Facebook Twitter

საქმე №ას-697-2023 27 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კერძო საჩივრის ავტორი - იმ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს–ი (მოპასუხე)

II კერძო საჩივრის ავტორი - მ.ს–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - იმ–ნი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება

I კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება

II კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, იმ–ნის სარჩელი (შემდგომ - მოსარჩელე, პირველი კერძო საჩივრის ავტორი) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ.ს–ის (შემდგომ - მოპასუხე, მეორე კერძო საჩივრის ავტორი) არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტი - 1200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რომლის გადახდევინება უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2020 წლის 12 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გასვლა-შემოსვლის თანხმობის (ნებართვის) გაცმის ნაწილში ზაფხულის არდადეგების პერიოდში 1 თვის ვადით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

3. 2023 წლის 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა, კერძოდ, დაკისრებული ალიმენტის ნაწილში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტი) 400 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში (ყოველთვიურად), რომლის გადახდევინება უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2020 წლის 12 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ამ მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელიც.

5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 269-ე და 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობა კანონმდებელმა დაუკავშირა დავის ტიპს. ხსენებული საფუძვლებით გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო აფასებს, რამდენად ექცევა მის მიერ უკვე გადაწყვეტილი დავა კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ კატეგორიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ , „ბ“, „გ“, „დ“, „ე1“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ საჭიროებს დამატებით ფაქტების დადგენას, სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად არის დამოკიდებული სამართლებრივი ასპექტების შეფასებაზე.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს სწორედ ალიმენტის მიკუთვნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. კანონმდებელი უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რისი გათვალისწინებითაც, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსარჩელის განცხადებაში მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, განცხადება ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის გადაწყვეტილება ალიმენტის - 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ და მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. პირველი კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან მასში არ არის წარმოდგენილი არცერთი არგუმენტი, რის გამოც შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ, როდესაც, საკითხი უკავშირდება ბავშვის დაუყოვნებლივ საჭიროებებს, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია.

9. მეორე კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ იმსჯელა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაუნარიანი გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის განხილვის წესზე. ორივეჯერ, როგორც სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტით განსაზღვრული, ასევე - 268-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული კატეგორიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არაკონსტიტუციურად მიიჩნია. ვინაიდან სახელშეკრულებო დავებზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არაკონსტიტუციურია, კონსტიტუციას არ შეესაბამება ალიმენტზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების განხილვა იმავე პროცედურით, ვინაიდან, როგორც წესი, საალიმენტო დავების განხილვა სახელშეკრულებო დავებზე არანაკლებ ხშირ და არანაკლებ ინტენსივობით მოითხოვს ფაქტებსა და მტკიცებულებების გამოკვლევას, რაც ზეპირი მოსმენის უპირველესი დანიშნულებაა.

10. მეორე კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ნებაყოფლობით ურიცხავს მოსარჩელეს დაახლოებით არანაკლებ 400 ევროს, რომლის დანიშნულებასაც სწორედ შვილისათის საჭირო ხარჯების დაფარვა წარმოადგენს. თანხების გადმორიცხვა 2014 წელს დაიწყო, სარჩელის აღძვრიდან ექვსი წლით ადრე. ამდენად, გაუგებარია მხარისათვის იმ ვალდებულების დაკისრება, რომელსაც იგი ნებაყოფლობით ასრულებს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განჩინების კანონიერება.

14. საკასაციო პალატის მითითებით, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ეს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზოგად წესს. აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს უფლება აქვთ, ის ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ და მიაღწიონ გადაწყვეტილების შეცვლას. სსსკ-ის 268-ე მუხლი განსაზღვრავს სწორედ იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაც, მხარეთა თხოვნით, შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

15. სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის საკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვნის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ.)

16. პალატის მითითებით, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობა კანონმდებელმა დაუკავშირა დავის ტიპს. ხსენებული საფუძვლებით გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო აფასებს, რამდენად ექცევა მის მიერ უკვე გადაწყვეტილი დავა კანონით განსაზღვრული სამართლებრივი კატეგორიის ქვეშ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე​1“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ საჭიროებს დამატებით ფაქტების დადგენას, სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად არის დამოკიდებული სამართლებრივი ასპექტების შეფასებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 “ და „შპს ტელეკომპანია საქართველო “ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15). ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობა ემსახურება დავის მონაწილე მხარის დარღვეული უფლებების სწრაფ აღდგენას. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების რისკებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება დაზარალებული მხარის კანონიერი უფლებების დაცვას.

17. გასაჩივრებული განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა პირველი ინსტანციის 2021 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება ალიმენტის ყოველთვიურად 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში, რომლის გადახდევინება უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2020 წლის 12 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე სავსებით მართებულად მიაქცია სადავო გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ალიმენტის დაკისრება, რომლის დაუყოვნებლივ აღსრულება კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევაა და განსაზღვრული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის შესაძლებლობა ემყარება არა მხარის დასაბუთებულობის ხარისხს, არამედ გამომდინარეობს თავად დავის კატეგორიიდან და სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, მხარეთა თხოვნის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს.

19. პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის განხილვას სამივე ინსტანციის სასამართლოში გარკვეული დრო სჭირდება, ალიმენტის ნაწილში გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსრულება კი ხელს შეუწყობს არასრულწლოვნის საჭიროებების დროულ უზრუნველყოფას. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ნაწილობრივ, კერძოდ, ყოვეთვიურად 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ნაწილში დაკმაყოფილება სავსებით დასაბუთებული და კანონიერია, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს პირველი კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

20. რაც შეეხება მეორე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს, აღნიშნულსაც საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის გამართვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველის დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 - ვებგვერდი, 11.10.2016წ.; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსიც, რომელიც ითვალისწინებს, ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 1​1 ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას).

21. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, დავის საგნის გათვალისწინებით, განსაზღვრული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის შესაძლებლობა ემყარება არა მხარის დასაბუთებულობის ხარისხს, არამედ გამომდინარეობს თავად დავის კატეგორიიდან, შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ იწვევს საქართველოს კონსტიტუცით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. ამასთან, უდავოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილებები ეხება მხოლოდ სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და 11 ქვეპუნქტის საფუძველის დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს მეორე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

22. საკასაციო პალატის მითითებით, დაუსაბუთებელია მეორე კერძო საჩივრის ავტორის ის არგუმენტიც, რომლის თანახმად, იგი ყოველთვიურად ნებაყოფლობით მაინც იხდის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ თანხას, რისი გათვალისწინებითაც, გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები არ არსებობს. პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას და განმარტავს, ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის ფაქტი, არ გამორიცხავს პროცესის მონაწილე პირის უფლებას, მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, რომლის სისრულეში მოყვანა იძულებითი აღსრულების გზით, დამოკიდებული იქნება მოვალის მიერ შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაზე.

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივრები - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. იმ–ნისა და მ.ს–ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე