Facebook Twitter

საქმე №ას-1411-2024 2 დეკემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჯ. მ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ს–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობების უვადოდ აღიარება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ს–მა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა შპს „ჯ.მ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია) მიმართ და მოითხოვა: მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2021 წლის 11 ივნისის N233 ბრძანების ბათილად ცნობა; მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის უვადოდ დადებულად აღიარება; მოსარჩელის აღდგენა მოპასუხე კომპანიაში გათავისუფლებამდე დაკავებულ სამუშაო ადგილზე და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 12 ივნისიდან ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 900 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2021 წლის 11 ივნისის N233 ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება მიჩნეული იქნა უვადოდ დადებულად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 12 ივნისიდან ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 600 (ხელზე ასაღები) ოდენობით; სარჩელი სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4. ამასთან, მოსარჩელემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა (მოპასუხე), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.; №ას-714-2019, 14.06.2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

12. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, 18, 25).

13. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის 520 ლარის ოდენობით, რომელიც კასატორს უკან უნდა დაუბრუნდეს სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, შპს „ჯ. მ–ას“ (ს.კ:........) და მეორე მხრივ, ლ.ს–ს (პ.ნ:.......) შორის, შემდეგი პირობებით:

1.1.შპს „ჯ.მ–და“ გადაუხდის ლ.ს–ს ფულად კომპენსაციას 18000 (თვრამეტი ათასი) ლარს (ხელზე ასაღები) არაუგვიანეს 2024 წლის 9 დეკემბრისა. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ლ.ს–ის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE11TB7904145061100100.

1.2.შპს „ჯ. მ–და“ და ლ.ს–ი თანხმობას აცხადებენ რომ მათ შორის მიმდინარე დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების საფუძვლით. მხარეები აცნობიერებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ამ მორიგების დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

1.3.შპს „ჯ. მ–და“ და ლ.ს–ი ადასტურებენ, რომ ამ მორიგების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების კომპანიის მიერ სრულად და ჯეროვნად შესრულების მომენტიდან მხარეებს (შპს „ჯ. მ–და“ და ლ.ს–ი) ერთმანეთს მიმართ არ გააჩნიათ და არც მომავალში ექნებათ რაიმე სახის მოთხოვნა ან/და პრეტენზია.

1.4.შპს „ჯ. მ–ის“ მიერ ამ მორიგების შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლ.ს–ი უფლებამოსილია მოიპოვოს სააღსრულებო ფურცელი და განახორციელოს იძულებითი აღსრულება კომპანიის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების შესაბამისად.

1.5.მორიგების შეთანხმება ხელმოწერილია სამ თანაბარმნიშვნელოვან ეგზეპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს, ხოლო ერთი ეგზემპლარი ხელმოწერისთანავე წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-1411-2024. შპს „ჯ. მ–ას“(ს.კ:......) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ გადახდილი (გადახდის თარიღი 21.11.2024წ.; საგადახდო დავალება 1732171750; ,,საქართველოს ბანკი“) სახელწიფო ბაჟი 520 ლარი. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი