Facebook Twitter

საქმე №ას-755-2023 27 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – კ.ა–ვი, ჟ.ა–ვა, მ.ა–ვა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ა–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ს.ა–ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ა–ნის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და კ.ა–ვს, მ.ა–ვს და ჟ.ა–ვს (შემდეგში - მოპასუხეები ან კასატორები) მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ 47 728.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა, გადახდის დროს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1 თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა ა.ა–ვის საკუთრებას, რომელიც გარდაიცვალა 25.05.1974წ.-ს და მის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მეუღლე - ს.ა–ვი. ს.ა–ვმა მიიღო სამკვიდრო, რომელიც შედგებოდა თბილისში, ........ ქ.#10ა-ში მდებარე 663 კვ.მ. ფართის მქონე საკარმიდამო ნაკვეთისაგან და საცხოვრებელი სახლისაგან (ლიტერ „ა“), რომელიც წარმოადგენდა ერთსართულიან ნაგებობას და შედგებოდა ერთი საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართით 47.45 კვ.მ.

2.2 ა.ა–ვსა და ს.ა–ვს ჰყავდათ სამი შვილი: ს.ა–ნი, ჰ.ა–ნი და შ.ა–ვი. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება გარდაცვლილი დედისგან ანდერძით მიიღო შ.ა–ვმა.

2.3 შ.ა–ვს და მის მეუღლე - მ.ა–ს დარჩათ სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: კ., მ. და ჟ.ა–ვები, რომლებიც მოცემულ დავაში მ.ა–ის უფლებამონაცვლეებს, მოპასუხეებს წარმოადგენენ.

2.4 მოსარჩელე ს.ა–ნის და ვ.ა–ის შვილია. ს. გარდაიცვალა 12.06.1999წ.-ს, ხოლო მისი მეუღლე, ვ. - 15.02.2017წ.-ს. 14.03.2018წ.-ის სამკვიდრო მოწმობის მიხედვით მოსარჩელე ვ.ა–ის მემკვიდრეა.

2.5 თბილისში, ........ ქუჩა N10ა-ში მდებარე უძრავი ქონება 30.01.2020წ.-ის მდგომარეობით ირიცხებოდა მოპასუხეთა დედის მ.ა–ის საკუთრების უფლებით. ამ უკანასკნელის დანაშთი სამკვიდრო თანაბარწილად მიიღეს მოპასუხეებმა.

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოთხოვნას იმ ფაქტობრივ გარემოებას ამყარებდა, რომ თბილისში, ........ ქუჩა N10ა-ში მდებარე უძრავი ქონება, ჯერ კიდევ, ს.ა–ის სიცოცხლეში გაიყო სამ ნაწილად და ს–ს თითოეულ შვილს 1/3-1/3 წილი მიეკუთვნა. ს–ს ერთ-ერთმა შვილმა ს–მა, თავის წილ მიწაზე, საკუთარი ხარჯებით, ააშენა სახლი, რომელშიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ამ სახლს დღეს ფლობენ მისი მემკვიდრეები. 1963წ.-ს სახლი უნებართვოდ აშენდა.1964წ. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსის მოხსენებითი ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ 1964წ.-ს ნაკვეთის ფართი იყო 743 კვ.მ, რომელშიც იდგა ერთი, ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ლიტ „ა“ (3 ოთახი ფართით 66.63 კვ.მ). 1957 წლის ინვენტარიზაციის დროისათვის აშენდა მეორე საცხოვრებელი სახლი ლიტ „ნ“ (1 ოთახი ფართით 24.36 კვ.მ), ხოლო 1961წ.-ს ლიტ „ა“-ს შემინულ აივანზე დაემატა დამხმარე ფართი 14.80კვ.მ. 1963წ.-ის ინვენტარიზაციის დროისათვის ლიტ „ნ“ დანგრეული იქნა და მის ნაცვლად ლიტ „ა“-ზე მიშენედა „ა“ (1 ოთახი ფართით 34.44 კვ.მ). ლიტ „ა“-ს წინა ოთახები შეიცვალა (2 ოთახი ფართით 39 კვ.მ, გაუკეთდა სარდაფი ფართით 57.07 კვ.მ., აშენდა ორი დამხმარე „დ“ და „ე“ 16 კვ.მ -ის მქონე ფართი. მეორე მფლობელობა ა.ა–ზე არ ირიცხებოდა. ტექინვენტარიზაციის ბიურომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ა.ა–ვის სახელზე საბინაო წიგნი „მუდმივი შტამპით“ გატარებულიყო მხოლოდ ერთ ოთახზე - ფართით 47.45 კვ.მ. დღეის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერში თბილისში, ........ ქუჩა N10ა-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) ს/:კ:N........, დაზუსტებული ფართობია 586 კვ.მ, რომელზეც დგას #1, #2, #3, #4, #5, #6, #7 და #8 შენობა-ნაგებობები. აქედან #1 შენობის პირველი სართულის ნაწილის ფართობია 70.36 კვ.მ, ნახევარსარდაფის - 19.75 კვ.მ, ხოლო #3, #4, #5 და #6 ნაგებობების საერთო ფართობია 39.64 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ მითითებულ 39.64 კვ.მ. -ის ფართობის მქონე შენობა-ნაგებობის ანაზღაურებაზეა დავა მხარეთა შორის.

4. ამასთან, წინამდებარე დავის მონაწილე მხარეებს - ვ.ა–ის უფლებამონაცვლე ს.ა–ნსა და მოპასუხეთა დედას მ.ა–ს - შორის სხვა სამოქალაქო დავაზე ს.ა–ნი მოითხოვდა 04.09.1982წ.-ს ს.ა–ვის მიერ შ.ა–ვის სახელზე შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობას, სანოტარო აქტებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებასა და თბილისში, ........ ქუჩა N10ა-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) ს/:კ:N........, ქონების 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობას (საქმე N2/19056-16). მითითებულ საქმეზე სარჩელი უარყოფილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, მასზედ, რომ ს.ა–ვის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ჯერ კიდევ, მის სიცოცხლეში, გარდა მამკვიდრებლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა, აშენებული იყო ასევე ორი უკანონო ნაგებობა ცალ-ცალკე, რომელთაგანაც ერთ-ერთი განკუთვნილი იყო ს.ა–ნისათვის, რომელსაც ს.ა–ნი ოჯახთან ერთად დედის გარდაცვალების დროს ფლობდა, ხოლო ს–ს გარდაცვალების შემდეგ, სახლს ფლობდა მისი მეუღლე ვ.ა–ი, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტის მნიშვნელობა მიანიჭა.

5. ზემოაღნიშნული საქმიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომის ოქმების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მ.ა–ს სადავოდ არ გაუხდია შენობა-ნაგებობის ს.ა–ნის მიერ აშენების ფაქტი, პირიქით, ეთანხმებოდა ამ ფაქტს (იხ. 18.06.18 სხდომის ოქმი 13:50:55-13:53:02; 13.08.18 სხდომის ოქმი 14:22:15-14:23:14). უფრო მეტიც, მითითებულ დავაში მოპასუხე მ.ა–ი აცხადებდა თანხმობას, რომ ს.ა–ნს გაეფორმებინა თავისი ბინა (იხ. 23.01.19 სხდომის ოქმი 12:22:28-12.22.43). ის გარემოება, რომ სადავო სახლი ს.ა–ნმა საკუთარი ხარჯებით ააშენა დაადასტურეს 2021 წლის 15 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ს.ბ–მა (იხ: 14:18:40-14:18:56; 14:19:05-14:20:38), ლ.მ–მა (იხ: 14:54:40-14:54:50), ს.ს–მა (იხ: 12:30:17-12:34:47), ა.ვ–ამ (იხ: 13:06:06-13:06:18), ს. ბ–მა.

6. დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელ ფართზე კომუნალურ გადასახადებს ს.ა–ნი იხდიდა.

7. უდავოა, სადავო სახლში ს.ა–ნი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ამჟამად კი, ამავე ფართში ცხოვრობს ს–ს შვილი - მოსარჩელე, რომელიც მიიჩნევს, რომ ვინაიდან მისი სარჩელი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა კანონიერ ძალში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, მას, მამის - ს.ა–ნის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულების მოპასუხეთაგან მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ა–სა და ს.ა–ვს, თავიანთ სიცოცხლეში, სადავოდ არ გაუხდიათ ს.ა–ნის მიერ, მათ კანონიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სახლის აშენება. დადგენილია რომ ს.ა–ნმა სახლი 1963წ.-ს ააშენა და იგი მამისეული სახლისაგან განცალკევებით იდგა.

9. რაც შეეხება მოსარჩელის უფლებას, მოახდინოს მამკვიდრებლის კუთვნილი მატერიალური უფლების (სამკვიდრო აქტივი) რეალიზება, ამ საკითხზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწმეების - ს.ბ–ის (14:27:54-14:29:03), ლ.მ–ის (14:52:34-14:54:36) ჩვენებები, რომ ს.ა–ნის გარდაცვალების შემდეგ 6 თვის განმავლობაში და მის შემდეგაც სადავო ფართში ცხოვრობდა მოსარჩელე, ოჯახის წევრებთან ერთად, რითაც მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო ს.ა–ნის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივებისა და პასივების ერთობლიობა.

10. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2018 წლის 14 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით ს.ა–ნმა, როგორც მამკვიდრებლის ვ.ა–ის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ მიიღო მთელი სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

11. უძრავი ქონების 2020 წლის 16 იანვრის შეფასების შესახებ დასკვნით სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა 47 728 აშშ დოლარი (იხ., ტ.1. ს.ფ. 89-98).

12. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის (მისი მამკვიდრებლის) მიერ გაწეული ხარჯებით მოპასუხის ქონების ღირებულება გაიზარდა 47 728 აშშ დოლარით, რაც სსკ-ის 163-ე, 1328-ე, 1421-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

13. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრულია 10 წლიანი ხანდაზმულობის დაცვით (სსკ-ის 128.3 და 130-ე მუხლები), კერძოდ, სარჩელი სასამართლოს წარედგინა 03.02.2020წ.-ს, ხოლო ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად მიჩნეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დრო, როდესაც არ დაკმაყოფილდა ვ.ა–ის უფლებამონაცვლე ს.ა–ნის სარჩელი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარების შესახებ და მოსარჩელეს წარმოეშვა მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების გაზრდილი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.

15. კასატორები სადავოდ ხდიან მოსარჩელის მამის - ს.ა–ნის მიერ თბილისში, ........ ქუჩა N10ა-ში, N3 შენობის აშენებისა და მისი ფლობის ფაქტობრივ გარემოებებს.

16. კასატორები სადავოდ ხდიან მათთვის დაკისრებულილ თანხის ოდენობასაც და მიუთითებენ, რომ საქმეში არსებული დასკვნა შეეხება სადავო ფართის საბაზრო ღირებულებას 2020 წლისათვის, რაც მოსარჩელის მამის მიერ ხარჯის გაწევისა და მოპასუხეთა გამდიდრების ოდენობის დასადგენად რელევანტური მტკიცებულება არ არის.

17. კასატორები სადავოდ ხდიან სარჩელის ხანდაზმულობასაც (იხ. საკასაციო საჩივარი).

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სანივთო მოთხოვნა მიზნად ისახავს მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე მოსარჩელის (მისი მამკვიდრებლის მიერ) გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, მოსარჩელის, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელის ინტერესები სსკ-ის 163-ე მუხლის სამართლებრივი ძალითაა დაცული (იხ.,სუსგ №ას-1154-2023, 18 იანვარი, 2024წ.), კერძოდ, საგულისხმოა, რომ სსკ-ის 163-ე მუხლის გამოყენების სფეროს ავიწროებს ამ ნორმის საგამონაკლისო წინაპირობა - არაუფლებამოსილი მფლობელის კეთილსინდისიერების ფაქტი. ამ წინაპირობის გათვალისწინებით კი, სსკ-ის 163-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა უსაფუძვლო გამდიდრების გამოყენების სფეროს გამორიცხავს და მაშასადამე, სსკ-ის 163-ე მუხლი, როგორც სპეციალური ნორმა კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელის სამართლებრივ სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს ამომწურავად აწესრიგებს.

22. შესაბამისად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, უძრავ ნივთზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება სსკ-ის 163.2 (კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა) მუხლიდან გამომდინარეობს.

23. სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებებია: ა) ძირითადი მოსარჩელე, როგორც ნივთის არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი, რა დროიდან ფლობს ნივთს და როდიდან წარმოეშვა მას ნივთის მესაკუთრისათვის დაბრუნების ვალდებულება; ბ) კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს გაწია თუ არა მან ხარჯები ნივთზე, დადებით შემთხვევაში - რას შეადგენდა ამ ხარჯების ოდენობა; გ) მის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯი ხომ არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და ამ სარგებლობისგან მიღებული ნაყოფით (შდრ: სუსგ №ას-336-2020, 14 დეკემბერი, 2021წ.).

24. წინამდებარე დავის მონაწილე მხარეებს - ვ.ა–ის უფლებამონაცვლე ს.ა–ნსა და მოპასუხეთა დედას მ.ა–ს - შორის სხვა სამოქალაქო დავაზე სადაც ს.ა–ნი მოითხოვდა 04.09.1982წ.-ს ს.ა–ვის მიერ შ.ა–ვის სახელზე შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობას, სანოტარო აქტებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებასა და თბილისში, ........ ქუჩა N10ა-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) ს/:კ:N......, ქონების 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობას (საქმე N2/19056-16), სარჩელი უარყოფილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ს.ა–ვის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ჯერ კიდევ, მის სიცოცხლეში, გარდა მამკვიდრებლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლისა, აშენებული იყო ასევე ორი უკანონო ნაგებობა ცალ-ცალკე, რომელთაგანაც ერთ-ერთი განკუთვნილი იყო ს.ა–ნისათვის, რომელსაც ს.ა–ნი ოჯახთან ერთად დედის გარდაცვალების დროს ფლობდა, ხოლო ს–ს გარდაცვალების შემდეგ, სახლს ფლობდა მისი მეუღლე ვ.ა–ი, პრეიურიდიული ძალა მიენიჭა სსსკ-ის 106-ე „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. ქათამაძე პ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020წ.). პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტები ისეთი ფაქტებია, რომელიც დადგენილია სასამრთლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ საქმეში იგივე მხარეები მონაწილეობენ. ასეთი ფაქტები აღარ საჭიროებენ დამტკიცებას, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ (იხ. ლილუაშვილი თ, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005წ, 216-217).

26. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელ ფართზე კომუნალურ გადასახადებს ს.ა–ნი იხდიდა.

27. უდავოა, რომ სადავო სახლში ს.ა–ნი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ამჟამად კი, ამავე ფართში ცხოვრობს ს–ს შვილი - მოსარჩელე, რომელიც მიიჩნევს, რომ ვინაიდან მისი სარჩელი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა კანონიერ ძალში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, მას, მამის - ს.ა–ნის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულების მოპასუხეთაგან მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

28. განსახილველ შემთხვევასი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და დასკვნებს, რომ ფაქტობრივად მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელემ (მისმა მამკვიდრებელმა) გასწია ხარჯები და ახორციელებდა სადავო უძრავ ქონებაზე მფლობელობას.

29. ხოლო რაც შეეხება ხარჯის ოდენობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ-ერთი მხარის მიერ სადავო გარემოების დასადასტურებლად სარწმუნო მტკიცებულებების წარუდგენლობა ამ მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-336-2020 14 დეკემბერი, 2021წ.). სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

30. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სწორად განკარგა საპროცესო საშუალებები და გაწეული ხარჯის ოდენობის დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა ქონების შეფასების შესახებ დასკვნა (იხ., ტ.1. ს.ფ. 89-98), რომლის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება, მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რაც დაუსაბუთებელს ხდის კასატორთა პრეტენზიას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ., სუსგ №ას-1127-1047-2017, 18.10.2017წ.).

31. ამასთან, მოპასუხის მტკიცების ფარგლებში საქმის მასალებით დადასტურებული არ არის გარემოებები, რაც უძრავ ნივთზე გაწეული ხარჯების ამ ნივთით სარგებლობით ან მისგან მიღებული ნაყოფით კომპენსირებაზე მიუთითებს და წარმოშობს დანახარჯებისა და ქონების სარგებლობით მიღებული სამართლებრივი სიკეთის დაბალანსების შესაძლებლობას.

32. ამდენად, საკასაციო პალატას განხორციელებულად მიაჩნია ამ განჩინების პ.23-ში მითითებული სსკ-ის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

33. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორთა პრეტენზია დაუსაბუთებელია ხანდაზმულობის ნაწილშიც და სრულად იზიარებს ამ განჩინების პ.13-ში განვითარებულ მსჯელობებს.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ.ა–ვის, ჟ.ა–ვას, მ.ა–ვას საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კ.ა–ვს (პ.ნ: ........) და ჟ.ა–ვას (პ.ნ: ...........) და მ.ა–ვას (პ.ნ .........) დაუბრუნდეთ ნ. ე. მიერ 10.07.2023წ-ს, საგადახდო დავალებით N17789887693 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე