საქმე№ას-536-2024 29 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ი–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მიუღებელი სარჩოს დაკისრება, სარჩოს ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ე.ი–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, საწარმო ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა:
1.1.1. მოპასუხისთვის 2023 წლის პირველი ივნისიდან ყოველთვიურად სარჩოს სახით 1 089 ლარის დაკისრება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
1.1.2. მოპასუხისთვის 2020 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, მიუღებელი სარჩოს სხვაობის დაკისრება 9 084 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ, წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი მიუღებელი სარჩოს დაკისრებისა და სარჩოს გაზრდის შესახებ დაკმაყოფილდა:
3.1.1. ყოველთვიური სარჩო - 660 ლარი გაიზარდა 429 ლარით და მოპასუხეს, 2023 წლის პირველი ივნისიდან მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს სახით 1 089 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
3.1.2. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის ივნისის თვიდან 2023 წლის მაისის თვის ჩათვლით მიუღებელი სარჩოს სხვაობის - 9 084 ლარის გადახდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
4. საწარმოს სააპელაციო მოთხოვნა
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე საწარმომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
5.2.1. მოსარჩელე დაბადებულია 1960 წლის 24 თებერვალს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროისთვის იყო 63 წლის. მოსარჩელე საწარმოში მუშაობდა მემანქანედ. გავლილი აქვს უსაფრთხოების საკითხების სწავლება, 1983 წლის 8 მაისს - შესავალი ინსტრუქტაჟი, 1991 წლის 10 აგვისტოს - პროფესიის სწავლება, 1993 წლის 15 იანვარს - პირველადი (განმეორებითი) ინსტრუქტაჟი. ცოდნის შემოწმება მოხდა 1993 წლის 25 იანვარს.
5.2.2. მოსარჩელემ, სალოკომოტივო დეპოს ტერიტორიაზე 1993 წლის 23 თებერვალს მომხდარი უბედური შემთხვევისას მიიღო საწარმოო ტრავმა. 2007 წლის 10 ივლისიდან დაუდგინდა პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი 60%-ით.
5.2.3. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2007 წლის 10 ივლისის სამედიცინო დასკვნის თანახმად, ე.ი–ის დიაგნოზია: მძიმე ქალა-ტვინის ტრავმის (თავის ტვინის დაჟეჟილობა, ქალა-ფუძის მოტეხილობა 1993 წელს) ნარჩენი მოვლენები. პოსტტრავმული ნეიროსენსორული ტიპის სმენის დაქვეითებით მარცხნივ, პოსტტრავმული ენცეფალოპათია მცირე ხარისხის. გადამოწმების თარიღი - უვადოდ (ტ.1, ს.ფ. 134).
5.2.4. მოპასუხე საწარმო, მოსარჩელეს ყოველთვიური სარჩოს სახით 2009 წლის მაისიდან ურიცხავდა 180.34 ლარს.
5.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 სექტემბრის N2/6848-12 გადაწყვეტილებით, საწარმოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის მაისიდან ყოველთვიურად სარჩოს სახით 660 ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის N2ბ/4094-12 განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. საქართველო უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის Nას-315-300-2013 განჩინებით საწარმოს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5.2.6. მოსარჩელე, პროფესიული შრომისუნარის 60%-ით დაკარგვის გამო 2012 წლის მაისიდან დღემდე ყოველთვიურად, საწარმოსგან სარჩოს სახით იღებს 660 ლარს.
5.2.7. საწარმოს ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ თბილისის სალოკომოტივო დეპოს მოქმედი მემანქანის ხელფასი 2020 წლის ივნისის თვიდან 2021 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგენდა 1 375 ლარს. 2021 წლის სექტემბრის თვიდან 2022 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით - 1 565 ლარს. 2023 წლის იანვრის თვიდან მემანქანის ხელფასი შეადგენს 1 815 ლარს (ტ.1,ს.ფ. 82).
5.2.8. მოსარჩელე, პროფესიით არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის ივნისიდან 2023 წლის სექტემბრამდე პერიოდში, მოსარჩელეს უფიქსირდება შემოსავლები ხელფასის სახით შპს „D“-დან და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან. მოსარჩელე ასრულებს დარაჯისა და მტვირთავის სამუშაოებს.
5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე 2023 წლის 1 ივნისიდან სარჩოს გადაანგარიშების შედეგად, მის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1 089 ლარს ითხოვდა, იმ მოტივით, რომ მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ხელფასი გაიზარდა. მოპასუხე კი განმარტავდა, რომ ზიანი მას არ მიუყენებია და შესაბამისად ვალდებულ პირს არ წარმოადგენდა. ამასთან, სარჩოს გადაანგარიშებასაც არ ეთანხმებოდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე უკვე იყო დასაქმებული სხვა ორგანიზაციაში.
5.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე საწარმოს პოზიცია, რომ პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოპასუხე საწარმოს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა და 2012 წლის მაისის თვიდან დაეკისრა ყოველთვიური სარჩო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოების გადასინჯვა, მიუხედავად აპელანტის პრეტენზიებისა, არარელევანტურად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ, წინამდებარე პუნქტში დასახელებული არგუმენტით, დასაბუთებულად მიიჩნია, მოსარჩელის მოთხოვნის წარდგენა სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე მოპასუხე საწარმოს მიმართ.
5.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, და განმარტა, რომ არა საწარმოო ტრავმა ივარაუდებოდა, რომ მოსარჩელეს კვლავ ექნებოდა შესაძლებლობა, შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, ემუშავა ანალოგიურ პოზიციაზე და შესაბამისად, მიეღო გაზრდილი ხელფასი. საწარმოო ტრავმის მიღების გამო სამუშაოს შესრულების ფიზიკური შესაძლებლობის დაკარგვა, უშვებს პრეზუმფციას, რომ ამ გარემოების არარსებობის პირობებში, მუშაკი იქნებოდა აქტიურად შრომისუნარიანი და მიიღებდა გაზრდილი ოდენობით შრომის ანაზღაურებას. პალატის მოსაზრებით, სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი იმის შესახებ, რომ გარკვეული ასაკის შემდგომ ხდება მუშაკთა პერიოდულად ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება, რაც შესაძლოა მოსარჩელეს ვერ დაეკმაყოფილებინა და ამის გამო ვერ მიეღო გაზრდილი ხელფასი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე დაბადებულია 1960 წლის 24 თებერვალს, შესაბამისად, ხელფასის გაზრდის პერიოდიდან - 2020 წლის ივნისის თვიდან მის შრომისუუნარობაზე მითითება, როდესაც ის ჯერ კიდევ 60 წლის იყო, არ არის მართებული. მას რომ ემუშავა ამ დღემდე დამსაქმებელთან, სწორედ ხსენებული ოდენობის ანაზღაურებას აიღებდა საქმიანობისათვის.
5.6. ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებულს არ მიუღწევია საპენსიო ასაკისთვის, შესაბამისად სარჩოს გადაანგარიშების დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა.
5.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ საწარმოო ტრავმის გამო დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, გულისხმობს, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, იგი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს. ამდენად, სარჩოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 2023 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად 1 089 ლარს, ხოლო 2020 წლის ივნისის თვიდან 2023 წლის მაისის თვის ჩათვლით მიუღებელ სარჩოს სხვაობის სახით - 9 084 ლარს.
5.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის დასკვნით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 2020 წელს მისაღებ სარჩოსა და მიღებულ სარჩოს შორის სხვაობა შეადგენდა 165 ლარს (825-660.) ამ პერიოდის მიუღებელი სარჩოს დავალიანება 2 475ლარს (165*15=2475). მოსარჩელის მიერ 2021 წლის მისაღებ სარჩოსა და მიღებულ სარჩოს შორის სხვაობა - 279 ლარს (939-660), ხოლო მიუღებელი 16 თვის სარგოს დანაკლისი - 4 464 ლარს (279*16=4464). მოსარჩელის მიერ 2023 წელს მისაღებ სარჩოსა და მიღებულ სარჩოს შორის სხვაობა შეადგენდა 429 ლარს (1089-660), ხოლო სარჩელის შეტანამდე მიუღებელი სარგოს ოდენობა 2 145 ლარია (429*5=2145).
6. მოსარჩელე საწარმოს საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის, მოსარჩელის მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლებს სკ-ის 408-ე, 411-ე, 412-ე, 992-ე და 999-ე მუხლები წარმოადგენდა.
6.3. კასატორის განმარტებით, სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს და ადგენს პირველადი მდგომარეობის აღდგენის საშუალებას სარჩოს დანიშვნის გზით. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ადგენს ასეთ შემთხვევაში, რა მეთოდით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ხოლო მასზე ამავე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება, როგორც განსხვავებული მოწესრიგება, დაუშვებელია.
6.4. კასატორის განმარტებით, სკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მიუღებელი შემოსავლისთვის პირს ეკისრება ვალდებულების შეუსრულებლობისას. მოცემულ შემთხვევაში კასატორი საწარმო დავის განხილვის დროისთვისაც ასრულებს ვალდებულებას კეთილსინდისიერად, შესაბამისად არ არსებობს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველი.
6.5. კასატორის განმარტებით, მოქმედი შრომის კანონმდებლობა, ხელშეკრულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძვლებს ითვალისწინებს, შესაბამისად, რთულია იმ ფაქტის მტკიცება, რომ მოსარჩელე აუცილებლად იმუშავებდა მოპასუხე საწარმოში და მიიღებდა იმ ხელფასს, რომელიც დავის განხილვის დროსაა შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრული.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია სწორი იურიდიული კვალიფიკაციისა და დავის გადაწყვეტისათვის.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს სწორად განისაზღვროს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“, 408.2 „თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით“ და 411-ე „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“ მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ით დადგენილია ზიანის ანაზღაურების ორი წესი: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და დელიქტური ვალდებულებები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადგენილია: იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით (იხ. სუსგ-ები Nას-349-349-2018, 18.06.2020წ; Nას-57-57-2018, 08.02.2021წ; Nას-269-2022, 31.05.2022წ).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 408.1-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულისთვის ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კერძოდ კი დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენება, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა.
16. ზიანის ანაზღაურების სამართალში, შრომისუნარიანობის შემცირება ან დაკარგვა, არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. თუ დაზიანების გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს შემოსავლის მომტანი საქმიანობის გაგრძელებას, ზიანის ანუ სარჩოს ოდენობის გამოთვლისათვის გადამწყვეტია, თუ რამდენად შეუძლია მას, გამოიყენოს შერჩენილი შრომის უნარი. ანაზღაურებადია ასევე მთელი ის ზიანი, რაც დაზარალებულს ადგება, შრომისუნარიანობის ნაწილობრივ შენარჩუნების ან აღდგენის მიუხედავად, ახალი სამუშაოს პოვნის შეუძლებლობით. თვითდასაქმებულისა და დაქირავებული მუშაკის შემთხვევაში მოქმედებს ვარაუდი, რომ დაზიანების გარეშე ის განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შესაბამის ხელფასს“ (იხ. რუსიაშვილი გიორგი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 408, ველი 29).
17. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ სარჩოს გადაანგარიშების მიზანი დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსებაა, რომელიც მიიღო დაზიანების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება სსკ-ის 408-ე მუხლის მეორე ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია (იხ. სუსგ-ები N ას-169-497-09, 24.07.2009წ; N ას-939-889-2015, 13.11.2015წ; N ას-84-80-2016, 11.03.2016 წ; N ას-1149-2021, 26.10.2022 წ). თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს, თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება, თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (შდრ: იხ. სუსგ საქმე №ას-169-497-09, საქმე№ას-939-889-2015; საქმე№ას-84-80-2016) ხოლო სარჩოს გადაანგარიშების ვალდებულება დამსაქმებელს ეკისრება მანამდე, სანამ დაზარალებული საპენსიო ასაკს არ მიაღწევს (იხ. სუსგ-ები: №ას-349-349-2018 18.06.2020წ; №ას-1216-1141-2015, 03.06.2016წ; №ას-1220-1145-2015 03.06.2016 წ; №ას-799-766-2016, 08.05.2017 წ; №ას-1180-1141-2016, 07.04.2017 წ; №ას-269-2022, 31.05.2022 წ ).
18. აღსანიშნავია, რომ განსახილველი შემთხვევის მსგავს საქმეებზე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნის ფარგლები ვრცელდება არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარ ქონებრივ დანაკლისზე, არამედ მიუღებელ შემოსავალზეც (იხ. სსკ-ის 411-ე მუხლი). მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზუმირებულია, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, და სწორედ ამ დრომდე უნდა უზრუნველყოს დამსაქმებელმა სარჩოს იმ ოდენობით შენარჩუნება/ გადაანგარიშება, რასაც ხელფასის სახით მიიღებდა დაზარალებული.
19. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 სექტემბრის №2/6848-12 გადაწყვეტილებით, სს „ს.რ–ას“ 2012 წლის მაისიდან ე.ი–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად სარჩოს სახით 660 ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/4094-12 განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №ას-315-300-2013 განჩინებით სს „ს.რ–ის“ საჩივარი დარჩა განუხილველი. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, უდავოდ დგინდება, რომ დასაქმებულმა ზიანი მიიღო, ხოლო, დამსაქმებელი აღნიშნულ ზიანზე პასუხისმგებელი პირია.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე 1960 წლის 24 თებერვალს დაბადებული პირია, რომელსაც სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე მოთხოვნის წარდგენისას, საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნის მიხედვით დადგენილია მძიმე ქალა-ტვინის ტრავმის (თავის ტვინის დაჟეჟილობა, ქალა-ფუძის მოტეხილობა 1993 წელს) ნარჩენი მოვლენები. პოსტტრავმული ნეიროსენსორული ტიპის სმენის დაქვეითებით მარცხნივ, პოსტტრავმული ენცეფალოპათია მცირე ხარისხის. ამავე ცნობი დგინდება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსი უვადოა.
21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია. კერძოდ, პირველმა და მეორე ინსტაციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს, რომ 2023 წლის პირველი ივნისიდან, გაზრდილი ხელფასის შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარე სარჩოს სახით უნდა დაეკისროს 1 089 ლარი, ამასთან, 2020 წლის ივნისიდან, 2023 წლის მაისის ჩათვლით, საწარმოს უნდა დაეკისროს, მოსარჩელის მიერ მიუღებელი სარჩო ჯამში 9 084 ლარი.
22. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიაზე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად არასწორი ნორმების გამოყენების თაობაზე, განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილება განსახილველ შემთხვევაზე არ ვრცელდება, ვინაიდან მოსარჩელე დასახელებული წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ დახმარების მიმღებ პირს არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (დამატებით იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 და მე-14 პუნქტები)
23. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
27. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.რ–ას“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №737, გადახდის თარიღი 02.04.2024) 711.6 ლარის 70% - 498.12 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე