Facebook Twitter

საქმე №ას-912-2024 14 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ქ.ც–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჰ–ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად წარმოებაში მიღება

კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1.1. ქ.ც–ის (შემდეგში - შეგებებული მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.2. არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ა.ჰ–ს (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე) დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თითოეული შვილის მიმართ 750-750 ევროს, ჯამურად 1 500 ევროს (ან მისი ეკვივალენტი ლარის) ოდენობით, რომლის გადახდევინება 2022 წლის 4 მაისიდან (სარჩელის აღძვრის დღიდა) ბავშვების სრულწლოვანებამდე უნდა შესრულებულიყო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებულმა მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმგვარად შეცვლა მოითხოვა, რომ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარეს ჯამურად 4 000 ევროს (თითოეული ბავშვისთვის 2 000-2 000 ევროს) ოდენობით ალიმენტის გადახდა დაჰკისრებოდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით:

3.1. არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დამატებით 1 000 -1 000 ევროს, ჯამურად 2 000 ევროს ოდენობით ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნის (ყოველთვიური ალიმენტის სახით არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ 1 000-1 000 ევროს, ჯამურად 2 000 ევროს დაკისრება) სრულად დაკმაყოფილების ნაწილში შეგებებული მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეგებებულმა მოსარჩელემ კერძო საჩივარი შემოიტანა, ამ განჩინების გაუქმებისა და, სააპელაციო საჩივრის სრული მოცულობით წარმოებაში მიღების მოთხოვნით.

- კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის წინაპირობად გასაჩივრებულ განჩინებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 381-ე მუხლია დასახელებული, მაშინ როდესაც საალიმენტო მოთხოვნის გაზრდის ან შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენების უფლება მხარეს ნებიმიერ დროს გააჩნია. ამასთან, გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენა მართლმსაჯულების განხორციელებას უსაფუძვლოდ გააჭიანურებს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

6. სსსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონი კრძალავს სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდას და სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც მოსარჩელის თავდაპირველ მოთხოვნას არ წარმოადგენდა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს, თუ გაზრდილია დავის საგანი, ანუ, თუ აპელანტი მოითხოვს იმის მიკუთვნებას, რაც მას სარჩელით არ მოუთხოვია.

7. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ყოველთვიური ალიმენტის სახით არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ 1 000 -1 000 ევროს, ჯამურად 2 000 ევროს დაკისრება, ხოლო სააპელაციო საჩივრით იგი მოითხოვდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დამატებით 2 000 ევროს ოდენობით ალიმენტის დაკისრებას. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაზარდა დავის საგანი, რაც ზემომოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე მითითებულ ნაწილში მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ც–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა