Facebook Twitter

14 ნოემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-656-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ა.პ -ის’’ წევრი ნ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ე–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ 2005 წლის 8 მაისის ხელშეკრულებით (შემდეგში - პირველი ხელშეკრულება ან ამხანაგობის ხელშეკრულება) შპს „ს.ს.კ–მა“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან მესაკუთრე) და შპს „ა-მა“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან კომპანია) იმა „ა.პ “ (შემდეგში - მესამე მოპასუხე, კასატორი ან ამხანაგობა) დააფუძნეს.

2.ამხანაგობის ხელშეკრულების მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების საგანი პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე: ქ.თბილისი, საბურთალოს N34) ბაზაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი და საოფისე ფართის მშენებლობის შესახებ მესაკუთრისა და კომპანიის გადაწყვეტილება იყო. საკუთარი შენატანის სახით მესაკუთრე ამხანაგობას მასზე არსებული დაუსრულებელი მშენებლობით მიწის ნაკვეთს გადასცემდა.

სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-5 პუნქტით ერთობლივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება ხელშეკრულების მხარეთა შორის შემდეგნაირად ნაწილდებოდა: მესაკუთრე საერთო ფართიდან 1 500კვ.მ-ს მიიღებდა, დანარჩენი მიწის მოცულობა მესაკუთრის მიერ მისაღები ნაწილის პირდაპირპროპორციულად, მთლიანად ასაშენებელი სასარგებლო ფართის ოდენობასთან მიმართებით განაწილდებოდა. ამავე ხელშეკრულების მე-8 პუნქტით ერთობლივ საქმიანობას ო.დ–ია მართავდა, რომელიც ამხანაგობის თავმჯდომარეც იყო.

თავმჯდომარე ერთპიროვნულად ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე უძღვებოდა ამხანაგობის საქმიანობას, მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობას ახორციელებდა და ყველა სახის გარიგებებს დებდა. ხელშეკრულების 12.2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აგებდნენ პასუხს.

3. 2006 წლის 21 ივლისს, რ.ე–სა (შემდეგში - მოსარჩელე) და ამხანაგობას შორის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში - მეორე ხელშეკრულება ან ნარდობის ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც ამხანაგობის მიერ აშენებულ სახლში 3-ოთახიანი ბინა (სადარბაზო 10-ში, მე-2 სართულზე მდებარე N331 ბინა, 105.40კვ.მ საცხოვრებელი ფართითა და 17.09კვ.მ აივნით) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში მოსარჩელეს არაუგვიანეს 2008 წლის 1 აგვისტომდე უნდა გადასცემოდა.

4. ნარდობის ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის თანახმად, თუ ბინის მშენებლობის ვადა 1.8 პუნქტში აღნიშნულ პერიოდს სამ თვეზე მეტად გადააჭარბებდა და ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი მოსარჩელეს დარღვეული არ ექნებოდა, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე იგი უფლებამოსილი იყო, მის მიერ განხორციელებული პირველადი შენატანსა და კომპანიასთან ერთად მიმდინარე მომენტისთვის გადახდილი სესხის ძირი თანხის 0.3%-ის ოდენობით პირგასამტეხლო ზემოაღნიშნული სამი თვის შემდეგ ბინის მშენებლობის დასრულებამდე არსებულ ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე მოეთხოვა.

5. მის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება მოსარჩელემ სრულად შეასრულა და 64 151 აშშ დოლარის ოდენობით ნასყიდობის საფასური გადაიხადა. ბინის გადაცემის შესახებ ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ დათქმულ ვადაში არ შეასრულა და დღემდე შეუსრულებელია.

6. ერთ ვადაგადაცილებულ თვეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 192.45 აშშ დოლარს შეადგენს.

7. მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით 2018 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

8.1. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2015 წლის 26 სექტემბრიდან 2018 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდის პირგასამტეხლო, 6 928.20 აშშ დოლარის ოდენობით;

8.2. 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდის პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობის წევრმა ნ.მ–მა (შემდეგში - ამხანაგობის წევრი ან კერძო საჩივრის ავტორი).

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინებით:

- მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა;

- ამხანაგობის წევრის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები გააკეთა:

10.1.1. მესაკუთრესა და კომპანიას შორის გაფორმებული პირველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ ხელშეკრულებას წარმოადგენდა, რომლითაც ამხანაგობის წევრებმა (მოპასუხეებმა) ვალდებულება იკისრეს, რომ ერთიანი სამეურნეო მიზნის (მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება) მისაღწევად იურიდიული პირის შეუქმნელად ერთობლივად ემოქმედათ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს რთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად).

„იმისათვის, რომ ამხანაგობის ხელშეკრულება გაიმიჯნოს ნარდობის ხელშეკრულებისგან, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, დავახასიათოთ ამხანაგობის ხელშეკრულების ის მხარეები, რომლითაც იგი ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. ამხანაგობის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ხელშეკრულება, მოითხოვს წევრებისგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომლებსაც ახასიათებს სხვადასხვა ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.

როდესაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ისეთ ხელშეკრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავს, მაგალითად, რაიმე ნაკეთობის დამზადებას, სახლის აშენებას და ა.შ. ამხანაგობის წევრთა უფლება-ვალდებულებები ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთობებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ისეთ უფლება-ვალდებულებებს, რაც დამახასიათებელია კოლექტიური გაერთიანებისათვის, რომელსაც ახასიათებს კორპორაციული სტრუქტურის ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავს, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, ქონებრივ ელემენტებს.

ზუსტად ასეთი ტიპის გაერთიანება წარმოადგენს გარკვეულწილად იმ საშუალებათა ერთობას, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება იმაში ვლინდება, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით“ (იხ. სუსგ, 16.01.2014, საქმე №ას-482-458-2013).

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად გამოიკვეთა სადავო ხელშეკრულებებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიზანი. პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს საერთო მიზანი ჰქონდათ, რაც საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასა და ბინების რეალიზაციით ან ფართის მიღებით შემოსავლის მიღებაში მდგომარეობდა.

აღნიშნული მიზნის შესრულებისთვის პირველმა მოპასუხემ ამხანაგობაში შენატანი შეიტანა. აქედან გამომდინარე, მესაკუთრესა და კომპანიას შორის გაფორმებული პირველი ხელშეკრულება ნარდობის ხელშეკრულება კი არ იყო, არამედ, ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებას მიეკუთვნებოდა.

10.1.2. სარჩელზე პასუხისმგებელი სუბიექტები მოპასუხეები იყვნენ, რამდენადაც სსკ-ის 930-ე, 937.1 მუხლების მიხედვით, მესამე პირების ანუ კრედიტორების წინაშე წარმოშობილ ვალდებულებებზე ამხანაგობის წევრები სოლიდარულად აგებენ პასუხს, ე.ი. მესამე პირები უფლებამოსილი არიან მოთხოვნები წაუყენონ ამხანაგობის ყველა წევრს ერთად ან რომელიმე მათგანს და მოითხოვონ ვალდებულების სრულად შესრულება.

რაც შეეხება თავად ამხანაგობის მონაწილეთა შორის ურთიერთპასუხისმგებლობას, იგი შეიძლება წარმოშვას, როგორც კრედიტორების მიმართ არსებულმა ვალდებულებებმა, ისე შიდასახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შედეგებმა. მონაწილეთა შორის ურთიერთპასუხისმგებლობა განისაზღვრება წილობრივი მონაწილეობით, ანუ მათი წილების შესაბამისად, ხოლო, თუ წილები განსაზღვრული არ არის - თანაბრად.

კერძო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

10.2. ამხანაგობის წევრის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილების არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ამდენად, მას უფლება არ ჰქონდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაესაჩივრებინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობის წევრის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 364-ე მუხლი).

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება ნ.მ–მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

14. გასაჩივრებული განჩინებით ამხანაგობის წევრის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მის მიმართ გამოტანილი არ არის, იგი არ ხელყოფს მის კანონიერ ინტერესებს, ამასთან, იგი არც მხარეა და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი.

15. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

ზემომითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს.

კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს (თანამოსარჩლეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, პირებს, რომლებიც, მართალია, არ არიან საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.

სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი, მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს (იხ. სუსგ №ას-246-246-2018, 20.03.2018).

16. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით (სააპელაციო) მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით კერძო საჩივრის ავტორი ფაქტობრივად სხვა პირის საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1075-1033-2016, 03.02.17).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას.

სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან მოწესრიგებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე #4451/70).

18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილ სუბიექტს, რადგანაც მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ უკავშირდება, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (იხ. სუსგ #ას-246-246-2018, 20.03.2018; #ას-25-25-2018, 4.05.2018).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ა.პ -ის’’ წევრ ნ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა