საქმე № ას-837-2024 16 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,ა–სი’’ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ქ–ლა’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ა–სის“ (შემდგომში მოპასუხე, მოიჯარე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ქ–ლას“ (შემდგომში მოსარჩელე ან მეიჯარე) სარჩელი და მოიჯარეს მეიჯარის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების, 3651,29 ლარის გადახდა.
2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის დრო, ასევე არასწორად დაასკვნა, რომ მოიჯარეს არ გადაუხდია ბოლო თვის საიჯარო ქირა. საქმის მასალებით დასტურდებოდა როგორც საიჯარო ქირის გადახდის ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ ხელშეკრულება მოიჯარის მხრიდან ცალმხრივად შეწყდა 2020 წლის 1 სექტემბერს, თუმცა მეიჯარემ არ მისცა შესაძლებლობა მოიჯარეს გაეთავისუფლებინა საიჯარო ქონება.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. 2019 წლის 3 ოქტომბერს მოსარჩელესა (მეიჯარეს) და მოპასუხეს (მოიჯარეს) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, იჯარის საგანს წარმოადგენდა მეიჯარის საკუთრებაში არსებული ქონების (საკადასტრო კოდით: ......), 69,87 კვ.მ ფართის, მოიჯარისათვის დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა;
7.2. საიჯარო ქირა განისაზღვრა თვეში 900 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, ყოველი თვის ბოლო დღის ოფიციალური კურსის შესაბამისად, დღგ-ს ჩათვლით;
7.3. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ყოველ მომდევნო თვეებში ქირა უნდა გადახდილიყო წინსწრებით ყოველი თვის დასაწყისში, სამ რიცხვამდე, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად. თუ თვის სამი რიცხვი დაემთხვევოდა არასამუშაო დღეს, მოიჯარეს ქირა უნდა გადაეხადა მომდევნო სამუშაო დღეს. ქირა უნდა გადახდილიყო 9.3 პუნქტში გასაზღვრულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, ხოლო პირველი და ბოლო თვის იჯარის ქირის გადახდა მოხდებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება;
7.4. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან და მოქმედებდა 2020 წლის 9 ოქტომბრამდე. ამასთან, თუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე მხარეები წერილობით არ გამოხატავდნენ ნებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვლებოდა ყოველ ჯერზე ერთი წლის ვადით;
7.5. 2019 წლის 9 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა ხელშეკრულების საგნით განსაზღვრული იჯარის საგანი სრულად;
7.6. მეიჯარემ გამოიყენა გირავნობის უფლება მოიჯარის ნივთებზე და დააკავა ისინი საიჯარო ფართში, რა მიზნითაც, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ფართში არსებული ნივთების შესახებ ფაქტის კონსტატაცია. ფაქტის კონსტატაციის მიზნით, მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ გადაიხადა 100 ლარი;
7.7. იჯარის ხელშეკრულება შეწყდა მეიჯარის მიერ, 2020 წლის 12 ოქტომბერს;
7.8. 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდის საიჯარო ქირის დავალიანებაა 3551.29 ლარი (თვის ბოლო რიცხვის გაცვლითი კურსის შესაბამისად და შეწყვეტის დღეს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით);
8. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი საიჯარო ქირის მოპასუხისთვის დაკისრება, სამოქალაქო კოდექსის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), 561-ე (ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიადნ სხვა რამ არ გამომდინარეობს) მუხლებიდან გამომდინარეობს.
9. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შესრულებულია აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა. ამასთან, სახეზე არ არის მოთხოვნის გამომრიცხველი ან შემწყვეტი გარემოებები.
10. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
11. განსახილველ საქმეში მოსარჩელემ სადავოდ გახადა, მხარეთა შორის 2019 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების (საიჯარო ქირის) მოპასუხის მხრიდან გადაუხდელობა.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. სსკ-ის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობა აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების დაცვის ისეთ ეფექტიან მექანიზმს, როგორიცაა სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვა.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.
15. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რა თქმა უნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ საქმე №ას-1423-2019, 28.02.2020). მხოლოდ სიტყვიერი განმარტება საამისოდ ვერ გამოდგება. შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს, კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი). ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
16. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
17. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე საიჯარო ქირის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას დაცული აქვს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის წესი (ხელშეკრულების თანახმად, თუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე მხარეები წერილობით არ გამხატავდნენ ნებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლებოდა, ყოველ ჯერზე ერთი წლის ვადით) და წერილობითი ფორმით მიმართული აქვს მეიჯარისთვის 2020 წლის 1 სექტემბერს, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ მოიჯარეს გადახდილი აქვს ბოლო თვის საიჯარო ქირა. სასამართლოს მოსაზრებით, მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რაც სათანადო მტკიცებულებით გამყარებული არ არის, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საიჯარო ქირის დავალიანების გადახდისაგან მის გათავისუფლებას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა გადაუხდელი ქირავნობის თანხა. კასატორს კი საკასაციო სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე არაა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ა–სს“ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1720615451, გადახდის თარიღი 10.07.2024) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე