საქმე №ას-1210-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ბ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჰ.გ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ჰ.გ–ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მენარდე) სარჩელი შპს „ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 15 960 ლარისა და პირგასამტეხლოს - 420 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2022 წლის 15 აპრილს, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა 1 ცალი 150 მეტრიანი ჭაბურღილის გაკეთება. 1 მეტრის ღირებულებად განისაზღვრა 280 ლარი დღგ-ის ჩათვლით, 2.2 პუნქტით მომსახურების საშუალებას წარმოადგენდა 1 ცალი 150 მეტრი ჭაბურღილის გაბურღვა, შემკვეთის მიერ მიწოდებული ლითონის მილის დამონტაჟება (ჭაბურღილში ჩადება). ხელშეკრულების 2.3 პუნქტით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 42 000.00 ლარს დღგ-ის ჩათვლით, რომელიც მოიცავდა როგორც შესასყიდი მასალების ღირებულებას, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის/მენარდის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ხელშეკრულების 2.4 პუნქტით მომსახურების ვადად განისაზღვრა 60 კალენდარული დღე. 60 დღე შეიძლება გაზრდილიყო, თუ ამინდი იქნებოდა წვიმიანი, ან ტემპერატურა ჩამოსცდებოდა +1 გრადუსს. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების გაწევის ადგილად განისაზღვრა მარნეულის რაიონი, სოფელი .......... ხელშეკრულების 4.3 პუნქტით, შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას, უზრუნველეყო სამუშაოს შესრულება შემკვეთის მიერ დადებული ჰიდროლოგიური დასკვნის შესაბამისად. ხელშეკრულების 5.1 პუნქტით შემკვეთს უფლება ჰქონდა ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განეხორციელებინა კონტროლი მიმწოდებლის/მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, მათ შორის - ხარისხის კონტროლი. ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა მომსახურების ობიექტის მიღება-ჩაბარების შემდეგი წესი: 6.1 მომსახურების ობიექტის მიღება იწარმოებდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე; 6.2 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდებოდა წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელის მოწერით ან/და ბეჭდით; 6.3 თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი დაემთხვეოდა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლოა განხორციელებულიყო მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლებოდა მიწოდების ვადის გადაცილებად. ხელშეკრულების 7.1 პუნქტით შემკვეთი კომპანია ვალდებული იყო 120 მეტრის გაბურღვის შემდეგ მიეტანა ადგილზე მილები, ჭაბურღილში ჩადების მოსამზადებლად. ხელშეკრულების 7.2 პუნქტით, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო 3 ეტაპად: ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში ჯამური ღირებულების 30% - 12 600.00 ლარი წინსწრებით, მეორე ეტაპზე ჭაბურღილის 120 მეტრ სიღრმეზე გაბურღვის შემდეგ ჯამური ღირებულების 30% - 12 600.00 ლარი, ხოლო დარჩენილი 40% - 16 800.00 ლარი ბურღვითი სამუშაოების დასრულების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, 5 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად თითოეული მხარე უფლებამოსილი იყო მეორე მხარის მიზეზით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, დაეკისრებინა მეორე მხარისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%, ხოლო თუკი ადგილი ექნებოდა ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის ჯამური ოდენობა არ უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით;
3.2. მოპასუხემ (შემკვეთმა) მოსარჩელეს (მენარდეს), 2022 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 25 200.00 ლარი აუნაზღაურა. კერძოდ, 2022 წლის 7 მაისს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 12 700.00 ლარი, ხოლო 2022 წლის 1 ივნისს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 12 500.00 ლარი;
3.3. მოსარჩელემ, 2022 წლის 28 ივნისს, ელექტრონული შეტყობინებით მიმართა მოპასუხეს და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოითხოვა, რადგან მან ბურღვითი სამუშაოები დაასრულა. მოსარჩელემ შემკვეთს მიღება-ჩაბარების აქტი განმეორებით, 2022 წლის 2 ივლისს, გადაუგზავნა. მოპასუხეს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი არ მოუწერია. 2022 წლის 15 ივნისით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ „შემსრულებელმა შეასრულა სამუშაოები, კერძოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჭაბურღილი გაბურღა 150 მეტრამდე, აქედან 132 მეტრი გაიბურღა 330 მმ-იანი დიამეტრით, სადაც მოხდა მილების ჩაწყობა და 18 მეტრი - 215 მმ-იანი დიამეტრით“;
3.4. მოპასუხე კომპანიის დირექტორმა - ნ.ი–ძემ, 2022 წლის 17 ივლისს, საპრეტენზიო წერილით მიმართა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს და აცნობა, რომ მენარდის მიერ ბოლომდე არ იყო შესრულებული მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, 150 მეტრი არ იყო გათხრილი და წყალიც არ იყო ამოსული. მოპასუხემ (შემკვეთმა) მოითხოვა წინსწრებით გაგზავნილი საბოლოო ანგარიშფაქტურის გაუქმება, რადგან ხელშეკრულების შესაბამისად დღგ-ის ანგარიშფაქტურის ატვირთვა უნდა მომხდარიყო თანხის ჩარიცხვიდან სამი დღის ვადაში. მოპასუხემ ასევე მოითხოვა ჭაბურღილის სამუშაოების დასრულება გონივრულ ვადაში, რის შემდეგაც მიღება-ჩაბარების აქტს ხელს მოაწერდა;
3.5. მოსარჩელემ (მენარდემ), 2022 წლის 11 აგვისტოს, წერილობით მიმართა მოპასუხეს და სახელშეკრულებო დავალიანების - 16 800.00 ლარის გადასახდელად 5 დღის ვადა განუსაზღვრა, თუმცა უშედეგოდ;
3.6. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ .........ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჭაბურღილში, 2023 წლის 15 მაისს, ვიდეო კაროტაჟი განხორციელდა. შპს „ე–ის’’ 2023 წლის 18 მაისის ვიდეო კაროტაჟის კვლევის თანახმად: „ახლად გაბურღული საექსპლუატაციო უარყოფით დონიანია. იგი გაწყობილია მეტალის 199 მმ საცავი მილით. წყლის დონე ფიქსირდება 64.3 მეტრზე. ჭაბურღილში ფიქსირდება ძლიერი ნალექიანობა. 133 მეტრზე თავდება საცავი მილი და იწყება ჭაბურღილის ღია ტანი, საცავი მილის გარეშე. ამ სიმაღლიდან ასევე მნიშვნელოვნად მცირდება ნალექიანობა. ჭაბურღილის ძირი მდებარეობს 147 მეტრზე“.
4. აპელანტის (შემკვეთის) განმარტებით, მისი დაკვეთით მენარდეს (მოსარჩელეს)უნდა ამოეთხარა 1 ცალი 150 მეტრიანი წყლის ჭაბურღილი და მასში ჩაემონტაჟებინა მოპასუხის მიერ მიწოდებული წყლის მილები. მართალია, ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას, თუ რა დიამეტრის უნდა ყოფილიყო ჭაბურღილი, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მხარეები საერთოდ, მათ შორის ზეპირსიტყვიერადაც არ შეთანხმებულან აღნიშნულზე და მოსარჩელეს შეეძლო თავისი შეხედულებისამებრ განესაზღვრა იგი. იმისათვის, რომ მოპასუხის მიერ მისაწოდებელი მილები ფიზიკურად მოთავსებულიყო ჭაბურღილში, ბუნებრივია, რომ გათხრილი ჭაბურღილის დიამეტრი წინასწარ უნდა ყოფილიყო შეთანხმებული მხარეთა შორის, რათა მოსარჩელეს ბურღვითი სამუშაოები შეესრულებინა სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვაგვარად მოსარჩელე სამუშაოებს ვერ დაიწყებდა. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მოსარჩელეს ჭაბურღილში უნდა ჩაემონტაჟებინა მოპასუხის მიერ მიწოდებული და არა მოპასუხის მიერ მოთხოვნილი დიამეტრის მილები. მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ სწორედ სრული 150 მეტრის 330 მმ-ის დიამეტრით გაჭრაზე, რაც დასტურდება 2022 წლის 15 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით, რომლის ხელმოწერაზეც მოპასუხემ (შემკვეთმა) უარი განაცხადა. ირკვევა, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჭაბურღილი 150 მეტრამდე გაბურღა, აქედან 132 მეტრი გაიბურღა 330 მმ-იანი დიამეტრით, სადაც მოხდა მილების ჩაწყობა და 18 მეტრი 215 მმ-იანი დიამეტრით. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - მენარდე კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ი.რ–მა და ამავე კომპანიაში დასაქმებულმა პირმა - ლ.ყ–მა დაადასტურეს ის გარემოება, რომ ჭაბურღილი 330 მმ-ით მხოლოდ 132 მეტრზე გაიჭრა. რაც შეეხება მოწმე ი.რ–ის ჩვენებას, რომ თითქოს მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ მიუწოდებია 132 მეტრზე მეტი სიგრძის მილი, წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებასთან, რომ მოსარჩელემ თითქოს 132 მეტრზე მეტ სიღრმეზე იმ მიზეზით არ გაჭრა ჭაბურღილი, რომ აღნიშნულის საჭიროება არ არსებობდა. შესაბამისად, მოსარჩელე/მენარდე ფიზიკურად ვერ ჩადებდა 132 მეტრზე მეტი სიგრძის მილს იმის გამო, რომ მას მხოლოდ ამ სიღრმეზე და 330 მმ-ის დიამეტრით ჰქონდა გაჭრილი ჭაბურღილი. ამდენად, მოპასუხის მხრიდან დარჩენილი 18 მეტრის სიგრძის მილის მოსარჩელისათვის მიწოდების მტკიცება საერთოდ აზრს მოკლებულია, იმ მიზეზის გამო, რომ მოსარჩელემ (მენარდემ) ვერ უზრუნველყო ჭაბურღილის გაჭრა 132 მეტრ სიღრმეზე და, ბუნებრივია, დარჩენილ 18 მეტრსაც ვერ დაამონტაჟებდა ჭაბურღილში, რადგან ჭაბურღილის დარჩენილი 18 მეტრის 215 მმ-ის დიამეტრში ფიზიკურად ვერ მოთავსდებოდა 199 მმ-იანი მილები. აღნიშნულის საფუძველზე, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ჯამში გაბურღა 132 მეტრი 330 მმ-იანი დიამეტრით, რაც არ ნიშნავს მენარდის მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულებას. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, რომ თითქოს დავით ივანიძემ განაცხადა პრეტენზიების არარსებობის შესახებ, არის სიცრუე, რადგან აღნიშნული პირი დასაქმებულია დარაჯის პოზიციაზე და ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერაფერს დაუდასტურებდა მოწმეს.
5. მოპასუხის (აპელანტის) მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შემკვეთს (მოპასუხეს) მენარდის (მოსარჩელის) მიმართ არ გამოუხატავს პრეტენზიები. აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ ასახა მოწმე ლ.ყ–ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა მოპასუხის მიერ გამოთქმული პრეტენზიები სამუშაოების მიმართ. აღნიშნული დასტურდება მოპასუხის 2022 წლის 17 ივლისის საპრეტენზიო წერილით, რომლითაც მოსარჩელეს განემარტა, რომ მენარდის მიერ ბოლომდე არ იყო შესრულებული სამუშაოები. სასამართლომ არ დაადგინა მოსარჩელის/მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ნივთობრივი ნაკლოვანება. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო არ არის ვარგისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისთვის. მხარეებმა ნარდობის ხელშეკრულებით თავად განსაზღვრეს ხელშეკრულების არსებითი პირობები, რომლის შეუსრულებლობა ავტომატურად გულისხმობს შესრულების ნაკლს. მართალია, მოსარჩელის პასუხისმგებლობაში არ შედიოდა, თუ რა რაოდენობის წყალი ამოვიდოდა ჭაბურღილიდან, ან საერთოდ ამოვიდოდა თუ არა წყალი, თუმცა მოსარჩელეს სამუშაოები უნდა შეესრულებინა ჰიდროლოგიური დასკვნის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ჭაბურღილი უნდა გათხრილიყო 150 მეტრის სიღრმეზე და, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მასში სრულად უნდა ჩამონტაჟებულიყო მილები. შესაბამისად, პრინციპულად არასწორია სასამართლოს განმარტება მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე. რაც შეეხება ჭაბურღილში მილების ჩაწყობის დანიშნულებას, როგორც მოწმე ი.რ–მა დაადასტურა, მას აქვს ორი ფუნქცია: 1. არ მოხდეს ჭაბურღილის დაბინძურება და 2. თავიდან იქნეს აცილებული მისი ჩამოშლა. ამასთან, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 150 მეტრი სიგრძის მილის მიწოდების ფაქტის დადასტურება და არასწორად დააკისრა მოპასუხეს/შემკვეთს აღნიშნული ფაქტის დამტკიცების ტვირთი.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 327-ე მუხლის პირველი ნაწილი (ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ).
7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური, ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ Nას-866-808-2017, 17.10.2017 წ.). სსკ-ის 639-ე მუხლის მიხედვით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. სსკ-ის 641-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. სსკ-ის 642-ე მუხლის მიხედვით, (1) თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა; (2) დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს; (3) თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება. დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას (იხ. სუსგ N ას-1522-2019, 12.02.2021 წ.).
8. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში, დამატებითი შესრულების მოთხოვნის უპირატესი გამოყენება, უდავოდ გამომდინარეობს სსკ-ის 642-ე და 405-ე მუხლების დანაწესებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, შემკვეთს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, საზღაურის შემცირება თუ შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება. დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება შემკვეთს ანიჭებს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს თავისი ვალდებულების შესრულებაზე - სამუშაოს შედეგის მიღებასა და შეთანხმებული საზღაურის გადახდაზე, რაც არ გამოიწვევს კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებას. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულისხმევი პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება შედეგობრივად ყოველთვის სანქციის დაკისრებას /დამატებითი ვადის დაწესებას/სამუშაოს მიუღებლობას უკავშირდება, ანუ შესრულების ნაკლს თავისი საფასური აქვს. ნიშანდობლივია, რომ არაჯეროვანი შესრულება სწორედ ამ თვალსაზრისით განსხვავდება მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისგან და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგებისგან. ნარდობის მარეგულირებელი ნორმები ადგენს პრეზუმფციას, რომ თუ მენარდემ შეასრულა ვალდებულება, მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური. თუმცა, როგორც ნებისმიერ პრეზუმფციას, ამ უკანასკნელსაც გამოეცლება სამართლებრივი საფუძველი, თუკი დადგინდება, რომ შემკვეთი, არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში მოითხოვს ნაკლოვანების აღმოფხვრას, ან თავად გამოასწორებს ნაკლს და მენარდისაგან მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. თუ შემკვეთი არ განახორციელებს ამგვარ ქმედებას/მოთხოვნას, მას შეუძლია, ნაკლოვანი შესრულების პროპორციულად მოითხოვოს მენარდისათვის გადასახდელი თანხის შემცირება; შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო უხარისხო და გამოუსადეგარია. მოცემულ საქმეზე სავსებით სწორად არის გადანაწილებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (ამგვარ დავებში მოთხოვნის დამფუძნებელი (როგორც აღმჭურველი, ისე გამომრიცხველი) ნორმების აბსტრაქტული შემადგენლობის და შესაბამისი მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ იხ.: სუსგ-ები N ას-1115-2019, Nას-959-2019, Nას-796-2019, Nას-589-2019, Nას-203-203-2018, Nას-1975-2018, #ას-1522-2019, Nას-1324-2019, Nას-866-2023).
9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი იყო მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა თუ არა მომსახურების ხელშეკრულება, რაც მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობდა. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად მხარეთა შორის სადავოა, თუ რა დიამეტრის უნდა ყოფილიყო ჭაბურღილი და მასში რა სიგრძის მილი უნდა ჩამონტაჟებულიყო.
10. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, როგორც საქმის მასალებით დგინდება, 2022 წლის 15 აპრილის ნარდობის ხელშეკრულების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა 1 ცალი 150 მეტრიანი ჭაბურღილის გაბურღვა. ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტით მომსახურების საშუალებას წარმოადგენდა 1 ცალი 150 მეტრი ჭაბურღილის გაბურღვა, შემკვეთის მიერ მიწოდებული ლითონის მილის დამონტაჟება (ჭაბურღილში ჩადება). ამავე ხელშეკრულების 7.1.1 პუნქტის შესაბამისად, შემკვეთი ვალდებული იყო, 120 მეტრის გაბურღვის შემდეგ, ადგილზე მიეტანა მილი, ჭაბურღილში ჩადების მოსამზადებლად. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო შესასრულებელი სამუშაოს შესრულება შემკვეთის მიერ დადებული ჰიდროგეოლოგიური დასკვნის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად შემკვეთს უფლება ჰქონდა ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განეხორციელებინა კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, მათ შორის - ხარისხის კონტროლი (ტ. 1, ს.ფ. 22-27).
11. საქმეში წარმოდგენილი ჰიდროგეოლოგიური დასკვნის თანახმად წყლის დონის ნიშნული დაახლოებით 140 მეტრ სიღრმეზეა მითითებული (ტ. 1, ს.ფ. 86).
12. საქმეში წარმოდგენილი შპს „ე–ის’’ 2023 წლის 18 მაისის ვიდეო კაროტაჟის კვლევის შედეგებით დგინდება: „ახლად გაბურღული საექსპლუატაციო უარყოფით დონიანია. იგი გაწყობილია მეტალის 199 მმ საცავი მილით. წყლის დონე ფიქსირდება 64.3 მეტრზე. ჭაბურღილში ფიქსირდება ძლიერი ნალექიანობა. 133 მეტრზე თავდება საცავი მილი და იწყება ჭაბურღილის ღია ტანი, საცავი მილის გარეშე. ამ სიმაღლიდან ასევე მნიშვნელოვნად მცირდება ნალექიანობა. ჭაბურღილის ძირი მდებარეობს 147 მეტრზე” (ტ. 1, ს.ფ.136-145).
13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის/შემკვეთის განმარტება, რომ მოსარჩელის/მენარდის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ 150 მეტრიანი ჭაბურღილის 330 მმ-იანი დიამეტრით გათხრაზე, რადგან ასეთი სახის მითითებას 2022 წლის 15 ივნისით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიცავს. მასში აღნიშნულია, რომ „შემსრულებელმა შეასრულა სამუშაოები, კერძოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჭაბურღილი გაბურღა 150 მეტრამდე, აქედან 132 მეტრი გაიბურღა 330 მმ-იანი დიამეტრით, სადაც მოხდა მილების ჩაწყობა და 18 მეტრი 215 მმ-იანი დიამეტრით’’. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტი ასახავს სამუშაოს შესრულების შინაარსს და არა იმას, თუ სამუშაოს შესრულების რა პირობებზე იყვნენ მხარეები შეთანხმებული.
14. გარდა აღნიშნულისა სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება (იხ. სუსგ-ები: №ას-3232-307-2011, 1.12.2011 წ., №ას-939-879-2017, 29.09.2017 წ., №ას-614-2019, 21.06.2019წ.).
15. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება რაიმე სახის მითითებას, თუ რა დიამეტრის უნდა ყოფილიყო ჭაბურღილი და მასში რა სიღრმეზე უნდა მომხდარიყო მილის ჩამონტაჟება, არ შეიცავს. გარდა აღნიშნულისა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ მოსარჩელის/მენარდის პასუხისმგებლობაში არ შედიოდა, თუ რა რაოდენობის წყალი ამოვიდოდა ჭაბურღილიდან, ან საერთოდ ამოვიდოდა თუ არა წყალი. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის/შემკვეთის მტკიცება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო არ არის ვარგისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისთვის, ვინაიდან როგორც აღინიშნა, მხარეთა შეთანხმება შედეგზე არ იყო ორიენტირებული და მოსარჩელის მოვალეობა იყო გაეთხარა ჭაბურღილი და მასში სწორედ მოპასუხის მიერ მიწოდებული მილები ჩაემონტაჟებინა. გარდა აღნიშნულისა, არც ხელშეკრულებით და არც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მილი, რომელიც თვითონ შემკვეთს უნდა მიეწოდებინა მოსარჩელისათვის, ზუსტად ჭაბურღილის სიღრმის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმება ჭაბურღილის დიამეტრის ფართობზე არ შემდგარა.
16. აპელანტის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ ჯამში გაბურღა 132 მეტრი 330 მმ-იანი დიამეტრით, რაც არ ნიშნავს ვალდებულების სრულად შესრულებას და შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ გამოხატა პრეტენზიები, რაც დასტურდება შემკვეთის 2022 წლის 17 ივლისის საპრეტენზიო წერილით, რომლის ფარგლებშიც მენარდეს განემარტა, რომ მის მიერ ბოლომდე არ იყო შესრულებული სამუშაოები, აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგი:
16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მაისის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი.რ–ის მიერ დადასტურებული იქნა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს აკონტროლებდნენ თვითონ შემკვეთის წარმომადგენლები. ამასთან, მოწმის განმარტებით სამუშაოების დასრულების შემდეგ ესაუბრა დავით ივანიძეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონდა. მართალია, აპელანტი მიუთითებს, რომ დავით ივანიძე დარაჯია და არ არის უფლებამოსილი პირი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტს არ წარუდგენია. მოწმის სახით დაკითხული მოპასუხე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 25% წილის მფლობელი ე.ი–ძის განმარტებით შესრულებული სამუშაოთი უკმაყოფილების თაობაზე მოსარჩელის წარმომადგენლებს აცნობა, თუმცა მათთვის წერილობით არ მიუმართავს;
16.2. მოპასუხე კომპანიის დირექტორმა - ნ.ი–ძემ, 2022 წლის 17 ივლისს, საპრეტენზიო წერილით მიმართა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს და აცნობა, რომ მენარდის მიერ ბოლომდე არ იყო შესრულებული მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, 150 მეტრი არ იყო გათხრილი და წყალიც არ იყო ამოსული. მოპასუხემ მოითხოვა წინსწრებით გაგზავნილი საბოლოო ანგარიშფაქტურის გაუქმება, რადგან ხელშეკრულების შესაბამისად დღგ-ის ანგარიშფაქტურა თანხის ჩარიცხვიდან სამი დღის ვადაში უნდა ატვირთულიყო. მოპასუხემ, ასევე მოითხოვა ჭაბურღილის სამუშაოების გონივრულ ვადაში დასრულება, რის შემდეგაც მიღება-ჩაბარების აქტს ხელს მოაწერდა;
16.3. მოწმეთა ჩვენებებისა და წარმოდგენილი საპრეტენზიო წერილის ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (შემკვეთის) მიერ მითითებული გარემოება მის მიერ გამოთქმულ მპრეტენზიებთან დაკავშირებით, რადგან, როგორც დასტურდება, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს აკონტროლებდნენ თვითონ შემკვეთის წარმომადგენლები, რომელთა მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა ჭაბურღილის გათხრა. ამასთან, მითითებული წერილი გაგზავნილია 2022 წლის 17 ივლისს, მას შემდეგ, რაც 2022 წლის 28 ივნისს მოსარჩელემ/მენარდემ ელექტრონული შეტყობინებით მიმართა მოპასუხეს და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოითხოვა, რადგან მან ბურღვითი სამუშაოები დაასრულა. მენარდემ შემკვეთს მიღება-ჩაბარების აქტი განმეორებით, 2022 წლის 2 ივლისს, გადაუგზავნა. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის/შემკვეთის მტკიცება შესრულებულ სამუშაოებთან მოსარჩელისთვის/მენარდისათვის პრეტენზიის შეტყობინების/წარდგენის თაობაზე.
17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო, მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლება = მოპასუხის ვალდებულება იყო, რასაც მან ვერ გაართვა თავი. მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის გამოსარიცხად და საკუთარი მტკიცების საფუძვლიანობის დასადასტურებლად შემკვეთმა ვერ წარადგინა საექსპერტო დასკვნა ან სხვა სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ჭაბურღილის 330 მმ-ის დიამეტრით გათხრის აუცილებლობა. ამასთან, იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მხარეთა წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი შეთანხმება ჭაბურღილის 330 მმ-ის დიამეტრით გათხრაზე, უსაფუძვლოა აპელანტის/შემკვეთის შედავება მენარდის მხრიდან ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის თაობაზე.
18. გარდა ამისა, უსაფუძვლოა აპელანტის მტკიცება მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თვითონ მოპასუხის მიერვე წარმოდგენილ შპს „ე–ის’’ 2023 წლის 18 მაისის ვიდეო კაროტაჟის კვლევაზე, რომლის თანახმად: „ახლად გაბურღული საექსპლუატაციო უარყოფით დონიანია. იგი გაწყობილია მეტალის 199 მმ საცავი მილით. წყლის დონე ფიქსირდება 64.3 მეტრზე. ჭაბურღილში ფიქსირდება ძლიერი ნალექიანობა. 133 მეტრზე თავდება საცავი მილი და იწყება ჭაბურღილის ღია ტანი, საცავი მილის გარეშე. ამ სიმაღლიდან ასევე მნიშვნელოვნად მცირდება ნალექიანობა. ჭაბურღილის ძირი მდებარეობს 147 მეტრზე.”
19. ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებული (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი ძირითადად მოწესრიგებულია სსკ-ის 629-656-ე მუხლებით. სსკ-ის 636-ე მუხლის მიხედვით „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ეს ნორმა შემკვეთს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფალ უფლებას. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მას არ ავალდებულებს იმოქმედოს ზოგადი წესების მიხედვით, რომლის მიხედვითაც უმეტეს შემთხვევაში შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა არსებობდეს (მაგ. სსკ-ის 399-ე მუხლი), რადგანაც ნარდობა არ არის გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობა, ან კიდევ დაიცვას შეწყვეტის ვადები ან წინასწარ გააფრთხილოს მენარდე (სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა იგი ვალდებულია მენარდეს აუნაზღაურის ხელშეკრულების შესრულებული ნაწილი.
20. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდემ ჭაბურღილის დიამეტრის და ასევე ჭაბურღილში ჩასამონტაჟებელი მილების სიგრძესთან მიმართებით ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა და შემკვეთს გადასცა იმ ხარისხის ნივთი, რაც მხარეთა შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების არაჯეროვანი შესრულება მხოლოდ ჭაბურღილის არასაკმარის სიღრმეზე გათხრაში გამოიხატა. კერძოდ, მოსარჩელის ვალდებულება იყო 1 ცალი ჭაბურღილი გაეთხარა 150 მეტრის სიღრმეზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ჭაბურღილის სიღრმე არის 147 მეტრი, რომლის გათხრითი სამუშაოების ღირებულება იქნებოდა 41 160.00 ლარი. შესრულებული ნაწილისა და ავანსის სახით გადახდილი ნაწილის ღირებულების სხვაობა კი შეადგენს 15 960.00 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1-ე და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია.
21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
21.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
21.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა შესაგებელში მითითებული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მოწმეთა ჩვენებები;
21.3. კასატორის განმარტებით, მხარეები შეთანხმებული იყვნენ შესასრულებელი სამუშაოს პირობებზე, რაც მენარდემ დაარღვია.
21.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
24.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულად და საფუძვლიანად აქვს გამოკვლეული საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მართებულად აქვს ისინი შეფასებული სსსკ-ით გარანტირებული პრინციპების დაცვით.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შეად. სუსგ-ებს: N ას-1164-2023, 04.12.2023 წ; N ას-671-2023, 12.09.2023 წ; N ას-380-2023, 20.06.2023 წ.). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016 წ., გვ.288).
27.საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლიანი (ნივთობრივად), კერძოდ, კასატორის მითითებით, მენარდე კომპანიამ ჭაბურღილი 132 მეტრზე მეტ სიღრმეზე ვერ გათხარა, რომელშიც 330 მმ დიამეტრის მილს ჩაამონტაჟებდა, რის გამოც შემკვეთი კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მიღება-ჩაბარების აქტს ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, შემკვეთმა უარი განაცხადა ნარდობის საფასურის სრულად ანაზღაურებაზე.
28.საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებასთან მიმართებით აღსანიშნავია შემკვეთის შემდეგი მეორადი უფლებები, რომლებიც მას წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მენარდემ დაარღვია სამუშაოს უნაკლოდ შესრულების ვალდებულება: 1) დამატებითი შესრულების მოთხოვნა; 2) ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ; 3)ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ნაკეთობის ნაკლის გამო; 4) საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო; 5) მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
29.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მენარდე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად. ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის/ნაკეთობის (შესრულებული სამუშაოს) შემკვეთისათვის წარდგენა (სსკ-ის 639-ე მუხლი). მოცემული დავის ფარგლებში ის გარემოება, რომ შემსრულებელმა არაჯეროვნად შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულება - მიაწოდა ნაკლიანი სამუშაო, მოპასუხის მტკიცების ტვირთი იყო, რაც მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა.
30. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება რაიმე სახის მითითებას, თუ რა დიამეტრის უნდა ყოფილიყო ჭაბურღილი და მასში რა სიღრმეზე უნდა მომხდარიყო მილის ჩამონტაჟება, არ შეიცავდა. გარდა აღნიშნულისა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ მოსარჩელის პასუხისმგებლობაში შედიოდა, თუ რა რაოდენობის წყალი ამოვიდოდა ჭაბურღილიდან, ან საერთოდ ამოვიდოდა თუ არა წყალი. მოსარჩელის/მენარდის მოვალეობა იყო, გაეთხარა ჭაბურღილი და მასში სწორედ მოპასუხის მიერ მიწოდებული მილები ჩაემონტაჟებინა. გარდა აღნიშნულისა, არც ხელშეკრულებით და არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მილი, რომელიც თვითონ შემკვეთს უნდა მიეწოდებინა მოსარჩელისათვის, ზუსტად ჭაბურღილის სიღრმის შესაბამისი უნდა ყოფილიყო (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი).
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ შემკვეთის მიერ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ მენარდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია. ასევე, მართებულად არის მითითებული საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი).
32.სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, ასევე ვერ გააქარწყლა დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
33.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
34.საკასაციო სასამართლო მოსარჩელე კომპანიის საკასაციო შესაგებელში დაყენებულ შუამდგომლობას ადვოკატის ხარჯის 1 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე, სსსკ-ის 53.1-ე მუხლის შესაბამისად, 450 ლარის ნაწილში აკმაყოფილებს და მიიჩნევს, რომ ეს თანხა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე დახარჯული რესურსის (ადვოკატის შრომა ორ ეტპაზე წარმატებული შედეგით დასრულებულ დავაზე საკასაციო შესაგებლის შედგენისათვის) შესაბამისი და გონივრული ოდენობაა.
35.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. საკასაციო სასამართლოს მიერ უარყოფილია კასატორის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.
36.სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ბ–ას“ (ს/კ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 05.08.2024 წლის #0 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 819 ლარის 70% - 573.3 ლარი.
3. შპს „ბ–ას“ (ს/კ ........) შპს „ჰ.გ–ოს“ (ს/კ .........) სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 450 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე