Facebook Twitter

25 ივლისი, 2024 წელი,

საქმე #ას-549-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ე.ჯ–ია“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც თ.ჩ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის ბრძანებები მოსარჩელისთვის წერილობითი საყვედურების გამოცხადების თაობაზე, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კანონსაწინააღმდეგო ნების გამოვლენად მიიჩნია შრომითი ხელშეკრულების, შინაგანაწესისა და კასატორის სხვა შიდა პოლიტიკით გათვალისწინებული წესებით მიღებული სანქცია/საყვედური, რომელიც მხოლოდ დასაქმებულის გამოსწორებას ემსახურებოდა, რათა მომავალში არიდებული ყოფილიყო ანალოგიური ხასიათის გადაცდომები (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე 2021 წლის 17 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე კომპანიაში ბანქოს მჩეხავის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით იყო დასაქმებული.

4.4. „ცვლების პროგრამა“ ნიშნავს პროგრამულ უზრუნველყოფას სახელწოდებით TTS და NEVOS (ან სხვა ელექტრონული სისტემა, რომელსაც დროდადრო დანერგავს კომპანია), რომელიც შექმნილია ცვლების გრაფიკისა და დასაქმებულთა მიერ გამომუშავებული საათების ჩასაწერად და გამოსათვლელად (იხ. შრომითი ხელშეკრულება).

4.5. კომპანია 24/7 რეჟიმით მუშაობს, სტანდარტული სამუშაო კვირა შედგება ორმოცი სამუშაო საათისგან (თუ ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული), კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ცვლაში მომუშავე დასაქმებულმა შესაძლოა იმუშაოს შაბათსა და კვირას, როგორც ეს განსაზღვრული იქნება ცვლის გრაფიკით.

თამაშის წარმდგენებმა და ბანქოს მჩეხავებმა თვის მანძილზე მინიმალური სამუშაო საათების პოლიტიკით დადგენილი საათების მინიმალური ოდენობა უნდა იმუშაონ.

კომპანიამ შესაძლებელია დააწესოს მინიმალური სამუშაო საათების რაოდენობა ცვლაში მომუშავე სხვა დასაქმებულთათვის (იხ.შინაგანაწესის 5.6 მუხლი) .

დასაქმებული ვალდებულია დაემორჩილოს კომპანიის ან ჯგუფში შემავალი რომელიმე კომპანიის დროდადრო მიღებულ შიდა პოლიტიკის წესებს (მათ შორის და არა მხოლოდ, სამუშაო გრაფიკებთან, შვებულებასთან და ავადმყოფობის გამო შვებულებასთან დაკავშირებულ წესებს) და შინაგანაწესს (იხ. ხელშეკრულების 7.1.d მუხლი).

ამავე შინაგანაწესის 8.3. მუხლი აწესებს კომპანიის შესაძლებლობას წერილობითი საყვედურის გამოცემის თაობაზე ბოლო 30 დღის განმავლობაში დამსაქმებლის მხრიდან FS/TM დარღვევის პოლიტიკაში გაწერილი დარღვევის შემთხვევაში, იმ მოვლენაზე მითითებით, რომელიც აღწერს დარღვევას.

შრომითი ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია დაემორჩილოს და შეასრულოს სამუშაოს სახელმძღვანელოებში შინაგანაწესში, სამუშაოს აღწერილობებსა და კომპანიის სხვა შიდა დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს („შიდა პოლიტიკა“) და შეასრულოს დამსაქმებლის წერილობთი და ზეპირი მოთხოვნები ან მითითებები.

ამავე ხელშეკრულების 8.3 მუხლით, კომპანია უფლებამოსილია დროდადრო გადახედოს და შეცვალოს შიდა პოლიტიკა და შინაგანაწესი, ნებისმიერ ცვლილება შიდა პოლიტიკაში ან შინაგანაწესში, ახალი შიდა წესების მიღება ან მათი ცვლილება დასაქმებულს ეცნობება ინტრანეტის საშუალებით.

მხარეები შეთანხმდნენ რომ დასაქმებული იმუშავებდა ცვლების გრაფიკის საფუძველზე დღის სამუშაო საათების ან ღამის სამუშაო საათების განმავლობაში („ცვლების გრაფიკი“), საწყისი ცვლების გრაფიკის გარდა.

კომპანია განსაზღვრავდა და შეატყობინებდა დასაქმებულს ცვლების გრაფიკს ცვლების პროგრამის საშუალებით, სამუშაო კვირის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა.

ამასთან, შიდა პოლიტიკით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის მიერ კვირის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაო საათების მინიმალური რაოდენობაც (იხ. შრომითი ხელშეკრულების 5.1 პუნქტი).

4.6. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანიამ შეიძლება შეცვალოს ცვლების გრაფიკი (მათ შორის გადადოს ცვლა სხვა პერიოდზე) დასაქმებულისათვის 10 დღით ადრე ცვლების პროგრამის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, ხოლო დასაქმებული ვალდებულია იმოქმედოს ცვლების გრაფიკში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.

გადაუდებელ შემთხვევაში, კომპანია იტოვებდა უფლებას გაეგზავნა უფრო მოკლე დროის შეტყობინება ცვლების გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით იმ პირობით, რომ შეტყობინება, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებას 24 საათზე ნაკლები ვადით უნდა გაიგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) მეშვეობით (იხ. შრომითი ხელშეკრულების 5.2 პუნქტი).

4.7. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად კი, ინფორმაციას სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დროის შესახებ, კომპანია შეიტანს ცვლების პროგრამაში, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს დასაქმებულისთვის.

4.8. „შიდა პოლიტიკის დოკუმენტები“ გულისხმობს შინაგანაწესს, კომპანიის სხვა საქმიანობის დოკუმენტებს (როგორიცაა საერთო პოლიტიკა, მინიმალური სამუშაო საათების პოლიტიკა, და ტრანსპორტირების პოლიტიკა) ან კომპანიისა და ევოლუშენ ჯგუფის სხვა ნებისმიერი შიდა წესები ასევე გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია დასაქმებასთან, საოპერაციო საკითხებთან და მიიღება დრო და დრო (იხ. შინაგანაწესის 2.1.5 პუნქტი).

4.9. დასაქმებული, თუ იგი მუშაობს მოქნილი სამუშაო საათებით ვალდებულია, რეგულარულად შეამოწმოს სამუშაო გრაფიკი, რომელიც ხელმისაწვდომია კომპანიის პერსონალის მართვის ელექტრონულ სისტემაში TTS და NEVOS, დასაქმებულმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამუშაო გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს კომპანიის კონტროლს მიღმა არსებული და კომპანიის ბიზნეს საჭიროებების მოტივით (იხ. შინაგანაწესის 3.5.21 პუნქტი).

4.10. სამუშაოს არასაპატიოდ გაცდენა არსებითი დარღვევაა (იხ. შინაგანაწესის 8.1.1 პუნქტი).

4.11. 2023 წლის 17 მარტს, მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელმა, დამსაქმებლის საკომუნიკაციო არხზე - slak-ზე 08:17 საათზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 17 მარტისთვის არსებობდა თავისუფალი სამუშაო საათები და მსურველებს შეეძლოთ მისი დამატებით აღება.

4.11.1. 09:52 საათზე დასაქმებულმა გამოთქვა დამატებითი საათებით მუშაობის სურვილი, რაზეც ეცნობა, რომ გაანალიზებდნენ ვითარებას და გადაწყვეტილებას აცნობებდნენ.

ხელმძღვანელმა მოსარჩელის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით დასტური 12:51 საათზე დაწერა.

მოსარჩელეს საკომუნიკაციო არხზე ხელმძღვანელის პასუხი არ უნახავს, პირადად კი, ამავე პირს მისთვის არ მიუწერია.

4.12. 2023 წლის 17 მარტის სამუშაო გრაფიკში, დასაქმებულისთვის დამატებითი საათები ცვლების გრაფიკის პროგრამაში, შესაბამის დროს არ ასახულა.

4.13. მოსარჩელეს 2023 წლის 17 მარტს დამატებითი საათები - 16:00 საათიდან 18:00 საათამდე არ უმუშავია.

4.14. დამსაქმებლის 2023 წლის 29 მარტის ბრძანებით, 2023 წლის 17 მარტს სამუშაო პროცესის ცვლის გრაფიკით დადგენილ დროზე ადრე შეწყვეტის გამო, მოსარჩელეს წერილობითი საყვედური გამოეცხადა.

4.14.1. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ 2023 წლის 1 აპრილს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო.

4.15. 2023 წლის 15 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით მოსარჩელემ დამსაქმებლის თანხმობით, კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლა.

4.16. მინიმალური სამუშაო საათების პოლიტიკით გათვალისწინებული მოვალეობები დამსაქმებელს მოსარჩელისთვის სათანადო წესით არ გაუცვნია.

4.17. დამსაქმებლის 2023 წლის 9 ივნისის ბრძანებით, 2023 წლის მაისში დასაქმებულის მიერ კომპანიის წესდებით დადგენილ სამუშაო საათების მინიმუმზე ნაკლები მოცულობის დროის ათვისების მოტივით, მოსარჩელეს წერილობითი საყვედური გამოეცხადა.

4.17.1. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ 2023 წლის 11 ივნისს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო.

5. საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლით (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 2.2 მუხლით (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით).

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფალება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა.

„შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები.

კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).

7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ 2023 წლის 29 მარტისა და 2023 წლის 9 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენდა. ის ამტკიცებდა, რომ დამატებითი საათების განმავლობაში მუშაობისა და მინიმალური სამუშაო ვადის პოლიტიკით გათვალისწინებული მოვალეობებზე ინფორმირებული არ ყოფილა, სახელდობრ:

7.1. დამატებითი საათების მიღების თაობაზე ინფორმაცია როგორც წესი, ცვლის დაწყებამდე საათნახევრით ადრე TTS და NEVOS პროგრამებში უნდა ასახულიყო, სადაც ხდება დასაქმებულთა მიერ ცვლების გრაფიკის შემოწმება.

აღნიშნული გარემოების დასტურად მხარემ Ipdesk.evolutiongaming.com-ის საკუთარი გვერდიდან ამონაწერი წარადგინა, სადაც შესვლის დროა - 17.03.2023 წლის 16:11 სთ, ხოლო 17.03.2023 წლის სამუშაო გრაფიკად მითითებულია დროის მონაკვეთი - 09:00 -16:00 შუალედში.

7.2. აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, კასატორმა/მოპსაუხემ წარადგინა ამონაწერი ინტერნეტ გვერდიდან (სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით), სადაც მითითებულია თარიღი- 17.03.2023 წელი - 12:57 სთ, ხოლო დასაქმებულის 17.03.2023 წლის სამუშაო დროდ - 16:00-18:00 საათი, თუმცა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რომელი საიტიდან იქნა ამოღებული ამონაწერი, საქმეში არ წარდგენილა.

7.3. სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, საქალაქო სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს რომ სამუშაო გრაფიკში ცვლილება ცვლის დაწყებამდე საათნახევრით ადრე უნდა იყოს ასახული დასაქმებულის პირად სამუშაო გრაფიკში. (იხ, მოწმე ლუკა ჯერმიზაშვილისა და ნ.ძ–ძის ჩვენება).

7.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ 2023 წლის 17 მარტის სამუშაო გრაფიკში დასაქმებულისთვის დამატებითი საათების ასახვა ცვლების გრაფიკის პროგრამებში შესაბამის დროს არ მომხდარა. ხოლო იმ პირობებში, როცა დამსაქმებლისთვის ცნობილია, რომ თანამშრომლები აღნიშნული პროგრამით ხელმძღვანელობენ და სწორედ დამსაქმებლის ინტერესს წარმოადგენდა სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა, მას უნდა გადაემოწმებინა გაეცნო თუ არა ელექტრონულ სისტემაში არსებულ ხელმძღვანელი პირის დასტურს დასაქმებული და ინფორმირებული იყო თუ არა სამუშაო საათების გახანგრძლივებაზე, რაც არ განუხორციელებია.

8. რაც შეეხება კომპანიის წესდებით დადგენილ სამუშაო საათების მინიმუმზე ნაკლების გამოყენების მოტივით, მოსარჩელისთვის გამოცხადებულ მეორე საყვედურს, საკასაციო სასამართლო არც ამ ნაწილში იზიარებს კასატორის პრეტენზიას და ხაზს უსვამს, რომ მოპასუხის მიერ ინტერნეტ გვერდიდან - EVOspace წარმოდგენილ ამონაწერში მითითებულია, რომ მინიმალური საათების პოლიტიკაში შეტანილია ცვლილებები.

კერძოდ, 2023 წლის 1 იანვრიდან კომპანია უბრუნდებოდა ძველ წესს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მინიმალური სამუშაო საათები დასაქმებულისთვის თვეში - 64 საათს შეადგენს.

ცვლილება ეხებოდა თამაშის წარმდგენსა და ბანქოს მჩეხავებს. მინიმალური სამუშაო საათების პოლიტიკის დაუცველობას შეიძლება გამოეწვია დისციპლინური ზომები კომპანიის თანამშრომლის მიმართ.

საყურადღებოა, რომ ეს წესი არ ვრცელდებოდა იმ თვეზე, როდესაც დასაქმებულს გააჩნდა საპატიო გაცდენა მინუმუმ 14 კალენდარული დღით.

8.1. მოსარჩელის განმარტებით, მართალია, მისთვის ცნობილი იყო თვეში 64 საათიანი სამუშაო გრაფიკის თაობაზე, თუმცა ის გარემოება, რომ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება მითითებულ დროში არ ითვლებოდა მისთვის უცნობი იყო. ამასთან, მაისში 60 საათი იმუშავა, ხოლო გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაო საათები გააჩუქა.

8.2. დადგენილია, რომ დანართი #3 ხელმოწერით დასაქმებული ადასტურებდა, რომ გაეცნო შინაგანაწესსა და შიდა პოლიტიკას, ეთანხმებოდა მის შინაარსს და სავალდებულო ხასიათს, თუმცა, უშუალოდ #3 დანართში, სადაც მოსარჩელის ხელმოწერა ფიქსირდებოდა, არაფერი იყო ნახსენები კომპანიის შიდა პოლიტიკის გაცნობაზე. ამასთან, საქალაქო სასამართლოში მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, შვებულების საათების ნამუშევარ საათებში ჩათვლის ფაქტი (იხ, მოწმე ნ.ძ–ძის ჩვენება).

8.3. ამდენად, ირკვევა, რომ მინიმალური სამუშაო საათების პოლიტიკით გათვალისწინებული მოვალეობები, დამსაქმებელმა სათანადო წესით არ აცნობა მოსარჩელეს.

იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 2023 წლის მაისში დასაქმებულის მიერ კომპანიის წესდებით დადგენილ სამუშაო საათების მინიმუმზე ნაკლების გამოყენების შედეგად, მოპასუხეს ზიანი მიადგა, დამსაქმებელს არ წარმოუდგენია.

დადგენილია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ნაცვლად გაწერილი სამუშაო სხვამ შეასრულა, ამდენად, დადგენილი სამუშაო საათების მინიმუმზე ნაკლებობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოსარჩელის ბრალეულ ქმედებად, შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და საჭიროება საქმის მასალებით არ დგინდებოდა.

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, დაკისრებული ვალდებულება არ დაურღვევია, შესაბამისად, სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება #9211, გადახდის თარიღი 10.04.2024წ.), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ე.ჯ–იას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს ა.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება #9211, გადახდის თარიღი 10.04.2024წ.), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე