საქმე №ას-1396-2023 27 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ხ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.კ–ოს (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მ.ხ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2100 აშშ დოლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: საქმეზე წარმოდგენილი, სს „თ.ბ–ის“ მიერ გაცემული საბანკო ამონაწერით ირკვევა, რომ 2021 წლის 01 მაისიდან 23 ოქტომბრის პერიოდში მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 200 აშშ დოლარი, მათ შორის, 2021 წლის 04 მაისს - 100 აშშ დოლარი, 2021 წლის 02 ივნისს - 50 აშშ დოლარი, ხოლო 2021 წლის 02 ივლისს - 50 აშშ დოლარი. გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია „პირადი“ (ს.ფ. 18-19).
3. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან. ამასთან, იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი 2100 აშშ დოლარის დავალიანება - მოსარჩელის მტკიცების ვალდებულებაა, ხოლო იმ ფაქტის მტკიცების ვალდებულება, რომ ეს თანხა მოპასუხეს გასტუმრებული აქვს - მოპასუხის ვალდებულება.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 201-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით და აღნიშნა, რომ, თუ სარჩელში მითითებულ რომელიმე ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად. პალატამ სარჩელის არსებითობის შესაფასებლად საყურადღებოდ მიიჩნია მასში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ლ.ნ–ძემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 2300 აშშ დოლარი;
4.2. ვინაიდან მოპასუხემ ლ.ნ–ძეს არ დაუბრუნა სესხი, მოპასუხეზე სესხის სახით გადაცემული თანხა ლ.ნ–ძეს გაუსტუმრა მოსარჩელემ;
4.3. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 200 აშშ დოლარი, რასაც ადასტურებს სს „თ.ბ–ის“ ამონაწერები მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის თანხის ნაწილის ჩარიცხვის თაობაზე;
4.4. სარჩელის წარდგენის დროისათვის მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 2100 აშშ დოლარი.
5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ზემოხსენებული გარემოებები რელევანტურია და ადასტურებს სარჩელის არსებითობას (სსკ-ის 361-ე, 372-ე, 623-ე მუხლები).
6. სააპელაციო პალატამ შესაგებლის არსებითობის შემოწმების მიზნით, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის მთლიანად გადახდილი ჰქონდა თანხები; რაც შეეხება პროცენტულ სარგებელს, მასზე მხარეთა შორის რაიმე სახის შეთანხმება არ ყოფილა, მაშინ როდესაც, სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებს, რომ პროცენტულ სარგებელზე მხარეები შეთანხმებული უნდა იყვნენ. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად და ხანდაზმულად მიიჩნია.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 131-ე-133-ე მუხლებით და შესაგებელში დაფიქსირებული იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომლითაც მოპასუხემ ფაქტობრივად აღიარა უპროცენტო სასესხო ურთიერთობის არსებობა, ასევე, სადავო არ გახადა სესხის ოდენობა და მხოლოდ მიუთითა, რომ ვალი გასტუმრებული ჰქონდა, თუმცა ვალის გასტუმრების თაობაზე სასამართლოსათვის, გარდა მისივე განმარტებისა, არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია; აგრეთვე, სარჩელზე თანდართული სს „თ.ბ–იდან“ ამონაწერის მხედველობაში მიღებით, რომლის თანახმად, 2021 წლის 01 მაისიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა 200 აშშ დოლარი, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. ლ.ნ–ძემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 2300 აშშ დოლარი;
7.2. ვინაიდან მოპასუხემ შეწყვიტა ლ.ნ–ძისათვის სესხის თანხის გადახდა, მოპასუხეზე სესხის სახით გადაცემული 2300 აშშ დოლარი ლ.ნ–ძეს თავად გადაუხადა მოსარჩელემ, რითაც ჩაენაცვლა კრედიტორს;
7.3. 2300 აშშ დოლარის გასტუმრების მიზნით, 2021 წლის 04 მაისს მოპასუხემ მოსარჩელეს საბანკო გადარიცხვის გზით გადასცა 100 აშშ დოლარი, 2021 წლის 02 ივნისს - 50 აშშ დოლარი, ხოლო 2021 წლის 02 ივლისს - 50 აშშ დოლარი, სულ 200 აშშ დოლარი, რის შედეგადაც, გადასახდელად დარჩენილი ვალი შეადგენს 2100 აშშ დოლარს, რაც ამ დრომდე გასტუმრებული არ არის.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხოლოდ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში წერილობით დაფიქსირებული პოზიცია/განმარტება ვალის მთლიანად გასტუმრების თაობაზე, რაც სათანადო მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, არ წარმოადგენს საკმარისს სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და სარჩელის უარყოფისთვის.
9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ სააპელაციო შესაგებელში დაფიქსირებული შედავება, რომ მხარეთა შორის რაიმე სახის შეთანხმების არსებობა სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხეს სარჩელში დაფიქსირებული ფაქტის უარყოფა პირველი ინსტანციის სასამართლოში არათუ არ განუხორციელებია, არამედ შესაგებლით დაადასტურა კიდეც სესხის ხელშეკრულების არსებობა და მისგან წარმოშობილი ვალი გასტუმრებულად მიიჩნია. გამომდინარე აქედან, სასამართლომ სსსკ-ის 380.2 მუხლის შესაბამისად, აღნიშნა, რომ სააპელაციო შესაგებლით სასესხო ურთიერთობის (სესხის ზეპირი შეთანხმება) არსებობასთან დაკავშირებით სარჩელში მითითებულ ფაქტებზე შედავების უფლება მოპასუხეს არ გააჩნდა.
10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ასევე მოპასუხის შედავება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოსარჩელის ანგარიშზე მოპასუხემ ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 2021 წლის 02 ივლისს - 50 აშშ დოლარის ოდენობით, მოსარჩელეს სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2021 წლის 27 ოქტომბერს, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ გასული არ იყო სსკ-ის 129.1 მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა და არ არსებობდა ხანდაზმულობის მოტივით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. სააპელაციო სასამართლომ უხეშად ხელყო სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოპასუხეს არ მისცა საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. იმის მიუხედავად, რომ მოპასუხემ წინასწარ, განცხადებით აცნობა საქმის განმხილველ მოსამართლეს, რომ ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას და შუამდგომლობას დაურთო საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულებაც, სასამართლომ მოპასუხის მოთხოვნა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა და განხილვა მოპასუხის დასწრების გარეშე განაგრძო;
12.2. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებითაც დადგინდებოდა მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელეს ეკისრება;
12.3. საბანკო გადახდები არ ეხება იმ გარიგებას, რაც მხარეებმა სადავო გახადეს, თანაც მათ დანიშნულებაში მითითებულია, რომ გადარიცხვის დანიშნულებაა „პირადი“. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოპასუხის სახელით მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე 200 აშშ დოლარის ჩარიცხვებს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ჩარიცხული 200 აშშ დოლარი ნამდვილად ე.წ. 2300 აშშ დოლარის ნაწილია; რომ თითქოს 2300 აშშ დოლარი იყო სესხის თანხა, აქედან 200 აშშ დოლარი მოპასუხეს მოსარჩელისთვის ჩაურიცხავს;
12.4. სწორედ მოპასუხის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე 200 აშშ დოლარის ჩარიცხვების პერიოდით გამოიანგარიშა სააპელაციო სასამართლომ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, რაც არასწორია. არ დასტურდება, რომ 100 აშშ დოლარის და შემდეგ ისევ 100 აშშ დოლარის მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხვა სადავო გარიგების შემადგენელი ნაწილი იყო და ამასთან, საინტერესოა, როგორ დაადგინა ამ გამოუკვლეველი გარემოების შედეგად სასამართლომ, რომ მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული;
12.5. უდავოა, რომ მხარეთა შორის წლების განმავლობაში იყო ძალიან მჭიდრო და ახლობლური ურთიერთობა, ამას სარჩელითაც არ გამორიცხავს მოსარჩელე და მოპასუხეც არაერთგზის უთითებდა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე თანხები იყო სხვა დანიშნულებით ჩარიცხული;
12.6. მოსარჩელეს არც უცდია შესაბამისი მტკიცებულებებით დაედასტურებინა საკუთარი მოთხოვნები, თუნდაც ლ.ნ–ძე მაინც მოეწვია მოწმის სახით და დაეკითხათ, დაადასტურებდა თუ არა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. არანაირი გარიგება მოპასუხესა და ლ.ნ–ძეს შორის არ არსებობდა და გაუგებარია, რომელი კრედიტორის ჩანაცვლებაზე უთითებს სააპელაციო სასამართლო;
12.7. სარჩელი ასევე ხანდაზმულია.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. საკასაციო პალატის განმარტებით, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
18. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზების პირობებში.
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხისთვის თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 371.1 [თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც] და 986-ე მუხლები [პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება].
20. ვალდებულება შეიძლება შესრულდეს როგორც პირადად მოვალის, ასევე მესამე პირის მიერ. ვალდებულების პირადად (უშუალოდ მოვალის მიერ) შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მოვალეს ე.წ. „პირადი“ შესრულების ვალდებულება უშუალოდ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე ეკისრება. ამდენად, კრედიტორის უფლებას, მიიღოს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, უპირისპირდება მოვალის უფლება, შესრულება განახორციელოს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. კრედიტორს უფლება არ აქვს, უარი თქვას მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღებაზე, თუ არ არსებობს უშუალოდ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მოვალეობა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 439).
21. საკასაციო პალატის განმარტებით, მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების შედეგად წარმოშობილი სამართალურთიერთობის თითოეულ მონაწილეს გააჩნია შესაბამისი უფლებები და მოვალეობები. ეკონომიკური თვალსაზრისით კრედიტორისათვის სულერთია, თუ ვინ შეასრულებს მოვალის ვალდებულებას (გადაიხდის ვალს, საფასურს, ქირას, გასამრჯელოს და ა.შ.). მოვალის ნაცვლად მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ათავისუფლებს მოვალეს კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან. მესამე პირის მიმართ მოვალის ვალდებულებები განისაზღვრება მასსა და მესამე პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობით (იხ. სუსგ საქმე №ას-497-2024 , 30 სექტემბერი, 2024 წელი).
22. თუ მოვალესა და მესამე პირს შორის არ არის რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა ან იგი ბათილია, მაშინ მესამე პირს შეუძლია მოვალის მიმართ წარადგინოს მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, ვალდებულებითი სამართალი, ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 305).
23. საკასაციო პალატის განმარტებით, ზოგადად, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1715-2018, 26 თებერვალი, 2019 წელი). სსკ-ის 986-ე მუხლის მიხედვით, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის საფუძველია, რადგან მოპასუხემ უსაფუძვლოდ დაზოგა ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (იხ. სუსგ საქმე №ას-891-2019 , 30 ოქტომბერი, 2019 წელი).
24. სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ფულადი ვალდებულება და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა შეასრულა (გაისტუმრა) (იხ. სუსგ საქმე №ას-334-2021, 05 ნოემბერი, 2021 წელი). სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სხვისი ვალის დაფარვიდან წარმოშობილი კონდიქციური მოთხოვნის წინაპირობაა ვალის რეალურად არსებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1030-2019, 17 ივლისი, 2020 წელი).
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
25.1. ლ.ნ–ძემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 2300 აშშ დოლარი;
25.2. ვინაიდან მოპასუხემ შეწყვიტა ლ.ნ–ძისათვის სესხის თანხის გადახდა, მოპასუხეზე სესხის სახით გადაცემული 2300 აშშ დოლარი ლ.ნ–ძეს თავად გადაუხადა მოსარჩელემ, რითაც ჩაენაცვლა კრედიტორს;
25.3. 2300 აშშ დოლარის გასტუმრების მიზნით, 2021 წლის 04 მაისს მოპასუხემ მოსარჩელეს საბანკო გადარიცხვის გზით გადასცა 100 აშშ დოლარი, 2021 წლის 02 ივნისს - 50 აშშ დოლარი, ხოლო 2021 წლის 02 ივლისს - 50 აშშ დოლარი, სულ 200 აშშ დოლარი, რის შედეგადაც, გადასახდელად დარჩენილი ვალი შეადგენს 2100 აშშ დოლარს, რაც ამ დრომდე გასტუმრებული არ არის.
26. სსკ-ის 986-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა სწორედ ის არის, რომ პირი მოვალის ქონებრივ სფეროში იჭრება და თან, მას ამ ჩარევის არც უფლებამოსილება და არც მოვალეობა არ ეკისრება. დადგენილია, რომ მოპასუხეს ლ.ნ–ძის წინაშე ვალი ჰქონდა, მოსარჩელემ შეგნებულად გაისტუმრა მოპასუხის ვალი (შეასრულა ფულადი ვალდებულება), რაც სსკ-ის 371-ე მუხლის შესაბამისად დასაშვები იყო (მოცემულ შემთხვევაში, არც კანონიდან და ხელშეკრულებიდან და არც ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალეს (მოპასუხეს) პირადად უნდა შეესრულებინა ვალდებულება). შედეგად, მოპასუხე გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე, ვალის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებით (დაზოგა საკუთარი ქონება), ხოლო მოსარჩელემ განიცადა ქონებრივი დანაკლისი. შესაბამისად, „რეგრესის კონდიქციის“ ყველა წინაპირობა შესრულებულია. ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის უპირველესი ფუნქცია კრედიტორის პირვანდელ ქონებრივ მდგომარეობაში აღდგენაა, ამიტომ მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს დაზოგილი ქონება (ფულადი თანხა) 2100 აშშ დოლარის ოდენობით.
27. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ლ.ნ–ძესა და მოპასუხეს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამოქალაქო-სამართლებრივი დავის მართებულად გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია, შეფასდეს სარჩელისა და შესაგებლის არსებითობა, რაც სასამართლოს მხრიდან არ მოითხოვს მტკიცებით სტადიაზე გადასვლას და გულისხმობს მითითებული პროცესუალური დოკუმენტების (სარჩელისა და შესაგებლის) შეფასებას მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1062-1022-2016, 19 თებერვალი, 2018 წელი).
29. მოსარჩელე სარჩელში უთითებდა, რომ ლ.ნ–ძემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 2300 აშშ დოლარი; ვინაიდან მოპასუხემ ლ.ნ–ძეს არ დაუბრუნა სესხი, მოპასუხეზე სესხის სახით გადაცემული თანხა ლ.ნ–ძეს გაუსტუმრა მოსარჩელემ.
30. ამდენად, მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა ლ.ნ–ძესა და მოპასუხეს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობაზე, ხოლო მოპასუხემ შესაგებელში იმაზე მითითებით, რომ მას გადახდილი ჰქონდა თანხა მთლიანობაში მოსარჩელისთვის, ფაქტობრივად აღიარა სარჩელში მითითებული გარემოება, მათ შორის, ის ფაქტიც, რომ ლ.ნ–ძესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა და ამ მხრივ შედავება არ განუხორციელებია.
31. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს.
32. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ [სსსკ-ის 201.2. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი]. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4 მუხლი]. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული [სსსკ-ის 219.1. მუხლი].
33. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შესაგებლით არ შედავებია იმ ფაქტს, რომ ლ.ნ–ძესა და მოპასუხეს შორის სასესხო ურთიერთობა არსებობდა, პირიქით, აღიარა, რომ მას მთლიანად ჰქონდა შესრულებული მესამე პირის (მოსარჩელის) მიმართ ვალდებულება. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხემ ფაქტობრივად აღიარა უპროცენტო სასესხო ურთიერთობის არსებობა. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია ლ.ნ–ძესა და მოპასუხეს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტის არასწორად დადგენის თაობაზე.
34. რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ საბანკო გადახდები არ არის კავშირში სადავო გარიგებასთან და თანაც გადარიცხვის დანიშნულება იყო „პირადი“, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის დადასტურების პირობებში, მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ მის მიერ საბანკო გადარიცხვის გზით განხორციელებული ნაწილობრივი შესრულება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რაც მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ უზრუნველყო, ხოლო თანხის პირადი მიზნებისთვის გადარიცხვა ვერ აბათილებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხე მესამე პირის წინაშე სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებას ასრულებდა.
35. საკასაციო საჩივარი შეიცავს ასევე პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მოპასუხეს არ მისცა საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მოპასუხის მითითებით, იმის მიუხედავად, რომ მან წინასწარ, განცხადებით აცნობა საქმის განმხილველ მოსამართლეს, რომ ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას და შუამდგომლობას დაურთო საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულებაც, სასამართლომ მოპასუხის მოთხოვნა საქმის განხილვის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა და განხილვა მოპასუხის დასწრების გარეშე განაგრძო.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. სსსკ-ის 215.3 მუხლი კი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძვლებს და ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას [ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე].
37. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).
38. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონში პირდაპირ მითითებულის გარდა, ნებისმიერი სხვა საფუძველი ინდივიდუალურად, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს და ისე გადაწყდეს, არსებობს თუ არა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. მხარის მიერ მითითებული გარემოებები უტყუარად უნდა ადასტურებდეს სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას და შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული.
39. სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის გადადებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტური, სწრაფი მართლმსაჯულებით (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1432-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი). რასაკვირველია, მხარეს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს. ამასთან, ისინი ვალდებული არიან სათანადოდ დაასაბუთონ გადადების მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამდგომლობა შეიძლება პროცესის გაჭიანურების მცდელობას ემსახურებოდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-675-641-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი).
40. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 13 სექტემბრის საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილა მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე და მისი დასწრების გარეშე გააგრძელა საქმის განხილვა.
41. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხის წარმომადგენელმა 13 სექტემბერს დანიშნული საქმის განხილვის გადადების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა საქმის განხილვის დღეს, 2023 წლის 13 სექტემბერს (იხ. ს. ფ. 171), რომელშიც აღნიშნავდა, რომ 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა, რადგან იმავე დღეს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ზეპირი მოსმენით იხილებოდა მისი სხვა მარწმუნებლის სარჩელი სენაკის რაიონული სამმართველოს მიმართ შემაკავებელი ორდერის კანონიერების თაობაზე, ამასთან, ადვოკატი აღნიშნავდა, რომ შემაკავებელი ორდერის კანონიერების საკითხის განხილვა მკაცრად განსაზღვრულ საპროცესო ვადებს უკავშირდება და შესაბამისად, ვერ ახერხებდა საქმის განხილვაზე გამოცხადებას. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვის 2023 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული სასამართლო უწყება ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლის თანახმად, ადვოკატი 2023 წლის 13 სექტემბერს 15:00 საათზე არის დაბარებული თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავის საგანია შემაკავებელი ორდერის კანონიერება.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ფაქტი უნდა შეფასდეს საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 24 მაისს მოპასუხის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დისტანციური რეჟიმით. აღნიშნული სხდომის შემდეგ მან ორჯერ მოითხოვა საქმის განხილვის გადადება. ორივე შემთხვევაში სასამართლომ გადადო საქმის განხილვა. ამასთან, 13 სექტემბრის სხდომის თარიღი სასამართლომ შეარჩია მოპასუხის წარმომადგენლის ბოლო განცხადებაში მითითებული მისი თავისუფალი საპროცესო დღეებიდან, როდესაც, მოპასუხის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, ეს უკანასკნელი შეძლებდა გამოცხადებას.
43. სსსკ-ის 216.1 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას.
44. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო-სამართლებრივი, გამოყენებულ უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ სასამართლო სხდომის გადადების შესაძლებლობას, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ საქმის განხილვა დაუსრულებლად უნდა გადაიდოს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე არაერთხელ იქნა გადადებული საქმის განხილვა, გონივრული ვადით, მოპასუხისვე ინტერესებიდან გამომდინარე. 2023 წლის 13 სექტემბერს მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის კვლავ გადადებასთან დაკავშირებით, ქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ იგი ემსახურებოდა პროცესის გაჭიანურებას, რითაც ილახება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვის არაერთხელ გადადება წარმოადგენს არა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების დარღვევას, არამედ - პროცესის გაჭიანურებასაც, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის წინაპირობაა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-637-600-2012, 21 მაისი, 2012 წელი).
45. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ არ არსებობდა საქმის განხილვის გადადების საფუძველი.
46. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ.ხ–ძეს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 27 დეკემბერს №19963153994 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე