Facebook Twitter

საქმე №ას-843-2023 27 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.ჰ.გ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-დ.დ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით შპს „გ.ჰ.გ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჯ-დ.დ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე კომპანიას მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 61 840.26 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმის ნასყიდობის (მიწოდების) ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა სასტუმროს მომსახურებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ინვენტარი, ჭურჭელი და სამომხმარებლო საქონელი წარდგენილი ინვოისების მიხედვით;

2.2. მოსარჩელეს მოპასუხისთვის წინასწარ გადახდილი აქვს მისაწოდებელი საქონლის ჯამური ღირებულება 106 088.18 ლარის ოდენობით;

2.3. 2017 წლის 03 ივლისამდე მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 13 311.97 ევროს (34174.26 ლარის) ღირებულების პროდუქცია;

2.4. მოპასუხემ მიღებული თანხის ნაწილი - 10073.18 ლარი (3803.50 ევრო) მოსარჩელეს უკან დაუბრუნა, რის შემდეგაც დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულების ღირებულებამ შეადგინა 61840.26 ლარი;

2.5. მოპასუხეს 61840.26 ლარის ღირებულების პროდუქცია მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა არაუგვიანეს 2017 წლის 27 ივლისისა, მოსარჩელის მისამართზე;

2.6. 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულების მე-8 პუნქტის საფუძველზე მხარეებმა აღიარეს და შეთანხმდნენ, რომ შეთანხმებული საქონლის ღირებულება საბოლოოა და არ ექვემდებარება კორექტირებას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი მიმწოდებელმა ვერ შეძლო გარკვეული სახეობის საქონლის მიწოდება მიმღებისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდებული საქონლის ღირებულება დაუბრუნოს მიმღებს ან მხარეთა შეთანხმებით ჩაანაცვლონ სხვა ტოლფასი ღირებულების საქონლით;

2.7. მოპასუხე მოსარჩელისთვის მისაწოდებელი პროდუქციის შეძენას ახორციელებდა საზღვარგარეთ.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს 61 840.26 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ვალდებულება არ აქვს შესრულებული.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას მოითხოვს, შესაბამისად, მას ასეთი ვალდებულების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება. მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეძლო დაედასტურებინა მისი მხრიდან ვალდებულების შესრულება. რაც შეეხება მოპასუხეს, რადგან იგი სადავოდ ხდის მისი მხრიდან ვალდებულების შესრულებას, მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების გაბათილება და საწინააღმდეგოს მტკიცება წარმოადგენდა. მოპასუხე მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა და მიუთითა, რომ თავად მოსარჩელემ განაცხადა უარი მისაწოდებელი პროდუქციის მიღებაზე. პალატის შეფასებით, მოპასუხე კომპანიის დირექტორის წერილი (ს.ფ. 180. ტ. 1) რომც ჩაითვალოს მხარეთა შორის კომუნიკაციად, იგი არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას იმის გათვალისწინებით, რომ არ არის დაზუსტებული რომელ პროდუქციაზეა საუბარი; მიემართება თუ არა იგი მხარეთა შორის დადებულ 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებას; არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ დამკვეთისაგან ზემოხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჩაურიცხა თუ არა მწარმოებელს და მისგან მიიღო თუ არა შესაბამისი პროდუქცია; დაკვეთილი პროდუქცია მიღებულია, დასაწყობებულია თუნდაც საქართველოს ფარგლებს გარეთ და მზად იყო ან არის საქმის განხილვის დროისათვის დამკვეთისათვის მისაწოდებლად; ამასთან, იგი დათარიღებულია 2017 წლის 13 სექტემბრით, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა უკვე ამოწურული იყო. პალატამ აღნიშნა, რომ მეორე მტკიცებულება, რომელზეც მოპასუხემ მიუთითა (ს. ფ. 80. ტ. 1), წარმოადგენს აგრეთვე ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილს, რომლითაც ასევე არ დასტურდება მოპასუხის მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტები, ამასთან, იგი დათარიღებულია 2018 წლით, როდესაც მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შეკვეთილი პროდუქციის მიღების ინტერესი აღარ არსებობდა და დაადასტურა, რომ მიღებული აქვთ მხოლოდ მე-3 და მე-6 პუნქტებში მითითებულ ინვოისებში გაწერილი პროდუქცია და დანარჩენი არ მიუღიათ.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ მტკიცების ტვირთი სათანადოდ ვერ დაძლია, სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

7.1. სააპელაციო სასამართლომ არასრულად/არასათანადოდ შეისწავლა საქმის გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მოპასუხე კომპანია კეთილსინდისიერად ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს და მისი მცდელობის მიუხედავად, სრულად გადაეცა მოსარჩელისთვის 2017 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად, მან ეს ვერ შეძლო;

7.2. მიმწოდებელს არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხემ სასამართლოს ზეპირსიტყვიერადაც და წერილობითაც განუმარტა, თუ რატომ იყო შეუძლებელი ისეთი წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც პირდაპირ დადგინდებოდა დამკვეთის უარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიღებაზე, ამასთან, არაერთხელ მიუთითა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა ერთობლიობაში შეფასება ნათელს ხდიდა, რომ მიმწოდებლის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი სწორედ მოსარჩელე მხარის არაკეთილსინდისიერი მოქმედებების შედეგად გახდა;

7.3. მოსარჩელე არღვევდა დამკვეთთან კოოპერაციის ვალდებულებას. კოოპერაციის (ურთიერთთანამშრომლობის) ვალდებულებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულება არის ინსტრუმენტი, რომელიც მხარეთა ლეგიტიმური მოლოდინის აღსრულებისათვის მოითხოვს მუდმივ ურთიერთთანამშრომლობას და თანაქმედების („duty to cooperate“), გულისხმიერების ვალდებულების განხორციელებას. ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულება, როგორც მხარეთა ქცევის სახელმძღვანელო პრინციპი, სახელშეკრულებო მოლაპარაკებას შეცვლილი გარემოებების აღმოცენების უპირობოდ თანამდევ პროცესად მოიაზრებს (სუსგ საქმე №ას-251-2021, 11 ივნისი, 2021 წელი);

7.4. საკასაციო პალატის ამ განმარტების საპირისპიროდ, წინამდებარე შემთხვევაში, სახეზე იყო მხარეთა შორის კომუნიკაციის ნაკლებობა, რაც, როგორც ამავე საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იკვეთება, არის მოსარჩელე მხარის ქმედებების პირდაპირი შედეგი;

7.5. მხარეთა შორის კომუნიკაციის ნაკლებობა ასევე საფუძვლად უდევს იმასაც, თუ რატომ ვერ შეძლო კასატორმა წარმოედგინა რიგი წერილობითი მტკიცებულებებისა. მხარეთა შორის კომუნიკაცია მეტწილად ხდებოდა ზეპირი ფორმით, რის შედეგადაც დამკვეთი, მიუხედავად ხელშეკრულების მე-8 მუხლის ჩანაწერისა (რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ და აღიარეს, რომ შეთანხმებული საქონლის ღირებულება იყო საბოლოო და არ ექვემდებარებოდა კორექტირებას), ხშირად ცვლიდა ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებს, მათ შორის, ინვენტარის (საქონლის) ოდენობას, რაც ბუნებრივია, ზეგავლენას ახდენდა ხელშეკრულების ფასსა და მიწოდების დროზე;

7.6. როგორც ცნობილია, უცხო ქვეყნიდან პროდუქციის ჩამოტანა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებსა და ვადებთან. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ შეკვეთაში ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს ამ ხარჯებისა და ვადების გაზრდას. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო მოსარჩელე მხარეც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხელშეკრულების დადების შემდეგ, 2017 წლის ივლისში დამკვეთმა შეცვალა შეკვეთის პირობები და მოითხოვა გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნება (რასაც მოწმობს „საგადასახადო დავალება №1389“), თანაც იმის ფონზე, რომ მიწოდება უკვე დაწყებული იყო და კასატორი აქტიურ კომუნიკაციაში იყო უცხოურ კომპანიასთანაც (მწარმოებელთან). აღნიშნული გარემოება ნათელი მაგალითია, თუ რა მიდგომას იჩენდა დამკვეთი მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში, თანაც, ამ შემთხვევის გარდა, დამკვეთი მიმწოდებელთან დამყარებული ზეპირი კომუნიკაციის გზით, მუდმივად ცვლიდა საქონლის ოდენობას და არ აწვდიდა კასატორს ადეკვატურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და სად მიიღებდა მისგან შესრულებას;

7.7. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის შემდგარი კომუნიკაციის ის რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია საქმეში, მათ შორის, მიმწოდებლის მიერ 2017 წლის 13 სექტემბერს დამკვეთისთვის გაგზავნილი შეტყობინება, ხაზს უსვამს არა იმას, რომ ვალდებულება არ სრულდება კასატორის ბრალეული ქმედების შედეგად, არამედ იმ გარემოებებს, რომლებიც მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელია, კერძოდ, რომ დამკვეთი (კრედიტორი) თავად ხდიდა შეუძლებელს, რომ შემსრულებელს (მოვალეს) შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

7.8. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე კომპანია არ ახორციელებს საცალო ვაჭრობას და მისი კომერციული საქმიანობა მოიცავს კონკრეტული შემკვეთების მიერ მოთხოვნილი საქონლის დაკვეთას უცხოელი მწარმოებლისთვის და შემკვეთისთვის მიწოდებას. ყოველი შეკვეთა არის ინდივიდუალური, მორგებული კლიენტის კონკრეტულ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. კასატორი, მისი კლიენტის სურვილის, ინსტრუქციებისა და დავალების შესაბამისად იძენს/უკვეთავს საქონელს და საქართველოში შემოტანის შემდეგ, ამავე კლიენტს აწვდის. შესაბამისად, კასატორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს არ ჩამოიტანდა, რომ არა მოსარჩელე მხარის კონკრეტული დაკვეთა. შესაბამისად, თუ საკასაციო სასამართლო ძალაში დატოვებს გასაჩივრებულ განჩინებას, კასატორს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან ნასყიდობის საგანი მორგებული იყო მოსარჩელის კონკრეტულ შეკვეთაზე და მისი ხელახალი რეალიზაცია, დიდი ალბათობით, ვერ მოხდება, რადგან: (ა) კასატორს ასეთი სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება არ აქვს; (ბ) რთულია ზუსტად ამავე საქონლის მსურველი კლიენტის მოძიება. კასატორს მოუწევს ამ საქონლის ჩამოწერა, რაც არამარტო პირდაპირი ქონებრივი დანაკლისია, არამედ დაკავშირებულია დამატებით საგადასახადო ვალდებულებებთანაც. ეს კი, იმ პირობებში, როდესაც კასატორმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო მოსარჩელემ ასეთი შესრულება არ მიიღო;

7.9. მოსარჩელე კომპანიამ უარი თქვა შესრულების მიღებაზე. საქმეში წარდგენილი ფოტო-მასალით აშკარად ჩანდა, რომ სადავო ტვირთი არის დიდი გაბარიტული მოცულობის და მძიმე წონის (1 ტონა და 400 კგ). ამგვარი საქონლის მიწოდების შეკვეთის წარმატებით შესასრულებლად, აუცილებელია ხელშეკრულების ორივე მხარის - მიმღებისა და შემსრულებლის აქტიური თანამშრომლობა, რადგან მიმწოდებელმა წინასწარ უნდა შეძლოს გზავნილის ტექნიკური საკითხების მომზადება, მათ შორის, მაგრამ არამარტო, უნდა მოახდინოს ტრანსპორტისა და მუშა-ხელის მობილიზება, ასევე, დამკვეთთან შეათანხმოს დროის შუალედი, რომლის განმავლობაშიც ტვირთის გადაბარება შესაძლებელი იქნება. ამასთან, ტვირთის გადაცემის მომენტი მოიცავს ფორმალურ მხარესაც, კერძოდ კი, მიმწოდებლისა და მიმღების წარმომადგენლების თანდასწრებით ხდება ტვირთის პირველადი დათვალიერება, აღრიცხვა, გადაბარება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;

7.10. რეალურად, ინვენტარის ნაწილის ტრანსპორტირება საქართველოში დადასტურებულად მოხდა, ხოლო დარჩენილი ნაწილის ტრანსპორტირება მიმწოდებელმა სწორედ დამკვეთის ქმედებების გამო, ტრანსპორტირების ბოლო ეტაპზე ვერ შეძლო და შეაჩერა (იხ. დანართი N1), რათა თავიდან აერიდებინა დამატებითი ზიანი. მიმწოდებელმა მხედველობაში მიიღო ის ფინანსური რისკი, რომელიც დამკვეთის მიერ საქონლის მიღებაზე საბოლოო უარის თქმას შესაძლოა მოჰყოლოდა და კონკრეტული წერილობითი ინსტრუქციის მიღების გარეშე, თავი შეიკავა საქონლის შემდგომი ტრანსპორტირებისგან, რადგან, თუკი დამკვეთი უარს იტყოდა მის მიღებაზე ან სხვა ფორმით გააჭიანურებდა ამ პროცესს, მიმწოდებელს მოუწევდა დამატებითი ხარჯების გაღება ინვენტარის/საქონლის შენახვისთვის, ხოლო მისი ტრანსპორტირებისთვის გადახდილი თანხა იქნებოდა ზიანი;

7.11. საქმეში არ ფიგურირებს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დამკვეთმა მიმწოდებელს შეატყობინა ის მისამართი, სადაც საქონელს მიიღებდა. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ტვირთის საქართველოში შემოსვლამდე, კერძოდ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შესაბამისი პროცედურების გავლის ეტაპზე, საქონელი ვერ შემოვა ქვეყნის საზღვრებს შიგნით, თუკი არ იქნა მითითებული მისი დანიშნულების ადგილი. საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე გაჩერება კი დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან და საგადასახადო პასუხისმგებლობასთან;

7.12. დამკვეთის სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა მიმწოდებლის შესრულების დროული მიღება და ამ პროცესში მასთან კეთილსინდისიერი თანამშრომლობა. მოსარჩელე მუდმივად აპელირებს, თითქოს მზად იყო საქონლის მიღებისთვის, თუმცა, საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომ შეკვეთის მიწოდების შეჩერება მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. მოსარჩელეს არ გამოუთქვამს შენიშვნა, პრეტენზია ან/და არ მოუხდენია კასატორის გაფრთხილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე (თუკი საქონელი ნამდვილად კასატორის მიზეზით არ მიეწოდა). საქმეში არსებული 13.09.2017 წლის დამკვეთისთვის გაგზავნილი წერილით კი დასტურდება, რომ 11.08.2017 – 13.09.2017 პერიოდში დამკვეთი მიზანმიმართულად არიდებდა თავს კასატორთან კომუნიკაციას;

7.13. მხარეთა შორის 2017 წლის 03 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება რეალურად არ იყო ნასყიდობის გარიგება მისი კლასიკური (სსკ-ის 477-ე მუხლის) გაგებით. კასატორი არ წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მესაკუთრეს, მწარმოებელს ან უშუალო გამყიდველს, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, რომ დამკვეთის კონკრეტული შეკვეთის საფუძველზე შეიძენდა მის მიერ მოთხოვნილ საქონელს უცხოელი მწარმოებლისგან და მოახდენდა ამ საქონლის ჩამოტანას საქართველოში. აქედან გამომდინარე, განსახილველი ხელშეკრულება არ არის ნასყიდობა და ის გახლავთ დავალებისა და გადაზიდვის ხელშეკრულებების (და შესაბამისი მომსახურეობის) ერთგვარი სინთეზი. ხელშეკრულება მხარეებს მოიხსენიებს მიმღებად (მოსარჩელე) და მიმწოდებლად (მოპასუხე). ამასთან, შეთანხმების საგანი კასატორის მიერ მოსარჩელე მხარისათვის საქონლის მიწოდებაა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ კასატორს მის საკუთრებაში არსებული ქონება უნდა გადაეცა მოსარჩელე მხარისთვის, უადგილოა და ამ ურთიერთობის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის დადგენილი წესების გამოყენება არასწორია. განსახილველი სახელშეკრულებო ურთიერთობა მოიცავდა დამკვეთის მიერ მიმწოდებლისთვის თანხის გადახდას, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი ამ თანხით შეიძენდა შესაბამის საქონელს უცხოელი მწარმოებლისგან (მესაკუთრისგან), უზრუნველყოფდა მის ჩამოტანას დამკვეთის მიერ განსაზღვრულ ადგილზე და, საბოლოოდ, ნარჩენი თანხა იქნებოდა მისი გასამრჯელო, ანუ მომსახურების საფასური;

7.14. სასამართლოების მიერ დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების მე-4 პუნქტით საქონლის მიწოდების ბოლო ვადად შეთანხმდა 2017 წლის 27 ივლისი. შესაბამისად, რადგანაც სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ: (ა) კასატორს არ მიუწოდებია საქონელი მოსარჩელისთვის და (ბ) არ დგინდება ტვირთის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, სსკ-ის 689.1 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, საქონელი დაკარგულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული 2017 წლის 28 აგვისტოდან და ამავე კოდექსის 699-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამკვეთის შესაბამისი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 28 აგვისტოდან და ამოწურულიყო 2018 წლის 28 აგვისტოს, 24:00 საათზე. მოსარჩელემ მიმწოდებლის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 2020 წლის 12 მარტს ანუ სსკ-ის 699-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით;

7.15. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შეფასება ცალსახად ადასტურებს, რომ კასატორის მიერ საქონლის მიწოდების ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა, ხოლო სრული შესრულება შეუძლებელი გახდა უშუალოდ დამკვეთის არაკეთილსინდისიერი ქმედებების შედეგად;

7.16. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთის მიერ თანხის დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებული იყო მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების შეუძლებლობასთან. მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 დღის შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა საქონლის გარკვეულ სახეობაზე (რომელიც, შეთანხმების თანახმად, 6-7 კვირის ვადაში იქნებოდა მიწოდებული) მიწოდების ნაცვლად, გადახდილი თანხის ნაწილის უკან დაბრუნება. მიუხედავად აშკარა კომერციული ზიანისა, მიმწოდებელი დათანხმდა აღნიშნული თანხის გადახდას, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული საგადასახადო დოკუმენტით: „საგადასახადო დავალება N1389”, თარიღი: 11.07.2017წ., თანხა: 10 073,18 ლარი;

7.17. დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ცვლილებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი და ის ხელშეკრულების დადების შემდეგ პერიოდში მუდმივად ცვლიდა შეკვეთის შინაარსს, პირობებსა და მოთხოვნებს, რითაც ხელს უშლიდა მიმწოდებელს, რომ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დამკვეთის მიერ გამოჩენილ არათანამშრომლურ ქმედებებამდე, მხარეთა შორის არსებული სამეწარმეო ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში მიდიოდა, რასაც არამარტო ხელშეკრულების ჩანაწერები, არამედ მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული ზედნადებებიც ადასტურებს, რომელთა თანახმად, ხელშეკრულების დადების შემდეგ, კასატორი კეთილსინდისიერად აგრძელებდა ინვენტარის მიწოდებას. კერძოდ, საუბარია 05.07.2017 წლის სასაქონლო ზედნადებზე Nელ-0309373123, 26.07.2017 წლის სასაქონლო ზედნადებზე Nელ-0319737831, 06.07.2017 წლის სასაქონლო ზედნადებზე Nელ-0315764270;

7.18. როდესაც სააპელაციო სასამართლო ადგენდა, რომ თითქოს კასატორს არ შეუსრულებია მისი სახელშეკრულებო ვალდებულებები, მას აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა საქმეზე წარდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მიმწოდებელს დაწყებული (და ნაწილობრივ დასრულებულიც კი) ჰქონდა მოსარჩელის მიერ შეკვეთილი საქონლის საქართველოში ტრანსპორტირება, თუმცა ეს პროცესი ბოლო ეტაპზე შეწყდა (იხ. მხარეთა შორის 2017 წლის 24-25 აგვისტოს შემდგარი კორესპონდენცია), რასაც წინ უძღვოდა მიმწოდებლის სატელეფონო საუბარი დამკვეთთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უარი თქვა საქონლის მიღებაზე;

7.19. მხარეებს შორის ერთ-ერთი ბოლო ორმხრივი წერილობითი კომუნიკაცია 2017 წლის 11 აგვისტოს შედგა, როდესაც დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე მიმწოდებელმა მას გაუგზავნა მიმდინარე თვეში სამყოფი პროდუქციის მარაგები. ამ მარაგის მიღების შემდეგ, დამკვეთმა მოულოდნელად ზეპირსიტყვიერად და დაუსაბუთებლად შეცვალა პოზიცია ძირითადი საქონლის (წინამდებარე საქმის დავის საგანი) მიღებაზე, კერძოდ, საერთოდ უარი თქვა მასზე, რაც მიმწოდებლისთვის გახდა საბაბი, რომ შეკვეთის გაუქმების შესახებ დამკვეთისგან საბოლოო წერილობითი შეტყობინების მიღებამდე, შეეჩერებინა საქონლის ტრანსპორტირების პროცესი. თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოსარჩელე არ პასუხობდა კასატორის სატელეფონო ზარებსა და წერილობით შეტყობინებებს, რათა დადასტურებულიყო შეკვეთის შემდგომი ბედი;

7.20. 2017 წლის აგვისტოს ბოლოს მიმწოდებლისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე კომპანია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მწარმოებელ კომპანიასთან, რათა ეს საქონელი კასატორის გვერდის ავლით მიეღო. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 13 სექტემბრის შეტყობინებაში მიმწოდებელმა მაინც განუმარტა დამკვეთს, რომ მისთვის მოვლენების ასეთი განვითარებაც მისაღები იქნებოდა, თუკი დამკვეთი აანაზღაურებდა ყველა იმ ხარჯს, რაც მიმწოდებელმა მისი ცვალებადი და არაკეთილსინდისიერი მიდგომების შედეგად გასწია. თუმცა, 2017 წლის 13 სექტემბრის წერილზე დამკვეთს პასუხი არ გაუცია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეალურად სწორედ მისი ქმედებების შედეგად ვერ შეძლო კასატორმა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].

12. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. უპირველესად, საკასაციო პალატა შეამოწმებს, მხარეთა შორის რეალურად რა ურთიერთობას ჰქონდა ადგილი და მისი სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, გაარკვევს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობას.

14. კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმდა შერეული ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს დავალებისა და გადაზიდვის ხელშეკრულებების ერთგვარ სინთეზს.

15. შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან [სსკ-ის 340-ე მუხლი]. შერეული ხელშეკრულების სტრუქტურის გათვალისწინებით ის წარმოადგენს ისეთ ხელშეკრულებას, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა ხელშეკრულებების სხვადასხვა პირობები, მაგრამ ეს პირობები წარმოადგენენ ერთი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1244-1503-09, 10 ივნისი, 2010 წელი). კერძო სამართალი ხელშეკრულების ამ სახის განმარტების ხერხს იმ შემთხვევაში მიმართავს, როდესაც შეთანხმებაში განსხვავებული შინაარსის მქონე დებულებების არსებობა განაპირობებს მხარეთა საერთო განზრახვის დადგენის საჭიროებას, რითიც ისინი ხელმძღვანელობდნენ ხელშეკრულების გაფორმებისას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მათ ნებას განმარტავს იმ დათქმებზე აპელირებით, რომლებიც თავისი შინაარსით უფრო ახლოს დგანან იმ მიზნებთან, რისი მიღწევაც მხარეებს სურდათ ამ ხელშეკრულების დადებისას. ამასთან, ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლებები და მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას (იხ. სუსგ საქმე №ას-238-225-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

16. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმის მიწოდების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა სასტუმროს მომსახურებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ინვენტარი, ჭურჭელი და სამომხმარებლო საქონელი წარდგენილი ინვოისების მიხედვით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. ქვეპუნქტი).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 3 ივლისის ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების შესახებ არ შეიცავს მითითებას მხარეთა დამატებით ისეთ ვალდებულებებზე, რომლებიც შესაძლოა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის იყოს დამახასიათებელი. მართალია, მოპასუხე თავად არ იყო მწარმოებელი და, როგორც დადგენილია, იგი მოსარჩელისთვის მისაწოდებელი პროდუქციის შეძენას ახორციელებდა საზღვარგარეთ, თუმცა არც წარმოდგენილი ხელშეკრულებით და არც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე მოსარჩელის სახელით ახორციელებდა მოსარჩელისთვის პროდუქციის შეძენას [სსკ-ის 709-ე მუხლი: დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე], შესაბამისად, დავალების ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა სახეზე არ არის. ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება მხარეთა შორის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე [668-ე მუხლი: გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე]. წარმოდგენილი ხელშეკრულების შინაარსის სამართლებრივი ანალიზი, საქმის მასალებთან ერთად, იძლევა მხარეთა შორის სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალურთიერთობის წარმოშობილად მიჩნევის წინაპირობებს, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ (გამყიდველმა) იკისრა კასატორისათვის საქონლის მიწოდების ვალდებულება.

18. სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

19. ნასყიდობა ორმხრივი, კონსენსუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით. კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არცერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშობა გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (საქონლის მიღება, ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება (იხ. სუსგ საქმე №ას-19-19-2018, 8 თებერვალი, 2021 წელი).

20. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეს წინასწარ გადაუხადა მისაწოდებელი საქონლის ჯამური ღირებულება 106 088.18 ლარის ოდენობით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2 ქვეპუნქტი), ხოლო მოპასუხეს 61840.26 ლარის ღირებულების პროდუქცია მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა არაუგვიანეს 2017 წლის 27 ივლისისა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5 ქვეპუნქტი), რაც მას არ შეუსრულებია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს 61 840.26 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ვალდებულება არ აქვს შესრულებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).

21. კასატორი სადავოდ ხდის ზემოაღნიშნულ გარემოებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად/არასათანადოდ შეისწავლა საქმის გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მოპასუხე კომპანია კეთილსინდისიერად ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს და მისი მცდელობის მიუხედავად, სრულად გადაეცა მოსარჩელისთვის 2017 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად, მან ეს ვერ შეძლო [სსკ-ის 390-ე მუხლი: კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს]. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ხშირად ცვლიდა ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებს, მათ შორის, ინვენტარის (საქონლის) ოდენობას, რაც ბუნებრივია, ზეგავლენას ახდენდა ხელშეკრულების ფასსა და მიწოდების დროზე.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სათანადო და რელევანტური მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა მოსარჩელის არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებას დარჩენილი 61840.26 ლარის ღირებულების პროდუქციასთან მიმართებით, რომელიც არის წინამდებარე დავის საგანი.

23. რაც შეეხება კასატორის მითითებას მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2017 წლის 13 სექტემბრის წერილზე (ტ.1. ს.ფ. 180), საკასაციო პალატა აღნიშნული მტკიცებულების შინაარსის შესწავლის შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ იგი არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას, კერძოდ, არ არის დაზუსტებული, რომელ პროდუქციაზეა საუბარი. გასათვალისწინებელია ასევე წერილის თარიღი - 2017 წლის 13 სექტემბერი, როდესაც მხარეთა შორის 2017 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ამოწურული იყო.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

25. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].

26. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

27. იურიდიული დოქტრინის თანახმად, იმის მტკიცების ტვირთი, რომ სახეზე შესრულების მიღების ვადის გადაცილებაა, აწევს მოვალეს. მოვალემ უნდა დაამტკიცოს, რომ მან კრედიტორს შესთავაზა შესრულება, ხოლო ამ უკანასკნელმა იგი არ მიიღო. მოვალემ ასევე უნდა დაამტკიცოს, რომ კრედიტორს არ განუხორციელებია ქმედება, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა 390 II მუხლის საფუძველზე (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 570).

28. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ, როგორც მყიდველმა, შეძლო მისი ვალდებულების (ფასის გადახდის) შესრულების გარემოების დადასტურება, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ მან შეასრულა საქონლის მიწოდების ვალდებულება [სსკ-ის 480.2 მუხლი: თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვისათვის ჩვეული პირობებისათვის] ან სახეზე იყო თავად კრედიტორის მხრიდან პროდუქციის მიღებაზე უარის თქმის გარემოება.

29. მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

30. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტის სათანადო წესით დადასტურება, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.

31. საკასაციო პალატა მიუთითებს ნასყიდობის ხელშეკრულების მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი მიმწოდებელმა ვერ შეძლო გარკვეული სახეობის საქონლის მიწოდება მიმღებისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდებული საქონლის ღირებულება დაუბრუნოს მიმღებს ან მხარეთა შეთანხმებით ჩაანაცვლონ სხვა ტოლფასი ღირებულების საქონლით. გამომდინარე აქედან, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს დაუბრუნოს მიუწოდებელი საქონლის ღირებულება - 61840,26 ლარი.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რაც გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

33. ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „გ.ჰ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა.ძაბუნიძე