Facebook Twitter

საქმე №ას-1227-2024 14 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს ,,ჯ.ლ–ი’’

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,ს.კ.პ–ი’’

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1.1. შპს ,,ჯ.ლ–ის’’ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, საწარმო) მიმართ სს ,,ს.კ.პ–ის’’ (შემდეგში - მოსარჩელე ან სადაზღვევო კომპანია) მიერ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა;

1.2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე საწარმოს 54 365 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად) გადახდა დაეკისრა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის განჩინებით მოპასუხე საწარმოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

3. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მის უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებაზე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მოპასუხის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მხარის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით, ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში მოპასუხეს 2 174.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (ჩარიცხვის დღეს არსებული კურსით) ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტისა და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენა დაევალა;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის, 17 ივნისისა და 11 ივლისის განჩინებებით, მისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპასუხეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა სამჯერ, ათ-ათი დღის ვადით;

- ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, 2024 წლის 26 ივლისს, მოპასუხის წარმომადგენელმა რ.გ–მა მითითებული ვადის 20 დღით გაგრძელების თაობაზე კვლავ იშუამდგომლა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, საწარმოს უცხოელი დამფუძნებელი საქართველოში 2024 წლის 20 ივლისს ჩამოდიოდა, რის შემდეგაც ხარვეზის შევსებას სრულფასოვნად შეძლებდა.

4.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, შემდეგი გარემოებების გამო:

- ჯერ კიდევ 2024 წლის 17 ივნისის განჩინებაში მოპასუხეს მიეთითა, რომ წინა შემთხვევაში ვადის გაგრძელების საფუძვლად იგი საწარმოს დამფუძნებელთან (უცხო ქვეყნის მოქალაქე) კომუნიკაციის შეუძლებლობაზე მიუთითებდა, მაშინ, როდესაც დამფუძნებლები აზერბაიჯანის მოქალაქეები იყვნენ, ხოლო საწარმოს შეუზღუდავი უფლებამოსილებით დირექტორიც (საქართველოს მოქალაქე) ჰყავდა, რომელიც ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე სრულად უფლებამოსილი პირი იყო. ამასთან, საქმის სააპელაციო სასამართლოში შესვლიდან საკმაო პერიოდი გავიდა, რაც აზერბაიჯანში მცხოვრებ პირებთან შედეგიანი კომუნიკაციისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო.

- საპროცესო ვადის მესამედ გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზით დასაშვებობის ეტაპზე 2024 წლის 25 აპრილიდან იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც კანონმდებელი საქმის განხილვისთვის ორიდან ხუთ თვემდე ვადას აწესებდა. ამდენად, ხარვეზის შესავსებად და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად სამ თვემდე ვადის გაგრძელება არაგონივრული იყო და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების მიმართ მოწინააღმდეგე მხარის დაცვის ღირს ინტერესს ლახავდა.

- ზემოხსენებულის მიუხედავად, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ მოპასუხემ წინა განცხადების იდენტური შინაარსისა და დასაბუთების შემცველი განცხადება წარადგინა. განცხადება 2024 წლის 23 ივლისით დათარიღდა, თუმცა განმცხადებელი კვლავაც იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ საწარმოს დამფუძნებელთან კომუნიკაცია ვერ შეძლო, ეს უკანასკნელი საქართველოში 2024 წლის 20 ივლისს ჩამოდიოდა და მხარეთა შორის მორიგება ან ხარვეზის სრულად შევსება მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. ამდენად, იგივე საფუძლით ხარვეზის ვადის განმეორებით გაგრძელების მოთხოვნა (რაც შესაბამისი მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული) პროცესის გაჭიანურების მცდელობად უნდა შეფასებულიყო, რასაც შესაბამისი შედეგი უკავშირდებოდა. ამასთან, საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძვლად მოპასუხის მიერ მითითებული მოვლენა ხსენებული განცხადების გაგზავნას კალენდარულად წინ უსწრებდა, რაც მის სარწმუნოობას ეჭვქვეშ აყენებდა.

ვინაიდან ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება მიიჩნია უსაფუძვლოდ, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 63-ე, 368.5, 374-ე მუხლები).

5. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

5.1. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად დარჩა, თუმცა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მიზნით მანამდე მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს არაერთხელ მიმართა და აღნიშნული ვადის გაგრძელების საფუძვლის არსებობა დაუსაბუთა, მათ შორის, კერძო საჩივრის ავტორმა იმაზეც მიუთითა, რომ მხარეთა შორის მორიგების წინაპირობები იკვეთებოდა. ამჟამად, მხარეთა შორის მორიგება შედგა, რის გამოც შესაბამისი მორიგების აქტი საკასაციო პალატამ უნდა დაამტკიოს ან მისი დამტკიცების მიზნით საქმე სააპელაციო სასამართლოში უნდა დააბრუნოს. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობამ, სასამართლოს მიერ საქმის განხილვის კუთხით მოპასუხის კანონიერი ინტერესის უგულებელყოფა არ უნდა გამოიწვიოს.

5.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლომ კანონის ნორმები დაარღვია, სახელდობრ, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები კერძო საჩივრის ავტორს არ ჩაბარებია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

7. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა.

8. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან მის მიერ მითითებული გარემოებები სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა და ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა - გაეგრძელებინა.

9. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალური წესების ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებდეს (იხ. სუსგ N ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; Nას-851-817-2016, 04.11.2011წ.).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის დადგენილ შეზღუდვებს შორისაა: სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულება (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები) და კონკრეტული მოთხოვნები სააპელაციო საჩივრის ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება აპელანტისთვის სავალდებულოა.

საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები, ხოლო ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში - შესაბამისი შედეგი (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, როდესაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან განთავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს (იხ. სუსგ №ას-396-2019, 28 ივნისი, 2019 წელი).

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, სამართალწარმოებისთვის გარკვეული საფასურის დაწესება არ არღვევს კონვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებასაც. სასამართლოს განმარტებით, ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მომჩივანის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით (Kreuz v. Poland, 19.06.2001).

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, საკუთარ უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე (1) მუხლითა და „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. როგორც აღინიშნა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

10. რაც შეეხება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საფუძვლის არსებობის თაობაზე კერძო საჩივარში გაჟღერებულ პრეტენზიას, მათ უარსაყოფად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მართებულად მიაქცია საქმეზე გამოვლენილ შემდეგ გარემოებებზე:

1). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით, ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში მოპასუხეს 2 174.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (ჩარიცხვის დღეს არსებული კურსით) ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტისა და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენა დაევალა;

2). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის, 17 ივნისისა და 11 ივლისის განჩინებებით, მისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპასუხეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა სამჯერ, ათ-ათი დღით;

3). ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, 2024 წლის 26 ივლისს, მოპასუხის წარმომადგენელმა რ.გ–მა მითითებული ვადის 20 დღით გაგრძელების თაობაზე კვლავ იშუამდგომლა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, საწარმოს უცხოელი დამფუძნებელი საქართველოში 2024 წლის 20 ივლისს ჩამოდიოდა, რის შემდეგაც ხარვეზის შევსებას სრულფასოვნად შეძლებდა.

4). ჯერ კიდევ 2024 წლის 17 ივნისის განჩინებაში მოპასუხეს მიეთითა, რომ წინა შემთხვევაში ვადის გაგრძელების საფუძვლად იგი საწარმოს დამფუძნებელთან (უცხო ქვეყნის მოქალაქე) კომუნიკაციის შეუძლებლობაზე მიუთითებდა, მაშინ, როდესაც მართალია დამფუძნებლები აზერბაიჯანის მოქალაქეები იყვნენ თუმცა საწარმოს შეუზღუდავი უფლებებით აღჭურვილი დირექტორიც (საქართველოს მოქალაქე) ჰყავდა. ამასთან, საქმის სააპელაციო სასამართლოში მიღებიდან საკმაო პერიოდი გავიდა, რაც აზერბაიჯანში მცხოვრებ პირებთან შედეგიანი კომუნიკაციისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო.

5). საპროცესო ვადის მესამედ გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ, წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზით დასაშვებობის ეტაპზე 2024 წლის 25 აპრილიდან იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც კანონმდებელი საქმის განხილვისთვის ორიდან ხუთ თვემდე ვადას აწესებს. ამდენად, ხარვეზის შესავსებად და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად სამ თვემდე ვადის გაგრძელება არაგონივრული იყო და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების მიმართ მოწინააღმდეგე მხარის დაცვის ღირს ინტერესს ლახავდა.

6). ზემოხსენებულის მიუხედავად, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ მოპასუხემ წინა განცხადების იდენტური შინაარსისა და დასაბუთების შემცველი განცხადება წარადგინა. განცხადება 2024 წლის 23 ივლისით დათარიღდა, თუმცა განმცხადებელი კვლავაც იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ საწარმოს დამფუძნებელთან კომუნიკაცია ვერ შეძლო, ეს უკანასკნელი საქართველოში 2024 წლის 20 ივლისს ჩამოდიოდა და მხარეთა შორის მორიგება ან ხარვეზის სრულად შევსება მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.

საკასაციო პალატის შეფასებით, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ იდენტური საფუძლით ხარვეზის ვადის არაერთგზისი გაგრძელების მოთხოვნა (რაც შესაბამისი მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული) პროცესის გაჭიანურების მცდელობას ემსახურებოდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც სწორად მიაქცია, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძვლად მოპასუხის მიერ მითითებული მოვლენა, ხსენებული განცხადების გაგზავნას კალენდარულად წინ უსწრებდა, რამაც მის სარწმუნოობას ეჭვქვეშ აყენებდა.

11. ამასთან, წინამდებარე განჩინების მსჯელობის საგანი ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კანონიერების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რადგან, კერძო საჩივრით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება კი არ არის გასაჩივრებული, არამედ - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368.5 და 374-ე მუხლები და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ჯ.ლ–ის’’ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა