საქმე №ას-931-2024
30 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ბ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ჯ.ბ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.გ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „კასატორი“)(შემდგომში ერთად - „მეუღლეები“) მიმართ განქორწინების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და დამატებით წარადგინა შეგებებული სარჩელი ალიმენტის დაკისრებისა და უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაეკისრა: 1) არასრულწლოვანი შვილის, 2012 წლის 9 ივნისს დაბადებული, ა.ბ–ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 300 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2022 წლის 8 ივლისიდან ა.ბ–ძის სრულწლოვანებამდე; 2) არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 2 დეკემბერს დაბადებული, ა.ბ–ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 300 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2022 წლის 8 ივლისიდან ა.ბ–ძის სრულწლოვანებამდე; შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უარი ეთქვა გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრებაზე; შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ცნობილ იქნა ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების ½ ნაწილის თანამესაკუთრედ; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ.გ–ძე ცნობილ იქნა ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების ½ ნაწილის თანამესაკუთრედ და ჯ.ბ–ძეს დაეკისრა გ.გ–ძის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების 2.4. და 2.5. პუნქტები); ჯ.ბ–ძეს გ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა გ.გ–ძის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უარი ეთქვა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობაზე.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 28 მარტიდან;
6.2. ერთად ცხოვრების განმავლობაში მეუღლეებს შეეძინათ ორი შვილი 2012 წლის 9 ივნისს დაბადებული ა.ბ–ძე და 2013 წლის 2 დეკემბერს დაბადებული ა.ბ–ძე;
6.3. ა.ბ–ძე სწავლობს სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში, ხოლო ა.ბ–ძე ამავე სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა;
6.4. ქორწინებამდე შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ცხოვრობდა ქ. ბათუმში, .......... საერთო საცხოვრებელში. ოჯახის შექმნის შემდეგ პერიოდულად, როგორც ქ–ში მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე, ასევე, ქ. ბათუმში ...... საერთო საცხოვრებელში;
6.5. 2017 წლიდან შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ......... მდებარე შეგებებული სარჩელით მოპასუხის საცხოვრებელი სახლი დატოვა და შვილებთან ერთად დღემდე ცხოვრობს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში;
6.6. მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში ირიცხება ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მდებარე ორი უძრავი ქონება (ს/კ. ....... და ს/კ. .....);
6.7. უძრავ ქონებაზე, რომელიც შედგება 9 412 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთისაგან, საკადასტრო კოდით: ..... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“), მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა 2020 წლის 28 დეკემბერს გაცემული №144 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე. აღნიშნული უძრავი ქონება მის საკუთრებად საჯარო რეესტრში 2020 წლის 4 სექტემბრიდან არის რეგისტრირებული;
6.8. სადავო უძრავ ქონებას შეგებებული სარჩელით მოპასუხე თვითნებურად ფლობდა დაქორწინებამდე. აღნიშნული ფაქტი დაედო საფუძვლად ამ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ №144 საკუთრების მოწმობას, რაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრში მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციას, ამ დროისათვის მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მოპასუხესთან;
6.9. სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა არ განხორციელებულა მეუღლეთა საერთო მეურნეობის გაძღოლის შედეგად და მითითებული ქონებრივი სიკეთის მიღება მოხდა საერთო, საოჯახო ბიუჯეტიდან ქონებრივი დანაკლისის/ ხარჯის გარეშე;
6.10. მოპასუხე მუშაობს ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში - სანერგე განყოფილებაში სარეალიზაციო მცენარეთა კოორდინატორის თანამდებობაზე;
6.11. მოსარჩელე მუშაობს ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს თვეში 905 ლარს;
6.12. შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წლის 6 დეკემბერს გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიერ 2022 წლის ივნისიდან, 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 15 554 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 3 048,58 ლარს;
6.13. შეგებებული სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე წარდგენილია 2022 წლის 8 ივლისს;
6.14. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ შეგებებული სარჩელის წარდგენამდე მიღებული არ ყოფილა ზომები სარჩოს მისაღებად, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში, ვერ დგინდება ფაქტობრივი გარემოება, შეგებებული სარჩელით მოპასუხე თავს არიდებდა თუ არა თავისი ვალდებულების შესრულებას შვილების წინაშე;
6.15. შეგებებული სარჩელით მოსარჩელესა და ადვოკატ ი.ზ–ძეს შორის 2022 წლის 5 ივლისს დაიდო №132 იურიდიული მომსახურების გაწევის ხელშეკრულება;
6.16. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილია 1 500 ლარი;
6.17. 2024 წლის 15 აპრილს გ.გ–ძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იშუამდგომლა მოწინააღმდეგე მხარეს დაკისრებოდა ტრანსპორტირების ხარჯი - 200 ლარი.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ალიმენტის დაკისრების თაობაზე შეგებებული სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2022 წლის 8 ივლისს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი არ დასტურდება, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ალიმენტის გადახდის თაობაზე მიმართა ყოფილ მეუღლეს და ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. შესაბამისად, მოთხოვნა - შეგებებული სარჩელის წარდგენამდე, 2019 წლის 8 ივლისიდან 2 წლისა და ცხრა თვის, ალიმენტის (სულ 34 თვე), ყოველთვიურად 800 ლარის, საერთო ჯამში - 27 200 ლარის დაკისრების თაობაზე, არ არის გამყარებული კანონით ამგვარი მოთხოვნისათვის დადგენილი საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის გაზიარებისა და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას გამორიცხავს.
8. მეორე სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავოა ალიმენტის ოდენობა და სადავო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის საკითხი, ასევე, იურიდიული მომსახურების საფასურის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება.
9. სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისა და მხარეთა პრეტენზიების მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა შემოსავალი აქვს შეგებებული სარჩელით მოპასუხეს და არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს გადასახდელი ალიმენტის გონივრული ოდენობა.
10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შვილების რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნილებებისა და ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გონივრულია შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300-300 ლარის, ჯამში 600 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს მხარის შრომის ანაზღაურების ნახევარზე მეტს.
11. სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რამდენადაც მოსარჩელეს არ შეუძენია, არ უყიდია და არანაირ მსყიდველობით გარიგებას არ ჰქონია ადგილი სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და არ არსებობს თანასაკუთრების წარმოშობის საკანონმდებლო დათქმის შესაბამისი წინაპირობა, მოთხოვნა თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, უსაფუძვლოა.
12. სააპელაციო სასამართლომ იურიდიული მომსახურების ხარჯთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გონივრულია შეგებებული სარჩელით მოპასუხეს ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული 1 000 ლარისა, დაეკისროს - 500 ლარი, რაც შესაბამისობაშია სსკ-ის 53-ე მუხლის ნორმატიულ დანაწესთან.
13. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის შუამდგომლობასთან მიმართებით, რომელიც შეეხებოდა ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დავის მონაწილე მხარე (აპელანტი/მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოს გამოძახების საფუძველზე, ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, დავის სათანადოდ განხილვის მიზნებიდან გამომდინარე და ამისთვის (ტრანსპორტირებისთვის) გაეწია გონივრული ხარჯები თავისი ადგილსამყოფლიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლომდე, რაც საპროცესო კანონმდებლობით არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
15. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
15.1. შეგებებულ სარჩელზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი შესაგებელი არაკვალიფიციურია და ვერ აკმაყოფილებს შესაგებლისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს, კერძოდ, შესაგებელში მოპასუხე მხარეს შეგებებულ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კერძოდ, წარსული დროის ალიმენტისა და ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილებში არ აქვს მითითებული საკუთარი მოსაზრება და პოზიცია, ასევე, მოთხოვნის გამომრიცხავი ფაქტობრივი გარემოებები;
15.2. სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო, სსსკ 219-ე, 380-ე, მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარში მითითებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება, რაც მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში არ იყო მითითებული. მათ შორის, ფაქტობრივი გარემოებები წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისა და ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ, ვინაიდან უდავოდ დასტურდებოდა, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში ალიმენტის დაკისრებისა და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, არავითარი ფაქტობრივი გარემოებები და შედავება არ დაუფიქსირებია, ხოლო აღნიშნულის განხორციელება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ეწინააღმდეგება სსსკ 380-ე მუხლით დადგენილ პრინციპს;
15.3. სააპელაციო სასამართლომ თავისი საოქმო განჩინებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრების საკითხთან მიმართებით უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოწმის დაკითხვაზე და მასზე გაავრცელა სსკ 380-ე მუხლის მოთხოვნები, მაშინ როდესაც ამ ნაწილში, საქმის განხილვა ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით; სსსკ 354-ე მუხლის შესაბამისად, საოჯახო საქმეების, კერძოდ, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვისას სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მოცემული გარემოება ნაკარნახევია არასრულწლოვანი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე და მათზე ვერ გავრცელდება სსსკ მე-4 და 102-ე მუხლის მოთხოვნები. არასრულწლოვანი, ერთ-ერთი მშობლის მიერ მის სასარგებლოდ აღძრულ სარჩელზე საქმის განხილვისას შეჯიბრებითობის პრინციპის დაუცველობით ან არაჯეროვნად განხორციელების გამო არ შეიძლება დარჩეს დაცვის მიღმა; წარსული დროის ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით თვით მოპასუხის შესაგებელში ფაქტებზე მიუთითებლობა, ასევე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (თითქმის ორ წელზე მეტია მეუღლეები არ იმყოფებიან ქორწინებაში და ცხოვრობენ სხვადასხვა მისამართზე) ქმნიდა მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრების სამართლებრივ მოცემულობას, ვინაიდან თავად მოპასუხე ერთის მხრივ დუმდა შეგებებულ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით მისი მხრიდან წარსული დროის განმავლობაში ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან თავის არიდების ფაქტზე, ხოლო მეორეს მხრივ, თავად მის სარჩელში უთითებდა ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც სსსკ 1234-ე მუხლის საფუძველზე ქმნიდა მოპასუხეზე წარსული პერიოდის ალიმენტის დაკისრების შესაძლებლობას;
15.4. 2017 წლამდე მეუღლეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... შვილებთან ერთად და ეწეოდნენ ერთიან მეურნეობას, ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთს და მისგან იღებდნენ მოსავალს. სწორედ ქედის რაიონიდან წლების განმავლობაში შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ყოველდღიურად დადიოდა სამსახურში ბათუმში. მას შემდეგ რაც შეგებებული სარჩელით მოპასუხის ძმების ზეგავლენის გამო ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში გაჩნდა პრობლემები, კასატორი ბავშვებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარის დაჟინებული მოთხოვნით და შეიძლება ითქვას, განხორციელებული იძულების გამო, საცხოვრებლად გადმოვიდა ბათუმში, ........... საერთო საცხოვრებელში, თუმცა სოფელთან და იმ ქონებასთან (მიწის ნაკვეთი), რომლის ნაწილის მესაკუთრედ ცნობასაც ითხოვს, კავშირი არასოდეს შეუწყვიტავს. მეუღლის ძმები კასატორს პერიოდულად უქმნიდნენ პრობლემებს მიწის ნაკვეთის სარგებლობაში, რის გამოც ისინი შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს მიერ გაფრთხილებული იქნენ (იხ. 2018 წლის 15 მაისის პასუხი #MIA 61801414499); აღნიშნული მტკიცებულებაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კასატორს მიწის ნაკვეთის სარგებლობა და ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოება არ შეუწყვიტავს;
15.5. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას პროცესუალური ნორმების დარღვევით იმსჯელა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარში მითითებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც მხარეს მითითებული არ ჰქონდა საქალაქო სასამართლოში, ამასთან სასამართლომ უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, მოთხოვნაზე არსებითად არასწორად განმარტა სსკ-ის 1158-ე მუხლი და მიიღო უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე არსებული ერთიანი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება;
15.6. სააპელაციო სასამართლომ არსებული საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევის ფონზე, სოციალურად დაუცველი დედა არასრულწლოვან შვილებთან ერთად დატოვა, ფაქტობრივად, ყველაფრის გარეშე და იმ რისკის წინაშე, რომ ამჟამად უკანონოდ დაკავებული საცხოვრებლიდან (ბათუმის ........... ყოფილი სტუდენტთა საერთო საცხოვრებლიდან) გამოსახლების შემთხვევაში, შვილებთან ერთად ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს. კასატორს წაერთვა შესაძლებლობა ესარგებლა იმ ქონებაზე თანასაკუთრების უფლებით, რომელიც მეუღლესთან ერთად ქორწინების განმავლობაში შეძენილად ითვლება და რომელსაც მასთან ერთად წლები ამუშავებდა მოსავლის მიღების მიზნით (გამოსახლების შესახებ უკვე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება საქმეზე #A18058181, რასაც ადასტურებს საქმეში წარდგენილი აღსრულების პოლიციის 2019 წლის 27 აგვისტოს წერილი №A18058181-006/001);
15.7. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა 2020 წლის 28 დეკემბერს აღიარების კომისიის მიერ გაცემული №144 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, ანუ ქორწინების პერიოდში და იმ დროს, როდესაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ოჯახის, არასრულწლოვანი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე, მოსავლის მიღების მიზნით, კასატორიც ამუშავებდა; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი;
15.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლი განმარტავს შემთხვევებს, რომლებიც გამორიცხავს ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელებას, კერძოდ, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით; მოცემულ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონება არც ჩუქებითაა მიღებული და არც მემკვიდრეობით, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ქონებაზე სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 1158-ე მუხლის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, უნდა გაევრცელებინა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმი;
15.9. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ერთ-ერთი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების შეძენისათვის ამავე მეუღლის მშობლის მიერ თანხის გადახდის მიუხედავად ქონება ითვლებოდა მეუღლეთა თანასაკუთრებად (ას-31-2023);
15.10. სსკ-ის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარემოებას (სუსგ №ას-1426-1346-2017, 02.03.2018წ.), ხოლო ამის მტკიცების განხორციელება მხარემ უნდა განახორციელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მოწინააღმდეგე მხარეს უძრავი ქონების 1/2 ნაწილის როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლით არ განუხორციელებია კვალიფიციური და დასაბუთებული შედავება, თუმცა მნიშვნელოვანია ამ მხრივ სააპელაციო სასამართლოში მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო მხედველობაში სსკ 380-ე მუხლის გათვალისწინებით; სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოებების საპროცესო დარღვევებით მხედველობაში მიღების პარალელურად არასწორად იქნა განმარტებული სსკ 1158-ე მუხლი; სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა არ განხორციელებულა მეუღლეთა საერთო მეურნეობის გაძღოლის შედეგად და მითითებული ქონებრივი სიკეთის მიღება მოხდა საერთო, საოჯახო ბიუჯეტიდან ქონებრივი დანაკლისის გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამ მოსაზრების გათვალისწინებით არ მიიჩნევს უძრავ ქონებას თანასაკუთრებად, თუმცა ამ მსჯელობის პარალელურად, სასამართლო მხედველობაში არ იღებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რასაც თვით მოწინააღმდეგე მხარეც არ უარყოფდა, რომ სადავო უძრავ ქონებას მოპასუხესთან ერთად ერთიანი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის ფარგლებში, ფლობდა კასატორი და მისგან ოჯახი იღებდა მოსავალს ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო სამეურნეო კულტურების გაშენების გზით;
15.11. მოწინააღმდეგე მხარე არაკეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენებით საკუთარ ძმებთან რ. და მ. ბ–თან შეთანხმებით შეეცადა ზემოაღნიშნულ ქონებაზე საკუთრების მოპოვების საფუძვლის გაუქმებას, კერძოდ, შეგებებული სარჩელით მოპასუხის ძმებმა ჯერ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარადგინეს სარჩელი ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საკუთარი ძმის, ჯ.ბ–ძის მიმართ საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო მას შემდეგ რაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული მათ განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჩემსა და ჯ.ბ–ძეს შორის არსებულ, წინამდებარე დავაში მესამე პირებად ჩაბმის მოთხოვნით, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გარემოებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ჯ.ბ–ძის როგორც მეუღლის, ასევე, არასრულწლოვანი შვილების მამის არაჯანსაღ მიდგომასა და დამოკიდებულებას როგორც შვილების სასარგებლოდ ალიმენტის მოთხოვნის, ისე ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების თანასაკუთრებად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. მოწინააღმდეგე მხარემ, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მნიშვნელოვანი საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევის ფონზე, მოცემული ეტაპისათვის მიაღწია იმას, რომ კასატორს არასრულწლოვან შვილებთან ერთად შეუქმნიდა ღია ცის ქვეშ დარჩენის რეალური რისკი.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, რამდენად მართლზომიერად ეთქვა შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უარი წარსული დროის ალიმენტის შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის დაკისრებასა და სადავო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნაზე.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო უპირველესად იმსჯელებს წარსული დროის ალიმენტის საკითხზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს ალიმენტის დაკისრების ზოგად წესს, რომელიც განისაზღვრება სარჩელის აღძვრის მომდევნო პერიოდით, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევაში, დასაშვებია, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის ალიმენტის დაკისრება, თუ დადგინდება, რომ: ა) მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად; ბ) სარჩოს მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია. მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის ფარგლებში, არ არის დადგენილი, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად, კერძოდ, კონკრეტული ხასიათის ზომები გაატარა თუ არა წარსულში სარჩოს მისაღებად, ალიმენტის გადახდის მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე წარედგინა მოწინააღმდეგე მხარეს თუ არა. მოცემულ შემთხვევაში, ამგვარ მტკიცებულებებზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს არ მიუთითებია, ხოლო მარტოოდენ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელსაც სადავოდ ხდის მოწინააღმდეგე მხარე, ამ ფაქტის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის (იხ. სუსგ საქმე №ას-1008-944-2012, 24 სექტემბერი 2012 წელი). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად უთხრა უარი შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნაზე.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლო წინამდებარე განჩინების 15.10 პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში, მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (სუსგ №ას-108-2021, 22 აპრილი 2021 წელი; №ას-301-301-2018, 14 დეკემბერი 2021 წელი). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (სუსგ საქმე №ას-108-2021, 22 აპრილი 2021 წელი).
23. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი 2017 წელი; სუსგ №ას-132-2019, 30 ივნისი 2021 წელი).
24. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია.
25. მოცემულ შემთხვევაში, დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად უნდა შეფასდეს კასატორის მითითება მოპასუხის მიერ წარდგენილ არაკვალიფიციურ შესაგებელთან (იხ. ტ.1, ს.ფ. 84-94) მიმართებით. მოწინააღმდეგე მხარეს მართლაც არ წარუდგენია კვალიფიციური შედავება სადავო საკითხებზე, კერძოდ, შეგებებული სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში, მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრედ ცნობას, აღნიშნულია მხოლოდ, რომ მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა, სადაც მოთხოვნილია საკუთრების უფლების გაუქმება (იხ. ტ.1, ს.ფ. 88) და არ არის შედავებული თანასაკუთრების საკითხი, ასევე, არაფერია ნათქვამი საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველზე. შესაბამისად, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 219-ე მუხლიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელით მოპასუხემ უფლება დაკარგა საქმის განხილვისას სადავოდ გაეხადა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მათზე არ უნდა ემსჯელა.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით, მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი აწესრიგებს მეუღლეთა საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. სსკ-ის 1161-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. სსკ-ის 1162-ე მუხლის თანახმად კი, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.
27. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ.
28. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებისადმი ამა თუ იმ ქონების მიკუთვნებისათვის მნიშვნელობა აქვს შემდეგ გარემოებებს: ა) ქონება შეძენილი იყო მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით; ბ) ქონება ორივე მეუღლის საკუთრებაში შევიდა ქორწინების განმავლობაში (უსასყიდლო ხელშეკრულებათა საფუძველზე) (იხ. შ. ჩიკვაშვილი, საოჯახო სამართალი, გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი 2004, გვ. 132).
29. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა.
30. ამდენად, მეუღლეთა საერთო საკუთრების დასადასტურებლად, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრე შემდეგია: ა) მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთთან; ბ) უნდა არსებობდეს მეუღლეთა საერთო ქონება.
31. მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მეუღლეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2011 წლის 28 მარტიდან, ხოლო სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება შეგებებული სარჩელით მოპასუხემ მოიპოვა 2020 წლის 28 დეკემბერს გაცემული №144 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე. აღნიშნული უძრავი ქონება მის საკუთრებად საჯარო რეესტრში 2020 წლის 4 სექტემბრიდან არის რეგისტრირებული.
32. სანივთო უფლებები, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული უფლებები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას. რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა და საკუთრების რეგისტრაცია მოხდა ქორწინების განმავლობაში, ამასთან, სახეზე არ გვაქვს ქონების მიღება მემკვიდრეობით ან/ და ჩუქების საფუძველზე, ასეთ პირობებში, სახეზე არ არის წინაპირობები, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრებას გამორიცხავდა.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მეუღლეები, ქორწინებიდან განქორწინებამდე, მინიმუმ კი 2017 წლამდე [სანამ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე დატოვებდა სოფ. ......... მდებარე ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლს, თუმცა როგორც კასატორი განმარტავს მას აღნიშნული თარიღის შემდეგაც 2022 წლის აპრილამდე, არ გაუწყვეტია კავშირი მიწის ნაკვეთთან და უწყვეტად სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებით, მოწინააღმდეგე მხარეს კი აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია], 5 წელზე მეტი, ერთად ფლობდნენ სადავო უძრავ ქონებას. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი ამოქმედდა 2007 წლის 11 ივლისს, თუმცა მოწინააღმდეგე მხარემ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით უფლებამოსილ ორგანოს მხოლოდ 2020 წლის 10 სექტემბერს (იხ. ტ.1 , ს.ფ. 61), ქორწინების განმავლობაში, მიმართა.
34. სსკ-ის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარემოებას (სუსგ №ას-1426-1346-2017, 2 მარტი 2018 წელი), რაც მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე ვერ დაადასტურა.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.
36. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ყიდვა და მსყიდველობითი გარიგების არ არსებობა თავისთავად გამორიცხავს სადავო უძრავი ქონების თანასაკუთრებად მიჩნევის შესაძლებლობას, საპირისპიროდ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმად ჩუქებაც კი თუ ის ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვისაკენ იყო მიმართული და ოჯახის საერთო მიზნებს ემსახურებოდა არ შეიძლება თავისთავად ინდივიდუალურ საკუთრებად იქნას მიჩნეული, რამდენადაც მტკიცების ტვირთი, რომ ჩუქება განხორციელებულია მხოლოდ ერთი მეუღლის სასარგებლოდ, აწევს იმ მეუღლეს, რომლის ინტერესებშიც ეს შედის (რუსიაშვილი/ქავშბაია/ბატიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, ჭანტურია/რუსიაშვილი (რედ.), 2021, მუხლი 1161, ველი 2).
37. რაც შეეხება ადვოკატის ხარჯებს, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურების ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაღებული ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება (იხ: სუსგ №ას-1054-2019, 30 სექტემბერი 2019 წელი; №ას-316-316-2018, 7 მაისი 2018 წელი; №ას-1289-2023, 7 თებერვალი 2024 წელი). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ადვოკატმა კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები შეასრულა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა და ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული 500 ლარი ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების გონივრული ოდენობაა.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ.გ–ძის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. გ.გ–ძე ცნობილ უნდა იქნას ........., სოფელ ......... მდებარე 9 412 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ს.კ ......) მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის თანამესაკუთრედ. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
41. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია
42. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, ალიმენტის ნაწილში, მისი საკასაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნა სადავო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 3 775.38 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ.გ–ძის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. გ.გ–ძე ცნობილ იქნას ........., სოფელ ......... მდებარე 9 412 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ს/კ ......) მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის მესაკუთრედ;
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;
5. ჯ.ბ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 3 775.38 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე