Facebook Twitter

საქმე №ას-261-2024 26 ივლისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ლ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.მ–ი (შემდეგ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც რ.ლ–ის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 4 თებერვალს მხარეებს შორის ქ. თბილისში, ......., №27-ში მდებარე №79 ბინის (ს/კ ......) 1/2 ნაწილზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონება მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა.

2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია მოსარჩელის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში, რაც გამორიცხავს იმ ფაქტს, თითქოს მას რაღაც დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი და არ იცოდა, რომ საკუთრებაში არებული უძრავი ქონება ნასყიდობის გზით მოპასუხეს გადასცა. აღნიშნულს ადასტურებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 თებერვლის მორიგების აქტი, საიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელისათვის კარგად იყო ცნობილი ქონებაზე მოპასუხის საკუთრების შესახებ. უფრო მეტიც, საქმეში არსებობს მოსარჩელის მიერ 2022 წლის 24 მაისის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერთან ზეპირი გასაუბრების ოქმი, სადაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ თავის საკუთრებაში არსებული ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადავიდა მოპასუხის სახელზე.

3. კასატორის მითითებით, რა მავალდებული ფაქტორი უნდა ყოფილიყო საიმისოდ, რომ მხარეებს შორის მოსაჩვენებლად დადებულიყო ნასყიდობის ხელშეკრულება, მით უფრო, როდესაც არსებობდა ანდერძი, რომლის საფუძველზე მოსარჩელის ერთადერთი მემკვიდრე მოპასუხე იყო. ამასთან, მოსარჩელის ნათესაური კავშირი განაპირობებდა იმ ფაქტს, რომ მოპასუხემ მოსარჩელე არ გაუშვა სახლიდან, დაიტოვა მასთან და ზრუნავდა მასზე.

4. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ნამდვილად მიიღო ნასყიდობის თანხა, დასტურდება მისივე ხელით დაწერილ ე.წ ჩანაწერებით, რაც კასაციის ეტაპზე წარმოადგინა კასატორმა, ვინაიდან ეს მტკიცებულებები ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ მოიპოვა, შესაბამისად, არსებობს საპატიო მიზეზი, თუ რატომ ვერ იქნა აღნიშნული მტკიცებულებები კასაციის ეტაპამდე წარმოდგენილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 976.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში), 979.1. მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით), 56-ე მუხლი (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

10. მოსარჩელის მტკიცებით, მისი ნება არ ყოფილა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მას, როგორც მარტოხელა მოხუცს, სჭირდებოდა მოვლა-პატრონობა და მისი სურვილი იყო არა ნასყიდობის ხელშეკრულების, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმება. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზეზიც აღნიშნული მიზნის მიღწევა იყო. სწორედ, ამავე მიზნით შეადგინა მან თავდაპირველად ანდერძი მოპასუხის სახელზე, რომელიც მოგვიანებით გააუქმა. თავის მხრივ, მოპასუხე უარყოფს სარჩელში დასახელებულ გარემოებებს და მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობაზე.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლი აწესრიგებს ნების ნაკლის საფუძველზე დადებული გარიგების ორ შემთხვევას: მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებს. ორივე მათგანი მიიჩნევა კერძო ავტონომიის ნეგატიური გამოვლინების მაგალითად (იხ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 56, 2017, ველი 2), მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას, კერძოდ, გამოვლენილი ნება არ ემთხვევა მისი გამომვლენის ნამდვილ შინაგან ნებას და გარიგება ნების გარეგნული გამოვლენის შედეგად დაიდო. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში დგება მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. მოჩვენებითი გარიგების მხარეები ერთობლივად მოქმედებენ და ნების გამოვლენის შინაარსის ძირითად ელემენტად ამ გამოვლენილი ნების არარსებობას აქცევენ. თვალთმაქცური გარიგებისას, მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. „თვალთმაქცური გარიგებისას, გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ბათილი, ასევე ნამდვილი. რა სახისაც არ უნდა იყოს დაფარული გარიგება, თვალთმაქცური გარიგება მაინც უნდა ჩაითვალოს ბათილად, ხოლო თუ დაფარული გარიგება ნამდვილია, მაშინ იგი დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს“ (იხ.: №ას-1090-2021, 18.05.2021წ.).

12. სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგებისკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია, თუმცა ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ.: სუსგ №ას-487-461-2015, 17.06.2015წ.; №ას-1382-2018, 25.01.2019წ.; №ას-3-2020, 16.06.2020წ.; №ას-705-2023, 12.09.2023წ.).

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარიგების ნამდვილობა მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენაზეა დამოკიდებული. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენა. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონებაზე საკუთრება მყიდველს გადასცეს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ფორმა დაცულია, რადგანაც ის გაფორმებულია წერილობით და შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას ქონება არ გაუყიდია და ნება ნასყიდობის თაობაზე არ გამოუვლენია.

14. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოხატული ნების ნამდვილობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, არამედ მტკიცებულებათა ანალიზით დგინდება, რომ მხარეებს ერთმანეთთან სამისდღეშიო რჩენის სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, ხოლო სადავო გარიგების მიზანს, ამ ურთიერთობის ფარგლებში, მარჩენლისათვის უძრავი ქონების გადაცემა წარმოადგენდა.

15. პალატა მიუთითებს, რომ გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლიანობის და, შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის მიმართ მათი ინტერესის არარსებობაზე მეტყველებს არაერთი გარემოება, კერძოდ: ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არის ხანდაზმული, მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პირი, რომელიც საჭიროებს მოვლას. ნიშანდობლივია, რომ მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. ამასთან, არ დასტურდება, რომ ჰყავს სხვა ახლო ნათესავი, რომელსაც შესაძლოა ეზრუნა მასზე სამომავლოდ. მიუხედავად იმისა, რომ სადავო გარიგების საფუძველზე კასატორი საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა, ეს უკანასკნელი გარიგების საგანს ფაქტობრივად არ დაუფლებია და უძრავი ნივთის ფლობას მრავალი წლის განმავლობაში მოსარჩელე უწყვეტად განაგრძობს. ნიშანდობლივია სასამართლო სხდომაზე კასატორის განმარტებაც, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის ნათესავია, აქცევდა ამ უკანასკნელს ყურადღებას, უმზადებდა საჭმელს და ზრუნავდა მასზე.

16. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელემ მიუთითა და დაამტკიცა ფაქტები, რომლებიც იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მხარეთა შორის არა ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობა არსებობდა, რომლის გაქარწყლებაც კასატორს ეკისრებოდა. მან კი ნასყიდობის პირობებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაც ვერ დაამტკიცა. ამ კუთხით მოპასუხის მიერ წარდგენილია ზოგადი და არა – კვალიფიციური შედავება სარჩელში მითითებული ფაქტების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, მისი შესაგებელი არსებითად ეფუძნება მხოლოდ იმას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია - რაც არასაკმარისია ისეთ ვითარებაში, როდესაც სარჩელში მითითებული და მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტები აქარწყლებს ვარაუდს, რომ მხარეებს სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულება თვალთმაქცურ ხასიათს არ ატარებდა. კასატორს (მოპასუხეს) არც საკასაციო სასამართლოსთვის წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გადაწონიდა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში განსახილველი დავის სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიუთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს, რომ მხარეთა შორის არა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის), არამედ იმავე კოდექსის 941-ე მუხლით გათვალისწინებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება იყო დადებული.

17. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას გარიგების ფორმასთან მიმართებით და, ვინაიდან სსკ-ის 942-ე მუხლი უძრავი ქონების გადაცემით სამისდღეშიო რჩენის ნამდვილობას რთულ სანოტარო ფორმას უკავშირებს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ ყოფილა, როგორც კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ სწორად გააბათილა იგი. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ამავე კოდექსის 976.1 მუხლის საფუძველზე, გარიგების ბათილობის გამო მის საგანზე უფლება ექვემდებარება დაბრუნებას.

18. კასატორის საკასაციო პრეტენზიები, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია მოსარჩელის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში, რაც გამორიცხავს იმ ფაქტს, თითქოს მას რაღაც დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი და არ იცოდა, რომ საკუთრებაში არებული უძრავი ქონება ნასყიდობის გზით მოპასუხეს გადასცა, დაუსაბუთებელია და არსებით საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება, ვინაიდან სადავო არაა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელჭშეკრულების გაფორმება, მხარეები დავობდნენე მხოლოდ ნების გამოვლენა რა სამართლებრივი შედეგებისკენ იყო მიმართული.

19. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული იმის მიუხედავად, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი (მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული საპატიო მიზეზიც არ დასტურდება). აღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლოს მიერ საქმისათვის მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის საფუძველია (იხ.: სუსგ №ას-476-450-2012, 18.05.12წ.; №ას-83-2020, 17.06.2020წ.).

20. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-400-373-2017, 30.06.2017წ.; №ას-1180-2021, 24.12.2021წ.; №ას-149-2020, 23.09.2020წ.; №ას-1577-2018, 06.07.2022წ.).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სსსკ-ის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე