საქმე №ას-255-2024 27 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.მ ზ.ზ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ი, გ.ბ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზარალის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.მ ზ.ზ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა ნ.ბ–ისა და გ.ბ–ის (შემდეგში - მემკვიდრეები ან მოპასუხეები) მიმართ, მიღებული სამკვიდრო წილის პროპორციულად, მამკვიდრებლის ქმედებით, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოავარიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის -49000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა მასზედ, რომ:
2.1 მოპასუხეებმა თანაბარ წილში მიიღეს აწ გარდაცვლილი ბ.ბ–ის (შემდეგში - მამკვიდრებელი) დანაშთი სამკვიდრო.
2.2 მოსარჩელეს და მოპასუხეთა მამკვიდრებელს შორის, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე, არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეთა მამკვიდრებელს სამართავად გადაცემული ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალება - უნაგირა საწევარა (სახ.ნომერი:........) (შემდეგში - ავტოსატრანსპორტო საშუალება).
2.3 თავის მხრივ, ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა მოსარჩელეს და შპს „ლ–ას“ შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე.
2.4 ავტოსატრანსპორტო საშუალებით ერთ-ერთი რეისის შესრულების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა მოპასუხეთა მამკვიდრებელი, ავტოსატრანსპორტო საშუალება კი განადგურდა, რითაც მოსარჩელემ 49000 ლარის ოდენობით მატერიალური ზარალი განიცადა.
2.5 ზარალის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირებს კი, მამკვიდრებლის მემკვიდრეები წარმოადგენენ მიღებული სამკვიდრო წილის პროპორციულად.
3. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელით სადავო გახადეს, როგორც მოსარჩელის მიმართ ზარალის დადგომის ასევე, მათ მამკვიდრებელს და მოსარჩელეს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობა.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილა, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით.
5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა შემდეგზე:
5.1.მოსარჩელეს და მოპასუხეთა მამკვიდრებელს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადასტურება მოსარჩელემ ვერ შეძლო.
5.2.დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელეთა მამკვიდრებელს გადაცემული ჰქონდა სამართავად მოსარჩელის მიერ, ხოლო თავად მოსარჩელეს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება სარგებლობის უფლებით ჰქონდა მიღებული შპს „ლ–თან“ გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.
5.3.მამკვიდრებელი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რა დროსაც, კერძოდ, 2020 წლის 30 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა, თავად კი გარდაიცვალა.
5.4.მოპასუხეებმა მიიღეს მამკვიდრებლის სამკვიდრო და წარმოადგენენ მის უფლებამონაცვლეებს.
5.5.ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებულ მესაკუთრეს, სსიპ მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, წარმოადგენდა შპს „ლ–ა“, რომლის დირექტორად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია ნ.ზ–ი. ეს უკანასკნელი მოსარჩელის ინტერესებს იცავდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, როგორც ფიზიკური პირი, ადვოკატ ჯ.მ–თან ერთად.
5.6.არ დადასტურდა, რომ მოსარჩელემ, როგორც მოიჯარემ მეიჯარეს - შპს „ლ–ას“ განადგურებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება აუნაზღაურა.
5.7.საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოიკვეთა ისეთი გარემოებები, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს - შპს „ლ–ას“, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა ან რაიმე პრეტენზია ჰქონდა მოიჯარის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების აწ გარდაცვლილი პირდაპირი მფლობელის მიმართ. პირიქით, შპს „ლ–ას“ დირექტორ ნ.ზ–ის პირველი ინსტანციის სასამართლოში გაკეთებული განმარტებიდან გაირკვა, რომ შპს „ლ–ას“ მოპასუხეების მიმართ დავის წარმოებისა და ზიანის ანაზღაურების ინტერესი არ გააჩნდა.
6. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სარჩელის წარმატება შეამოწმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 992-ე, 394-ე, 408-ე და 409-ე მუხლებით გათვალისწინებულ წინაპირობებთან მიმართებით და მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ დავაში მოსარჩელე არ წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილ პირს, რადგან მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა იმის მტკიცების ვალდებულებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტოსატრანპორტო საშუალების განადგურებით მიადგა ზიანი/ზარალი, კერძოდ:
7. იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, რომ ავტოსტრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს - შპს „ლ–ას“, მისი საკუთრების განადგურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება არ მოუთხოვია მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მოსარჩელისაგან და არც მოსარჩელეს წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს „ლ–ას“ ზარალის ანაზღაურების მიზნით თანხა გადაუხადა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა დაზარალებულ მხარეს და ამდენად, არც ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნდა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ., საკასაციო საჩივარი).
9. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პირდაპირი მფლობელის ბრალეული ქმედებით მოსარჩელეს ზარალი არ მისდგომია.
10. კასატორის განმარტებით, საიჯარო ურთიერთობის ვადაში განადგურდა იჯარის საგანი, რითაც მოიჯარეს მოესპო შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
11. ამასთან, მოსარჩელეს ვალდებულება წარმოეშვა პასუხი აგოს ავტოსატრანსპორტო საშუალების აწ გარდაცვლილი პირდაპირი მფლობელის მოქმედებათა გამო.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. ამ განჩინების პ.5-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურება სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული მატერიალური კანონმდებლობა ითვალისწინებს ხელყოფილი სამართლებრივი სიკეთის დაცვას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რა დროსაც, არსებითად მნიშვნელოვანია გამოირკვეს, თუ რა შემთხვევაშია მოთხოვნა განხორციელებადი. ამ მიზნის მისაღწევად მოსარჩელემ რამდენიმე სამართლებრივი კომპონენტის (ფაქტობრივი გარემოებების) ერთობლიობა უნდა დაადასტუროს.
18. სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია, რომ: „ზიანის დაკისრების მატერიალურ საფუძველს ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლი (დელიქტის გენერალური ნორმა), რომელიც იმავდროულად განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს და შედგება შემდეგ კომპონენტთა ერთობლიობისაგან: ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. იმისათვის, რომ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე პირობა, კერძოდ, ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი, ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი“ (იხ., სუსგ Nას-80-80-2018, 20 აპრილი, 2018წ.)
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით, როგორც კონტინენტური ევროპის, ისე საერთო სამართლის სისტემის ქვეყნები ადგენენ საერთო ზოგად პრინციპებს: ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგების კომპენსაცია. ზიანის მიმყენებლის მიერ ზიანის ანაზღაურებამ უნდა გამოიწვიოს კრედიტორის აღდგენა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი იქნებოდა, თუკი ადგილი არ ექნებოდა ზიანის ანაზღაურების მავალდებელ გარემოებას. სსკ-ის მიხედვით კი, ქონებრივი (მატერიალური) ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც (შდრ: რუსიაშვილი გ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 408-ე, ველი 9, თბილისი, 2019წ.). ქონებრივი ზიანი შეიძლება იყოს როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის (სსკ-ის 394-ე მუხ.), ისე არასახელშეკრულებო (დელიქტური) ვალდებულების (სსკ-ის 992-ე მუხ.) დარღვევის შედეგი.
20. სსკ-ის 408-ე მუხლის მიხედვით სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადექვატურობა; სავარაუდოობა (იხ., სუსგ. №ას-934-2023, 03 ოქტომბერი, 2023წ. პ.53).
21. ზიანი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. შესაბამისად, ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ კომპონენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზე თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა/მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა (იხ., სუსგ №ას-934-2023, 03 ოქტომბერი, 2023წ.). სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ (მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს).
22. განსახილველ დავაში, მოსარჩელე, ზიანის/ზარალის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას აწ გარდაცვლილი პირის მემკვიდრეთა მიმართ, იმ საფუძვლით აყენებს, რომ მას აწ გარდაცვილი პირისთვის სამართავად ჰქონდა გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა, რითაც მოსარჩელემ განიცადა 49000 ლარის ოდენობით ზარალი (იხ., სარჩელი).
23. თუმცა, საგულისხმოა, რომ საქმეზე დადასტურებული არ არის ზიანის ანაზღაურებისთვის საჭირო გარემოებათაგან, სამართლებრივი კონსტრუქციის ერთ-ერთი კომპონენტის - ზიანის არსებობა, კერძოდ, მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა რომ განიცადა ის მატერიალური ზარალი, რომლის კომპენსირებასაც მოითხოვს მოპასუხეთაგან, როგორც გარდაცვლილის მემკვიდრეთაგან, მამკვიდრებლის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით (იხ., ამ განჩინების პ.5). საგულისხმოა ის ფაქტობრივი მოცემულობაც, რომ ავტოსტრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს - შპს „ლ–ას“, მისი საკუთრების განადგურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება არ მოუთხოვია მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მოსარჩელისაგან და არც მოსარჩელეს წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს „ლ–ას“ ზარალის ანაზღაურების მიზნით თანხა გადაუხადა (იხ., ამ განჩინების პ.7).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სსკ-ის 992-ე მუხლი უზრუნველყოფს მესაკუთრისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ზიანის არსებობის ფაქტი მატერიალურად (მტკიცებულებებით) სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს მოსარჩელემ, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო. ეს კი იმთავითვე გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტივას (შდრ: სუსგ №ას-1523-2019, 24 იანვარი, 2020წ. პ. 11.6.),
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.მ ზ.ზ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ი.მ ზ.ზ–ძეს (პ.ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ 20.03.2024წ-ს №1021 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2450 ლარის 70% – 1715 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე