Facebook Twitter

¹ბს-103-97(კ-07) 18 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 17 თებერვალს ნ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1995 წლის 1 ივნისს დაინიშნა ეროვნულ გვარდიაში ... თანამდებობაზე. 2004 წლის 26 ოქტომბერს ავადმყოფობის გამო, ¹1/893 ბრძანებით დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს არ მიუღია სანივთე ქონების კომპენსაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების _ 688,14 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 688,14 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი აწესრიგებდა სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ უზრუნველყოფას. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. მ-ის მიმართ გააჩნდა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება 688,14 ლარის ოდენობით, რაც დასტურდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2006 წლის 16 თებერვლის ¹9/307 წერილით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და სანივთე ქონების საკუთარი სახსრებით შეძენის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 15 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 18 აპრილამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.