Facebook Twitter

საქმე №ას-990-2024 22 ნოემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.ა–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჭ–ძე, გ.ჭ–ძე, რ.ჭ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრება, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ა–ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ჭ–ძის, გ.ჭ–ძისა და რ.ჭ–ძის მიმართ და მოითხოვა: მოპასუხე მ.ჭ–ძეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის სახით 559 800 ლარის გადახდა დაეკისროს; მოპასუხე მ.ჭ–ძის მიერ 2010 წლის 30 მარტისა და 2011 წლის 31 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებების შეუსრულებლობის საფუძვლით ხელშეკრულებიდან გასვლა და მოსარჩელის საკუთრებაში უძრავი ქონების დაბრუნება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., პირველი შენობის „ა“ ლიტერის 258.12 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ½ ნაწილი; მოპასუხეებს შორის 2019 წლის 10 აპრილს თბილისში, .......... მდებარე, პირველი შენობის „ა“ ლიტერის 258.12 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ½ ნაწილზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ისინი არსებითად შეედავენ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ა–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე ნ.ა–ვამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

8. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2024 წლის 22 ნოემბერს, განისაზღვრა საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობა, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2024 წლის 21 ნოემბერს, განცხადებით მომართა ნ.ა–ვამ და განაცხადა, რომ კასატორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს, რომ კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6 000 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ნ.ა–ვას განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ნ.ა–ვას საკასაციო საჩივარზე მ.ჭ–ძის, გ.ჭ–ძისა და რ.ჭ–ძის მიმართ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

11. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, 2024 წლის 22 ნოემბერს, განისაზღვრა საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობა, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2024 წლის 21 ნოემბერს, განცხადებით მომართა ნ.ა–ვამ და განაცხადა, რომ კასატორი უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს, რომ კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6 000 ლარი.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

14. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

15. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საპროცესოსამართლებრივი წესით და საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, სსსკ-ის მე-3 მუხლის დანაწესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

16. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

17. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ა–ვას საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

18. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

19. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ა–ვას მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 30 აგვისტოს N46325966 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6 000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 264.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ა–ვას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება ნ.ა–ვას საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ნ.ა–ვას სარჩელის გამო, მ.ჭ–ძის, გ.ჭ–ძისა და რ.ჭ–ძის მიმართ, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების, მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე;

3. კასატორ ნ.ა–ვას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2024 წლის 30 აგვისტოს N46325966 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6 000 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე