26 ნოემბერი, 2024 წელი
საქმე №ას-457-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
გიორგი მიქაუტაძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს „მ.ი–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ.კ–აძე (ე.კ–ძის უფლებამონაცვლე), დ.კ–აძე (გ.კ–აძის უფლებამონაცვლე), შ.კ–აძე, მ.გ–ძე, ე.ხ–ვა, ე.ხ–ვა, გ.ხ–ვა, ქ.ხ–ვა (თ.ხ–ვას უფლებამონაცვლე), ნ.ბ–ძე, ბმა "მ. … "-ის დამფუძნებელი წევრები (მოპასუხეები)
განმცხადებლის მოთხოვნა – საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბმა „მ. ......-ის“ დამფუძნებელი წევრების: შ.კ–აძის, ე.კ–ძის (უფლებამონაცვლე შ.კ–აძე), გ.კ–აძის (უფლებამონაცვლე - დ.კ–აძე), მ.გ–ძის, ე.ხ–ვას, ე.ხ–ვას, გ.ხ–ვას, თ.ხ–ვასა (უფლებამონაცვლე ქ.ხ–ვა) და ნ.ბ–ძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა შპს „მ.ი–იამ“, რომელმაც 14 331 ლარისა და და 165 749.62 აშშ დოლარის ოდენობით შესრულებული სამუშაოს ღირებულების, 2015 წლის 12 თებერვლიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით პირგასამტეხლოსა და 2017 წლის 30 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 116.03 აშშ დოლარისა და 10.03 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხეთათვის დაკისრება მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:
2.1. მოპასუხეებს, როგორც ინდივიდუალური ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,მ. …-ის“ შექმნის შესახებ 2008 წლის 18 ივნისს დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14 331 ლარისა და 165 749.62 აშშ დოლარის გადახდა;
2.2. მოპასუხეებს, როგორც ინდივიდუალური ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,მ. ….-ის“ შექმნის შესახებ 2008 წლის 18 ივნისს დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეებს, 2015 წლის 12 თებერვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14 331 ლარის 0.07 პროცენტისა (10 ლარი და 3 თეთრი) და 165 749.62 აშშ დოლარის 0.07 პროცენტის (116.02 აშშ დოლარი) ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით:
4.1. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
4.3. მოპასუხეებს, როგორც ინდივიდუალური ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,მ. …. -ის“ შექმნის შესახებ 2008 წლის 18 ივნისის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13 137 ლარისა და 151 937 აშშ დოლარის გადახდა;
4.4. მოპასუხეებს, როგორც ინდივიდუალური ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,მ. ….-ის“ შექმნის შესახებ 2008 წლის 18 ივნისის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეებს, 2015 წლის 12 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13 137 ლარის 0.03 %-ისა (3 ლარი და 90 თეთრი) და 151 937 აშშ დოლარის 0.03 %-ის (45.5 აშშ დოლარი) ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს, 9 აგვისტოსა და 9 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი სასამართლომ დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
7. 2024 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელემ, რომელმაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ იშუამდგომლა, კერძოდ, მან ითხოვა, რომ წინამდებარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოპასუხეებს აეკრძალოთ, ქ.თბილისში, ......... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდებით: ......., ........, ......., ........) გასხვისება, ნებისმიერი ფორმით დატვირთვა ან მასზე ცვლილების განხორციელება.
7.1. განმცხადებლის მითითებით, მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების გასხვისების ვარაუდი თავად მოპასუხეთა ქმედებებიდან გამომდინარეობს, სახელდობრ:
- 2015-2018 წლებში პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ სხვადასხვა მიზეზებით ათეულობით პროცესი გადადო. მისი ერთადერთი მიზანია - პროცესები იმ იმედით გააჭიანუროს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს სრული ოდენობით არ დააკისრებს და მოსარჩელის კუთვნილ თანხებსა და ტექნიკას უსასყიდლოდ გამოიყენებს.
- დავის მიმდინარეობისას მოპასუხეებმა არაერთი უძრავი ნივთი გაასხვისეს ან ახალი გარიგებებით სხვადასხვა ფიზიკურ პირებს გადასცეს.
7.2. განმცხადებლის მოსაზრებით, მოთხოვნილ უძრავ ნივთებზე საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მხარეთა ინტერესებს შორის დისპროპორციას არ გამოიწვევს, რადგან წინასწრ ვერ ვივარაუდებთ, თუ ზემომითითებული ოთხიდან, რომელი საცხოვრებელი ბინა თუ ავტოსადგომი გაიყიდება. გარდა ამისა, განჭვრეტადი არ არის უძრავი ნივთის გასხვისების ვადა და თუკი პირველივე გაყიდული ბინის ღირებულებიდან მოსარჩელის ინტერესი დაკმაყოფილდება, სხვა უძრავ ნივთებს ყადაღა მოეხსნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის, განცხადების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, გადაწყვეტილების (სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა.
9. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული.
სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივ გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას.
ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე.
მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. იხ. სუსგ №ას-467-2019, 28.02.2020; №ას-1302-2019, 26.12.2019).
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი განცხადება მინიმალური სტანდარტით მაინც საჭიროებს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.
პალატის დასკვნით, სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ამავდროულად, მხოლოდ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გართულების არგუმენტაციაში უნდა მდგომარეობდეს.
10. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადების საქმის მასალებთან ერთობლიობაში შეფასება მისი დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის.
10.1. დასაწყისში უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეთათვის სოლიდური ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება (რაზეც განმცხადებელი მიუთითებს), თავისთავად, იმ გარემოების მაუწყებელი ვერ იქნება, რომ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის მოპასუხეებს იგივე ან მეტი ოდენობის პირგასამტეხლო ექნებათ ასანაზღაურებელი. მოწინააღმდეგე მხარისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს სწორად განსაზღვრა, რაც საკასაციო სასამართლოს სამომავლო განჩინებისა თუ გადაწყვეტილების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, არ გამორიცხავს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებასაც.
10.2. უმნიშვნელოვანესია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად წინამდებარე საქმეზე საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება ორჯერ იქნა გამოყენებული, კერძოდ:
1). მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით:
ბმა „მ. ........-ის“ წევრ ნ.ბ–ძეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა:
- სოფ. ....., მ. (ს.კ. ......);
- ქ.თბილისი, ..... ზონის მიმდებარედ, (ს.კ. .........);
- ქ.თბილისი, ......., 121.30კვ.მ ქვემო სარდაფი (ს.კ. .......).
ბმა „მ. მე-2 შესახვევი, №5-ის“ წევრ ე.კ–ძეს (რომლის უფლებამონაცვლეა შ.კ–აძე) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ........, (ს.კ. ........) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
2). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განჩინებით, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე:
ბმა „მ. ....-ის“ კიდევ ერთ წევრს, ქ.ხ–ვას აეკრძალა მის საკუთრებაში მდებარე უძრავი ქონების, ქ.თბილისში, ......... მდებარე უძრავი ქონების გასხვისება.
ზემოთ დასახელებული ნივთების მოცულობა შემდეგია: საქმეზე წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის როვნული სააგენტოს წერილობითი მიმართვების მიხედვით, საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ 1 501კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (ტომი 3, ს.ფ. 308), ქ.თბილისში, ......... ზონის მიმდებარედ 735კვ.მ ნაკვეთზე (ტომი 3, ს.ფ. 309), ქ.თბილისში, ...... მდებარე 121.30კვ.მ სარდაფზე (ტომი 3, ს.ფ. 306), ქ.თბილისში, ......... მდებარე 84.08კვ.მ ბინასა (ტომი 3, ს.ფ. 307) და ქ.თბილისში, ...... მდებარე 121კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე მასზე განაშენიაბული შენობა-ნაგებობით (ტომი 5, ს.ფ. 46-47).
ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უფლებრივი შეზღუდვა ამხანაგობის რამდენიმე დამფუძნებელი წევრის ქონებაზე უკვე არის დადგენილი;
საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ ზემოაღწერილი ქონების ამჟამინდელი ღირებულებისა და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის თანაფარდობის გათვალისწინებით, დამატებით სხვა ნივთებზეც საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა მტკიცებულებებით და/ან რელევანტური არგუმენტაციით განცხადებაში წარმოდგენილი არაა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 194-ე, 406-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ი–იის“ განცხადება საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
გიზო უბილავა