Facebook Twitter

საქმე №ას-1246-2023 8 ნოემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე.ნ.მ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ე.ნ.მ–ა“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის განმარტებით, მოპასუხე არ ფლობს სადავო უძრავ ქონებას, რის გამოც მესაკუთრის სარჩელი მის წინააღმდეგ უსაფუძვლოა. კასატორი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება არ დადებულა, რომლის ვადის ამოწურვის საფუძვლითაც ითხოვს მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლებას. კასატორის განმარტებით, სადავო უძრავი ქონების ფანჯრებზე განთავსებული პოლიტიკური პლაკატებით არ დასტურდება ფართის ფლობის ფაქტი და არც ის დასტურდება, რომ სადავო უძრავო ქონებაა ნაჩვენები საქმეში წარმოდგენილ ფოტოებზე;

1.2. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა მოპასუხის მხრიდან საპროცესო ვალდებულებების (სარჩელზე შესაგებლის წარდგენა, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება) შესრულების გამო მოპასუხის მიერ ქონების ფლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის თაობაზე;

1.3. კასატორი შუამდგომლობს მოსარჩელისათვის, მოპასუხის სასარგებლოდ, ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 7 000 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, საქართველოს სამოქალაქო სააპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას/ და 172.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება/ მუხლების დანაწესი.

4.2. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი გარემოებები:

4.2.1. ქ. სამტრედიაში, ........... ქ. #2-ში მდებარე 482.8 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ ............) მე-2 სართულზე მდებარე 155.2 კვ.მ ფართი მოსარჩელის საკუთრებაშია;

4.2.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2014 წლის 23 იანვარს, სადავო უძრავ ქონებაზე 7 წლის ვადით (24.01.2021 წლამდე) იჯარის ხელშეკრულება დაიდო;

4.2.3. იჯარის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში 2014 წლის 29 იანვარს დარეგისტრირდა;

4.2.4. მესაკუთრემ, 2020 წლის 22 დეკემბერს, წერილით მიმართა მოპასუხეს და 2020 წლის 25 იანვრიდან სადავო ფართის გამოთავისუფლება მოსთხოვა;

4.2.5. მოპასუხე ფლობს უძრავ ქონებას და ის არ არის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი.

4.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 170-ე და 172.1-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ: ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

6. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

7. საკასაციო სასამართლო კასატორის რამდენიმე პრეტენზიაზე გაამახვილებს ყურადღებას:

7.1. კასატორის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, რომ ის სადავო უძრავ ქონებას არ ფლობს და მხარეთა შორის არც იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულების 7 წლით დადების ფაქტი. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (იხ. ტ.1, ს/ფ 20-23; 26-29). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამ მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს სათანადო შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით მართებულად დადგინდა, რომ მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას ფლობს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ აქვს;

7.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ით დადგენილი საპროცესო ვალდებულებების განხორციელება/განუხორციელებლობას (იხ. წინამდებარე განჩინების 1.2 ქვეპუნქტი) შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. იურიდიული შედეგი, რაც საქმეზე დადგა განპირობებულია თითოეული მხარის საპროცესო აქტიურობასა და მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის დაძლევაზე. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხის მიერ განხორციელებული საპროცესო ვალდებულებების შესახებ არ გამხდარა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ამიტომ საკასაციო სასამართლო მას არ შეეხება. მესაკუთრე მერიის ვინდიკაციური სარჩელის წარმატება იმ სამი წინაპირობის არსებობამ განაპირობა, რაც ამ განჩინების 4.3 ქვეპუნქტშია მითითებული;

7.3. ადვოკატის ხარჯის - 7 000 ლარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მოპასუხის (კასატორის) სასარგებლოდ არ მიღებულა, შესაბამისად, მას არც ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოშობია, რასაც სსსკ-ის 53.1-ე მუხლი ითვალისწინებს.

8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-102-2021, 31.03.2021 წ., Nას-110-2022, 15.04.2022 წ., ას-1259-2022, 09.12.2022 წ; N ას-271-2023, 20.04.2023წ., N ას-769-2023, 21.07.2023წ., Nას-789-2023, 29.09.2023წ.; N ას-1166-2023, 17.11.2023წ.; Nას-1083-2023, 26.01.2024წ.).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ იმსჯელებს კასატორის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც იურიდიული შედეგის თვალსაზრისით პერსპექტივა არ გააჩნია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

10. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე.ნ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე.ნ.მ–ას“ (ს/კ 200078888) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 07/09/2023 წლის #32427150 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე