საქმე №ას-1244-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ც–ტია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ბ.ც–ტიას (გ.ც–იას უფლებამონაცვლე; შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან მესაკუთრე) სარჩელი სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, ექსპროპრიატორი ან ფონდი) წინააღმდეგ, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების საბაზრო ღირებულებასა და კომპენსაციას შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 11 407 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. გ.ც–იამ ა.ბ–საგან, 2004 წლის 11 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით, 2000 ლარად შეიძინა უძრავი ქონება, 0.13 ჰა მიწის ფართი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელ ...........
3.2. სსიპ საქართველოს განვითარების ფონდი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ახორციელებს თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის (თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის) რეკონსტრუქცია მოდერნიზაციის პროექტს. პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა სამშენებლო არეალის გასათავისუფლებლად გ.ც–იას კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება. შესაბამისად, ფონდის მიერ დამუშავდა მიწის შესყიდვისა და განახლების სამოქმედო გეგმა, რომლითაც გათვალისწინებული იქნა მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების შეფასება რამოდენიმე კრიტერიუმის მიხედვით. უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მესაკუთრესთან, თუმცა ვერ იქნა მიღწეული შესაბამისი შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, კომპენსაციის ოდენობაზე შეუთანხმებლობის გამო. კომპენსაციის ოდენობად შეთავაზებული იქნა 61 848.1 ლარი.
3.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება უძრავი ქონებაზე მისამართი გარდაბანი, სოფელი ..........; უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - №……, მიწის ნაკვეთის ფართი 585 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები; მესაკუთრემ ფონდის სარჩელი ცნო. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3.4. უდაოდ დადგენილია, რომ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებული საკომპენსაციო თანხა 61 848.1 ლარი მესაკუთრეს მიღებული აქვს (იხ. ტ.2, ს.ფ.372). სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
3.4.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 აპრილის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა ე.წ–ვამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ: 1) მოპასუხეს მესაკუთრის სასარგებლოდ დაეკისროს 141 160 ლარის გადახდა, საიდანაც 106 883 ლარის სანაცვლოდ, მას საკუთრებაში გადაეცემა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ……; 2) მოპასუხეს დაეკისროს სხვაობა, , რადგან მოპასუხე ფონდის მიერ გადახდილია 61 848 ლარი რაც არ არის ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის რეალური, სამართლიანი ღირებულება. მესაკუთრის დაკვეთით მომზადებული საექსპერტო დასკვნით სადავო ქონების ღირებულება 96 125 ლარია. ნაკვეთის, საკადასტრო კოდით ……., შემოთავაზებულ ღირებულებასა და რეალურ ფასს შორის სხვაობა შეადგენს 34 277 ლარს, რაც106 000 ლარს უნდა დაემატოს და შესაბამისად გამოდის 141 160 ლარი (იხ. ტ.2, ს.ფ.371).
3.4.2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით შეჩერდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე №2ბ/5264-18, გარდაცვლილი მხარის - გ.ც–იას (პ.ნ ……) უფლებამონაცვლის დადგენამდე. 2022 წლის 30 მარტის განჩინებით ბ.ც–ტიას შუამდგომლობა საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე ბ.ც–ტია (პ/ნ …..) ცნობილ იქნა, 2021 წლის 22 მარტს გარდაცვლილი გ.ც–იას უფლებამონაცვლედ.
3.4.3.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის (გ.ც–იას უფლებამონაცვლე) შუამდგომლობა და საქმეზე №2ბ/5264-18, სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო, გ.ც–იას საკუთრებაში არსებული ნაკვეთის საკადასტრო კოდით …..-ის ფონდისათვის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, მოპასუხისათვის 106 883 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არსებული მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. იმავე განჩინებით ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, გ.ც–იას საკუთრებაში არსებული ნაკვეთის საკადასტრო კოდით …..-ის ფონდისათვის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, მოპასუხისათვის 106 883 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში.
3.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტებისა და ნაწილზე უარის თქმის შედეგად, შესაფასებელი იყო მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმევის შედეგად, მოპასუხის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციასა და ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნის - 34 277 ლარის დასაბუთებულობა. მოსარჩელის (ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების მესაკუთრის) განმარტებით, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (ს/კ N.......) საბაზრო ღირებულება შეადგენდა 96 125 ლარს, რის სანაცვლოდაც მოპასუხემ (ექპროპრიატორმა) შესთავაზა 61 848 ლარი. შესაბამისად, აპელანტმა/მოსაჩელემ მოითხოვა ღირებულებათა შორის სხვაობის 34 277 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
3.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია სამი ექსპერტიზის დასკვნა: 1). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 26 თებერვლის „თ.ა–ის“ შეფასების დასკვნა; 2). მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ა–ის“ შეფასება, რასაც დაეყრდნო ექსპროპრიატორი კომპენსაციის შეთავაზებისას; და 3) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განჩინების საფუძველზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2024 წლის 22 მარტს გაცემული დასკვნა. სააპელაციო სასამართლომ სამივე დასკვნის შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ გასაზიარებელია ნაწილობრივ, კერძოდ 11 407 ლარის დაკისრების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 26 თებერვლის „თ.ა–ის“ შეფასების დასკვნის მიხედვით, მიწის ნაკვეთის, მდებარე - ქ. თბილისი, სოფელი .........., ........ ქუჩა, ს/კ ...... (იგივე ს/კ №.......) - საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 96 125 ლარით, საიდანაც: მიწის ნაკვეთის ღირებულებაა - 52 650 ლარი; შემოღობვა, ჭიშკარი, სხვა გაუმჯობესებები - 23 800 ლარი; მრავალწლიანი ნარგავები - 19 675 ლარი. დასკვნაში ქონების ღირებულების შეფასების თარიღად მითითებულია 2018 წლის 27 თებერვალი, ინსპექტირების თარიღი - 2018 წლის 22 თებერვალი, დასკვნის მომზადების თარიღი - 22.02.2018 – 29.02.2018წ.
3.7. აღნიშნული დასკვნის შეფასებისთვის სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, კომპენსაციის სამართლიანობის შეფასებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ქონების ჩამორთმევის უფლების სასამართლო წესით მოპოვების დროს არსებული ექსპროპრირებული ქონების საბაზრო ღირებულებით (იხ. სუსგ-ები: №ას-1349-2019, 20.04.2022წ; №ას-599-2022, 31.03. 2023 წ.). აღნიშნული განმარტების საუფძველზე კი, საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე დავისას მხარეებმა საკუთარი პოზიციების შესაბამისად უნდა ამტკიცონ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულება სწორედ იმ პერიოდისთვის, როდესაც მოხდა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ფონდს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შესაბამისად მოსარჩელეს საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაედასტურებინა, რომ 2016 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით ქონების ღირებულება შეადგენდა 96 125 ლარს და არა მოპასუხის მიერ შეთავაზებულ 61 848.1 ლარს.
3.8. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი „თი აი ეი ჯი ა–ის“ შეფასების დასკვნა ადგენს ქონების საბაზრო ღირებულებას 2018 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, იგი ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებად წინამდებარე დავის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ ასევე განუმარტა აპელანტს, რომ დასკვნის ხარვეზი მისი შედგენის თარიღთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ იმ თარიღთან, რომელთან მიმართებითაც დადგინდა ქონების ღირებულება და რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდითაა დაშორებული ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებიდან. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სასამართლო ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას ვერ დაეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ „თ. ა–ის“ შეფასების დასკვნას.
3.9. რაც შეეხება დანარჩენ ორ დასკვნას, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ა–ის“ შეფასების თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრა 61 484,1 ლარით, საიდანაც უშუალოდ ნაკვეთის ღირებულებაა - 38 025 ლარი, ღობის - 14 660 ლარი და სასოფლო-სამეურნეო კულტურის - 9 163 ლარი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ დასკვნას არ ახლავს დასკვნის კვლევითი ნაწილი, სადაც განმარტებული უნდა იყოს, თუ რა მონაცემებს დაეყრდნო ექსპერტი კონკრეტული ღირებულებების დადგენისას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ ქონების მახასიათებლებსა და მათ ღირებულებებს, თუმცა, რა პრინციპით მოხდა ამ თანხების დადგენა, რა ობიექტები გამოიყენა ექსპერტმა შესადარებლად, რა წყაროებს დაეყრდნო ფასის განსაზღვრისას, დოკუმენტიდან არ დგინდება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი ვერ აღწევს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის“ შესახებ საქართველოს კანონით ექსპერტიზის დასკვნისთვის გათვალისწინებულ სტანდარტს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეფასების დოკუმენტი არ იძლევა სასამართლოს მხრიდან მისი გამოკვლევისა და სადავო საკითხთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
3.10. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2024 წლის 22 მარტის დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრა 67 972 ლარით, საიდანაც უშუალოდ ნაკვეთის ღირებულებაა - 45 045 ლარი, ღობის და ჭიშკრის - 9 377 ლარი და მრავალწლიანი ნარგავების - 13 550 ლარი. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ კვლევისთვის ექსპერტების მიერ მოძიებული იქნა შესაფასებელი მიწის ნაკვეთის რამოდენიმე შესადარებელი ობიექტი, რომლებიც განთავსებულია ახლომდებარე ტერიტორიებზე, დაკორექტირდა სხვადასხვა შედარების ელემენტზე და მიღებული იქნა საბოლოო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტისგან განსხვავებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის კვლევით ნაწილში დეტალურადაა განხილული ის მონაცემები, კერძოდ შესადარებელი ობიექტები, ღირებულების კორექტირების საფუძველი და ა.შ., რასაც დაეყრდნო ექსპერტი საბაზრო ღირებულების დადგენისას. ასევე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ დასკვნის კვლევითი ნაწილის მიმართ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია მხარეთა მიერ დაფიქსირებული არ ყოფილა.
3.11. ზემოაღნიშნული დასკვნებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შეფასება სამივე დასკვნის შემთხვევაში შედგებოდა სამი კომპონენტისგან, კერძოდ - თავად ნაკვეთის ღირებულება, მასზე მოწყობილი ღობისა და ჭიშკრის ღირებულება, რაც წარმოადგენს ნაკვეთის გაუმჯობესებას და ნაკვეთზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავების ღირებულებას. თითოეული ხსენებული კომპონენტის ღირებულება სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით ცალ-ცალკე შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ, პირველ რიგში, მიუთითა, რომ, როგორც ზემოთ იქნა განმარტებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას სასამართლო ვერ დაეყრდნობოდა მისი მონაცემების დროში აცდენის გამო. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შეფასებას, აღნიშნული შეფასება გასაზიარებელია მხოლოდ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ღობისა და ჭიშკრის ღირებულების - 14 660 ლარის ნაწილში, ვინაიდან სამოქალაქო სამართალწარმოების სახელმძღვანელო, შეჯიბრებითობის პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, მე-4 მუხლი) ადგენს, რომ მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. გამომდინარე იქიდან, რომ თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ღობისა და ჭიშკრის ღირებულება შეადგენს 14 660 ლარს, რასაც, ლოგიკურად, ეთანხმება მოპასუხეც, სასამართლო, სხვა მტკიცებულების ფარგლებში, თავისი ინიციატივით, აღნიშნულზე ნაკლებ ოდენობას ვერ დაადგენს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი და არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები. შესაბამისად, თავად ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად დადგენილ ოდენობაზე ნაკლებ ღირებულებას ვერც სასამართლო დაადგენს და ვერც ექსპროპრიატორი შესთავაზებს ქონების მესაკუთრეს.
3.12. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამ ელემენტების კუთხით გასაზიარებელია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2024 წლის 22 მარტის დასკვნით დადგენილი ღირებულებები, ვინაიდან ეს უკანასკნელი იძლევა საკითხის კვლევის დეტალურ აღწერას, მასში თვალსაჩინოდაა მითითებული ის ობიექტური მონაცემები, რასაც დაეყრდნო ექსპერტი დასკვნის მიღებისას და რაიმე დასაბუთებული პრეტენზია დასკვნის კვლევითი ნაწილის მიმართ დაფიქსირებული არ ყოფილა. შესაბამისად, ხსენებულ ნაწილში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2024 წლის 22 მარტის დასკვნას უნდა მიენიჭოს უპირატესობა. ამდენად, დადგენილ იქნა რომ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 45 045 ლარს, ხოლო მრავალწლიანი ნარგავების - 13 550 ლარს.
3.13. ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული და ფონდის მიერ ექსპროპრიაციის პროცედურის ფარგლებში ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენდა - 73 255 ლარს, საიდანაც მიწის ნაკვეთის ღირებულებაა - 45 045 ლარი, მასზე განთავსებული ღობისა და ჭიშკრის - 14 660 ლარი, ხოლო მრავალწლიანი ნარგავების - 13 550 ლარი. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისგან კომპენსაციის სახით მიღებული აქვს 61 848 ლარი, შესაბამისად სხვაობა ქონების საბაზრო ღირებულებასა და კომპენსაციას შორის შეადგენს 11 407 ლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
3.14. სააპელაციო სასამართლომ ასევე შეაფასა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა: „რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მესაკუთრემ ფონდის სარჩელი ქონების ჩამორთმევის შესახებ ცნო, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ასევე ნიშნავს ქონების ღირებულებაზე დათანხმებასაც“. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ფონდის განცხადების ფარგლებში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება, რაც არ მოიცავს საექსპროპრიაციო ქონების მესაკუთრისთვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობის დადგენას. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს განცხადებით ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად დგინდება, რომ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება და კომპენსაციის ოდენობის თაობაზე დავა სრულიად განსხვავებული სამართალწარმოებებია, კერძოდ, პირველი განიხილება განცხადების წარდგენის გზით სპეციალური საპროცესო რეჟიმით, ხოლო მეორე საერთო სასარჩელო წესით. შესაბამისად, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე ექსპროპრიატორის განცხადების ცნობით დაუშვებელია ირიბად იმ დასკვნის გაკეთება, რომ ქონების მესაკუთრე დაეთანხმა კომპენსაციის ოდენობასაც.
3.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მესაკუთრის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე ნაწილობრივ გასაზიარებელია, კერძოდ დადგინდა, რომ არსებობს სხვაობა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულებასა და მოპასუხე ექსპროპრიატორის მიერ მესაკუთრისთვის გადახდილ კომპენსაციას შორის. აღნიშნული სხვაობა შეადგენს 11 407 ლარს, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხე ფონდმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მესაკუთრის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
4.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ფონდმა მესაკუთრის ინტერესზე მორგებით, საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის გათვალისწინებით შეაფასა საექსპროპრიაციო ქონება. შესაბამისად, შპს „ა–ის“ დასკვნა შედგენილია საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო სტანდარტების სრულად გათვალისწინებით.
4.3. კასატორის პრეტენზიის თანახმად, საექსპროპრიაცო ქონების შეფასება მოიცავს უძრავი ქონების დეტალურ აღწერას (ინვენტარიზაცია, რისგან შედგება ქონება, არის თუ არა შენობა-ნაგებობები, ნარგავები და ა.შ.) და არა ქონების შეფასების ნაწილს. შპს „ა–ის“ დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი ქონება, მიწის ნაკვეთის ფართი, შენებისა და ამ მიწის ნაკვეთზე მცენარეების რაოდენობა, სახეობები. ამასთან, მოსარჩელეს ქონების ინვენტარიზაციის ნაწილში პრეტენზია არ გამოუთქვამს და არ არის სადავო.
4.4. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, შპს „ა–ის“ დასკვნა არის იმ პერიოდის, როდესაც ქონება დაექვემდებარა ექსპროპრიაციას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა კი, მათალია, ექპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების პერიოდის გათვალისწინებით არის შედგენილი, თუმცა - 7 წლის შემდეგ. შესაბამისად, კასატორის მიერ წარმოდგენილი დასკვნა უფრო ზუსტია, ვიდრე 7 წლის შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ქონება შეფასდა ისე, რომ ის რეალურად აღარ არსებობდა პირვანდელი სახით. შესაბამისად, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისთვის უპირატესობის მინიჭებას.
4.5. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით დანიშნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზა, რითაც დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.
4.6. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შპს „ა–ის“ დასკვნა მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ღობისა და ჭიშკრის ღირებულების ნაწილში, შესაბამისად, ამ გზით სააპელაციო სასამართლომ აღიარა აღნიშნული დასკვნა ქონების შეფასებასთან დაკავშირებით. მოპასუხის განმარტებით, როდესაც სასამართლო საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრისთვის იყენებს მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნიდან ქონების შეფასებას, ნიშნავს, რომ სრულად იზიარებს აღნიშნულ დასკვნას, შესაბამისად, სასამართლოს ინიციატივით, დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა არ არსებობდა.
4.7. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ არასწორად განმარტა საკომპენსაციო თანხის მნიშვნელობა, კერძოდ საკომპენსაციო თანხა მოიცავს ექსპროპრირებული ქონების სრულ ღირებულებას, რომლის ფასიც დგინდება ექსპერტიზის დასკვნით, შეფასებული ქონების სრული ღირებულებიდან გამომდინარე და არა - ცალკეული ნაწილის ღირებულებიდან.
4.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
7. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-592-2019, 14.07.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-940-2021, 1.12.2021წ; N ას-1152-2021, 31.01.2022წ; N ას-1349-2019, 20.04.2022წ; N ას-688-2022, 20.09.2022წ; N ას-879-2021, 27.10.2022წ; N ას-879-2021, 27.10.2022წ; N ას-796-2022, 24.11.2022წ; N ას-681-2023, 7.07.2023წ.).
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
9. სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, სასამართლომ უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არცერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება (იხ. სუსგ №ას-579-554-2016, 28.12.2016 წ.).
10. ექსპროპრიაციისას ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის განსაზღვრისას სასამართლო არ არის შებოჭილი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებით, არამედ სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით უნდა მიიღოს მხარეთა პოზიციები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები და საბოლოოდ, მტკიცებულებათა ერთობლივი შესწავლით განსაზღვროს ქონების სამართლიანი ღირებულება (სუსგ N ას-592-2019, 30.06.2021წ.).
11. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას, იგი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით. ამ შემთხვევაშიც სსსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, მოქმედებს მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების პრინციპი. სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევ მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტის დასკვნის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია მთელ რიგ პროცედურულ ასპექტებზე, კერძოდ, სწორად გაიგო თუ არა ექსპერტმა დასმული კითხვა და რამდენად სწორად არის ეს გადმოცემული მის დასკვნაში; რამდენად სწორ საფუძვლებსა და წინაპირობებს ეყრდნობა ექსპერტი; მოყვანილია თუ არა დასკვნაში ის ხერხები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის შედეგებამდე; იყო თუ არა გამოსაკვლევი მასალა (ნიმუში) საკმარისი; არის თუ არა გასაგები დასკვნის შედეგი. ამასთან, ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122.)
12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების არასათანადოდ შეფასებისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნის სააპელაციო სასამართლოს მიერ უპირატესად არამართლზომიერად გაზიარების შესახებ, დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიას არ შეიცავს. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონედ, კასატორმა ვერ შეძლო კვალიფიციური შედავება აღნიშნული დასკვნის სისწორის ეჭვქვეშ დასაყენებლად.
13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად იზიარებს სააპელაციო სასამართლოსშეფასებას, რომ შპს „ა–ის“ დასკვნას, რომლითაც განისაზღვრა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ღირებულება არის 61 484.1 ლარი (საიდანაც უშუალოდ ნაკვეთის ღირებულებაა 38025 ლარი, ღობის 14660 ლარი და სასოფლო-სამეურნეო კულტურის 9163 ლარი) არ ახლავს კვლევითი ნაწილი, სადაც განმარტებული უნდა იყოს, თუ რა მონაცემებს დაეყრდნო ექსპერტი კონკრეტული ღირებულებების დადგენისას. წარმოდგენილი დასკვნა შეიცავს მხოლოდ ქონების მახასიათებლებსა და მათი ღირებულებებს, თუმცა, რა პირინციპით მოხდა თანხების დადგენა, რა ობიექტები გამოიყენა ექსპერტმა შესადარებლად, რა წყაროებს დაეყრდნო ფასის განსაზღვრისას, დოკუმენტიდან არ დგინდება. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ვერ აღწევს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის“ შესახებ საქართველოს კანონით ექსპერტიზის დასკვნისთვის გათვალისწინებულ სტანდარტს.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის“ შესახებ საქართველოს კანონი ექსპროპრიატორის მხრიდან სწორედაც რომ საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას მოითხოვს, კომპენსაცია იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი (შეად. სუსგ-ებს: Nას-1152-2021, 31.01.2022წ.; Nას-681-2023, 7.07.2023წ). აღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოიტანოს კონკრეტული დასკვნები.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2024 წლის 22 მარტის დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრა 67 972 ლარით, საიდანაც უშუალოდ ნაკვეთის ღირებულებაა - 45 045 ლარი, ღობის და ჭიშკრის - 9 377 ლარი და მრავალწლიანი ნარგავების - 13 550 ლარი.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ კვლევისთვის ექსპერტების მიერ მოძიებული იქნა შესაფასებელი მიწის ნაკვეთის რამოდენიმე შესადარებელი ობიექტი, რომლებიც განთავსებულია ახლომდებარე ტერიტორიებზე, დაკორექტირდა სხვადასხვა შედარების ელემენტზე და მიღებული იქნა საბოლოო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისგან განსხვავებით, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის კვლევით ნაწილში დეტალურადაა განხილული მონაცემები, კერძოდ შესადარებელი ობიექტები, ღირებულების კორექტირების საფუძველი და ა.შ., რასაც დაეყრდნო ექსპერტი საბაზრო ღირებულების დადგენისას.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შეფასება სამივე დასკვნის შემთხვევაში შედგებოდა სამი კომპონენტისგან - ნაკვეთის ღირებულება, მასზე მოწყობილი ღობისა და ჭიშკრის ღირებულება, რაც წარმოადგენს ნაკვეთის გაუმჯობესებას და ნაკვეთზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება. სააპელაციო სასამართლომ თითოეული კომპონენტის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე სათითაოდ შეაფასა.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მონაცემები დროში აცდენილი იყო და არ არის გასაზიარებელი, მოპასუხის დასკვნასთან დაკავშრებით კი განმარტა, რომ შეფასება გასაზიარებელი იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ღობის და ჭიშკრის ღირებულების 14 660 ლარის ნაწილში, ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თავად მოპასუხის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ღობის და ჭიშკრის ღირებულებაა 14660 ლარი, შესაბამისად, სავსებით მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ, სხვა მტკიცებულებების ფარგლებში, სასამართლო თავისი ინიციატივით აღნიშნულზე ნაკლებ ოდენობას ვერ დაადგენდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ განამრტებასაც, რომ “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი და არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები. შესაბამისად თავად ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედგად დადგენილ ოდენობაზე ნაკლებ ღირებულებას ვერც სასამართლო დაადგენს და ვერც ექსპროპრიატორი შესთავაზებს ქონების მესაკუთრებს. სწორედ ამიტომ არის განსაზღვრული სასამართლოსეული კონტროლი სპეციალური კანონით, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონით განსაზღვრული წინაპირობა შესრულდეს და მესაკუთრემ მიიღოს კომპენსაცია, რომელიც დააბალანსებს მისი, როგორც კერძო პირის, უფლების შეზღუდვას საჯარო ინტერესის-აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების გათვალისწინებით - სასარგებლოდ.
19. საკასაციო სასამართლო ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების საბაზრო ღირებულების შეფასებას, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 22 მარტის დასკვნით დადგენილი ღირებულებები, ვინაიდან აღნიშნულ დასკვნაში მითითებული იყო კვლევის დეტალური აღწერა, ობიექტური მონაცემები, რომელსაც დაეყრდნო ექსპერტი დასკვნის მიღებისას, რომლის საპირწონედ მოპასუხეს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სავსებით საფუძვლიანად მიანიჭა უპირატესობა 2024 წლის 22 მარტის დასკვნას და დაადგინა, რომ ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის ღირებულება არის 45 045 ლარი, ხოლო მრავალწლიანი ნარგავების 13 550 ლარი.
20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა ზოგადი ხასიათისაა, იგი კონკურენციას ვერ გაუწევს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2024 წლის 22 მარტის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იძლევა სადავო უძრავი ქონების მახასიათებლების დეტალურ აღწერასა და შეფასებას.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული და ფონდის მიერ ექსპროპრიაციის პროცედურის ფარგლებში ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენდა - 73 255 ლარს, საიდანაც მიწის ნაკვეთის ღირებულებაა - 45 045 ლარი, მასზე განთავსებული ღობისა და ჭიშკრის - 14 660 ლარი, ხოლო მრავალწლიანი ნარგავების - 13 550 ლარი. უდაოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისგან კომპენსაციის სახით მიღებული აქვს 61 848 ლარი, შესაბამისად სხვაობა ქონების საბაზრო ღირებულებასა და კომპენსაციას შორის შეადგენს 11 407 ლარს, რაც მართებულად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
22. სადავო არაა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც, განსახილველი სამართალურთიერთობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მის საფუძველზე მიღებული სპეციალური კანონის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. ამ ნორმატიული აქტების თანახმად, საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (შეად. სუსგ-ას N ას-727-695-2014; 15.07.2016 წ.).
23. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველი დავაც სწორედ ამ ნორმის დისპოზიციაში დეკლარირებულ შემთხვევას წარმოადგენს, რამდენადაც ჩამორთმეული ქონების ყოფილი მესაკუთრე არ ეთანხმება ექსპროპრიატორის მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის ოდენობას.
24. საქართველოს კონსტიტუციისა და მის საფუძველზე მიღებული სპეციალური კანონის თანახმად, ექსპროპრიაცია გამართლებულია მხოლოდ სამართლიანი და გონივრული კომპენსაციის სანაცვლოდ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხეს არ წარმოუდგენია დასაშვები მტკიცებულებები, რომლებიც გადასწონის და გააქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და, მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მოპასუხის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობას განაპირობებს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქონების არა მარტო არსებული დანიშნულების მიხედვით გამოყენების შესაძლებლობა, არამედ ქონების პოტენციური გამოყენების შესაძლებლობაც, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ქონების ჩამორთმევა საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს და დაცულია ევროპული კონვენციის N 1 დამატებითი ოქმით. საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი სამ ნაწილად გაჰყო. საქმეში „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: „მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნას პირველ ნორმასთან ერთად“. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციითა და სპეციალური კანონის საფუძველზე, ცხადია, სახელმწიფოს აქვს უფლება, შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. სახელმწიფოს ასევე შეუძლია, უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს განმარტავს, როგორც სამი კონკრეტული წესის მომცველს. ეს სამი წესია: ა) ქონებით მშვიდობიანად სარგებლობის პრინციპი (პირველი ნაწილის პირველი წინადადება); ბ) ქონების ჩამორთმევა (პირველი ნაწილის მეორე წინადადება); გ) ქონებით სარგებლობის კონტროლი (მეორე ნაწილი), თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაცია იქნეს გაცემული (შეად. სუსგ-ებს: N ას- 804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ.).
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81), შესაბამისად, მოცმეული საქმის იურიდიული შედეგისთვის უმნიშვნელო საკასაციო შედავებაზე საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს.
26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები კანონიერი, დასაბუთებული და ანალოგიურ დავებზე საკასაციო სასამართლოს განმარტებების შესატყვისია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდს (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს #07234 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 570.35 ლარის 70% - 399.24 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე