საქმე №ა-6106-შ-156-2024 28 ნოემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.თ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.თ–ი (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის თ.რ ბეიქოზის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმის №2024/729, გადაწყვეტილების №2024/798) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თურქეთის რესპუბლიკის თ.რ ბეიქოზის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმის №2024/729, გადაწყვეტილების №2024/798) განქორწინდნენ მხარეები: დ.თ–ი (არდაჰანის პროვინცია, მერკეზის რაიონი, სოფელი ალაგოზის/სამეზობლო ტომი 4, სახლი 11, დაბადებული 18.02.1965, წინამდებარე განჩინებაში შემდეგში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე) და ნ.თ–ი (დაბადებული 1970 წლის 16 მაისს, საქართველოს მოქალაქე, წინამდებარე განჩინებაში შემდეგში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი).
2. მოპასუხემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და გადაწყვეტილების ზემოხსენებულ ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ თურქეთის რესპუბლიკის თ.რ ბეიქოზის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმის №2024/729, გადაწყვეტილების №2024/798) განქორწინდნენ მხარეები: მოპასუხე (არდაჰანის პროვინცია, მერკეზის რაიონი, სოფელი ალაგოზის/სამეზობლო ტომი 4, სახლი 11, დაბადებული 18.02.1965) და მოსარჩელე (დაბადებული 1970 წლის 16 მაისს, საქართველოს მოქალაქე).
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
შუამდგომლობის ავტორი არის მოპასუხე მხარე, რომელიც განქორწინებას დაეთანხმა.
საქმეში წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
7. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა კერძოდ: გადაწყვეტილებათა ცნობა მეორე მხარის მიერ შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების არსებობისას: ა) თუ გადაწყვეტილება, გამოტანილი ერთ–ერთი მხარის მიერ, საბოლოოა და ექვემდებარება აღსრულებას მის ტერიტორიაზე; ბ) თუ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით ჩაითვლება კომპეტენტურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში; გ) თუ პირი, რომელიც გამოძახებულია სასამართლოში, ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით გაფრთხილებული იყო ამის შესახებ უწყების ჩაბარების გზით; დ) თუ პროცესის მხარეები სარგებლობდნენ დაცვის უფლებით, აგრეთვე შესაბამისი წესით ეცნობათ სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდათ ჰყოლოდათ წარმომადგენლები იმ შემთხვევაში, თუ თავად მოკლებულ იყვნენ თავის დაცვის ან სარჩელის წაყენების შესაძლებლობას; ე) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე, იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ვ) თუ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე მიზეზებით შემსრულებელ მხარის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომელიც ცნობს და აღასრულებს მას. ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოხდება შემდეგ შემთხვევებში: 1. ასეთი კანონი გამოყენებულ იქნა მართებულად; 2. იმ მონაწილე მხარის კანონმდებლობა, რომელიც ცნობს და აღასრულებს გადაწყვეტილებას პრინციპულად არ განსხვავდება მეორე მხარის კანონმდებლობისგან. 3. ასეთი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება იმ მხარის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპებს და საჯარო წესრიგს, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული გადაწყვეტილების ცნობის წინაპირობები გამოკვეთილია და შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 20-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.თ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის თ.რ ბ–ის საოჯახო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმის №2024/729, გადაწყვეტილების №2024/798) იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ მხარეები: დ.თ–ი (არდაჰანის პროვინცია, მერკეზის რაიონი, სოფელი ალაგოზის/სამეზობლო ტომი 4, სახლი 11, დაბადებული 18.02.1965) და ნ.თ–ი (დაბადებული 1970 წლის 16 მაისს, საქართველოს მოქალაქე).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა