საქმე №ას-911-2023 11 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს „ა–ბა“, ქ.ყ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ყ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განჩინების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ყ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა–ბასა“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „კომპანია“ ან „განმცხადებელი“) და ქ.ყ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „განმცხადებელი“) (შემდგომში ერთობლივად - „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ მინდობილობის, სადამფუძნებლო შეთანხმებისა და წილის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე, კომპანიის წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
3. აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის განხილვა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მაისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
5. მოპასუხეებმა 2023 წლის 07 ივნისს განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, იმავე სასამართლოს 2023 წლის 01 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძვლებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ კერძო საჩივრის განხილვის დროს დაარღვია მთელი რიგი წინაპირობები, კერძოდ, არ განუსაზღვრავს კერძო საჩივრის განხილვის თარიღი და დრო, მხარეს არ გადასცემია კერძო საჩივარი, რის გამოც წაერთვა უფლება წარედგინა საკუთარი მოსაზრება კერძო საჩივართან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს ეხებოდა; სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ნება, უარი ეთქვა სარჩელზე, არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას; ამასთან, დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. განმცხადებელმა აგრეთვე მოითხოვა განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა და მისი სხვა კოლეგიური შემადგენლობისათვის დაბრუნება.
8. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეფასდეს მოპასუხეები არიან თუ არა მხარეები, რომლებიც არ იყვნენ მოწვეული საქმის განხილვაზე, ისევე როგორც მნიშვნელოვანია იმავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოება იმის შესახებ - არიან თუ არა ისინი პირები, რომელთა უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეში მოპასუხეები წარმოადგენენ პირებს, რომელთა უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ შეეხება მიღებული გადაწყვეტილება, ისევე როგორც ისინი წარმოადგენენ მხარეს, რომელიც უნდა იქნას მიწვეული საქმის განხილვაზე, თუმცა აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის კერძო საჩივრის განხილვის დროს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, მხარეთა დასწრების/მონაწილეობის გარეშე.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და იმავე განჩინებით დადგინდა, რომ კერძო საჩივარი განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო პალატამ კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება მიიღო ორი თვის ვადაში, 2023 წლის 01 მაისს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კერძო საჩივრის განხილვის კანონით დადგენილი წესის დარღვევას. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
11. სააპელაციო პალატამ მოპასუხეთა მიერ განცხადებაში მითითებულ იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ საჩივრის განხილვის დროს დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობა, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულ შეჯიბრებითობის პრინციპზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლო (მას შემდეგ რაც ზემდგომმა სასამართლომ გააუქმა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება) განიხილავს მოსარჩელის სარჩელს მოპასუხეთა მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის დროს მხარეებს შეუძლიათ სასამართლოს წარუდგინონ მტკიცებულები, ახსნა-განმარტებები და ისარგებლონ ყველა იმ უფლებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
12. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ამარტივებს სამართალწარმოების პროცედურას და ხელს უწყობს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. თუმცა, აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ადეკვატურობა ეჭვქვეშ დგება მაშინ, როდესაც იგი შეიცავს ფაქტების არასრულფასოვნად დადგენისა და, შესაბამისად, საქმის არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გადაწყვეტილების მიღების რისკებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სწრაფი მართლმსაჯულება და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილება, პროცესის ეკონომიურობა, ისევე, როგორც არდაშვება სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისა, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურ გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე, უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზნებია, ვინაიდან თითოეული მათგანის დაცვა ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას ემსახურება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება N1/5/675, 681).
13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი საქმის მასალები იძლეოდა გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების სრულყოფილად გამოკვლევის შესაძლებლობას. შესაბამისად, სწრაფი მართლმსაჯულებისა და პროცესის ეკონომიურობის პრინციპებიდან გამომდინარე, არ არსებობდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის წინაპირობები.
14. სააპელაციო პალატის მითითებით, განმცხადებლები ასევე უთითებენ, რომ განცხადების განხილვა უნდა მოხდეს სხვა კოლეგიის მიერ, ვინაიდან ალბათობის მაღალი ხარისხით, კოლეგიის იგივე შემადგენლობა არ გააუქმებს მიღებულ განჩინებას. აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება განცხადების სხვა კოლეგიის მიერ განხილვას ვერ დაედებოდა საფუძვლად.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422.1, 430.2 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლები.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებლებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვეს.
17. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
17.1. 10.03.2023წ. განჩინებით წინამდებარე საქმეზე საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. აღნიშნული განჩინება მოსარჩელის სახელით გაასაჩივრა არაუფლებამოსილმა პირმა. სააპელაციო სასამართლომ 30.03.2023 წელს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და ის წარმოებაში მიიღო, თუმცა სასამართლოს განჩინებით არ განუსაზღვრავს - კერძო საჩივრის (ზეპირი მოსმენის გარეშე) განხილვის თარიღი/დრო (რაც უმნიშვნელოვანეს დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება არსებულ პრაქტიკას) და მოპასუხეებს, რომელთა უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხებოდა მისაღები გადაწყვეტილება, არც შეატყობინა და არ გადასცა კერძო საჩივარი. შესაბამისად, მათ არ მისცა კერძო საჩივარზე საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, რაც უმნიშვნელოვანეს დარღვევას წარმოადგენს და არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება;
17.2. დასახელებულ პირობებში სააპელაციო პალატამ 01.05.2023 წელს, თავად საქმის განმხილველი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის პრაქტიკის გაუთვალისწინებლად, საქმეში წარდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებისა და ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების აშკარა უგულებელყოფით, ცალმხრივად, მოპასუხეთა ინფორმირების/ საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის მოსპობით - იმსჯელა და სადავო განჩინებაში მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რაც საერთოდ არ ყოფილა კერძო საჩივარში ასახული;
17.3. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების (იხ. Nideröst-Huber v. Switzerland, 18/02/1997, §23; Kress v. France (დიდი პალატა), no. 39594/98, §72, ECHR, 2001–VI; Yvon v. France, no 44962/98, §31, ECHR, 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain, no. 62543/00, §56, ECHR, 2004-III) თანახმად, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით;
17.4. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos v. Spain, 23/06/1993, §63, ECHR, Series A, no. 262; Lobo Machado v. Portugal, 20/02/1996, §31, 1996–1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, §33, სერია A no. 274);
17.5. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეულ მხარეს ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით, რაც განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რამეთუ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე იყო ინფორმირებული საქმის განხილვისა და საქმეში არსებული მასალების/გარემოებების შესახებ, რისი დასტურიცაა მისი მხრიდან საქმეში არაერთი განცხადების წარდგენაც;
17.6. სსსკ-ის 376-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით განსაზღვრავს საქმის განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების ჩაბარებიდან 03 დღის განმავლობაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. იმავე კოდექსის 3761-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს;
17.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა. ამასთან, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს „ნეიტრალიტეტს“. „ნეიტრალიტეტის“ პრინციპიდან გამომდინარე „სასამართლო ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის“, რაც განსახილველ შემთხვევაში უდავოა;
17.8. მართალია, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა „საქმეზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას შეჯიბრითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში“, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება;
17.9. შეჯიბრითობის პრინციპი მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლო უფლების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ვიდრე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება სასამართლოში, „მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება“, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება. სასამართლომ მკაცრად უნდა უზრუნველყოს ამ კონტექსში მხარეთა შეჯიბრითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვა, წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული და იდენტური ვადის დადგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1. მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. კანონმდებლობის ამგვარი მოთხოვნა, მათ შორის, გამომდინარეობს წერილობითი სამართალწარმოების პრინციპიდან, რაც ზეპირი სამართალწარმოების წინა ეტაპია და რასაც ვერ ჩაანაცვლებს მხარეთა მოსმენის პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო პროცესი დაკარგავდა განსაზღვრულობის სახეს და მივიღებდით საპროცესო მოქმედებების ქაოსს, რაც განსახილველ შემთხვევაში უდავოა;
17.10. მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება;
17.11. სსსკ-ის 249-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს სასამართლოს მიერ ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება. გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობა პირველ რიგში მხარეთა ინტერესს ემსახურება, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს, რომლის სახელითაც მართლმსაჯულება ხორციელდება. სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების შეუსრულებლობა არღვევს პირის, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას;
17.12. 01.05.2023წ. განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადებით მხარემ მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით სხვა შემადგენლობის მირ განხილვა, თუმცა განცხადება კვლავ იმავე შემადგენლობას დაეწერა. ამასთან, განცხადების განხილვა კვლავ მხარეთა ინფორმირებისა და საქმეზე საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობის გარეშე განხორციელდა.
18. კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე იშუამდგომლეს კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვისა და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნების თობაზე.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.
22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მაისის განჩინების ბათილად ცნობაზე და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის მართლზომიერება წარმოადგენს.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით რეგლამენტირებულია შემთხვევები, რა დროსაც შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე) განცხადების წინამძღვრები.
24. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
25. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლები საქმის წარმოების განახლებას ითხოვენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. მათი განცხადება იმ გარემოებას ეფუძნება, რომ სააპელაციო სასამართლოს არ განუსაზღვრავს 10.03.2023წ. (საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ) განჩინებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის განხილვის თარიღი/დრო; ამასთან, სასამართლომ მოპასუხეებს, რომელთა უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშულოდ ეხებოდა კერძო საჩივარზე მისაღები გადაწყვეტილება, არ გადასცა კერძო საჩივარი, არ მისცა მათ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა და მისი განხილვის შესახებ არ შეატყობინა, რაც მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას წარმოადგენს.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; ან პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძლიანობის შესამოწმებლად მნიშვნელოვანია განიმარტოს ვინ არის ამ ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლების მქონე სუბიექტი, სხვაგვარად, ვინ არის მხარე ან/და ვის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს „ეხება უშუალოდ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, და შესაბამისად, ვისი მოწვევა იყო აუცილებელი საქმის განხილვაზე.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიხედვით, სამოქალაქო დავაში მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელე (განმცხადებელი), რომელიც მიმართავს სასამართლოს თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად და მოპასუხე, რომლის მიმართაც არის აღძრული სარჩელი (განცხადება).
29. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს, ის შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომლიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. ასეთი პირები არიან პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი. რაც შეეხება მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მათ დავის საგანთან მიმართებაში დამოუკიდებელი მოთხოვნა არ გააჩნიათ და არც პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ამიტომ ასეთ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილება „უშუალოდ“ ვერ შეეხება.
30. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ განმცხადებლები წინამდებარე საქმეში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მხარეს - მოპასუხეებს წარმოადგენენ, შესაბამისად, მათთან მიმართებაში რელევანტური არ არის იმავე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნტზე მითითება.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას კერძო საჩივრის განხილვის შესახებ მხარეთა ინფორმირების სავალდებულოობის შესახებ და განმარტავს, რომ პროცესის მონაწილე მხარე უფლებამოსილია იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის შესაბამისი ინსტანციისათვის გათვალისწინებული წესის შესახებ, ვინაიდან კონკრეტულ საქმეზე მიღებული საბოლოო/შემაჯამებელი განჩინება თუ გადაწყვეტილება ეხება მის კანონიერ უფლებებს და აკისრებს მას კანონით დადგენილ შესაბამის ვალდებულებებს.
32. სწორედ ეს აზრია გატარებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის დისპოზიციაში, რომლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
33. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და დათქმას აკეთებს იმავე კოდექსის 373-ე, 376-ე და 3761-ე მუხლებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად; ხოლო, იმავე კოდექსის 376-ე და 3761-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის როგორც ზეპირი მოსმენით, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას მხარეთა ინფორმირების სავალდებულოობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის ვიწროდ განმარტება ამავე კოდექსის 420-ე, 373-ე, 376-ე და 3761-ე მუხლების მხედველობაში არმიღებით დაუშვებელია იმ პირობებში, როდესაც ასეთი განმარტება ზიანს აყენებს პროცესის მონაწილე მხარეს, ზღუდავს რა მის თეორიულ თუ პრაქტიკულ შესაძლებლობას ჩაერთოს საქმის განხილვაში განხილვის ფორმის მიუხედავად და ამგვარად არღვევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4 მუხლებში განმტკიცებულ სამართალწარმოების ფუძემდებლურ პრინციპებს (დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები) (შედ. იხ., აგრეთვე, სუსგ საქმე Nას-2-2-2015, 18 თებერვალი, 2015 წელი).
35. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის მიერ საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განჩინებაზე (საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ) წარდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებობაზე და 2023 წლის 30 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო, თუმცა მოწინააღმდეგე მხარეს (მოპასუხეებს) არ გადაუგზავნა კერძო საჩივარი და თანდართული დოკუმენტები; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით არ განუსაზღვრავს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დრო და აღნიშნულის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარისათვის არ უცნობებია.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, §72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Yvon v. France), no. 44962/98, §31, ECHR 2003-V და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ (Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, §56, ECHR 2004-III).
37. ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). აღნიშნული საკითხი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხ. „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007 და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“ , (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015).
38. კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხ. „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016). თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე (იხილეთ mutatis mutandis, §37-ში ციტირებული საქმე - „ზადოვნიკი“ (Zavodnik), §72) (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტლება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, GAKHARIA v. GEORGIA, განაცხადი №30459/13).
39. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
40. კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კერძო საჩივრის ავტორების შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის განხილვის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
41. დასახელებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის მხარეთა დასწრებით განხილვის საკითხს სასამართლო წყვეტს საქმის სირთულის გათვალისწინებით, რაც შესაფასებელი გარემოებებიდან გამომდინარეობს. ზემოთ განხილული საკითხების გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ წინამდებარე განჩინებით განსახილველი საკითხი არ მიიჩნია იმ ხარისხის სამართლებრივი სირთულის მატარებლად, რაც ზეპირი მოსმენის დანიშვნას განაპირობებდა.
42. საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორების შუამდგომლობას საქმის განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაციით არ არის გამყარებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა–ბას“ და ქ.ყ–ის შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ა–ბას“ და ქ.ყ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინება;
4. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მაისის განჩინება და გ.ყ–ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების შედეგად საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი