Facebook Twitter

საქმე №ას-967-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „დ.ლ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ს“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კომპენსაციის მიღება მგზავრობისას დაგვიანების გამო

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ფ–სის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი სს „დ.ლ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, ავიაკომპანია ან კასატორი) წინააღმდეგ, მგზავრობის დაგვიანების გამო კომპენსაციის მიღების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 800 ევროს ეკვივალენტის ლარში (გადახდის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით) გადახდა დაეკისრა.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანი, მგზავრობისას დაგვიანების გამო, კომპენსაციის მიღებაა. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-317-ე, 361-ე, 668-669-ე მუხლები, საქართველოს საჰაერო კოდექსი, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 17.07.2012 წ. N122 ბრძანება „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ“.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მოსარჩელე კომპანიასა და მოთხოვნის უფლების მქონე პირებს - ს.ს–სა და ა.ს–ვას შორის, 2022 წლის 27 იანვარს, მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება №03-01/27 დაიდო. ცესიის ხელშეკრულების თანახმად: „ს.ს–ი (მომხმარებელი) და ა.ს–ვა (თანამგზავრი) წინამდებარე თანხმობის აქტზე ხელის მოწერით, აცხადებენ თანხმობას ექსპლუატატორი ავიახაზის მიმართ მათი სახელით დავის წარმოების უფლების გადაცემაზე, რომლის წარმოების უფლებაც გათვალისწინებულია მგზავრთა უფლებების შესახებ ევროკავშირის 261/2004 რეგულაციით. დავა გამომდინარეობს 2019 წლის 21 სექტემბრის LH1969-LH2556 კატანია-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით რეისიდან გამომდინარე დაფიქსირებული ინციდენტიდან. დავის წარმოების უფლება გადაეცემა მოსარჩელე კომპანიას (ცესიონერი). მომხმარებელი და თანამგზავრი ადასტურებს, რომ აღნიშნული დავის წარმოების უფლება პარარელურად სხვა, მესამე პირზე არ არის გადაცემული. აქტზე ხელმომწერი მხარეები ადასტურებენ, რომ მომხმარებელი აღჭურვილია გადასცეს უფლება მოსარჩელე კომპანიას შემდგომში დაიცვას მათი საერთო უფლებები და მიიღოს ფინანსური კომპენსაცია აღნიშნულ სადავო რეისთან დაკავშირებით. მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია თანამგზავრს და გადასცეს მას აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით მისი კუთვნილი კომპენსაციის ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით“;

5.2. 2022 წლის 27 იანვრის ძირითადი ხელშეკრულების თანახმად, ეს ხელშეკრულება არის ცესიის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ცედენტი იღებს ვალდებულებას დაუთმოს ცესიონერს ავიაკომპანიის მიმართ არსებული მოთხოვნა (2019 წლის 21 სექტემბრის LH1969-LH2556 კატანია-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით განხორციელებულ რეისზე დაფიქსირებული ინციდენტი, კერძოდ, რეისი LH1969-ის 1.5 საათის დაგვიანების გამო LH2556 რეისის გამოტოვება) და ამ მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებები. ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების პირველ პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნის უფლების დათმობის ობიექტი ფინანსური კომპენსაციის თითოეულ ცედენტზე - 400 ევროს მიღებაა.

6. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შეთანხმება ს.ს–სა და ა.ს–ვას სახელით, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება არ იყო და მგზავრებმა მოსარჩელეს მხოლოდ დავის წარმოების უფლება გადასცეს. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში ცალსახად არის მითითებული, რომ აქტზე ხელმომწერი მხარეები აღჭურვილი არიან გადასცენ უფლება მოსარჩელე კომპანიას, რათა მან შემდგომში დაიცვას მათი საერთო უფლებები და აღნიშნულ სადავო რეისთან დაკავშირებით ფინანსური კომპენსაცია მიიღოს. მხარეებს შორის 2022 წლის 27 იანვარს გაფორმდა „ძირითადი ხელშეკრულება ცესიის პირობების განსაზღვრის შესახებ“, სადაც მოთხოვნის უფლების დათმობის ობიექტად ნათლად არის მითითებული კომპენსაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, ს.ს–მა და ა.ს–ვამ სასამართლოს როგორც სატელეფონო საუბრით, ისე წერილობითი განცხადებით დაუდასტურეს, რომ კომპენსაციის მიღების უფლება მოსარჩელეს დაუთმეს. მგზავრები განცხადებაში მიუთითებენ შემდეგს: ნებისმიერი ეჭვის გამორიცხვის მიზნით გიდასტურებთ, რომ ჩვენს მიერ მოხდა მატერიალური მოთხოვნის დათმობა. ჩვენს მიერ არ მომხდარა დავალების ხელშეკრულების ან მინდობილობის გაფორმება დავაზე წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ეს არის ცესია, მოთხოვნის უფლების დათმობა, რომელიც ატარებს სასყიდლიან ხასიათს. ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ მხარეების სურვილი და გამოვლენილი ნება, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი გაგებით სრულად შეესაბამება მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებას.

7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის)198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

8. მოთხოვნის დათმობის გარიგებით მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. ამ დროს ხდება კრედიტორის მდგომარეობის გადაცემა სხვა პირზე. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთსავე მდგომარეობაში გადადის ახალი კრედიტორის ხელში, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მოთხოვნა კრედიტორს ეკუთვნოდეს. მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, მოვალე მხოლოდ მაშინ იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მოვალეობას, თუ ცედენტმა ცესიონერს ნამდვილი უფლება გადასცა (იხ. სუსგ N ას-1383-2023).

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივ ურთიერთობაში დასაშვებია უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, თუ თვით მატერიალურსამართლებრივი ნორმა უფლებამონაცვლეობას არ კრძალავს.

10. სსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა).

11. აღნიშნული ნორმის თანახმად, უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. მოცემულ შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის საფუძველია 2022 წლის 27 იანვრის მოსარჩელესა და მოთხოვნის უფლების მქონე პირებს - ს.ს–სა და ა.ს–ვას შორის დადებული მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება. წარმოდგენილი ცესიის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ს.ს–ისა და ა.ს–ვას მიერ მოსარჩელე კომპანიას გადაეცა დავის წარმოების უფლება, რომელიც გამომდინარეობს 2019 წლის 21 სექტემბრის LH1969-LH2556 კატანია-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით რეისთან დაკავშირებით დაფიქსირებული ინციდენტიდან. აღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ცესიის ხელშეკრულებიდან, სსკ-ის 198-ე-199-ე მუხლების საფუძველზე, გამომდინარეობს მოთხოვნის უფლების დათმობა.

12. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს „ფ–ი“ სათანადო მოსარჩელეა და შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

12.1. მოპასუხე ავიაკომპანიას, 2019 წლის 19 სექტემბერს, უნდა უზრუნველეყო მგზავრების ს.ს–ისა და ა.ს–ვას ტრანსპორტირება/გადაყვანა კატანიიდან მიუნხენში. კატანიიდან რეისი დაგეგმილი 18:55 წუთის ნაცვლად გაფრინდა დაახლოებით 20:20 წუთზე. შესაბამისად, ადგილზე ჩავიდა დაახლოებით საათნახევრის დაგვიანებით, რის გამოც მგზავრებს დამაკავშირებელ ფრენაზე მიუნხენი-თბილისი (რეისი 2556) დააგვიანდათ;

12.2. მგზავრებს აცნობეს, რომ თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემების გამო თვითმფრინავი შეიცვალა, რამაც დაგვიანება გამოიწვია. მგზავრებს მიუნხენში თურქეთის ავიახაზების უახლოესი რეისით, 2019 წლის 22 სექტემბერს, გამოფრენა შესთავაზეს. მგზავრები საბოლოო დანიშნულების ადგილზე დაახლოებით 9 საათის დაგვიანებით ჩავიდნენ;

12.3. გამომდინარე იქედან, რომ დაგვიანება 9 საათზე მეტი, ხოლო ფრენის დისტანცია აეროპორტებს შორის 1 500 კვ.მ-ზე მეტი და 3 500 კვ.მ-ზე ნაკლები იყო, EC.261/400 რეგულაციით, თითო მგზავრს 400 ევროს კომპენსაცია ეკუთვნოდა.

13. სსკ-ი შეიცავს ნორმებს, რომლებიც საერთოა ყველა სახის გადაზიდვის ხელშეკრულებისათვის, მათ შორისაა 668-ე მუხლი, რომელიც მოიაზრებს როგორც მგზავრის გადაყვანის (ბარგის გადატანის), ისე ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების ცნებას და ვრცელდება, როგორც საჰაერო, ისე სხვა სახის ტრანსპორტით განხორციელებულ გადაყვანა-გადაზიდვის ურთიერთობებზე; აღნიშნული მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

14. საქართველოს საჰაერო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულებით გადამყვანი ვალდებულებას კისრულობს, მიიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილამდე, ხოლო თუ მგზავრი ჩააბარებს ბარგს მიიტანოს ბარგი დანიშნულების ადგილამდე და გადასცეს იგი საამისოდ უფლებამოსილ პირს. მგზავრი ვალდებულებას კისრულობს, გადაიხადოს მგზავრობისათვის დაწესებული საზღაური, ხოლო ბარგის ჩაბარების შემთხვევაში - მისი გადატანის საფასურიც. ამავე კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანის, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადაზიდვის ხელშეკრულება დასტურდება ბილეთით, საბარგო, სატვირთო ან საფოსტო ზედნადებით.

15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსესუალური ხელშეკრულებაა; მას შემდეგ, რაც მგზავრი შეიძენს მგზავრობის ბილეთს, ყოველგვარი ინდივიდუალური მოლაპარაკების გარეშე, იგი ხდება საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარე და ამ მომენტიდან ხელშეკრულების ორივე მხარეს ურთიერთკომპლექსური და შინაარსობრივად განსხვავებული უფლება-მოვალეობები წარმოეშვებათ, რომლებიც ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში წყდება გადაყვანის პროცესის დასრულებით.

16. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2019 წლის 19 სექტემბერს მოპასუხე ავიაკომპანიას მგზავრების ს.ს–ისა და ა.ს–ვას ტრანსპორტირება/გადაყვანა კატანიიდან მიუნხენში უნდა უზრუნველეყო. ამდენად, უდავოა რომ მოპასუხესა და მგზავრებს შორის არსებობდა გადაზიდვის/გადაყვანის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

17. დადგენილია, რომ კატანიიდან რეისი დაგეგმილი 18:55 წუთის ნაცვლად დაახლოებით 20:20 წუთზე გაფრინდა. შესაბამისად, ადგილზე დაახლოებით საათნახევრის დაგვიანებით ჩავიდა, რის გამოც მგზავრებს დამაკავშირებელ ფრენაზე მიუნხენი-თბილისი (რეისი 2556) დააგვიანდათ. მგზავრებს აცნობეს, რომ თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემების გამო თვითმფრინავი შეიცვალა, რამაც დაგვიანება გამოიწვია. მიუნხენში მგზავრებს თურქეთის ავიახაზების უახლოესი რეისით, 2019 წლის 22 სექტემბერს, გამოფრენა შესთავაზეს. მგზავრები საბოლოო დანიშნულების ადგილზე დაახლოებით 9 საათის დაგვიანებით ჩავიდნენ.

18. აღიარებულია, რომ საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა ხორციელდება „კარიდან კარამდე“ პრინციპით, ზუსტი რაოდენობით, ზუსტ ადგილას, ზუსტ დროში და ზუსტი ფასით“ (სატრანსპორტო-საექსპედიტორო საქმიანობის საფუძვლები, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია, გვ.147); ანუ, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაადგილება ხდება წინასწარ განსაზღვრულ ადგილას და დროში, შესაბამისად, მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულების (ბილეთის) ერთ-ერთ არსებით პირობას სწორედ მგზავრის გადაყვანის დრო და ხანგრძლივობა წარმოადგენს; აღნიშნული პირობა არსებითია და ემსახურება უპირველეს ყოვლისა მგზავრის - როგორც კომერციული საავიაციო ბაზრის მომხმარებლის ინტერესების დაცვას (სხვადასხვა მიზეზთა გამო მგზავრს, როგორც წესი, განსაკუთრებული ინტერესი აქვს დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დროსთან მიმართებით) და ასევე ზრდის გადამყვანი კომპანიების პასუხისმგებლობას, ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების თვალსაზრისით.

19. საქართველოს საჰაერო კოდექსის 75.1-ე მუხლის თანახმად, საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობები განისაზღვრება „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ 1999 წლის 28 მაისის მონრეალის კონვენციის, საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, სსკ-ისა და სააგენტოს (იგულისხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს) ნორმატიული აქტების შესაბამისად.

20. „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, 2012 წელს „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავებული იქნა ევროკავშირის N261/2004 რეგულაციაზე დაყრდნობით და ადგენს ჩამოთვლილ შემთხვევებში კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის იდენტურ პირობებს და წესს.

21. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის N122 ბრძანებით დამტკიცებული, ზემოაღნიშნული წესის მიზანია საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესისა და პირობების განსაზღვრა, მგზავრთა უფლებების დაცვა; მისი მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან სხვა ქვეყანაში საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით; მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში საქართველოს ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით (იხ. ხსენებული წესის 1.1. და 1.2. მუხლები).

22. წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია, მიაწოდოს მგზავრს ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ და შესთავაზოს მას ფრენის შეცვლის მისთვის მისაღები ვარიანტები. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მან უნდა გადაუხადოს მგზავრს კომპენსაცია (ფულადი თანხა, რომელიც ავიაგადამზიდველმა/მომსახურე ავიაგადამზიდველმა უნდა გადაუხადოს მგზავრს ამ წესის შესაბამისად საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის ან ფრენის გაუქმების შემთხვევებში) ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფრენის გაუქმება გამოწვეულია განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია საჭირო ზომების მიღების მიუხედავად.

23. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა: მართალია, „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ არ აკონკრეტებს ფრენის დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაციის გადახდის წესს, თუმცა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილი პრაქტიკის (სასამართლოს (მეოთხე პალატა) 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება - Sturgeon v Condor Flugdients GmbH და Bosk and Lepuchitz v Air Franse, გაერთიანებული საქმეები C- 402/07 და C-432/07, პარაგრაფი 61, 62.) თანახმად, რეისის 3 საათზე მეტი დროით დაგვიანება მგზავრებს ანიჭებს იგივე უფლებებს, რასაც ავიარეისის გაუქმება და ასეთ დროს კომპენსაციის გადახდა მგზავრებისათვის უნდა განხორციელდეს ფრენის გაუქმების შემთხვევისათვის გათვალისწინებული წესის მიხედვით.

24. „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის №122 ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, ფრენის გაუქმებისას მგზავრს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს დახმარება ავიაგადამზიდველისაგან/ მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან ამ წესის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად; ბ) მოითხოვოს კომპენსაცია ავიაგადამზიდველისაგან /მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ბ.ა) ავიაგადამზიდველმა/მომსახურე ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე; ბ.ბ) ავიაგადამზიდველმა/მომსახურე ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებული ფრენის თარიღამდე შვიდიდან 14 კალენდარულ დღემდე დროის მონაკვეთში და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება არა უგვიანეს ორი საათისა ბილეთში მითითებულ ფრენის დრომდე და დანიშნულების პუნქტში ჩასვლა ოთხ საათზე ნაკლები დროის დაგვიანებით ბილეთში მითითებულ ჩასვლის დროსთან შედარებით; ბ.გ) ავიაგადამზიდველმა/მომსახურე ავიაგადამზიდველმა მგზავრს მიაწოდა ინფორმაცია ფრენის გაუქმების შესახებ ბილეთში მითითებულ ფრენის თარიღამდე შვიდ კალენდარულ დღეზე ნაკლები დროით ადრე და შესთავაზა გამგზავრების ალტერნატიული ვარიანტი, რითაც მგზავრს შეეძლო სასურველი მიმართულებით გამგზავრება არა უგვიანეს ერთი საათისა ბილეთში მითითებულ ფრენის დრომდე და დანიშნულების ბოლო პუნქტში ჩასვლა არა უგვიანეს ორი საათისა ბილეთში მითითებულ ჩასვლის დროსთან შედარებით. ამავე წესის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, წესში გამოყენებულ ტერმინს „ხანგრძლივი დაგვიანება’’ ამ წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა – ფრენის დაგვიანება, რომელიც აღემატება ორ საათს.

25. „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და/ან ფრენის გაუქმებისათვის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 250,00 EUR – 1500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას; ბ) 400,00 EUR – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას; გ) 600 EUR – 3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას ( წესის 7.1. მუხლი).

26. ამავე წესის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფრენის დაგვიანება, რომელიც აღემატება ორ საათს წარმოადგენს „ხანგრძლივ დაგვიანებას,“ ხოლო წესში მითითებული მანძილი გამოიანგარიშება დიდი წრის რკალის (უმოკლესი ხაზი ორ წერტილს შორის სფეროს ზედაპირზე) შესაბამისად (მუხლი 3.10).

27. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ფრენის დაგვიანების დროისა და ფრენის დისტანციის გათვალისწინებით, თითოეული მგზავრზე - 400 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდის თაობაზე ეფუძნება სწორედ ზემოაღნიშნული წესის რეგულაციებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებელოდ 800 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა, გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, უნდა დაეკისროს.

28. რაც შეეხება მოპასუხის პრეტენზიას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ:

28.1. როგორც ევროკავშირის N261/2004 რეგულაციაში, ისე სამოქალაქო ავიაციის დირექტორის N122 ბრძანებაში, განსაზღვრულია კონკრეტული თანხები, რაც უნდა იყოს კომპენსირებადი აეროპორტებს შორის მანძილის მიხედვით (მაგალითად, 250,00 EUR – 1500 კილომეტრსა და ნაკლებ მანძილზე ფრენისას: ბ) 400,00 EUR – 1500 კილომეტრზე მეტსა და 3500 კილომეტრის ჩათვლით მანძილზე ფრენისას; გ) 600 EUR –3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას). რაც შეეხება მონრეალის კონვენციას, მასში ეს თანხები არ არის განსაზღვრული, თუ მგზავრი ფიქრობს, რომ მისი ზიანი ბევრად მეტი იყო, ვიდრე მაგალითად 400 ევრო ან 600 ევრო, ამის შემდეგ იყენებს ის მონრეალის კონვენციას, რათა დაიწყოს უფრო დიდ კომპენსირებად თანხაზე დავა სასამართლოში (4 150 სესხების სპეციალური უფლების ფარგლებში - მონრეალის კონვენცია 22.1 მუხლი) ვიდრე ეს მოცემულია სამოქალაქო ავიაციის დირექტორის N122 ბრძანებაში და ევროკავშირის N261/2004 რეგულაციაში;

28.2. ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის 8.2 პუნქტის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს N261/2004 რეგულაციის გამოყენების მიზნებს, ეროვნულ სასამართლოებში სარჩელის აღძვრის საკითხი ექვემდებარება თითოეული წევრი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადას. აღნიშნული ხაზგასმით ამბობს, რომ მონრეალის კონვენცია არ არის რელევანტური რეგულაციის საფუძველზე წამოყენებული პრეტენზიებისთვის და არ მოქმედებს წევრი სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაზე. შესაბამისად, ვადები შეიძლება განსხვავდებოდეს წევრ სახელმწიფოებს შორის;

28.3. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ 2012 წლის 22 ნოემბერს გადაწყვეტილებით საქმეზე C-139/11 და განმარტა, რომ მონრეალის კონვენციაში გათვალისწინებული ორწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ შეიძლება ჩაითვალოს 261/2004 რეგულაციის მე-5 და მე-7 მუხლების საფუძველზე წამოყენებულ სარჩელებზე; ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, 261/2004 რეგულაცია ადგენს სისტემას სტანდარტიზირებული და დაუყოვნებლივი სახით ანაზღაურების მიზნით, რომელიც გამოწვეულია დისკომფორტით, რომელსაც იწვევს ფრენების დაგვიანება და გაუქმება, რომელიც მოქმედებს უფრო ადრეულ ეტაპზე, ვიდრე მონრეალის კონვენცია და შესაბამისად, დამოუკიდებელია ამ კონვენციიდან გამომდინარე სისტემისაგან. ამავე გადაწყვეტილებით „ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 11 თებერვლის რეგულაცია (EC) No 261/2004, რომელიც ადგენს საერთო წესებს კომპენსაციისა და დახმარების თაობაზე მგზავრებისთვის ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენების გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, და გააუქმებს რეგულაციას (EEC) №295/91 უნდა განიმარტოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგულაციის მე-5 და მე-7 მუხლების შესაბამისად კომპენსაციის საჩივრის აღძვრის ვადები განისაზღვრება თითოეული წევრი სახელმწიფოს წესების შესაბამისად ქმედებების შეზღუდვის შესახებ“;

28.4. საქართველოს საჰაერო კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;

28.5. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა შეეხება თანხის დაკისრებას კონკრეტული ბრძანების მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა უნდა განისაზღვროს კონკრეტულ ქვეყანაში განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადით. მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული ვადა შეადგენს 3 წელს, როგორც სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა.

29. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და მატერიალურ- სამართლებრივი წინაპირობების შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე კომპანიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

30. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

30.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

30.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელესა და მგზავრებს შორის ცესიის ხელშეკრულება არ დადებულა. მგზავრებმა მოსარჩელე კომპანიას საქმის წარმოების უფლება გადასცეს, რაც მოთხოვნის დათმობას არ მოიცავს;

30.3. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ უნდა გავრცელებულიყო, რადგან გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის დაწესებულია 1-წლიანი ხანდაზმულობის ვადა;

30.4. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს საპროცესო უფლება არ ჰქონდა სარჩელი არსებითად განეხილა, რადგან საქალაქო სასამართლოს სარჩელის საფუძვლიანობაზე არსებითად არ უმსჯელია, მან სარჩელი მოსარჩელის არასათანადოობის გამო უარყო. საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსმენილი არ ყოფილა. მხარეებს მოსამზადებელი და მთავარი სხდომების ეტაპები არ გაუვლიათ. მოპასუხეს მოესპო უფლება, საკუთარი ინტერესები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაეცვა, რითაც მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა;

30.5. კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მგზავრები დანიშნულების ადგილას 9 საათიანი დაგვიანების შემდეგ ჩავიდნენ.

30.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

31. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

32.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

33.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულად და საფუძვლიანად აქვს გამოკვლეული საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მართებულად აქვს ისინი შეფასებული სსსკ-ით გარანტირებული პრინციპების დაცვით.

34.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).

35.საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მოსარჩელესა და მგზავრებს შორის მოთხოვნის დათმობის თაობაზე გარიგების არარსებობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილ 2022 წლის 27 იანვრის ცესიის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მგზავრებმა ს.ს–მა და ა.ს–ვამ მოსარჩელე კომპანიას მოპასუხე ავიაკომპანიის წინააღმდეგ მათი მოთხოვნის უფლება დაუთმეს, რაც გამოიხატა ამ უფლების დაცვასა და ფინანსური კომპენსაციის მიღებაში (ტ. 1, ს/ფ 39-41). მოთხოვნის დათმობის (ცესიის) პირობების განსაზღვრის შესახებ, 2022 წლის 27 იანვრის ძირითადი ხელშეკრულების თანახმად მოთხოვნის უფლების დათმობის ობიექტია ფინანსური კომპენსაციის - ჯამში 800 ევროს მიღება (ტ. 1, ს/ფ 106-107). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის გადაცემის შემთხვევაში, ადგილი აქვს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში აქტიური მხარის - კრედიტორის შეცვლას. კრედიტორის შეცვლა კი, ყოველთვის გარკვეული სამართლებრივი საკითხების წარმოშობასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ამ უკანასკნელს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებს მოვალესთან. მისი გასვლა ვალდებულებით - სამართლებრივ ურთიერთობიდან იწვევს მის მიმართ ვალდებულების შეწყვეტას. სწორედ ამიტომ სამოქალაქო სამართლის მიერ შემუშავებულ იქნა ცალკე ინსტიტუტი - მოთხოვნის დათმობა იგივე, „ცესია“. სსკ-ის 198-ე მუხლის მიხედვით ეს არის თავდაპირველ და ახალ კრედიტორებს შორის დადებული გარიგება, რომლითაც თავდაპირველი კრედიტორი მოვალის მიმართ თავის მოთხოვნას გადასცემს (უთმობს) ახალ კრედიტორს. თავდაპირველ კრედიტორს „ცედენტი“ ეწოდება, ხოლო ახალ კრედიტორს - „ცესიონერი” (იხ. სუსგ N ას-528-501-2015, 4.11.2015წ.).საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მგზავრებმა მოსარჩელე კომპანიას დაუთმეს მოპასუხე ავიაკომპანიის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება, რაც სსკ-ის 199-ე მუხლის თანახმად მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგებით დასტურდება.

36. სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 28.1-28.5 ქვეპუნქტებშია. ასახული და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ 2012 წლის 22 ნოემბერს გადაწყვეტილებით საქმეზე C-139/11 განმარტა, რომ მონრეალის კონვენციაში გათვალისწინებული ორწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ შეიძლება ჩაითვალოს 261/2004 რეგულაციის მე-5 და მე-7 მუხლების საფუძველზე წამოყენებულ სარჩელებზე; ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, 261/2004 რეგულაცია ადგენს სისტემას სტანდარტიზირებული და დაუყოვნებლივი სახით ანაზღაურების მიზნით, რომელიც გამოწვეულია დისკომფორტით, რომელსაც იწვევს ფრენების დაგვიანება და გაუქმება, რომელიც მოქმედებს უფრო ადრეულ ეტაპზე, ვიდრე მონრეალის კონვენცია და შესაბამისად, დამოუკიდებელია ამ კონვენციიდან გამომდინარე სისტემისაგან. ამავე გადაწყვეტილებით „ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 11 თებერვლის რეგულაცია (EC) No 261/2004, რომელიც ადგენს საერთო წესებს კომპენსაციისა და დახმარების თაობაზე მგზავრებისთვის ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენების გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, და გააუქმებს რეგულაციას (EEC) №295/91 უნდა განიმარტოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგულაციის მე-5 და მე-7 მუხლების შესაბამისად კომპენსაციის საჩივრის აღძვრის ვადები განისაზღვრება თითოეული წევრი სახელმწიფოს წესების შესაბამისად ქმედებების შეზღუდვის შესახებ“. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ (EC) No 261/2004 რეგულაციის ეფექტურად გამოყენების მიზნებისთვის, მისივე მე-13 მუხლის მიხედვით დადგენილია, რომ მგზავრებს, რომელთა ფრენები გაუქმდა, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ თავიანთი ბილეთების საფასური ან გამოიყენონ მგზავრთათვის ხელსაყრელი პირობებით შეცვლილი მარშრუტი, ამასთან, უფრო გვიანი რეისის მოლოდინის პერიოდში მგზავრებზე ადეკვატურად უნდა იზრუნონ; მე-17 მუხლის საფუძველზე კი მგზავრებმა, რომელთა რეისები გარკვეული დროით დაყოვნდა (შეფერხდა), უნდა მიიღონ ადეკვატური დახმარება და შეძლონ თავიანთი რეისისათვის შეძენილი ბილეთის საფასურის ანაზღაურება ან ბილეთის გახანგრძლივება ხელსაყრელი პირობებით (იხ. https://eur-lex.europa.eu/legal-content/en/TXT/?uri=CELEX%3A32004R0261; Official Journal L 046 , 17/02/2004 P. 0001 - 0008). მითითებული რეგულაცია კომპენსაციის ზოგად პრინციპს და წესებს ადგენს, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სავსებით სწორად აქვს გამოყენებული „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის №122 ბრძანება (იხ. წინამდებარე განჩინების 19-27 პუნქტები).

37. რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობას, საქართველოს საჰაერო კოდექსის 90-ე მუხლისა და სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო. საჰაერო კოდექსის 90-ე მუხლი მითითებითი ნორმაა და განსაზღვრავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა შეეხება თანხის დაკისრებას კონკრეტული ბრძანების (იხ. 36-ე პუნქტში #122 ბრძანება) მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა უნდა განისაზღვროს კონკრეტულ ქვეყანაში განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადით. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული ვადა შეადგენს 3 წელს, როგორც სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, როგორც ეს მართებულად განსაზღვრა სააპელაციო სასამართლომ , რასაც სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლო.

38.სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვისა და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მხარის პროცესუალური უფლების ხელყოფის ნაწილში საკასაციო შედავების კუთხით საკასაციო სასამართლო კასატორს/მოპასუხეს მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მას ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია არსებითად დაეცვა. მოპასუხე შესაგებლით ითხოვდა ვადას დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისათვის, თუმცა მას საქმის განხილვის დასრულებამდე სასამართლოსათვის არაფერი წარუდგენია. მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელი 2022 წლის 15 დეკემბერს წარადგინა. საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა 2023 წლის 17 მაისს დაინიშნა. 2023 წლის 17 მაისის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საქმის განხილვა 2023 წლის 31 მაისს გადაიდო. საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც მოსარჩელე არასათანადოდ იქნა მიჩნეული, გადაიდო და შემდეგი სხდომის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 28 ივნისი. საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2023 წლის 21 ივლისს. საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის მთავარ სხდომაზე გამოცხადდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. გარდა ამისა, საკასაციო პრეტენზია იმის გამოც არის უსაფუძვლო, რომ სააპელაციო სასამართლომ, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენმა და მტკიცებულებების არსებითად გამომკვლევმა, სრულად უზრუნველყო მხარეთა თანასწორობა კანონის წინაშე. სსკ-ის 84-ე მუხლი არასათანადო მოსარჩელის შეცვლას განსაზღვრავს შემდეგნაირი საკანონმდებლო რეგლამენტაციით: „სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით“, შესაბამისად, ეს საკითხი საქმის განხილვის დროს გამოირკვევა და დადგინდება, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლოა მოპასუხეს მიაჩნდეს, რომ არასათანადო მოსარჩელეს აქვს აღძრული მოთხოვნა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან სასამართლოს გადასაწყვეტია სათანადოა თუ არა მოსარჩელე შესატყვისი მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენების საფუძველზე, ხოლო მოპასუხეს შესაგებელში ყველა შესაძლო მიმართულებით უნდა ჰქონდეს შედავებული მის წინააღმდეგ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ ის სათანადო მხარეა აქტიური ლეგიტიმაციის გზით, ასევე მიუთითა მოპასუხეზეც, როგორც უფლების დამრღვევზე, რითაც პასიური ლეგიტიმაცია მოახდინა. ამგვარი “ლეგიტიმაციის (დაკანონების) მიზანია დავის მონაწილეთა შემადგენლობის ზუსტი განსაზღვრა, დავის სწორი იურიდიული კვალიფიკაცია. ლეგიტიმაცია უზრუნველყოფს გადაწყვეტილების გამოტანას სათანადო მხარის მიმართ (ე.ი. იმ მხარის მიმართ, რომელიც ნამდვილად არის მატერიალურ-სამართლებრივად დაინტერესებული პირი)“ (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, მაია ცქიტიშვილი, მაია ახალაძე, მარიამ კუბლაშვილი, გიორგი ქურდაძე- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი; წიგნი I; 1-ლი-176-ე მუხლები; რედაქტორები: ვალერი ხრუსტალი, ლელა ნადიბაიძე; გვ. 452; გამომცემლობა“მერიდიანი“; თბილისი, 2022წ.)

39.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს (კასატორს) არათუ მხოლოდ - საპროცესო შესაძლებლობა, არამედ საპროცესო ვალდებულება ჰქონდა მის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით გაექარწყლებინა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

40.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

41.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. საკასაციო სასამართლოს მიერ უარყოფილია კასატორის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.

42.სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „დ.ლ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „დ.ლ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ს. ქ–ის მიერ 29.07.2024 წლის #6585 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე