Facebook Twitter

¹ბს-1039-993(კ-07) 16 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 15 დეკემბერს ზ. გ-ამ, რ. ტ-ამ, ი. პ-ამ, ნ. ქ-მ, გ. ფ-ემ, ვ. დ-ემ, ნ. ჯ-ემ, მ. გ-ამ, ო. ლ-ამ, რ. ც-ემ, ნ. ქ-ამ, მ. ლ-ემ, ლ. გ-ამ, გ. მ-ამ, ქ. ნ-მა, ნ. გ-მა, გ. ა-ამ და ლ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო და სამივლინებო თანხის ანაზღაურების თაობაზე.

სასარჩელო განცხადების თანახმად, მოსარჩელეები, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომლები: ზ გ-ა, რ. ტ-ა, ი. პ-ა, ნ. ქ-ე, გ. ფ-ე, ვ. დ-ე, ნ. ჯ-ე, მ. გ-ა, ო. ლ-ა, რ. ც-ე, ნ. ქ-ა, მ. ლ-ე, ლ. გ-ა, გ. მ-ა, ქ. ნ-ი, ნ. გ-ი, ყოფილი თანამშრომლები გ. ა-ა, ლ. გ-ია, 1998 წლიდან მუშაობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატაში (რომლის დაფინანსება ხდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან) სხვადასხვა თანამდებობებზე. მათი მუშაობის პერიოდში მიუღებელი შრომის ანაზღაურება და სამივლინებო თანხები შეადგენდა: ზ. გ-ას მიმართ – 979.64 ლარს, ხელზე მისაღები _ 960.05 ლარი, სამივლინებო თანხა _ 255.00 ლარი; მოსარჩელე რ. ტ-ას მიმართ – 789.000 ლარს, ხელზე მისაღები _ 773.22 ლარი; ი. პ-ას მიმართ – 105.00 ლარს, ხელზე მისაღები _ 83.70 ლარი, სამივლინებო თანხა _ 575.55 ლარი; ნ. ქ-ის მიმართ 885.50 ლარს, ხელზე მისაღები _ 867.79 ლარი; გ. ფ-ის მიმართ 1007.50 ლარი, ხელზე მისაღები _ 987.35 ლარი, სამივლინებო თანხა _ 1073.00 ლარი; ვ დ-ის მიმართ – 817.50 ლარს, ხელზე მისაღები – 682.58 ლარი; ნ. ჯ-ის მიმართ – 950 ლარს, ხელზე მისაღები _ 928.00 ლარი, სამივლინებო თანხა _ 438.50 ლარი; მ. გ-ას მიმართ – 827.44 ლარს, ხელზე მისაღები _ 808.28 ლარი; ო. ლ-ას მიმართ – 738.17 ლარს, ხელზე მისაღები _ 720.91 ლარი; რ. ც-ის მიმართ – 723.50 ლარს, ხელზე მისაღები _ 709.03 ლარი, სამივლინებო თანხა _ 1779.05 ლარი; ნ ქ-ას მიმართ – 95.00 ლარს, ხელზე მისაღები _ 93.10 ლარი; მ. ლ-ის მიმართ – 100.00 ლარს, ხელზე მისაღები _ 98.00 ლარი; ლ. გ-ას მიმართ – 95.00 ლარს, ხელზე მისაღები _ 75.90 ლარი; გ. მ-ას მიმართ – 763.17 ლარს, ხელზე მისაღები _ 704.48 ლარი; ქ. ნ-ის მიმართ – 131.00 ლარს, ხელზე მისაღები _ 104.83 ლარი; ნ. გ-ის მიმართ – 95.00 ლარს, ხელზე მისაღები – 75.90 ლარი; გ. ა-ას მიმარ – 825.83 ლარს, ხელზე მისაღები _ 809.31 ლარი; ლ. გ-ას მიმართ – 635.00 ლარს, ხელზე მისაღები _ 622.30 ლარი; სამივლინებო თანხა _ 718.00 ლარი.

მოსარჩელეებმა მიმართეს საქართველოს კონტროლის პალატას აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, რის თაობაზეც მოპასუხისგან წერილობით განემარტათ, რომ მათ მიმართ არსებული სახელფასო დავალიანებისა და სამივლინებო თანხების დაფარვა მოხდებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კონტროლის პალატისათვის ამ მიზნით შესაბამისი თანხების გამოყოფის შემდეგ.

მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატიდან მიღებული წერილით გაურკვეველი იყო, თუ როდის მოხდებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამატებითი თანხების გამოყოფა.

2007 წლის 2 თებერვალს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს კონტროლის პალატას დაკისრებოდა სახელფასო და სამივლინებო დავალიანებების ანაზღაურება, მოპასუხე – საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელი სარჩელს მხარს უჭერდა ნაწილობრივ და განმარტავდა, რომ მოსარჩელეების მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანებები წარმოიშვა 1998-2003 წლებში, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომკიური მდგომარეობის გამო და არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულყოფილი დაფინანსება. არც შემდგომ პერიოდში იქნა გათვალისწინებული ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში საქართველოს კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა გაუცემელი სახელფასო დავალიანების დასაფარავად. საქართველოს 2004-2006 წლების ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონებით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა გარკვეული თანხები, საიდანაც საქართველოს კონტროლის პალატას ასიგნება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარემ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა უნდა დაკისრებოდა ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სხვა შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მოსარჩელეებზე კუთვნილი თანხის გაცემა მოხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო და სამივლინებო თანხების ანაზღაურება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელეთა მიმართ ერიცხება დავალიანება სწორედ იმ ოდენობით, რა ოდენობაც მითითებულია სასარჩელო განცხადებაში. აღნიშნული დავალიანება არც მოპასუხე მხარეს გაუხდია სადავოდ, ხოლო საქართველოს კონტროლის პალატის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან კონტროლის პალატას ბიუჯეტიდან არ მიუღია ასიგნება სადვაო თანხაზე, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული უსაფუძვლობის მოტივით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა სახელფასო და სამივლინებო დავალიანების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

აპელანტი მიიჩნევდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს და იგი უნდა გაუქმებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანებები წარმოიშვა 1998-2003 წლებში, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულყოფილი დაფინანსება.

არც შემდგომ პერიოდში იქნა გათვალისწინებული ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში საქართველოს კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა გაუცემელი ხელფასების დავალიანების დასაფარავად.

საქართველოს 2004-2007 წლების ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონებით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა გარკვეული თანხები, საიდანაც საქართველოს კონტროლის პალატას ასიგნება არ მიუღია. ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ასიგნება არის ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული მოცულობის ფარგლებში ხარჯის გაწევის უფლებამოსილება, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით. ასიგნების გარეშე ხარჯის გაწევა და ვალდებულების აღება დაუშვებელია”.

,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად და სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია კონტროლის პალატასთან ერთად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევდა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა უნდა დაკისრებოდა ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სხვა შემთხვევაში, აპელანტის მიერ თანხის გაცემა მოხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შემდეგ.

ყოველივე აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომელთა ერთობლივი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება იყო არაკანონიერი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იყო კანონიერი და შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.

კასატორი საკასაციო საჩივარს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას აღნიშნულ საკასაციო საჩივარს განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.