საქმე №ა-5760-შ-149-2024
20 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ.ტ–ზე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფორხჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2024 წლის 17 იანვრის №3 F 352/23 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფორხჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2024 წლის 17 იანვრის №3 F 352/23 გადაწყვეტილებით, 2019 წლის 3 ოქტომბერს საქართველოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაცისს ნომერი: 01193303200) დასრულდა განქორწინებით.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ასევე მოიცავს საპენსიო წილების გაყოფის საკითხს.
3. 2024 წლის 4 ნოემბერს ვ.ტ–ზემ (ქორწინების მოწმობაში - ვ.ჯ–ძე) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფორხჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2024 წლის 17 იანვრის №3 F 352/23 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა ა.მ–სა და ვ.ტ–ზეს შორის 2019 წლის 3 ოქტომბერს საქართველოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაცისს ნომერი: 01193303200).
4. საცნობი გადაწყვეტილების მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარე ა.მ–ი მონაწილეობდა საქმის განხილვის პროცესში.
5. გერმანიის ფორხჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2024 წლის 17 იანვრის №3 F 352/23 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2024 წლის 21 თებერვლიდან.
6. შუამდგომლობის ტექსტის თანახმად, განმცხადებლის იურიდიული ინტერესია განქორწინების დარეგისტრირება იუსტიციის სახლის სერვისების განვითარების სააგენტოში და ხელახლა დაქორწინება.
7. 2024 წლის 13 ნოემბერს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ ქორწინების მოწმობაში შუამდგომლობის ავტორის სახელი და გვარი მითითებულია, როგორც ვ.ჯ–ძე, ხოლო განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებასა და სხვა თანდართულ მასალებში, მათ შორის, პასპორტსა და მინდობილობაში ვ.ტ–ზე, რაც გამოწვეულია საბერძნეთის მოქალაქის 2020 წლის 24 იანვარს გაცემული პასპორტით და დაკავშირებულია ბერძნული ენის თავისებურებებთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, გერმანიის ფორხჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2024 წლის 17 იანვრის №3 F 352/23 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 3 ოქტომბრის ქორწინების მოწმობაში (აქტის ჩანაწერის ნომერი 01193303200) განმცხადებლის სახელი და გვარი მითითებულია, როგორც ვ.ჯ–ძე, ხოლო დანარჩენ დოკუმენტებში, მათ შორის, საცნობ გადაწყვეტილებაში, მითითებულია ვ.ტ–ზე. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნული საკითხი ახსნა იმით, რომ განმცხადებელს აქვს საბერძნეთის მოქალაქის პასპორტი და ბერძნული ენის თავისებურებებიდან გამომდინარე, ვ.ჯ–ძე პასპორტშიც მითითებულია როგორც ვ.ტ–ზე. გარდა ამისა, განმცხადებლის დაბადების თარიღი, 1983 წლის 25 აგვისტო, როგორც საცნობ გადაწყვეტილებაში, ისე ქორწინების მოწმობაში ერთი და იგივეა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, გერმანიის ფორხჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2024 წლის 17 იანვრის №3 F 352/23 გადაწყვეტილება, განქორწინების ნაწილში, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ.ტ–ზის შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, გერმანიის ფორხჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2024 წლის 17 იანვრის №3 F 352/23 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფორხჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2024 წლის 17 იანვრის №3 F 352/23 გადაწყვეტილება, რომლითაც 2019 წლის 3 ოქტომბერს საქართველოში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაცისს ნომერი: 01193303200) დასრულდა განქორწინებით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე