საქმე №ას-1293-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ.გ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჭ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და თ.ჭ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.გ–ძის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი თ.ჭ–ძის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან პირველი მოპასუხე) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; მეორე მოსარჩელის სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის, 2020 წლის 2 სექტემბერს, გაფორმებული უძრავი ნივთის მდებარე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........., დაზუსტებული ფართობი: 1500.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი #1, განაშენიანების ფართობი 169 კვ.მ., ს/კ ........, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება; დანარჩენ ნაწილში მეორე მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მეორე მოსარჩელე ცხოვრობს თბილისში. მას ესაჭიროებოდა თანხა და სესხის აღების მიზნით მოიძია და დაუკავშირდა სესხის გამცემ პირს პირველ მოსარჩელეს, რომელსაც შეხვდა ნოტარიუს მ.დ–ის ბიუროში, სადაც 2020 წლის 2 სექტემბერს, გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის საგანი: ქ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ..........., 31-ე ქუჩაზე N16 დაზუსტებული ფართობი: 1500.00 კვ.მ შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1 განაშენიანების ფართობი 169 კვ.მ N....საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, ხელშეკრულების საგნის ნასყიდობის და მისი გამოსყიდვის ფასი - 7000 აშშ დოლარი, ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის საბოლოო თარიღი - 2021 წლის 2 მარტი;
3.2. სადავო უძრავი ქონება, 2020 წლის 2 სექტემბერს, საჯარო რეესტრში პირველი მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება;
3.3. სადავო უძრავი ქონება მეორე მოსარჩელის მფლობელობაშია და მას ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ფლობა არ შეუწყვეტია;
3.4. მხარეთა შორის არ არის სადავო და მხარეები ადასტურებენ, რომ სადავო უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ 7 000 აშშ დოლარს აღემატება;
3.5. რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მთავარ სხდომებზე მეორე მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მას არ სურდა მამაპაპისეული სახლის და ეზოს გაყიდვა, ხოლო, პირველმა მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა, რომ უძრავი ქონება იყო სესხის სახით მიცემული თანხის უზრუნველყოფის საშუალება (ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის სხდომის ოქმი, 15:44:10, 16:06:49, 16:07:03, 16:07:51), მართალია, მან მოგვიანებით განმარტა, რომ მხარეებს შორის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ აღნიშნული განმარტება მხოლოდ იმ გარემოებას ადასტურებს, რომ მეორე მოსარჩელე პირველ მოსარჩელეს დაუკავშირდა, როგორც სესხის გამცემ სუბიექტს და არა როგორც უძრავი ქონების შემძენს;
3.6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეთა ნება მიმართული იყო არა ნასყიდობის, არამედ სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობისკენ და მეორე მოსარჩელის განმარტებით, მეორე მოპასუხემ მას უშუალოდ გადასცა სესხი 5 500 აშშ დოლარი, ამ გარემოების გამომრიცხველ ფაქტზე მეორე მოპასუხემ ვერ მიუთითა და განმარტა, რომ არ ახსოვს რა ოდენობის თანხა გადასცა. მხარეთა ნამდვილ ნებას (მოლოდინს) სესხის სახით თანხის გაცემა-მიღება, დაბრუნება და სარგებლის მიღება წარმოადგენდა და არა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც სესხის გამცემს არც კი უნახავს, მხოლოდ ამ ქონების (როგორც სესხის უზრუნველყოფის საშუალების) მახასიათებლებისა და სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებით (საჯარო რეესტრის ამონაწერის ნახვით) დაკმაყოფილდა თანხის გაცემისას.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მეორე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 56-ე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)) და 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლებიდან, ხოლო, პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 170.1-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172.1-ე (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
5. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამ ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ გარიგებებში მხარეთა მიერ გამოხატული ნებაც გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს. ცხადია, რომ „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
6. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 56-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ თუ მოჩვენებითი გარიგების დროს მისი ბათილობის საკითხი წყდება მხარეთა ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებით, თვალთმაქცური გარიგებისას გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ბათილი, ასევე - ნამდვილი. რა სახისაც არ უნდა იყოს დაფარული გარიგება, თვალთმაქცური გარიგება მაინც უნდა ჩაითვალოს ბათილად, ხოლო თუ დაფარული გარიგება ნამდვილია, მაშინ იგი დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს.
7. უდავოა, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამომვლენი სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა, შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად აქვთ. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება.
8. მხარეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული განმარტებებით დადგენილია, რომ მეორე მოსარჩელე ცხოვრობს თბილისში. მას ესაჭიროებოდა თანხა და გადაწყვიტა სესხის აღება. ამ მიზნით, დაუკავშირდა სესხის გამცემ პირს - პირველ მოსარჩელეს, რომელსაც შეხვდა სანოტარო ბიუროში, სადაც მხარეებმა სესხად მიღებული თანხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით. მხარეთა შორის დადებული ამ გარიგების რეალურ მიზანს თანხის სესხად მიღება წარმოადგენდა. მეორე მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ხელზე მიიღო 5 500 აშშ დოლარი და პირველი მოსარჩელისათვის, 6 თვის პროცენტთან ერთად, 7 000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა. მეორე მოპასუხემ განმარტა, რომ მეორე მოსარჩელეს არ იცნობს, მასთან დააკავშირეს, როგორც სესხის მაძიებელ პირთან, სესხად გადასცა თანხა (თუმცა რა რაოდენობის, ვერ ასახელებს) და მხარეებს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით, 7 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულების უზრუნველსაყოფად. მეორე მოსარჩელემ ნოტარიუსის განმარტების საფუძველზე იცოდა, რომ იგი დაკარგავდა საკუთრების უფლებას გამოსყიდვის უფლებით გაყიდულ სახლზე, თუ თანხას 6 თვის ვადაში ვერ დააბრუნებდა.
9. მეორე მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიერ დადებულ გარიგებებში ნასყიდობის ნება არ გამოუვლენია. გარიგების საგანი იყო თანხა და არა უძრავი ქონება, რომელიც მის მამაპაპისეულ ქონებას წარმოადგენს და რომლის ღირებულება მიღებული თანხის ოდენობას აღემატებოდა. მის მიერ რეალურად, 6 თვის ვადით დაიდო უძრავი ნივთით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, რომლის ღირებულება შეადგენდა პირველი მოსარჩელისათვის ხელზე გადაცემულ 5 500 აშშ დოლარს და 6 თვის ერთიან სარგებელს 1 500 აშშ დოლარს, გამოსყიდვის ღირებულებად კი მიეთითა ძირითადი თანხისა და სარგებლის ჯამი 7000 აშშ დოლარი. თუმცა, მან 6 თვეში თანხის დაბრუნება ვერ მოახერხა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში კი პირველმა მოსარჩელემ მის მიმართ სარჩელი აღძრა ქონებიდან გამოსახლების მოთხოვნით.
10. მეორე მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პირველმა მოსარჩელემაც დაადასტურა რაიონული სასამართლოს სხდომაზე. ნოტარიუსის განმარტებით მსესხებლისთვის ცნობილი იყო, რომ თუ თანხას არ დააბრუნებდა ქონებას დაკარგავდა. აღნიშნული ფაქტები თანხვედრაშია ნოტარიუს მ.დ–ის მიერ დამოწმებული ხელშეკრულების შინაარსთანაც.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნისა და მისი განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, სწორედ მეორე მოპასუხის საპროცესო ვალდებულებას წამოადგენდა სარწმუნოდ მიეთითებინა და დაედასტურებინა მეორე მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლებისაგან განსხვავებული გარემოებების არსებობა. მეორე მოპასუხემ კი მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით, სანოტარო წესითაა დამოწმებული. მეორე მოპასუხის მსჯელობა ძირითადად გამომდინარეობს სსკ-ის 477-ე მუხლიდან. მითითებული ნორმის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება, მყიდველი კი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს. ეს კარგად ჩანს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებშიც, კერძოდ: სსკ-ის 511-ე და 512-ე მუხლების განმარტების საფუძველზე ირკვევა, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს, ნივთი გადადის მყიდველის მფლობელობაში, ე.ი. ამ გარიგების დადებისას შემძენის ინტერესი სწორედ ქონების დაუფლება და, გარიგების პერიოდში, ქონებით სარგებლობაა ამიტომ, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება ჩვეულებრივ, ხანგრძლივი დროით იდება. სსკ-ის 514-ე მუხლით გამოსყიდვის უფლების განხორციელების მაქსიმალური ვადაც (10 წელი) კი არის დაწესებული. ის რომ გამოსყიდვის უფლებით ნივთის შეძენისას მხარეთა ინტერესი სწორედ განკარგული ქონებისკენ არის მიმართული, ჩანს სსკ-ის 510-ე მუხლიდანაც, რომლის თანახმად, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ეს ნიშნავს, რომ კანონის შესაბამისად, ნასყიდობის საფასურად გადახდილ თანხაზე გამყიდველს თანხის დარიცხვის მოთხოვნის უფლება არა აქვს, რადგან, ამ შემთხვევაში, გარიგების საგანია არა თანხა, არამედ ქონება, რომლითაც მყიდველს უფლება აქვს, ისარგებლოს გამოსყიდვის ვადაში.
12. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმებიდან ნათლად ჩანს, რომ სესხის ხელშეკრულება მიმართულია ფულის ან გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემისაკენ სასყიდლით ან უსასყიდლოდ, ე.ი. ამ გარიგების ობიექტი სწორედ ის ფული ან გვაროვნული ნივთია, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე მეორეს გადასცემს და მხარეთა ინტერესიც სწორედ აქეთკენაა მიმართული.
13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების მხარეები გარიგების სხვა შინაარსზე შეთანხმდნენ და უძრავი ქონების შეძენა-გასხვისებას მიზნად არ ისახავდნენ. ამ მსჯელობის დასაბუთებისათვის სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება: გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოკლე - 6 თვის ვადით; ნასყიდობის თანხის გამყიდველისათვის გადაცემისას გადახდილი თანხა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე გამოსყიდვის საფასური, რაც სსკ-ის 510 მუხლით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება; მეორე მოსარჩელეს არ გადაუცია და მეორე მეორე მოპასუხეს არ მიუღია შეძენილი უძრავი ნივთი; ამასთან, გასათვალისწინებელია ხელშეკრულების საგნის ღირებულებაც.
14. ამდენად, 2020 წლის 2 სექტემბრის გარიგებით არ დგინდება, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო, ერთი მხრივ, მეორე მოსარჩელის მიერ ქონებაზე საკუთრების დაკარგვისაკენ და, მეორე მხრივ, ამ ქონებაზე მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობისაკენ.
15. შესაბამისად, დასაბუთებულია მეორე მოსარჩელის პოზიცია, რომ სინამდვილეში, მხარეთა შორის დაიდო სესხისა და მისი ქონებით უზრუნველყოფის ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა 7000 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხად აღებულ თანხას, მეორე მოპასუხის მიერ მისაღებ სარგებელთან ერთად, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სესხისა და მისი უძრავი ნივთით უზრუნველყოფის ხელშეკრულება.
16. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (სუსგ №ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.).
17. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის, გაფორმებული ”გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით” დაიფარა სესხისა და მისი უძრავი ნივთით უზრუნველყოფის ხელშეკრულება, სსკ-ის 56.2-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია, რაც სწორად დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
18. სსკ-ში, 2018 წლის 21 ივლისის შემდეგ, განხორციელებული ცვლილებებითა და ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესის გათვალისწინებით, დადგინდა ზღვარი, რომლის ფარგლებშიც სესხი მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს (სსკ-ის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილი). აიკრძალა ფიზიკურ პირებს შორის სასესხო ურთიერთობა, თუ სესხის უზრუნველყოფის საგანი უძრავ ნივთს წარმოადგენდა (რაც ცხადია საცხოვრისის დაკარგვით გამოწვეული მწვავე სოციალურ მოვლენათა პრევენციით იყო განპირობებული) (სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი). თუმცა, მოგვიანებით, დაშვებულ იქნა მხოლოდ ისეთი იპოთეკური სესხი, თუ მისი მიზანია, სესხის გამცემის მიერ იპოთეკაში ჩადებულ უძრავ ნივთში ცხოვრება (ე.წ. „დაგირავება’’) (სსკ-ის 286.6-ე მუხლი).
19. აღნიშნული ცვლილებების შედეგად შეიზღუდა როგორც სესხის გამცემი ფიზიკური პირების, ასევე, სესხზე მოთხოვნის მქონე მოქალაქეთა შესაძლებლობები სესხის გაცემა-მიღებაზე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებმა, ზემოაღნიშნული შეზღუდვის დასაძლევად, დაიწყეს გამოსავლის ძიება და შედეგად, გამსესხებელი მსესხებელთან აფორმებდა არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას (რაც კანონით აკრძალული იყო), არამედ - ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ ასეთი გამოსავალი მოძებნეს განსახილველი დავის მხარეებმა, რაც ვერ ჩაითვლება კანონის შესაბამისად დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებად გამოსყიდვის უფლებით, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება, მათ მიერ გამოყენებულია, სესხთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით და რეალურად უძრავი ქონების შეძენის მიზანს არ ემსახურებოდა.
20. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თავისთავად, ხელშეკრულება „ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით’’ კანონით გათვალისწინებული გარიგების ერთერთი სახეა, რომელიც გულისხმობს ქონების გაყიდვას იმ პირობით, რომ გარკვეული დროის შემდეგ უკანვე შეძენის შესაძლებლობას აძლევს გამყიდველს. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა იგი გამოყენებულია კანონით გათვალისწინებული შეზღუდვის დაძლევის მიზნით, მიიჩნევა, რომ ამ გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, რის გამოც იგი თვალთმაქცურია, ბათილია და არ წარმოშობს იურიდიულ შედეგებს.
21. რაც შეეხება დაფარული გარიგების (სესხის) დადგენის შესახებ, მეორე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და განმარტა, რომ დაფარული გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს, როდესაც დაფარული (სესხის) გარიგება ნამდვილია. თვალთმაქცური გარიგების ბათილობა ავტომატურად არ იწვევს დაფარული გარიგების ნამდვილობას. მართალია მხარეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულება ბათილია, როგორც თვალთმაქცური, თუმცა, არ არსებობს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების ურთიერთობის დადგენის სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში თანხის გაცემა მოხდა აშშ დოლარით. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გამოსასყიდი ღირებულება შეადგენდა 7000 აშშ დოლარს, შესაბამისად, მსესხებლის მთლიანი ვალდებულება არ აღემატება 200 000 ლარს, შესაბამისად სესხის გამცემს კანონი (საჯარო წესრიგი) ავალდებულებდა სესხი ეროვნულ ვალუტაში - ლარში გაეცა. ვინაიდან გამსესხებელმა სესხის თანხა დოლარით გასცა, დაფარული (სესხის) გარიგება ეწინააღმდეგება კანონს და ბათილია სსკ-ის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და ამავე კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე.
22. პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამ მოთხოვნის საფუძვლიანობისთვის აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები - მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; - მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; - მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
23. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელს პირველი მოპასუხე შეედავა სადავო ნივთზე პირველი მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით, რაც უძრავი ქონების პირველი მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის საფუძველი გახდა და დაამტკიცა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით მოჩვენებით დადებული გარიგებაა, რის გამოც იგი ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად საფუძველი გამოეცალა პირველი მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას და აღარ არსებობს მისი საკუთრების უფლება ნივთზე - მდებარე ზესტაფონი, სოფელი ......... N16 ს/კ ......... შესაბამისად, ვინაიდან დამტკიცდა რეესტრის ჩანაწერების უზუსტობა, აღარ არსებობს სავინდიკაციო სარჩელის საფუძვლიანობის პირველი წინაპირობა - პირველი მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ნივთის მესაკუთრეს. შესაბამისად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მართებულად ეთქვა უარი პირველ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
24.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი სარჩელის დაკმაყოფილება და მეორე სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
24.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ, საქმეში არსებული წერილობითი მასალების არსებობის მიუხედავად დადგენილად არ მიიჩნია ფაქტი იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა არა სასესხო ურთიერთობა, არამედ მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებული ურთიერთობა. სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს თითქოს მეორე მოსარჩელეს ქონების გაყიდვის სურვილი არ ჰქონია და სინამდვილეში მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა. სასამართლომ არ იმსჯელა მეორე მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ თითქოს იგი პირველ მოსარჩელეს უხდიდა პროცენტებს, თუმცა, ამის დასტურად მან ვერც ერთი წერილობითი მტკიცებულება ვერ წარადგინა;
24.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციაზე, რომელიც წარდგენილია საქმეში. აპელანტი მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო მღელვარების დროს კარგავს ფაქტებისა და მოვლენების რეალურად აღქმის შესაძლებლობას და ვერ გადმოსცემს მათ სწორად. კასატორი არის შშმ პირი, დიაგნოზით: ქალა-ტვინის ტრამვის შემდგომი ორგანული პიროვნული აშლილობა, პოსტკომატიური სინდრომი, ჯგუფი მინიჭებული აქვს უვადოდ;
24.4. გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად სასამართლო მიუთითებს მეორე მოპასუხის ნებაზე გამოსყიდვის უფლებით ქონების ყიდვასთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების ფასზე. პირველი მოსარჩელის ინტერესი ქონების ყიდვისა სწორედ ის იყო, რომ შედარებით დაბალ ფასად დარჩებოდა ქონება, თუ მას მესაკუთრე ვერ გამოისყიდდა.
24.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულად და საფუძვლიანად აქვს გამოკვლეული საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მართებულად აქვს ისინი შეფასებული სსსკ-ით გარანტირებული პრინციპების დაცვით.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს: N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგების ნამდვილობა მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენაზეა დამოკიდებული. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენა. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონებაზე საკუთრება მყიდველს გადასცეს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, რადგანაც ის გაფორმებულია წერილობით და შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მეორე მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას ქონება არ გაუყიდია და ნასყიდობის თაობაზე ნება არ გამოუვლენია. მეორე მოსარჩელის განმარტებით, მან მხოლოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ნება გამოავლინა.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს იმის თაობაზე, რომ გამოსყიდვის უფლებით მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენდა, რომლითაც სესხის ხელშეკრულება დაიფარა (სსკ-ის 56.2-ე მუხლი - თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)). ამავდროულად, ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა 2020 წლის 2 სექტემბრის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით რეალურად დაფარული სესხის ხელშეკრულება (სსკ-ის 54-ე მუხლი - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს; სსკ-ის 625.7-ე მუხლი - თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით...)- იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 და 21-ე პუნქტები.
32. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებას, რომ საქმის მასალებით დასტურდება ხელშეკრულების მხარეების მიერ გარიგების სხვა შინაარსზე შეთანხმების ფაქტი, რაც არ იყო უძრავი ქონების შეძენა-გასხვისება. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტებზე, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მცირე ვადით - 6 თვით; ნასყიდობის თანხის გამყიდველისათვის გადაცემისას გადახდილი თანხა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე გამოსყიდვის საფასური, რაც სსკ-ის 510 მუხლით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება; მეორე მოსარჩელეს არ გადაუცია, ხოლო და მეორე მეორე მოპასუხეს არ მიუღია შეძენილი უძრავი ნივთი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასათვალისწინებელია ხელშეკრულების საგნის ღირებულებაც. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია, რომ ხელშეკრულების ფასი მისი ბათილად ცნობის საფუძველია. შესაბამისად, კასატორის მტკიცებას ნასყიდობის დაბალი ფასის საფუძვლით ხელშეკრულების გაბათილების თაობაზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს.
33. ზემომითითებულ დასკვნას ამყარებს ერთი მხრივ, თვალთმაქცური და მართლსაწინააღმდეგო გარიგების მომწესრიგებელი კანონის ნორმების შინაარსი (საუბარია სსკ-ის 56.2-ე და 54-ე მუხლებზე) და, მეორე მხრივ, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებანი, რომელთა მიმართაც კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2 მუხლი). დასახელებული გარემოებების ერთობლიობა საკასაციო სასამართლოსაც უყალიბებს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ გამოსყიდვის უფლებით მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით სესხის ხელშეკრულება დაიფარა.
34. მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულება 2020 წლის 2 სექტემბერს გაფორმდა, რა დროსაც სსკ-ის 625.7-ე მუხლის შემდეგი რედაქცია მოქმედებდა - ,,თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი’’. ვინაიდან მოპასუხეებმა სესხად განსაზღვრული თანხა ეროვნული ვალუტის ნაცვლად აშშ დოლარში მიიღეს, სსკ-ის 625.7-ე მუხლის დანაწესიდან იგი ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავებით მოჩვენებითი გარიგებასაგან, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი, თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა სურთ. მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები (იხ. სუსგ-ები: N ას-694-665-2016, 31.03.2017 წ; N ას-589-2022, 18.05.2023წ; N ას-1243-2023, 17.11.2023წ; N ას-870-2022, 19.12.2023წ; N ას-1311-2023, 25.01.2024წ; N ას-1416-2023, 30.05.2024წ; N ას-644-2024, 26.07.2024წ.).
36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საფუძველი გამოეცალა პირველი მოსარჩელის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციის შესაძლებლობას, მართებულია გასაჩივრებული განჩინება პირველი სარჩელის უარყოფის თაობაზე, რადგან ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი სამი წინაპირობიდან ერთი სახეზე არ არის - მოსარჩელე არ არის უძრავი ქონების მესაკუთრე (იხ. ამ განჩინების 22-23 პუნქტები).
37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ იმსჯელებს კასატორის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც იურიდიული შედეგის თვალსაზრისით პერსპექტივა არ გააჩნია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს პირველი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. საკასაციო სასამართლოს მიერ უარყოფილია კასატორის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე