საქმე № ას-988-2024 21 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „რ.ს–ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური (აპელანტი, მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2010 წლის 21 დეკემბერს გაფორმებულია „გზითსარგებლობის საფასურის გადასაფხეკი ბარათის მიღება-ჩაბარების აქტი“, რომლის მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტმა შპს „რ.ს–ოს“ გადასცა 4500 ბარათი. შპს „რ.ს–ოს“ სახელით, აქტს ხელს აწერს სადგურების ოპერაციების მენეჯერი ლ.გ–ია; აქტზე დასმულია კომპანიის ბეჭედი.
2. შპს „რ.ს–ომ“ 2019 წლის 6 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს დაუბრუნა 947 გზათსარგებლობის ბარათი, რის თაობაზეც მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.
3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა 2020 წლის 22 ოქტომბერს წერილობით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს და აღნიშნა, რომ საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებდა შპს „რ.ს–ოსთვის“ გზათსარგებლობის ბარათების გადაცემას, აღნიშნული კომპანიის მიერ შემდგომში საცალო რეალიზაციის მიზნით. წერილით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია, შპს „რ.ს–ოს“ მიერ 2010 წლიდან ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხული თანხის ჯამური ოდენობის შესახებ, აგრეთვე, თითოეული ჩარიცხვის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩარიცხვის თარიღის მითითებით, შესაბამისი ცხრილის სახით.
4. სახაზინო სამსახურის უფროსმა 2020 წლის 16 ნოემბერს, ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გაუგზავნა ინფორმაცია, შპს „რ.ს–ოს“ მიერ 2010 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხული თანხების შესახებ, Excel-ის ფაილების სახით. მითითებულ ფაილებში დაფიქსირებულია ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვა, სადაც გადასახადის გადამხდელად დასახელებულია შპს „რ.ს–ო“, ხოლო დანიშნულებად - „გზით სარგებლობის მოსაკრებელი“.
5. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „რ.ს–ოსთვის“, სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ, 69 151,37 ლარის დაკისრება.
6. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და სარჩელი არ ცნო.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხე შპს „რ.ს–ოს“ მიმართ, არ დაკმაყოფილდა.
8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოითხოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილდა.
10. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და მხარეთა თანასწორობა, რადგან მოპასუხეს არ ჰქონდა თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობა დაეცვა თავისი პოზიცია. კერძოდ, სააპელაციო ინსტანციის მოსამართლემ მოპასუხე მხარეს არ მისცა უფლება გაეჟღერებინა საკუთარი მოსაზრებები.
10.3. მიღებული გადაწყვეტილება აზრსმოკლებული და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლო არასწორად აფასებს მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის სახეს, კერძოდ, ის არასწორად მიიჩნევს, რომ სახეზე იყო თითქოს დავალების ხელშეკრულება. ამის შესახებ მოსარჩელე მხარეს არასდროს მიუთითებია მით უმეტეს, მოსარჩელე ასაბუთებდა, რომ სახეზე იყო ნასყიდობის ხელშეკრულება.
10.4. მხარეთა შორის არსებულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირი არ ადასტურებს რომ ხელმოწერა მისია, ასევე აცხადებს, რომ კომპანიის სახელით არ ჰქონდა უფლება ხელი მოეწერა დოკუმენტებზე, შესაბამისად, აქტი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
10.5. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, თუმცა სასამართლო ამ საკითხს არ იკვლევს. ვალდებულების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა იმ დროს, როცა ჩარიცხვები შეჩერდა 2015 წელს, შესაბამისად, სწორედ აქედან უნდა ათვლილიყო ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, 2019 წლისთვის, როდესაც მოპასუხემ მოსარჩელეს ბარათები დაუბრუნა ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
18. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
19. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
20. მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხებს წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის არსებობა, სახელშეკრულებო ურთიერთობის სახე, ვალდებულების შესრულების ან შეუსრულებლობისას ზიანის ანაზღაურების წარმატებულობა.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველ რიგში განხილული უნდა იქნეს ხანდაზმულობის საკითხი, რადგან მისი არსებობის შემთხვევა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
22. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. იმავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
23. ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს ვადამოსული მოთხოვნების გაქარწყლების მაქსიმალურ ვადას, როდესაც შესაძლებელია დადასტურდეს კიდევ ვალდებულების არსებობა, თუმცა ის ვეღარ აღსრულდეს სწორედ ხანდაზმულობის გამო. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის კი უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას, პოზიტიურ ცოდნასთან ერთად, ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთთან თანხვდენილია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ (იხ. სუსგ №ას-1599-2023, 26.01.2024 წ.).
24. ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2019 წლის 6 დეკემბერს შეწყდა. სწორედ ამ პერიოდიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს. ამიტომ, რადგან სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2022 წლის 20 ივლისს, მის მიერ ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა დაცულია.
25. დადგენილია, რომ 2010 წლის 21 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივი შინაარსი გულისხმობდა სპეციალური ბარათების მოპასუხისთვის გადაცემას რეალიზაციის მიზნით. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის სახის, ტიპის შესახებ მსჯელობის განვითარებაში არ არის შეზღუდული სასამართლო, შესაბამისად, მას აქვს უფლება და ვალდებულება განიხილოს ხელშეკრულების სახე, რათა სამართლებრივი შედეგი განსაზღვროს სწორად. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (იხ. სუსგ №ას-359-2023, 13.10.2023 წ.).
26. სსკ-ის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. იმავე კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთანავე, დავალების ხელშეკრულების სპეციალური ფორმა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი არ არის. ამდენად, იმავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ის ზეპირი ფორმითაც შეიძლება დაიდოს.
27. დადგენილია, რომ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას/ტვირთების გადაზიდვისათვის გადახდილ უნდა იქნეს გზათსარგებლობის საფასური. გზათსარგებლობის საფასურის გადახდა კი შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდაზე ვალდებული პირის მიერ გზათსარგებლობის ბარათის შეძენით. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურს, როგორც გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ადმინისტრირებასა და კონტროლზე უფლებამოსილ პირს, უფლება აქვს, გზათსარგებლობის ბარათების რეალიზაცია განახორციელოს სხვა პირთა მეშვეობით, მათთან კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებების დადების გზით. სწორედ, ამ უფლებამოსილების ფარგლებში გადასცა სსიპ შემოსავლების სამსახურმა შპს „რ.ს–ოს“ გზათსარგებლობის ბარათები, რათა შემდგომში გზათსარგებლობის საფასურის გადახდაზე ვალდებულ პირებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, შეეძინათ ბარათები შპს „რ.ს–ოს“ ავტოგასამართ სადგურებში. მაშასადამე, სსიპ შემოსავლების სამსახური განსახილველი ურთიერთობის ფარგლებში წარმოადგენს დავალების გამცემს, ხოლო შპს „რ.ს–ო“ - დავალების მიმღებს. ხელშეკრულება 2010 წელს დაიდო ზეპირი ფორმით და ატარებდა უსასყიდლო ხასიათს; დავალება კი გამოიხატებოდა გადაცემული ბარათების რეალიზაციაში.
28. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე ხელშეკრულება თავის თავში ნარდობის სახეა და არა ნასყიდობის, რადგან მოპასუხე ვალდებული იყო გადაცემული ქონება განეთავსებინა ფილიალებში მათი რეალიზაციისთვის, და გაყიდვის შემდგომ გადაერიცხა თანხები მოსარჩელისთვის, შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული შინაარსი გამორიცხავს ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას.
29. რაც შეეხება წარმომადგენლობით უფლებამოსილების ნაწილს, სააპელაციო ეტაპზე დადგენილია, რომ ლ.გ–ია წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს, შესაბამისად, მას ჰქონდა უფლებამოსილება მიეღო შესაბამისი სახის საწარმოს როგორც აქტივი, ისე პასივი. წინამდებარე ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის ვალდებულებებს, შესაბამისად, მოსარჩელეს არ გასჩენია ეჭვი მის არაუფლებამოსილებაზე. ასევე, მხარეთა შორის წარმოშობილი ხელშეკრულებით ორივე მხარე იღებდა სარგებელს, რაც მოსარჩელეს არ გაუხდია სადავო. შესაბამისად, ორივე მხარე ინფორმირებული იყო აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესახებ, რაც ასევე გამორიცხავს წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე შედავებას.
30. რაც შეეხება ძირითად მოთხოვნაზე შედავებას, რაც გულისხმობს ზიანის 69 151,37 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამფუძნებელ ნორმაზე მითითებას, რომ სსკ-ის 715-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.
31. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. იმავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
32. მოცემულ შემთხვევაში, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასხვა 4500 ბარათი, ხოლო მოპასუხემ მხოლოდ 947 ბარათი დაუბრუნა, ასევე გადაუხადა 641 448,63 ლარი, მოპასუხეს დამატებით დასაბრუნებელი რჩება ნაშთი ბარათების ოდენობის თანხა - 69 151,37 ლარი. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა რამე სახის ისეთი კვალიფიციური შედავება, შესაბამისი სახის მტკიცებულებები, რომლებიც აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო ფაქტებს დაადასტურებდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „რ.ს–ოს“ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №458, გადახდის თარიღი 11.07.2024) 3457,56 ლარის 70% - 2420,2 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე