგენილი შპს „ი–ის“ მიერ გაცემული ქვითრებით, დგინდება, რომ მოსარჩელეს 08.10.2021 წელს ტრავმატოლოგის კონსულტაციასა და რენტგენის გადაღებაში გადახდილი აქვს ჯამურად 110 ლარი, რაც უდავოდ ადასტურებს მის მიერ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გაწეული ხარჯის ოდენობას. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ სხვა დანახარჯებთან დაკავშირებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიიჩნია, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი ექიმის მიერ ხელმოწერილი დანიშნულება თარიღისა და პაციენტის გვარ-სახელის მითითებით, ასევე, სააფთიაქო ქვითრები, მედიკამენტების დასახელებებისა და ფასების აღნიშვნით, რითაც 110 ლარს ზემოთ გაწეული ხარჯი დადასტურდებოდა.

3.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.12.2021 წლის №008462421 დასკვნაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დაზიანებების არსებობა: ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილს და უკანა ნაწილს აღენიშნება ავარიული ხასიათის, მექანიკური სახის დაზიანებები, რთული დეფორმაციის სახით, რის შედეგადაც ავტომობილს დეფორმირებული და დაზიანებული აქვს წინა და უკანა ბამპერი, ცხაურა, წინა და უკანა ფრთები, წინა მარჯვენა საშხეფური, წინა საქარე მინა, მარცხენა წინა და უკანა კარი, საბარგულის კარი, უკანა მარცხენა ლანჟერონი, ძარის სახურავი და ა.შ.. ავტომობილის ძარაზე ქარხანა დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული ღიობები არათანაბარი/არეულია, რაც გამოწვეულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. აღნიშნულმა დაზიანებამ გამოიწვია ქარხანა დამამზადებლის მიერ ძარის გეომეტრიული ზომების დარღვევა.

3.9. ავტომობილის დამზადების წლის, კომპლექტაციის, მისი ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობის, გარბენის, მსგავსი ტექნიკურად გამართული ავტომობილების საბაზრო ფასების გათვალისწინებით და კორექტირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2009 წელს დამზადებული ავტომობილის „TOYOTA CAMRY“ - სახელმწიფი ნომრით ........, საიდენტიფიკაციო ნომერი: .........., საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ განისაზღვრა 21000 ლარით, დაზიანებულ მდგომარეობაში კი მისი საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 4500 ლარს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ქონებრივი ზარალის ოდენობა 16500 ლარია.

3.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე, 409-ე, 992-ე, 998-ე, 999-ე მუხლებიდან. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი მიმართული იყო ერთდროულად, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის, ისე - უშუალოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე პირის მიმართ, დელიქტური ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

3.11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება, თითქოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ ყოფილა შედგენილი და არ არის დადასტურებული. საქმეში წარმოდგენილია 07.10.2021 წელს პირველი მოპასუხის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №სდ058461 საჯარიმო ოქმი, რომლის თანახმად, სამართალდამრღვევს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება 36 თვით. მართალია, აღნიშნული სახდელი გაუქმდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით დაწყებული გამოძიების გამო, რომელზეც ასევე შეწყდა სამართალწარმოება, თუმცა აღნიშნული გარემოებები ვერ გახდება მოსარჩელის მიმართ 07.10.2021 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზიანის გამოწვევაში პირველი მოპასუხის არაბრალეულად ცნობის საფუძველი. მით უფრო, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის (717/ა) თანახმად, მძღოლის - მოსარჩელის ქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.5 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მას შეეძლო, მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

3.12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის ჯანმრთელობისთვის მსუბუქი ხარისხის ზიანის მიყენებისა და ამ მიზნით გაწეული ხარჯის დაუდასტურებლობასთან დაკავშირებით მოპასუხეთა მოსაზრებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, რომლის აღსადგენად გასწია დადასტურებული ხარჯი 110 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო დოკუმენტაციის ცნობა №IV-100/ა (№3896), რომლითაც დადასტურებულია, რომ შპს „ი–ს“ (იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს თერჯოლამედს), 08.10.2021 წელს, მიმართა მოსარჩელემ, რომელიც უჩიოდა ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას მარცხენა ბარძაყისა და მუხლის არეში, ბარძაყის დაჟეჟილობით. ორივე მუხლის არეში აღინიშნება ზედაპირული ექსკორიაციები. მარცხენა ბარძაყის დიაფიზის არე შეშუპებულია, პალპაციით ტკივილი ძლიერდება. ცნობის თანახმად, პაციენტს მიეცა დანიშნულება და რეკომენდაციები. ხოლო საქმეში წარმოდგენილი 29.10.2021 წლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სხეულზე 08.10.2021 წლის მდგომარეობით არსებული დაზიანებები ექსკორიაციების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. საქმეში წარმოდგენილი შპს „ი–ის“ მიერ გაცემული ქვითრის მიხედვით, მოსარჩელეს 08.10.2021 წელს ტრავმატოლოგის კონსულტაციასა და რენტგენის გადაღებაში გადახდილი აქვს ჯამურად 110 ლარი.

3.13. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია ავტომანქანის აღდგენის შეუძლებლობის მტკიცების ტვირთის მოსარჩელისთვის დაკისრების თაობაზე, თუმცა მიიჩნია, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დაძლია დაზიანებული ავტომანქანის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შეუძლებლობის მტკიცების ტვირთი და მოითხოვა ზიანის ფულადი კომპენსაცია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ №008462421 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც უდავოდ დადგენილია, რომ ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილს და უკანა ნაწილს აღენიშნება ავარიული ხასიათის, მექანიკური სახის დაზიანებები, რთული დეფორმაციის სახით, რის შედეგადაც ავტომობილს დეფორმირებული და დაზიანებული აქვს წინა და უკანა ბამპერი, ცხაურა, წინა და უკანა ფრთები, წინა მარჯვენა საშხეფური, წინა საქარე მინა, მარცხენა წინა და უკანა კარი, საბარგულის კარი, უკანა მარცხენა ლანჟერონი, ძარის სახურავი და ა.შ.. ავტომობილის ძარაზე ქარხანა დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული ღიობები არათანაბარი/არეულია, რაც გამოწვეულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად. აღნიშნულმა დაზიანებამ გამოიწვია ქარხანა დამამზადებლის მიერ ძარის გეომეტრიული ზომების დარღვევა. იმავე ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია ავტომანქანის დაზიანებამდე და დაზიანებულ მდგომარეობაში ღირებულებათა სხვაობაც, რაც 16500 ლარს შეადგენს და დაახლოებით 3.6-ჯერ აღემატება დაზიანებული ავტომანქანის ნარჩენ ღირებულებას. ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობითი ნაწილის შინაარსის ანალიზი, მისი გონივრული და სამართლიანი შეფასება, სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას (რაც სწორედ სასამართლოს კომპეტენციაში შედის), რომ ავტომობილის თავდაპირველ კონდიციაში აღდგენა შეუძლებელია აღწერილი დეფორმაციებისა და დაზიანებების გამო. გარდა ამისა, დაზიანებული ავტომანქანის პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად შეუსაბამოდ მაღალი ხარჯების გაწევაა საჭირო (ავტოსაგზაო შემთხვევამდე ავტომანქანის ღირებულება 21000 ლარი იყო, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ღირებულება 3.6-ჯერ - 4500 ლარამდე შემცირდა), რაც 16500 ლარს შეადგენს და არ შეიძლება იქნეს მიჩნეული გონივრულ ხარჯად.

3.14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა პრეტენზიები მოსარჩელის არაკეთილსინდისიერ მიზნებთან დაკავშირებით, დაჩქარებული წესით ექსპერტიზის ჩატარებისა და ავტომანქანის სარჩელის აღძვრამდე გასხვისებასთან დაკავშირებით და მხედველობაში მიიღო მოწინააღმდეგე მხარის განმარტებები (რომლებსაც აპელანტები არ შედავებიან), რომ მოსარჩელე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოპასუხეებს სთავაზობდა წაეღოთ დაზიანებული ავტომანქანა და დაებრუნებინათ იმავე მონაცემების მქონე (მარკა, გამოშვების წელი, გარბენი და ა.შ.) დაუზიანებელი ავტომანქანა, თუმცა მოპასუხეებს ეს არ გაუკეთებიათ. დაზიანებული ავტომანქანის დაჩქარებულად შეფასება და გასხვისება (მისივე განმარტებით, 1500 აშშ დოლარად) განპირობებული იყო სხვა ავტომანქანის შესაძენად თანხის მობილიზების აუცილებლობით. მიუხედავად ამისა, მან ავტოსაგზაო შემთხვევიდან (07.10.2021წ.) მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ (2022 წლის მარტში) შეძლო უფრო ძველი (2006 წლის გამოშვების) ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა (4500 აშშ დოლარად) (სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 13:46:20-13:48:00).

3.15. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 37-ე, 53-ე, 44-ე მუხლებზე. პალატის მითითებით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელე იურიდიული მომსახურებისთვის წარმომადგენელს უხდის 1000 ლარს, რაც ადასტურებს, რომ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით შედგა სსკ-ის 709-ე მუხლით განსაზღვრული შეთანხმება. სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს (სსსკ-ის 53-ე მუხლი). დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა. წარმოდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 16954 ლარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს კანონიერად დაეკისრათ მითითებული თანხის 4% - 678,16 ლარი ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სახით. სააპელაციო პალატის მითითებით მოპასუხეთა არგუმენტები პროცესის ხარჯების განსაზღვრის უკანონობასთან დაკავშირებით იყო დაუსაბუთებელი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - 11 754 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სარჩელი მიმართულია ერთდროულად როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის (მეორე მოპასუხის), ისე - ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე პირის, პირველი მოპასუხის (მეორე მოპასუხის დასაქმებული) მიმართ, დელიქტური ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.

9. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), სსკ-ის 999.1-ე (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი), სსკ-ის 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), სსკ-ის 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება), სსკ-ის 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

10. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას. დადგენილია, რომ პირველი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი. დადგენილია ისიც, რომ ზიანი მეორე მოპასუხის იურიდიულ მფლობელობაში (საკუთრებაში) მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ გამოიწვია. სადავო არ არის, რომ პირველი მოპასუხე ავტომობილს მეორე მოპასუხის ნებართვის საფუძველზე მართავდა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა პირველი მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებითაა გამოწვეული, მოპასუხეები ერთობლივად არიან პასუხისმგებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის. მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართ ავტომობილის მფლობელის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი, სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

11. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (შდრ. სუსგ №ას-494-463-2010, 09.11.2010წ; №ას-504-481-2016, 30.09.2016წ; №ას-1245-2020, 01.07.2021წ; №ას-1158-2020, 12.07.2021წ; №ას-589-2021, 14.09.2021წ; №ას-541-2024, 22.07.2024წ; №ას-302-2023, 08.02.2024წ.).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის - 16954 ლარის (საიდანაც ავტომანქანის დაზიანების გამო ასანაზღაურებელი თანხაა 16500 ლარი, საჯარიმო ავტოსადგომის ღირებულება - 274 ლარი, ევაკუატორის მომსახურების ღირებულება - 70 ლარი, მკურნალობის ხარჯი - 110 ლარი), ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების საფუძველი. ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

14. კასატორების მითითებით, არ არსებობდა მათთვის ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების ამ პრეტენზიას. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (შდრ. სუსგ №ას-330-315-2015, 29.06.2015წ; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ; №ას-1403-2020, 05.07.2022წ.). საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 50-54), სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (ტ.1, ს.ფ. 47-49), საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელისთვის წარმომადგენლის ხარჯის სსსკ-ის 53-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში ანაზღაურების წინაპირობა.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 847,70 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 593.39 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.შ–ძისა და შპს „იმერ-გ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. გ.შ–ძეს (პ/ნ ......) და შპს „ი-გ.კ–ის“ (ს/კ: ......) უკან დაუბრუნდეთ გ.შ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 847,70 ლარის (საგადასახადო დავალება #3548, გადახდის თარიღი 25.01.2024წ.) 70% – 593.39 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია