საქმე №ას-767-2023 16 ოქტომბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ.ხ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ს.ს.უ–ტი", შპს "ა.მ.პ–კა" (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დამაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ვ.ხ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, სტუდენტი, აპელანტი ან მოპასუხე) სარჩელი მოპასუხეებისთვის: შპს „ს.ს.უ–ტისა“ (შემდეგში: უნივერიტეტი ან პირველი მოპასუხე) და შპს „ა.მ.პ–კის“ (შემდეგში: პოლიკლინიკა ან მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ 32 300 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეთაგან საავიაციო უნივერსიტეტს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 4 950,00 (ოთხი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარის გადახდა დაეკისრა.
1.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება იმ გარემოებას ემყარება, რომ მოსარჩელემ წინსწრებით გადაიხდა განუხორციელებელი ფრენის თანხა- 4950 ლარი. ამ ნაწილში მოსარჩელემ ვერ მიიღო მომსახურება მოპასუხე უნივერისტეტისაგან, მას არც ხელშეკრულება შეუწყვეტია. სტუდენტმა მის მიერ გადახდილი თანხიდან მოპასუხე უნივერისტეტისაგან მიიღო 26 250 ლარის შესაბამისი მომსახურება, ხოლო წინსწრებით გადახდილი 4 950 ლარის მომსახურება არ მიუღია, რაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადახდილად იქნა მიჩნეული და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით დაუბრუნდა მოსარჩელეს.
2. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა და ფაქტობრივი საფუძვლები
2.1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება იმას, რომ: იგი 29/09/2011 წელს №01-6 ბრძანებით ჩაირიცხა მოპასუხე უნივერსიტეტში. უნივერსიტეტსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №11/08001036699, რომლის თანახმად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ იკისრა ვალდებულება, გაეწია სტუდენტისათვის საჰაერო ტრანსპორტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სასაწავლო მომსახურება;
2.2. სტუდენტს (მოსარჩელეს) 03/04/2012 წელს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი;
2.3. მოსარჩელესა და უნივერსიტეტს შორის ასევე გაფორმდა ხელშეკრულება №12/0800103699, რომლის თანახმად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იღებდა ვალდებულებას, გაეწია სტუდენტისათვის საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო მომსახურება;
2.4. მოსარჩელემ 2011 წლის 5 დეკემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადაიხადა 32 300 ლარი;
2.5. საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისათვის და წარმატებით დასრულებისათვის საჭირო იყო პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი, რომელსაც გასცემდა საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისია, არსებული შპს „ა.მ.პ–კის“ (მერე მოპასუხის) ბაზაზე და რომელიც ერთადერთი იყო საქართველოში ამ პროფილით;
2.6. მოსარჩელეს 15.02.2012 წლის ელექტროკარდიოლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა: რითმი სწორი, სინუსური ბრადიკარდია, ეკგ პათოლოგიური ცვლილებების გარეშე, რაც იმას გულისხმობდა, რომ გულის შეკუმშვის სიხშირე იყო 48, თუმცა, ამასთან დაკავშირებით მას დამატებითი კვლევა არ ჩატარებია, რომლითაც დადგინდებოდა აღნიშნული დიაგნოზის თანხვედრა მის მიერ ფრენების განხორციელების შესაძლებლობასთან;
2.7. მოსარჩელეს 18.03.2015 წლის ელექტროკარდიოლოგიური გამოკვლევით დაუსვეს დიაგნოზი, კერძოდ, სტუდენტს დაუდგინდა რითმი არასწორი, სინუსური ბრადი- არითმია, ეკგ ნორმის ფარგლებში, რაც იმას გულისხმობს, რომ გულის შეკუმშვის სიხშირე იყო 60-49;
2.8. ბოლო შემოწმების დროს, 2016 წელს, მოსარჩელის გულის შეკუმშვის სიხშირე იყო 42, სინუსური ბრადიკარდია;
2.9. კომისიამ მოითხოვა დამატებითი სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მოსარჩელე ვერ მიიღებდა პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატს და შესაბამისად ვერც დიპლომს;
2.10. უნივერსიტეტმა და პოლიკლინიკის ბაზაზე არსებულმა კომისიამ უგულებელჰყო სტუდენტის (მოსარჩელის) უფლებები, დაარღვია კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპები, როდესაც 2012 წელს არ მიაქცია სათანადო ყურადღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ დაუნიშნა დამატებითი კვლევები იმის გასარკვევად, თუ რით იყო გამოწვეული სინუსური ბრადიკარდია. მოსარჩელემ ისწავლა 4 წელი, გადაიხადა 32 300 ლარი, თუმცა, ვერ მიიღო შესაბამისი მომსახურება და ვერ დაეუფლა პროფესიას;
2.11. მოსარჩელის მტკიცებით, თუ კომისია და უნივერსიტეტი თავის დროზე, ანუ 2012 წელს მიაქცევდა სტუდენტს სათანადო ყურადღებას და მას ჩაუტარდებოდა დამატებითი გამოკვლევები (რომლებიც ჩატარდა 2016 წელს), იმავე დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი 2012 წელსვე შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მას არ მიადგებოდა ზიანი 32 300 ლარის ოდენობით და არც დროს დაკარგავდა;
2.12. მოსარჩელემ 2018 წლის 5 სექტემბერს მიმართა შპს „ა.მ. პ–ას“ (მეორე მოპასუხეს) შემდეგი ჩივილებით: ფრენის დროს მუდმივად ჰქონდა თავბრუს ხვევა და თავს ცუდად გრძნობდა, ინფორმაცია დადასტურდა საავიაციო უნივერსიტეტის მფრინავ - ინსტრუქტორის, კ.კ–ძის მიერ, ვინც იყო მოსარჩელის უშუალო ინსტრუქტორი (პროფესიით ექიმი) და რომელმაც განაცხადა, რომ ფრენისას აღინიშნა ასეთი შემთხვევა, რის შედეგადაც საჰაერო ხომალდის დასმა განახორციელა ინსტრუქტორმა;
2.13. მოპასუხე პოლიკლინიკის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის/სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მასზე პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი არ გაიცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ მიაღწია დიპლომის აღების მიზანს, სარჩელით მოითხოვა მოპასუხეებისათვის უნივერსიტეტისათვის სწავლის საფასურის სახით გადახდილი თანხის დაბრუნება.
3. მოპასუხეების შესაგებელი
3.1. სარჩელის პასუხად მოპასუხე უნივერსიტეტის წარმომადგენელმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე. პირველი მოპასუხის შესაგებელში განმარტებულია, რომ მოსარჩელემ სწავლის საფასურის სახით გადაიხადა 31 200 და არა 32 300 ლარი. აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა წარმოადგენს მოსარჩელის/სტუდენტის მიერ ეტაპობრივად, მისი აკადემიური დაუსწრებლობის გამო, გამოწვეული გამოცდების გადაბარებისთვის გადახდილ საფასურს;
3.2. პირველმა მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემოწმება მოსარჩელემ უნივერსიტეტის მიმართვის საფუძველზე გაიარა მეორე მოპასუხის - პოლიკლინიკის ბაზაზე და არა უნივერსიტეტში. მოსარჩელის განმარტებით, მან შემოწმება გაიარა დამოუკიდებლად, შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის უცნობია შემოწმების დროს პულსის რა მონაცემი დაუფიქსირდა სტუდენტს;
3.3. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების“ თანახმად, სამედიცინო სერტიფიკატის გამცემ ლეგიტიმურ ორგანოდ ითვლება მხოლოდ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღიარებული კომისია, საქართველოში ასეთ ორგანოს წარმოადგენს მეორე მოპასუხის-პოლიკლინიკის ბაზაზე არსებული „საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისია“;
3.4. მოსარჩელეს, 2012 წლის 29 მარტის პირადი განცხადების საფუძველზე, შეუჩერდა სტუნდენტის სტატუსი, ხოლო 2012 წლის 12 სექტემბრის განცხადების საფუძველზე მას აღუდგა სტუდენტის სტატუსი და აღდგენილი იქნა უკვე „საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის“ საბაკალავრო პროგრამაზე;
3.5. მოსარჩელის სახელზე 2016 წლის 11 მარტს გაიცა პილოტ-კურსანტის მოწმობა. 2016 წლის სექტემბრიდან მოსარჩელის პირადი განცხადებისა და უნივერსიტერის რექტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელემ შიდა მობილობის წესით სწავლა განაგრძო „საინჟინრო ფაკულტეტის საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის საბაკალავო პროგრამაზე“, სწავლების მე-7 სემესტრიდან. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რითიც დასტურდება, რომ მას უარი ეთქვა დიპლომის გაცემაზე;
3.6. მოსარჩელემ დამალა საკუთარი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა (როგორც თავად აღნიშნავს პრაქტიკული სწავლების დროს რამდენჯერმე იგრძნო თავი ცუდად) და დამოუკიდებლად გაიარა სამედიცინო შემოწმება, ნაცვლად იმისა, რომ მიემართა მეორე მოპასუხის - პოლიკლინიკის ბაზაზე არსებული „საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისიის“ ექიმისათვის. ამ ქმედებით მან შეცდომაში შეიყვანა უნივერსიტეტის პერსონალი და საფრთხე შეუქმნა ფრენის უსაფრთხოებას;
3.7. მოპასუხე უნივერიტეტი უთითებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მან კლინიკას ჩივილებით მიმართა 2018 წლის 5 სექტემბერს, რაც არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2015-2016 წლებში მას გააჩნდა რაიმე სახის ჩივილები. იმ შემთხვევაში კი, თუ მოსარჩელეს ჰქონდა ჩივილები, მას უნდა მიემართა კლინიკისათვის 2015-2016 წლებში. 2012, 2015 და 2016 წლების სამედიცინო კითხვარებში მოსარჩელეს რაიმე სახის ჩივილები არ აღუნიშნავს.
3.8. სარჩელის პასუხად მეორე მოპასუხემ- პოლიკლინიკამ ასევე არ ცნო სარჩელი წერილობით წარდგენილი შესაგებლით და მიუთითა, რომ 2012 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხე პოლიკლინიკის ბაზაზე არსებულ საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისიას სამედიცინო შემოწმებისათვის;
3.9. სტუდენტის სახელზე გაიხსნა საავიაციო პერსონალის სამედიცინო წიგნაკი და დაშვებული იქნა გამოკვლევებზე;
3.10. ვინაიდან მოსარჩელეს ობიექტური დარღვევები და ასევე ჩივილები არ აღენიშნებოდა, მის სასარგებლოდ 2012 წლის 15 მარტს გაიცა სამედიცინო სერტიფიკატი ერთი წლის ვადით, თუმცა, სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელეს 2015 წლის 18 მარტამდე პოლიკლინიკისათვის არ მიუმართავს;
3.11. განმეორებითი სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად მოსარჩელემ პოლიკლინიკას მიმართა 2015 წლის 18 მარტს. მას ჩაუტარდა პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად საჭირო კვლევები „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 10/11/2013 წლის №202 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად. მოსარჩელე არ აღნიშნავდა რაიმე სუბიექტურ ჩივილებს. მდგომარეობა შეფასდა როგორც „ჯანმრთელი“. მონაცემები შესაბამისი იყო პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით;
3.12. სამედიცინო სერტიფიკატის ვადის მოქმედების გაგრძელების მიზნით, საჭირო კვლევების ჩასატარებლად, მოსარჩელემ/სტუდენტმა პოლიკლინიკას მიმართა 2016 წლის 15 მარტს. განაცხადის ფორმის შევსების დროს სტუდენტი რაიმე ტიპის სუბიექტურ ჩივილებს არ აღნიშნავდა, შემოწმებისას ელექტროკარდიოგრაფიაზე დაფიქსირდა სინუსური ბრადიკარდია;
3.13. 2015 წლის მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელი გახდა მონაცემების დინამიკის შედარება/შეფასება. კანონის შესაბამისად, მოსარჩელე/სტუდენტი გააგზავნეს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში ექოკარდიოგრაფიაზე, 24 საათიან ეკგ ჰოლტერ მონიტორინგზე და კარდიოლოგის კონსულტაციაზე;
3.14. მოსარჩელემ 2016 წლის 17 მარტს გაიარა შემოწმება შპს „აკად. გ. ჩ.ს.გ.კ.ც–ში“, რომლის მონაცემების შესაბამისად გამოვლინდა სინუსური ბრადიკარდია, ეჭვი იქნა მიტანილი სინუსის კვანძის სისუსტეზე და პაციენტს ურჩიეს რითმოლოგიის კონსულტაცია. ვინაიდან მოსარჩელის მიერ პოლიკლინიკისათვის წარდგენილი გამოკვლევის შედეგები ვერ ასახავდა არსებულ მდგომარეობას, მოსარჩელეს დამატებით დაენიშნა ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა. გამოკვლევაზე გაგზავნის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთობლივად - თერაპევტის, კომისიის თავმჯდომარის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლის მიერ, ასევე გავლილი იქნა სატელეფონო კონსულტაცია მოლდოვის რესპუბლიკის საავიაციო შემფასებელთან მედიცინაში საუკეთესო პრაქტიკის მქონე კარდიოლოგთან, კარდიოქირურგთან - ელენა კატამანთან;
3.15. მოსარჩელეს განემარტა, რომ ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის პასუხის წარმოდგენის შემდეგ გადაწყდებოდა სამედიცინო კომისიის მიერ მისი სერტიფიცირების საკითხი, თუმცა, მოსარჩელეს არ წარუდგენია პოლიკლინიკისათვის მოთხოვნილი დამატებითი გამოკვლევის შედეგები საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე;
3.16. მოსარჩელეს 2016 წლის 8 ივნისს მიეცა მიმართვა ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შესახებ;
3.17. მოსარჩელემ 2018 წლის 5 სექტემბერს შეავსო განაცხადი და დაიწყო გამოკვლევები, რისი შედეგებიც წარადგინა პოლიკლინიკაში. კვლევის შედეგების თანახმად, გულის ელექტროფიზიოლოგიური კვლევით სინუსური ბარადიკარდიის მიზეზი არ დადგინდა. ელექტროკარდიოგრაფიით დატვირთვის დროს მოსარჩელეს აღენიშნა სწრაფი ჰიპოთენზია, თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძენა. აღნიშნული ჩივილები ალაგდა პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანის შემდეგ. ყველა შედეგი განხილული იქნა საავიაციო ექსპერტების მიერ ჩეხეთში, ევროპის კოსმოსური მედიცინის საზოგადოების მე-6 კონგრესზე დამსწრე კარდიოლოგების მიერ. მათი რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლებელი იყო მხოლოდ მეორე კლასის საფრენოსნო-სამედიცინო სერტიფიკატის გაცემა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოსარჩელის (სტუდენტის) სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის შესახებ, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა;
5.1. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლებამოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (იხ. სუსგ N ას-344-2019, 12.02.2021წ.);
5.2. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ N ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფატქობრივი გარემოებები:
6.1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას - ს.ს.უ–ტსა და მოსარჩელეს/სტუდენტს შორის, 2011 წლის 1 ოქტომბერს, გაფორმდა ხელშეკრულება №11/08001036699, რომლის თანახმად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ იკისრა ვალდებულება, გაეწია სტუდენტისათვის საჰაერო ტრანსპორტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სასაწავლო მომსახურება, მას შემდეგ, რაც სტუდენტი გადაიხდიდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სწავლის საფასურს (სწავლების წლიური საფასური: 60 კრედიტი განისაზღვრა 3000,00 ლარის ოდენობით);
6.2. მოსარჩელე 2011 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით ჩაირიცხა საჰაერო ტრანსპორტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე;
6.3. მოსარჩელის 2012 წლის 29 მარტის განცხადების საფუძველზე, 2012 წლის 3 აპრილის ბრძანებით (№01-03-3/17), სტუდენტს აკადემიურ შვებულებასთან დაკავშირებით შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი;
6.4. სტუდენტსა და მოპასუხე უნივერსიტეტს შორის, 2012 წლის 14 სექტემბერს, გაფორმდა ხელშეკრულება №12/08001036699, რომლის თანახმად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ იკისრა ვალდებულება, გაეწია სტუდენტისათვის საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო მომსახურება, მას შემდეგ, რაც სტუდენტი გადაიხდიდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სწავლის საფასურს (სწავლების წლიური საფასური: 60 კრედიტი განისაზღრა 8750,00 ლარის ოდენობით);
6.5. მოსარჩელის 2012 წლის 12 სექტემბრის განცხადების საფუძველზე, 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით (№01-03-4/12), სტუდენტი აღდგენილ იქნა (აღდგენის წესით ჩარიცხვის შესახებ) საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის „პილოტ-ინჟინერის“ საბაკალავრო პროგრამაზე;
6.6. სტუდენტის სასწავლო ბარათის თანახმად, მოსარჩელე საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტზე (კომერციული პილოტი) გადაყვანილი იქნა სწავლების მესამე წელზე 2014/2015 სასწავლო წლის მე-5 სემესტრში, სასწავლო კურსის ოთხი სემესტრის სწავლების შემდეგ;
6.7. 2015 წლის 4 სექტემბრის №01-01-2/03 ბრძანების თანახმად, ს.ს.უ–ტის საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი (მოსარჩელე). რომელმაც დაასრულა 2014-2015 სასწავლო წელი, გადაყვანილი იქნა სწავლების მომდევნო - მეოთხე წელზე;
6.8. №15/14 განკარგულების თანახმად, სტუდენტი, რომელმაც საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტზე წარმატებით გაიარა მომზადების თეორიული კურსი, 2015 წლის 21 სექტემბრიდან დაშვებული იქნა სსუ-ს საფრენოსნო მეთოდურ ცენტრში, საფრენოსნო პრაქტიკის გასავლელად, შესაბამის საჰაერო ხომალდებზე, „პილოტთა პირველადი მომზადების პროგრამის“ მიხედვით.
6.9. სტუდენტმა (მოსარჩელემ/აპელანტმა) 2011 წლის 5 დეკემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადაიხადა 32 300 ლარი; სტუდენტის მიერ გადახდილი 32,300.00 ლარიდან - 1,100.00 ლარი, წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ეტაპობრივად მისი აკადემიური დაუსწრებლობის გამო გამოწვეული გამოცდების გადაბარების საფასურს;
6.10. სტუდენტმა (მოსარჩელემ) 2016 წლის 2 სექტემბრის განცხადებით მიმართა მოპასუხე უნივერსიტეტის რექტორს და მოითხოვა, შიდა მობილობის წესით, საინჟინრო ფაკულტეტის საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება;
6.11. სტუდენტმა (მოსარჩელემ) 2016 წლის 5 სექტემბრის განცხადებით მიმართა მოპასუხე უნივერსიტეტის რექტორს და მოითხოვა საფრენოსნო ფაკულტეტიდან საინჟინრო ფაკულტეტის მე-4 კურსზე გადასვლის გამო, გადახდილი სწავლის საფასურის 31 200 ლარის საინჟინრო ფაკულტეტის სწავლების გადასახადში ჩათვლა;
6.12. მოპასუხე უნივერსიტეტის 2016 წლის 9 სექტემბრის №01-08 ბრძანებით უნივერსიტეტში, შიდა მობილობის წესით, მოსარჩელე ჩაირიცხა საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის ფაკულტეტზე. სტუდენტის განცხადება დაკმაყოფილდა და მის მიერ გადახდილი სწავლის საფასური - 31 200,00 ლარი საინჟინრო ფაკულტეტის სწავლების გადასახადში ჩაითვალა;
6.13. მოპასუხე უნივერსიტეტის 2018 წლის 13 აპრილის №01-02-3/28 ბრძანების თანახმად, საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის სტუდენტს (მოსარჩელეს) შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო. სტატუსის შეჩერების შემდეგ სტუდენტის სასარგებლოდ უნივერსიტეტს მომსახურება სასარგებლოდ არ გაუწევია.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე/აპელანტი მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებებზე, რომ უნივერსიტეტმა და პოლიკლინიკის ბაზაზე არსებულმა კომისიამ უგულებელჰყო მისი უფლებები. საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე დიპლომის ასაღებად საჭირო იყო პირველი კლასის სერტიფიკატი. მოპასუხეებმა კი დაარღვიეს კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპები, როდესაც 2012 წელს არ მიაქციეს სათანადო ყურადღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ დაუნიშნეს დამატებითი კვლევები, იმის გასარკვევად, თუ რით იყო გამოწვეული სინუსური ბრადიკარდია; მოპასუხე პოლიკლინიკის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მასზე პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატი არ გაიცა, რაც დიპლომის გაცემის წინაპირობას წარმოადგენდა;
7.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 14 სექტემბერს უნივერსიტეტსა და მოსარჩელე/აპელანტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სტუდენტისათვის საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო მომსახურების გაწევის შესახებ და სტუდენტი, აღდგენის წესით, ჩაირიცხა საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის „პილოტ- ინჟინერის“ საბაკალავრო პროგრამაზე;
7.2. 2014-2015 სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოსარჩელე გადავიდა სწავლების მომდევნო - მეოთხე წელზე; სტუდენტი საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის მომზადების თეორიული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, 2015 წლის 21 სექტემბრიდან დაშვებული იქნა საფრენოსნო პრაქტიკის გასავლელად, შესაბამის საჰაერო ხომალდებზე. ამდენად, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მოპასუხე უნივერსიტეტმა სტუდენტს გაუწია საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე თეორიული კურსის სასწავლო მომსახურება სრულად; ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი 32 300 ლარიდან 1 100 ლარი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ეტაპობრივად მისი აკადემიური დაუსწრებლობის გამო გამოწვეული გამოცდების გადაბარების საფასურს (2011 წლის 5 დეკემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით).
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების“ მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელზე და მის კანდიდატზე (შემდგომში – ავიასპეციალისტი), მისი სპეციალობის მიხედვით; კომერციულ პილოტზე გაიცემა I კლასის სამედიცინო სერტიფიკატი; ამავე წესების მე-3 მუხლის თანახმად, სამედიცინო სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას; მე-6 მუხლის თანახმად, სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 12 თვე კომერციული პილოტის სერტიფიკატისთვის (თვითმფრინავი, დირიჟაბლი, ვერტმფრენი, ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი). მე-9 მუხლის თანახმად, ავიასპეციალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო გამოკვლევას ატარებს საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისია (სსსკ); 35-ე მუხლის შესაბამისად, სსსკ-ში გამოკვლეულ იმ პირზე, რომელიც ვარგისად ჩაითვლება, სსსკ გასცემს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატს; ბრძანების მე-10 თავით დადგენილია პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოთხოვნები და ის სამედიცინო ჩვენებები, რაც უნდა გამოირიცხოს პირველი კლასის სერტიფიკატის გაცემისას, სამედიცინო კვლევების ჩვენებების საფუძველზე; სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების“ თანახმად, სამედიცინო სერტიფიკატის გამცემ ლეგიტიმურ ორგანოდ ითვლებოდა მხოლოდ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღიარებული კომისია; საქართველოში ასეთ ორგანოს წარმოადგენს შპს „ა.მ.პ–კის“ ბაზაზე არსებული „საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისია“;
9. უნივერსიტეტსა და მოსარჩელეს/აპელანტს შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით (საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო მომსახურების გაწევის შესახებ) არ იყო შეთანხმებული უნივერიტეტის ვალდებულება თეორიული კურსის გავლის შემდეგ ყოველწლიურად სწავლების შემდგომ საფეხურზე გადასვლის წინაპირობად უნივერსიტეტის მიერ სტუდენტის ჯანმრთელობის შემოწმება.
10. დადგენილია, რომ საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში მოსარჩელეს/აპელანტს გაეწია თეორიული მომსახურება და სტუდენტი გადაყვანილი იქნა სწავლების მეოთხე წელზე, ხოლო სტუდენტის სასწავლო ბარათის თანახმად, იგი საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტზე გადაყვანილი იქნა სწავლების მესამე წელზე 2014/2015 სასწავლო წლის მე-5 სემესტრში, სასწავლო კურსის 4 (ოთხი) სემესტრის სწავლების შემდეგ. 2015 წლის 4 სექტემბრის 01-01-2/03 ბრძანების თანახმად, ს.ს.უ–ტის საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი - მოსარჩელე, რომელმაც დაასრულა 2014-2015 სასწავლო წელი, გადაყვანილი იქნა სწავლების მომდევნო - მეოთხე წელზე;
11. სტუდენტი 2015 წლის 21 სექტემბრიდან დაშვებული იქნა სსუ-ს საფრენოსნო მეთოდურ ცენტრში, საფრენოსნო პრაქტიკის გასავლელად, შესაბამის საჰაერო ხომალდებზე, „პილოტთა პირველადი მომზადების პროგრამის“ მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით მოპასუხე უნივერსიტეტში, შიდა მობილობის წესით, სტუდენტი (განცხადების საფუძველზე) ჩაირიცხა საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის ფაკულტეტზე (მე-4 კურსზე). შესაბამისად, უნივერსიტეტმა იკისრა აღნიშნული მომსახურების გაწევის ვალდებულება და ამასთან, მოსარჩელის მიერ საფრენოსნო ფაკულტეტზე გადახდილი სწავლის საფასური საინჟინრო ფაკულტეტის სწავლების გადასახადში ჩაითვალა. აღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ დიპლომის მიღების, შესაბამისად სამედიცინო ჩვენებების კონტროლისა და სეტიფიკატის მიღების ინტერესი, სახელშეკრულებო მიზნიდან გამომდინარე, მხარეთა შორის უფლება-ვალდებულებების გადანაწილების მიხედვით, წარმოადგენდა თავად მოსარჩელის/აპელანტის სახელშეკრულებო ინტერესსა და ერთგვარად დასახული მიზნის მიღწევის საშუალებას. შესაბამისად, ყოველწლიურად, თუნდაც თეორიული კურსის გავლისას, სწავლების შემდგომ საფეხურზე გადასასვლელად მოსარჩელის (სტუდენტის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უნივერსიტეტის ვალდებულებად (იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ვალდებულება სახელდებით უნივერსიტეტს არ უკისრია);
12. ამასთან, უდავოა, რომ თეორიული კურსის დასაწყისში - 2012 წელს სტუდენტმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და კომისიამ გასცა პირველი კლასის სერტიფიკატი (რომლის მოქმედების ვადა იყო ერთი წელი), რითაც დადასტურდა მის მიერ ფრენების განხორციელების შესაძლებლობა. 2015 წლის 18 მარტს მოსარჩელეს ელექტროკარდიოლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა რითმი არასწორი, სინუსური ბრადი-არითმია, ეკგ ნორმის ფარგლებში, რაც იმას გულისხმობს, რომ გულის შეკუმშვის სიხშირე იყო 60-49; 2016 წლის 15 მარტს მოსარჩელემ დაიწყო სამედიცინო შემოწმება, მაგრამ გამოკვლევებისას დადგენილი სინუსური ბრადიკარდიის გამო დაშვებული არ იქნა შემოწმების შემდგომ ეტაპზე სრული კარდიოლოგიური გამოკვლევის გარეშე; კომისიამ მოითხოვა დამატებითი სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მოსარჩელე ვერ მიიღებდა პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატს და შესაბამისად - ვერც დიპლომს. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან 2015 წლამდე სტუდენტს (აპელანტს) არ მიუმართავს კომისიისათვის.
13. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა პირობას, რომ თეორიული კურსის გავლისას გამოვლენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც პირველი კლასის სერტიფიკატის გაცემას გამორიცხავდა, უნივერსიტეტი ვალდებული იყო, შეეწყვიტა მოსარჩელისათვის მომსახურების გაწევა. შესაბამისად, სწორედ სტუდენტის ინტერესს წარმოადგენდა მისი სახელშეკრულებო მიზნის მიღწევის დამაბრკოლებელი გარემოების გამორიცხვაზე ზრუნვა და კომერციული მფრინავის დიპლომისა და პირველი კლასის სერტიფიკატის გაცემის დაბრკოლების აღმოჩენის შემთხვევაში ნებისმიერ დროს ხელშეკრულების შეწყვეტა. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ასეთ შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე ვერ დაიბრუნებდა გაწეული მომსახურებისთვის გადახდილ საფასურს სსკ-ის 636-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სტუდენტს გადახდილი სწავლების საფასური არ დაუბრუნდებოდა.
14. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის/მოსარჩელის მტკიცება, რომ მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება ორივე მოპასუხეს, რადგან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, 2012 წელს მოსარჩელემ გაიარა სამედიცინო შემოწმება და კომისიამ გასცა პირველი კლასის სერტიფიკატი (რომლის მოქმედების ვადა იყო ერთი წელი), რითაც დადასტურდა მის მიერ ფრენების განხორციელების შესაძლებლობა; სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლიდან წლების შემდგომ, კერძოდ, 2016 წელს გამოვლინდა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილება/გაუარესება; სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ასეთ პირობებში, შეუძლებელი იყო, კომისიას ევარაუდა შესაძლო ცვლილებები და აესახა იგი 2012 წლის დასკვნაში. ამდენად, სასამართლომ მოპასუხე კლინიკის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ მიიჩნია დადასტურებულად. შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული აპელანტის/მოსარჩელის მტკიცება, რომ მოპასუხეებს პირველივე წელს, პირველივე გამოკვლევის ეტაპზე უნდა ეთქვათ მოსარჩელისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აკმაყოფილებდა საფრენოსნო პროფესიისთვის სავალდებულო წინაპირობებს, რის გამოც მას არც ქონებრივი ზიანი მიადგებოდა და არც წლებს დაკარგავდა იმ საკითხების სწავლაში, რომლის რეალიზებასაც ვერასდროს მოახდენდა, რადგან, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე უნივერსიტეტის მიერ კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების ვალდებულებებების, ასევე სახელშეკრულებო პირობების დარღვევა არ დასტურდება.
15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებათა რიცხვს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი). ნარდობა, თავისი ბუნებით, ორმხრივ მავალდებული (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი ძირითადად მოწესრიგებულია სსკ-ის 629 - 656-ე მუხლებით. სსკ 636-ე მუხლის მიხედვით „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი”. ეს ნორმა შემკვეთს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფალ უფლებას. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მას არ ავალდებულებს იმოქმედოს ზოგადი წესების მიხედვით, რომლის მიხედვითაც, უმეტეს შემთხვევაში, შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა არსებობდეს (მაგ. სსკ-ის 399-ე მუხლი), რადგანაც ნარდობა არ არის გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობა, ან კიდევ დაიცვას შეწყვეტის ვადები ან წინასწარ გააფრთხილოს მენარდე (სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა, შემკვეთი ვალდებულია მენარდეს აუნაზღაურის ხელშეკრულების შესრულებული ნაწილი.
16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს/აპელანტს (შემკვეთს) ხელშეკრულება არ შეუწყვეტია; თუმცა, იმ შემთხვევაშიც, კი თუ მოსარჩელე საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის პროგრამაზე სასწავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას შეწყვეტდა შიდა მობილობით საინჟინრო ფაკულტეტის საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის პროგრამაზე გადასვლამდე, სსკ-ის 636- ე მუხლის დანაწესის თანახმად, მას მაინც მოუწევდა უნივერსიტეტის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება. ამასთან, საკანონმდებლო რეგულირებისაგან განსხვავებულ დანაწესს მხარეთა შეთანხმება არ ითვალისწინებდა. ამდენად, საქმის მასალებით არ დგინდება მომსახურების გამწევის - მოპასუხე უნივერსიტეტის მიერ სახელშეკრულებო პირობებისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის ფაქტები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ/აპელანტმა მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი მომსახურება მიიღო, რაც გამორიცხავს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის (შესაბამისად-სარჩელის) დაკმაყოფილების საფუძველს.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
17.2. კასატორი უთითებს, რომ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდენტი დაშვებულიყო სწავლების მეოთხე საფეხურზე და დაეწყო საფრენოსნო პრაქტიკა, მოპასუხეემა ერთობლივად მიიღეს. მეორე მოპასუხემ-პოლიკლინიკამ გასცა პირველი ხარისხის სერტიფიკატი, რომლის საფუძველზედაც პირველმა მოპასუხემ - უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, სტუდენტი დაეშვათ საფრენოსნო სწავლების ეტაპზე;
17.3. მოპასუხე პოლიკლინიკის დასკვნებიდან გამომდინარე, რომლებიც გაიცა 2012 და 2015 წლებში, 2018 წელს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან შედარებით, სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2012 წლიდან მოყოლებული არ შეცვლილა. 2012 და 2015 წლებში მეორე მოპასუხის-პოლიკლინიკის მიერ გაცემულ იქნა პირველი ხარისხის სერტიფიკატი, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელე/კასატორი დაშვებულ იქნა სწავლების შემდეგ საფეხურებზე და იგივე დიაგნოზის ფონზე, სწავლების საბოლოო ეტაპზე, მოპასუხეებმა სტუდენტს შეუქმნეს პრობლემა. 15.02.2012 წლის ელექტროკარდიოლოგიური გამოკვლევით მოსარჩელეს/აპელანტს დაუდგინდა რითმი სწორი, სინუსური ბრადიკარდია, ეკგ პათოლოგიური ცვლილებების გარეშე, რაც იმას გულისხმობდა, რომ გულის შეკუმშვის სიხშირე იყო 48 თუმცა, ამასთან დაკავშირებით მას დამატებითი კვლევა არ ჩატარებია, რომლითაც დადგინდებოდა აღნიშნული დიაგნოზის თანხვედრა მის მიერ ფრენების განხორციელების შესაძლებლობასთან; 2015 წლის 18 მარტს კასატორს დაუსვეს დიაგნოზი: ელექტროკარდიოლოგიური გამოკვლევით სტუდენტს დაუდგინდა რითმი არასწორი, სინუსური ბრადი- არითმია, ეკგ ნორმის ფარგლებში, რაც იმას გულისხმობს, რომ გულის შეკუმშვის სიხშირე იყო 60-49; ბოლო შემოწმების დროს, 2016 წელს, მოსარჩელეს/აპელანტს გულის შეკუმშვის სიხშირე იყო 42, სინუსური ბრადიკარდია; კომისიამ მოითხოვა დამატებითი სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მოსარჩელე ვერ მიიღებდა პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატს და შესაბამისად - ვერც დიპლომს;
17.4. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეთათვის სწავლების პირველივე წლიდან ცნობილი იყო ფაქტი იმის, შესახებ რომ სტუდენტს (მოსარჩელეს) ჰქონდა სინუსური ბრადიკარდია, მათ პრობლემა ამაში ვერ დაინახეს და დამატებითი გამოკვლევაც კი არ დაუნიშნეს, რაც პირდაპირ მათ მოვალეობაში შედიოდა. აღნიშნულის გამო მოსარჩელე სადავოდ ხდის სტუდენტის კურსიდან კურსზე გადაყვანის მართლზომიერებას, ვინადან თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აკმაყოფილებდა საფრენოსნო პროფესიისთვის სავალდებულო წინაპირობებს, აღნიშნული ბოლო ეტაპზე არ უნდა მომხდარიყო. მოპასუხეებს პირველივე წელს, პირველივე გამოკვლევის ეტაპზე უნდა ეთქვათ მოსარჩელისთვის, რათა მას, ჯერ ერთი, არ მისდგომოდა ქონებრივი ზიანი და მეორე - არ დაეკარგა წლები იმ საკითხების სწავლაში, რომელის რეალიზებასაც თურმე ვერასდროს ვერ მოახდენდა. კასატორის მტკიცებით, მოპასუხეებს მეტი გულისხმიერება უნდა გამოეჩინათ და 2012 წელსვე მეორე მოპასუხეს-პოლიკლინიკას არ უნდა გაეცა სტუდენტზე პირველი კლასის სერტიფიკატი, რის საფუძველზედაც არც პირველი მოპასუხე - უნივერსიტეტი მიიღებდა გადაწყვეტილებას, სტუდენტის ფაკულტეტზე ჩარიცხვის შესახებ. ამის საფუძველზე მოსარჩელე/კასატორი ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას, რაც ნიშნავს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. კერძოდ, მოპასუხეებმა უნდა დააბრუნონ ის სარგებელი, რაც მოსარჩელისაგან მიიღეს და ეს უკანასკნელიც, კანონისმიერი განმარტებით, ვალდებულია დააბრუნოს სარგებელი, რაც მიიღო, თუმცა მოსარჩელის სარგებელი არის ცოდნა, რომელსაც ვერასდროს ვერ გამოიყენებს და, გონივრულობიდან გამომდინარე, მისი დაბრუნება შეუძლებელია;
17.5. კასატორის განმარტებით, მისი სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 32 300 ლარის დაკისრება. რომელიც შედგება როგორც სწავლის საფასურის- 31 200 ლარის, ასევე 1100 ლარისგან, რომელიც სტუდენტმა (მოსარჩელემ) უნივერსიტეტს გადაუხადა გადაბარებისთვის. 1100 ლარი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ეტაპობრივად, მისი აკადემიური დაუსწრებლობის გამო გამოწვეული გამოცდების გადაბარების საფასურს, რაც არ მოხდებოდა მოპასუხეებს დროულად რომ შეესრულებინათ მათი წილი ვალდებულება და გამოევლინათ მოსარჩელის ჯანმრთელობის შეუთავსებელი მდგომარეობა საფრენოსნო პროფესიასთან, შესაბამისად სტუდენტს არც გამოცდების გადაბარებისთვის მოუწევდა ქონებრივი დანაკლისის გაწევა და მას არ მიადგებოდა აღნიშნული ზიანიც;
17.6. კასატორის მტკიცებით, მის მიერ მოპასუხეებად დასახელებულ პირებს შორის სწორედ იმიტომ იყო დადებული ხელშეკრულება, რომ, მართალია, უნივერსიტეტს არ ჰყავს შესაბამისი კადრები, რომლებიც სტუდენტს სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ, მაგრამ ეს ვალდებულება სწორედ მეორე მოპასუხეს-პოლიკლინიკას უნდა შეესრულებინა;
17.7. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ თეორიული კურსის დასაწყისში, 2012 წელს, სტუდენტმა (მოსარჩელემ/კასატორმა) გაიარა სამედიცინო შემოწმება და კომისიამ გასცა პირველი კლასის სერტიფიკატი (რომლის მოქმედების ვადა იყო ერთი წელი), რითიც დადასტურდა მის მიერ ფრენების განხორციელების შესაძლებლობა. საქმეში არსებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ ემყარება მოსარჩელის ვალდებულება, რომ მას ევალებოდა საკუთარი პასუხისმგებლობით ეკონტოროლებინა ჯანმრთელობის მდგომაროება. ამას ის გარემოებაც მოწმობს, რომ პირველმა მოპასუხემ- უნივერსიტეტმა მოსარჩელე გაატარა სავალდებულო შემოწმებაზე 2011, 2012, 2015 წლებში, ხოლო სერტიფიკატს 1 წლიანი მოქმედების ვადა იმიტომ ჰქონდა, რომ ვადის დასრულებისთანავე, მაშინ როდესაც უნივერსიტეტს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სტუდენტი დაეშვა თუ არა სწავლების შემდეგ საფეხურზე, მას ჰქონოდა სამედიცინო დასკვნა, რომლის საფუძველზე სტუდენტს დაუდგინდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობა - ჯანმრთელი და ამის საფუძველზე მიეღო უნივერსიტეტს სტუდენტის კურსიდან კურსზე გადასვლის ბრძანება. უდავოა მოპასუხეთა ვალდებულება სტუდენტის პროფესიასთან შესაბამისობის დადგენის თვალსაზრისით, რაც, უპირველესად, საფრენოსნო პროფესიაში გულისხმობს სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ კონტროლს, რაც ასევე გამოიხატება სამედიცინო შემოწმების გავლის სერტიფიკატის ვადაში, რომელიც არის მხოლოდ 1 წლიანი, რაც უდავოდ მეტყველებს და უნივერსიტეტს აკისრებს ვალდებულებას, რომ ყოველ 1 წელიწადში დაავალოს სტუდენტს ჩაიტაროს გამოკვლევა. მან არ უნდა დაუშვას სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი გამოკვლევა ჩატარებული. იმ შემთხვევაშიც კი, რომ მოსარჩელეს გამოევლინა ნება და შეემოწმებინა ჯანმრთელობის მდგომარეობა 2012 წლიდან 2015 წლამდე, სანამ ის თეორიულ ცოდნას იღებდა, შედეგი და დასკვნა იგივე გაიცემოდა, სინუსური ბრადიკარდია, რასაც უნივერსიტეტი პრობლემად არ თვლიდა და ის მაინც დაუშვებდა მოსარჩელეს სწავლების მორიგ ეტაპებზე. შედეგი კი იგივე იქნებოდა - მოსარჩელის სწავლა არარეალიზებული დარჩებოდა, ვინაიდან სინუსური ბრადიკარდია შეუთავსებელი ყოფილა მფრინავის პროფესიასთან, რაც უპირობოდ და უდავოდ პირველვე გამოკვლევის დროს უნდა გამოევლინა მოპასუხე პოლიკლინიკას და მოპასუხე უნივერსიტეტს სტუდენტი არ უნდა დაეშვა სტუდენტის სტატუსით აღნიშნულ პროფესიაზე სასწავლებლად;
17.8. მოსარჩელესა და მოპასუხე უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საბოლოო მიზანი იყო, რომ სტუდენტს მიეღო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და მას პრაქტიკაში გამოეყენებინა საკუთარი პროფესია.
17.9. სასამართლომ საკითხს იმგვარი განმარტება მისცა, რომ თუნდაც პოლიკლინიკას მოსარჩელისათვის უარყოფითი დასკვნა მიეცა და მასზე არ გაცემულიყო პირველი კლასის სერტიფიკატი, ვინაიდან ხელშეკრულებაში კონკრეტული მუხლი არ ყოფილა გაწერილი, სადაც ეწერებოდა, რომ უნივერსიტეტი ასეთ სტუდენტს კურსზე არ მიიღებდა, გამოდის, რომ თითქოს ის შესაძლებლობას მისცემდა ადამიანს ესწავლა ფრენა თეორიულად, დაუფლებოდა პროფესიას, რომლის რეალიზებასაც ვერადროს ვერ მოახდენდა და ამაში გადაეხადა 32 300 ლარი. ერთადერთი სინუსური ბრადიკარდიის მქონე ადამიანი საჰაერო სივრცით ისარგებლებდა მხოლოდ როგორც მგზავრი და გამოვლინდა, რომ მგზავრობაც კი სახიფათოა ასეთი სიმპტომის მქონე ადამიანისთვის, რაც ვერ აღმოაჩინა შესაბამისმა სპეციალიზებულმა კლინიკამ, რომელსაც პირდაპირი ეკისრებოდა ვალდებულება, აღმოეჩინა მოსარჩელის აღნიშნულ პროფესიასთან შეუთავსებოლობა. ამასთან გაურკვეველია, თუ რატომ მიიჩნია პირველი ინსტანციის მოსამართლემ, რომ ვ.ხ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვალა სწავლის დაწყებიდან დასრულებამდე, მაშინ როცა 2012 (პირველი დასკვნა) წელს და 2016 წელს (ბოლო დასკვნა) დასკვნების დიაგნოზებში წერია მოსარჩელესთან მიმართებით - სინუსური ბრადიკარდია. ორივე შემთხვევაში საბოლოო დიაგნოზია სინუსური ბრადიკარდია.
17.10. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად და ასევე მართებულად არის განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და სსკ-ის 629.1-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლით წესრიგდება. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ გარემოებებს და მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში შეთანხმებულ პირობებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა იმთავითვე ნაგულისხმევი კეთილსინდისიერების ფარგლებში შეაფასებს.
20. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 6.1-6.13 ქვეპუნქტები) მიუთითებს და განმარტავს, რომ არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტსა და მოსარჩელეს/კასატორს შორის 2012 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით (საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო მომსახურების გაწევის შესახებ) არ იყო შეთანხმებული უნივერიტეტის ვალდებულება თეორიული კურსის გავლის შემდეგ ყოველწლიურად სწავლების შემდგომ საფეხურზე გადასვლის წინაპირობად უნივერსიტეტის მიერ სტუდენტის ჯანმრთელობის შემოწმება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხოლოდ სტუდენტის ინტერესს წარმოადგენდა მისი სახელშეკრულებო მიზნის მიღწევის დამაბრკოლებელი გარემოების გამორიცხვაზე ზრუნვა და კომერციული მფრინავის დიპლომისა და პირველი კლასის სერტიფიკატის გაცემის დაბრკოლების აღმოჩენის შემთხვევაში ნებისმიერ დროს ხელშეკრულების შეწყვეტა.
21. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სტუდენტის სასწავლო ბარათის თანახმად, მოსარჩელე საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტზე (კომერციული პილოტი) გადაყვანილი იქნა სწავლების მესამე წელზე 2014/2015 სასწავლო წლის მე-5 სემესტრში, სასწავლო კურსის ოთხი სემესტრის სწავლების შემდეგ. №15/14 განკარგულების თანახმად, სტუდენტი, რომელმაც საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტზე წარმატებით გაიარა მომზადების თეორიული კურსი, 2015 წლის 21 სექტემბრიდან დაშვებული იქნა სსუ-ს საფრენოსნო მეთოდურ ცენტრში, საფრენოსნო პრაქტიკის გასავლელად, შესაბამის საჰაერო ხომალდებზე, „პილოტთა პირველადი მომზადების პროგრამის“ მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებით დამტკიცებულ, „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების“ მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელზე და მის კანდიდატზე (შემდგომში – ავიასპეციალისტი), მისი სპეციალობის მიხედვით; კომერციულ პილოტზე გაიცემა I კლასის სამედიცინო სერტიფიკატი; ამავე წესების მე-3 მუხლის თანახმად, სამედიცინო სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას; მე-6 მუხლის თანახმად, სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 12 თვე კომერციული პილოტის სერტიფიკატისთვის (თვითმფრინავი, დირიჟაბლი, ვერტმფრენი, ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი). მე-9 მუხლის თანახმად, ავიასპეციალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო გამოკვლევას ატარებს საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისია (სსსკ); 35-ე მუხლის შესაბამისად, სსსკ-ში გამოკვლეულ იმ პირზე, რომელიც ვარგისად ჩაითვლება, სსსკ გასცემს ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატს; ბრძანების მე-10 თავით დადგენილია პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოთხოვნები და ის სამედიცინო ჩვენებები, რაც უნდა გამოირიცხოს პირველი კლასის სერტიფიკატის გაცემისას, სამედიცინო კვლევების ჩვენებების საფუძველზე; სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების“ თანახმად, სამედიცინო სერტიფიკატის გამცემ ლეგიტიმურ ორგანოდ ითვლებოდა მხოლოდ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღიარებული კომისია; საქართველოში ასეთ ორგანოს წარმოადგენს შპს „ა.მ.პ–კის“ ბაზაზე არსებული „საავიაციო სამედიცინო საექსპერტო კომისია“.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესები”, თავის მხრივ, ეფუძნება ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1993 წლის 7 დეკემბერს (იხ. რეგისტრაციის კოდი: 480.140.010.09.001.000.016; https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/37096?publication=0) და ეს კონვენცია საქართველოსთვის ძალაშია 1994 წლის 20 მაისიდან (იხ. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1279517?publication=0), ასევე, საქართველოს საჰაერო კოდექსს და “ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონს. საჰაერო კოდექსის 56.1-ე მუხლი ადგენს სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციაში: “საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელიც კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას ახორციელებს, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო, აეროდრომი, ვერტოდრომი, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმო, სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულება, ავიასამედიცინო ცენტრი, ავიასამედიცინო ექსპერტი, საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმო და მისი ტექნიკური პერსონალი, შესაბამისი სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, საავიაციო პერსონალი, ბორტკვების საწარმო, ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ არის დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, საჰაერო ხომალდი და მისი ძრავა ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან შესაბამისობას”. საქართველოს კონსტიტუციით უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გემგებლობას განეკუთვნება ავიაცია (მუხლი 7.1-“ვ”), ამასთან, განვითარებული საავიაციო სფერო სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი ინდიკატორია და ზოგადად საავიაციო საქმე საჯარო მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება, სადაც გარკვეული უფლებამოსილებები შესაძლოა დელეგირებული იყოს, თუმცა, შესაბამისი კონტროლის შენარჩუნებით. საავიაციო-საგანმანათლებლო, ისევე როგორც სხვა უმაღლესი აკადემიური სასწავლო, პროგრამების მიზანია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მქონე სპეციალისტების მომზადება. განსახილველი დავის მიხედვით და მის ფარგლებში კომერციულ პილოტს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება საჰარეო სატრანსპორტო სფეროში (სატრანსპორტო სფერო სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო პროცესის ერთობლიობას ნიშნავს “ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის პირველის მუხლის “ზ” ქვეპუნქტით). “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით უზრუნველყოფილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია, დამოუკიდებლად განსაზღვრონ და განახორციელონ აკადემიური საქმიანობა, ასევე, აკადემიური თავისუფლების ფარგლებში დამოუკიდებლად განახორციელონ აკადემიური სწავლება, სამეცნიერო კვლევა და სწავლა. ამის შედეგი კი არის პირისათვის მინიჭებული აკადემიური ხარისხი, რომლის მიხედვითაც პირს შესაბამისი სწავლების საფეხურის მიხედვით ენიჭება კვალიფიკაცია. მითითებული კანონი საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითად მიზნებს განსაზღვრავს: ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის; ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის; დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება; ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
23. სადავო პერიოდში მოქმედი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №202 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების“ მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით I კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაიცემა: ბ) კომერციულ პილოტზე; ხოლო მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამედიცინო სერტიფიკატის ვადაა: ბ) 12 თვე კომერციული პილოტის სერტიფიკატისთვის (თვითმფრინავი, დირიჟაბლი, ვერტმფრენი, ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი); ამავე წესების მე-7 მუხლი განსაზღვრავს, რომ 1. სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა: ა) განმცხადებლის ასაკიდან გამომდინარე, დადგინდეს სამედიცინო გამოკვლევის დღე და გადათვლა მოხდეს სამედიცინო გამოკვლევის თარიღიდან, პირველადი გაცემისა და განახლების შემთხვევაში. გახანგრძლივების შემთხვევაში, წინა სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღიდან; ბ) სამედიცინო სერტიფიკატის გახანგრძლივება შესაძლებელია ჩატარდეს სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე 45 დღით ადრე; გ) სამედიცინო სერტიფიკატის განახლება: გ.ა) თუკი მფრინავი არ აკმაყოფილებს „ბ“ ქვეპუნქტს, მოთხოვნილი უნდა იქნეს, განახლების შემოწმება/ან შეფასება; გ.ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები მოეთხოვება მხოლოდ პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელებს. იმხანად მოქმედი წესების მიხედვით მე-7 მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტები მოეთხოვება სწორედ იმ კლასის პილოტს, რომელ სასწავლო პროგრამასაც მოცემული დავის მოსარჩელე/კასატორი ეუფლებოდა. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოხსენებული წესების მე-8 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სამედიცინო სერტიფიკატი არის ავიასპეციალისტის მოწმობის განუყოფელი ნაწილი. ავიასპეციალისტი, სამედიცინო სერტიფიკატის გარეშე ან ვადაგასული სამედიცინო სერტიფიკატით, პროფესიული მოვალეობების შესასრულებლად არ დაიშვება. ამ დანაწესში მკაფიოდ არის მითითებული ავიასპეციალისტზე, ანუ იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსი წარმატებით ჩააბარა, თუმცა, სწორედ იმისთვის, რომ პირი გახდეს ავიასპეციალისტი, მან უნდა მიიღოს შესატყვისი განათლება და, საქმიანობის სფეროს სპეციფიკურობის გათვალისწინებით, როდესაც განათლების უფლების ფარგლებში მოპოვებული ცოდნის პრაქტიკული რეალიზებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჯანმრთელობის მდგომარეობა საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად, გამოიყნება საავიაციო სფეროში მოქმედი წესები და სადავო პერიოდში არსებული მოწესრიგება, რომლის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ავიასპეციალისტი საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო გამოკვლევას გადის ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად შექმნილ სსსკ-ში. აღნიშნული წესების 22-ე მუხლის მიხედვით 1. სამედიცნო გამოკვლევების დასრულების შემდეგ სამედიცინო ექსპერტმა უნდა მოახდინოს გამოკვლევების შედეგების კოორდინირება და სააგენტოს წარუდგინოს ხელმოწერილი მოხსენება ან ეკვივალენტური დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება გამოკვლევების დეტალური შედეგები და ის ნაკლოვანებები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. 2. სსსკ-ის დასკვნას ხელს აწერს კომისიის ის წევრი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაში. სადავო პერიოდში მოქმედი წესების 36-ე მუხლის მიხედვით დადგენილია, რომ: 1. სამედიცინო სტანდარტებთან შეუსაბამობის დროს, კონკრეტულ მოწმობასთან მიმართებაში, სამედიცინო სერტიფიკატი არ უნდა იქნეს გაცემული ან განახლებული, თუ არაა დაცული შემდეგი პირობები: ა) აკრედიტებული სამედიცინო დასკვნა აჩვენებს, რომ სპეციალურ პირობებში ავიასპეციალისტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს რაიმე მოთხოვნებს, რაოდენობრივად ან რაიმე სხვა სახით, მისი მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, საფრთხეს არ შეუქმნის ფრენის უსაფრთხოებას; ბ) სათანადო წესით გათვალისწინებულია ავიასპეციალისტის შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და გამოცდილება, ასევე მისი სამუშაო პირობები; გ) სამედიცინო სერტიფიკატი არის გაცემული რაიმე სპეციალური შეზღუდვით ან შეზღუდვებით და მოწმობის მატარებლის მოვალეობის უსაფრთხო განხორციელება დამოკიდებულია ასეთი შეზღუდვის ან შეზღუდვების დაცვაზე.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მისი კვლევისა და შეფასების საგანი არ არის, თუ რა სახის ხელშეკრულება იყო გაფორმებული პირველ მოპასუხესა - უნივერსიტეტსა და მეორე მოპასუხეს- პოლიკლინიკას შორის, ანუ შეუძლებელია იმ გარემოებაზე მსჯელობა, უნივერსიტეტის სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ გამოვლენილი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, რა ვალდებულება ჰქონდა პოლიკლინიკას უნივერსიტეტის წინაშე, თუმცა, ამის გარეშეც, თვალსაჩინოა, რომ მოპასუხე უნივერსიტეტში კონკრეტულ სასწავლო პროგრამაზე მხოლოდ წარმატებული სწავლის შედეგები არ იქნებოდა საკმარისი იმ მიზნის მისაღწევად, რაც სტუდენტს ჰქონდა დასახული და ამ თვალსაზრისით არა მხოლოდ სტუდენტს (მოცემული დავის მოსარჩელე მხარეს), არამედ პირველ მოპასუხეს - უნივერსიტეტსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგან სახელშეკრულებო მიზნის მიღწევაში ორივე მხარეს თანასწორად და თანაბარი კეთილსინდისიერებით ევალებოდა ყველა ქმედების განხორციელება.
25. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესს მოიხმობს, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, გამოვლენლია შერეული ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, სადაც ორივე მხარეს - შემკვეთსაც (მოსარჩელესაც/სტუდენტსაც) და მენარდესაც (პირველ მოპასუხესაც/უნივერსიტეტსაც) თანაბრად მოეთხოვებათ პასუხისმგებლობა იმ საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებიდან და მისაღწევი შედეგიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება კომერციული პილოტის პროფესიის შესწავლას და ამ სტატუსით საჰაერო ტრანსპორტის მართვას. სადავო პერიოდში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, სამედიცინო სერტიფიცირების 1-წლიანი ვადა და მისი გადამოწმების სტანდარტები სწორედ იმ მომეტებული რისკების დაზღვევას ემსახურება, რაც საჯარო ინტერესების უსაფრთხოდ განხორციელებას უკავშირდება, ამასთან, საერთაშორისო და ეროვნული მარეგლამენტირებელი აქტებითაა განსაზღვრული. „შერეული ბრალის არსებობისას დამდგარი ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურება არ დაეკისრება ზიანის მიმყენებელს, პირიქით, მისი პასუხისმგებლობა მცირდება იმ ნაწილში, რითაც დაზარალებულმა ხელი შეუწყო ზიანის წარმოშობას. ამდენად, თუ დამდგარი ზიანი ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ერთობლივი ბრალეული ქმედების შედეგია, მაშინ პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე გადანაწილდება თითოეულის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით (იხ: ლადო ჭანტურია (რედ,), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2001, 482.).
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუ რაიმე სპეციალური კანონი განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, სსკ-ის 415-ე მუხლი მოქმედებს ყველა სახელშეკრულებო და კანონისმიერი თუ დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას ეხება საქმე (Oetker, in MüKo BGB, 7. Aufl., 2016, § 254, Rn 7 ff) (იხ: გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019 წ., მუხლი 415, ველი 9). დელიქტურ ვალდებულებებთან მიმართებაში სსკ-ის 415-ე მუხლის გამოყენება ეფუძნება ამავე კოდექსის 326-ე მუხლს, რომლის თანახმადაც წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს (შეად. სუსგ-ებს: ას-504-481-2016, 30.09.2016წ. Nას-786-735-2017, 03.11.2017წ.; Nას-150-150-2018 , 16.03.2018წ; N ას- 351-2024, 26.06.2024წ.).
27. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 318-ე მუხლის პირველ წინადადებას მოიხმობს, რომლის მიხედვით „ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება.“ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეს დანაწესი კეთილსინდისიერების პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა (იხ. სსკ-ის 8.3 მუხლი) და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტიპის სახელშეკრულებო ვალდებულებაზე ვრცელდება და ასეთი ბუნებრივი ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაშიც კი, როცა მხარეებს ის არ შეუთანხმებიათ, თუკი ეს განპირობებულია ვალდებულების ხასიათით და კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტით, თუმცა, მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის გამცემი ყოველთვის არის ვალდებული, გასცეს ინფორმაცია საკუთარი ინიციატივით. კანონის ტექსტში საუბარია „ინფორმაციის მიღების უფლებაზე“ და ამ ინფორმაციის „გაცემის უზრუნველყოფაზე“... კითხვაზე არის თუ არა ინფორმაციის გამცემი ვალდებული, გასცეს ინფორმაცია საკუთარი ინიციატივით, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს და ინფორმაციის გაცემის ვალდებულების ინტენსივობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 218, ველი 1,5)- შეად. სუსგ-ებს: N ას-717-670-2017, 26.04.2018წ; N ას-1585-2022, 12.06.2023წ; N ას-610-2022, 15.02.2023წ; N ას-1588-2022, 12.06.2023წ; N ას-829-2023, 9.02.2024წ.).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში კონკრეტული ზიანის დადგომაში არა მხოლოდ დამზიანებელს, არამედ ასევე დაზარალებულსაც შეაქვს თავისი „წვლილი“. სსკ-ის 415-ე მუხლი აწესრიგებს იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უნდა მოხდეს დაზარალებულის ამ „წვლილის“ გათვალისწინება, და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს (იხ: გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019 წ., მუხლი 405, ველი 1). შერეული ბრალის არსებობისას სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა გულისხმობს არა ზიანის ანაზღაურებას დაზარალებულის მიერ, არამედ ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირებას და ზიანის შესაბამისი ნაწილის დაზარალებულზე (კრედიტორი) დაკისრებას. ამ ვითარებაში არსებული ზიანი მოვალისა და დაზარალებულის ერთობლივი მოქმედების განუყოფელი შედეგია. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება მხარეთა ბრალეულობის ხარისხით – უფრო მეტად თუ რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული (სსკ-ის 415-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 254-ე პარაგრაფი – ,,თანაბრალეულობა” (იხ: Münch Komm BGB/Oetker §254. Bd 2a. Rn. 10. Palandt/Heinrichs, §254. Rn.15. Staudinger/Schiemann. §254. Rn.67. Bamberger/Roth., Grüneberg §254. Bd. 1. Rn.11. 19.) ( იხ: სუსგ Nას-992-2020, 29 სექტემბერი,2021წ.).
29. სამოქალაქო კოდექსით აღიარებული ფუძემდებლური “pacta sunt servanda”- (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპი, ორივე მხარეს აკისრებს კეთილსინდისიერად მოქმედების ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელშეკრულებით არ უკისრია კონკრეტული ვალდებულება, რომ საჰაერო ტრანსპორტის საფრენოსნო ექსპლუატაციის ფაკულტეტის „პილოტ-ინჟინერის“ საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინა, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, აღნიშნული არ ათავისუფლებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას პასუხისმგებლობისაგან სრულად, რადგან, მის მიერ გაწეული მომსახურების - სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კურსის სტუდენტისთვის ჩატარება, თავისთავად მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემას არ ისახავდა მიზნად. მოპასუხე უნივერსიტეტის მიერ გაწეული მომსახურება, ფორმალურად ჯეროვნად განხორციელებულად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, რადგან არ არის მიღწეული სასწავლო კურსის საბოლოო შედეგი შესაბამისი თანრიგის მოწმობის/სერტიფიკატის მიღება. ასეთი სერტიფიკატის გაცემა, გარდა იმისა, რომ კერძო პირის მიერ მიღებული განათლებისა და პროფესიული თვითრეალიზაციის შესაძლებლობას წარმოადგენს, იმავდროულად საჯარო ინტერესსაც ემსახურება საჰაერო სატრანსპორტო მომსახურების სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებისა და დასაქმების შესატყვის სფეროში გაშვების კუთხით.
30. დადგენილია და უდავოა, რომ თეორიული კურსის დასაწყისში - 2012 წელს სტუდენტმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და კომისიამ გასცა პირველი კლასის სერტიფიკატი (რომლის მოქმედების ვადა იყო ერთი წელი), რითაც დადასტურდა მის მიერ ფრენების განხორციელების შესაძლებლობა. დადგენილია, რომ 2012 წლიდან 2015 წლამდე სტუდენტს (კასატორს) არ მიუმართავს კომისიისათვის. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, თეორიული კურსის დასაწყისში სამედიცინო შემოწმების გავლით დადასტურდა მხოლოდ ის, რომ მოსარჩელეზე გაიცა პირველი კლასის სერტიფიკატი (რომლის მოქმედების ვადა იყო ერთი წელი), რითაც დადასტურდა მის მიერ ფრენების განხორციელების შესაძლებლობა, შესაბამისად, 2015 წლამდე არც სტუდენტს მიუმართავს და არც საგანმანათლებლო დაწესებულებას მოუთხოვია მისთვის სამედიცინო შემოწმების გავლა, რათა დადასტურებულიყო ერთწლიანი სერტიფიცირების ვადის ამოწურვის შემდეგ ფრენების განხორციელების შესაძლებლობა, რაც ორივე ხელშემკვრელი მხარის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. კვალიფიციური კომერციული პილოტის, როგორც სპეციალისტის, სასწავლო კურსის დამთავრება, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს მოითხოვს, სხვაგვარად შეუძლებელია პირველი კლასის სერტიფიკატის ვადის შეფასება. შესაბამისად, სახელშეკრულებო ინტერესისა და შედეგის მიღწევის ინტერესი ფორმალური სახელშეკრულებო პირობის ვიწრო განმარტებას არ ნიშნავს, რეალურად, საკასაციო სასამართლოს განმარტება არის გონივრული შეფასება იმ საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც, ერთი მხრივ, კერძო პირის მიერ კონკრეტული პროფესიის- ამ შემთხვევაში კომერციული პილოტის- დაუფლებას სჭირდება, მეორე მხრივ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კონკრეტული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებას ნიშნავს.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის/კასატორის მიერ გადახდილი 32 300 ლარიდან 1 100 ლარი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ეტაპობრივად მისი აკადემიური დაუსწრებლობის გამო გამოწვეული გამოცდების გადაბარების საფასურს (2011 წლის 5 დეკემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით), შესაბამისად, მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია ამ მიმართებით დაუსაბუთებლად მიაჩნია და ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასებით, გამოვლენილია შერეული ბრალეული პასუხისმგებლობა, მოსარჩელის მიერ გადახდილი 31 200 ლარიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დააკმაყოფილეს 4950 ლარის ნაწილში სარჩელი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანია 26 250 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრების მართლზომიერება, რაც მოსარჩელის (შემკვეთისა) და პირველი მოპასუხის (უნივერსიტეტის/მენარდის) თანაბარი “ბრალეულობის” გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით მოსარჩელის/კასატორის მოქმედებამაც შეუწყო ხელი იმ შედეგის დადგომას, რომ მან ვერ მიიღო სწავლის შედეგად ის აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ამასთან, მოპასუხეთაგან მხოლოდ პირველს - უნივერსიტეტს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 13 125 (ცამეტი ათას ას ოცდახუთი) ლარის ანაზღაურება. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეს ამ მიმართებით დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნა (შესაბამისად- სააპელაციო/საკასაციო შედავება) არ ჰქონია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების კვლევის საგანი არ ყოფილა და, აქედან გამომდინარე, ვერც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს, თუ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში რა იყო მოპასუხეებს (უნივერსიტეტსა და პოლიკლინიკას) შორის შეთანხმებული (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 24-ე პუნქტი). საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელესა და მოპასუხე უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, რომელთა საფუძველზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი (შესაბამისად-სარჩელი), სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში კი უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
32. სსსკ-ის 53.3-ე მუხლის საფუძველზე მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების თაობაზე იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ.ხ–ძის სარჩელი მოპასუხე შპს "ს.ს.უ–ტის" მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს "ს.ს.უ–ტს" ვ.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 13 125 (ცამეტი ათას ას ოცდახუთი) ლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
6.შპს "ს.ს.უ–ტს" ვ.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 575 (ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური