Facebook Twitter

21 ნოემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-1290-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს.კ.დ.თ–სი'' (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.რ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სახელფასო დავალიანების, კომპენსაციის, იძულებითი განაცდურის, ბონუსისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.რ–სა (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) და შპს ,,ს.კ.დ.თ–სს’’ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, კლუბი) შორის 2021 წლის 1 სექტემბერს შრომითი ხელშეკრულება (შემდეგში - შრომითი ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საფუძველზეც, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსარჩელეს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე უნდა ემუშავა.

2. დამსაქმებლის 2022 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება), 2022 წლის 7 სექტემბრიდან დასაქმებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

3. გასაჩივრებული ბრძანების მიხედვით, სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების საფუძვლად ამ უკანასკნელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების 3.2.4 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევაზე მიეთითა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ, დასაქმებული ვალდებულია არ ჩაიდინოს ისეთი ქმედებები, რომლებიც დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ხელშეკრულების პირობებს, დამსაქმებლის შინაგანაწესს და სხვა შიდა რეგულაციებს და დამსაქმებელს ფინანსურ ან სხვაგვარ ზარალს/ზიანს მიაყენებს ან რამენაირად შელახავს დამსაქმებლის, მასთან დაკავშირებული პირების ან სხვა დასაქმებულების რეპუტაციას.

სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი დასახელდა, რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალურ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

4. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, ხელშეკრულებისა და დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება თვეში 10 000 ევროს ეკვივალენტ ლარს (ხელზე მისაღები) შეადგენდა.

5. მხარეთა შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ იკისრა ვალდებულება, რომ მათ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის მანძილზე, ძირითადი გუნდის მიერ მოგებული ეროვნული ლიგის ყოველი მატჩისთვის მოპასუხე კლუბი მოსარჩელეს დამატებით ბონუსის სახით 300 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადაუხდიდა, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საფეხბურთო ჩემპიონატში, მოპასუხის გუნდმა ჯამურად გამარჯვებით 23 თამაში დაასრულა.

6. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების მე-3 პუნქტით განისაზღვრა მოპასუხის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის მანძილზე ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში, დამატებითი ბონუსის სახით მოსარჩელისთვის 3 პროცენტის ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის გარეშე გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) გადაეხადა კლუბის მიერ მიღებული ნებისმიერი მოგებიდან.

შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხემ გერმანიის კლუბ „მ.ბ–ი“ ახალგაზრდა ფეხბურთელი გაყიდა, საიდანაც კლუბის მიერ მიღებული მოგების 3% - 9 000 ევროს შეადგენს.

7. დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:

7.1. სადავო ბრძანების ბათილად ცნობა;

7.2. სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად 120 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის ანაზღაურება;

7.3. უკანონოდ განთავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;

7.4. 333.1 ევროს ოდენობით სახელფასო დავალიანებისა და, ამ თანხის ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, საბოლოო ანგარიშსწორების დღიდან, 2022 წლის 14 სექტემბრიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

7.5. 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში მისაღები 6 900 (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი ბონუსისა და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს - 6 900 აშშ დოლარის 0.07%-ის - ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის ანაზღაურება - საბოლოო ანგარიშსწორების დღიდან, 2022 წლის 14 სექტემბრიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

7.6. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხის მიერ ფეხბურთელის გაყიდვის შედეგად მიღებული მოგებიდან 9 000 ევროს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ოდენობით დამატებითი ბონუსისა და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის 0.07%-ის გადახდა - საბოლოო ანგარიშსწორების დღის თარიღიდან, 2022 წლის 14 სექტემბრიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე;

7.7. 2022 წელს კლუბის მიერ ტიტულის მოგების გამო 20 000 აშშ დოლარისა და, მისი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის 0.07% პირგასამტეხლოს ანაზღაურება, საბოლოო ანგარიშსწორების თარიღიდან, 2022 წლის 14 სექტემბრიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

8.1. სარჩელი დაკმაყოფილდა;

8.2. სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი;

8.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა:

8.3.1. სამუშოზე აღდგენის ნაცვლად 30 000 ევროს (ხელზე მისაღები ოდენობა) ეკვივალენტი ლარის ოდენობით კომპენსაციის ანაზღაურება;

8.3.2. 2022 წლის 7 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;

8.3.3. 333.1 ევროს (ხელზე მისაღები ოდენობა) ოდენობით სახელფასო დავალიანებისა და 2022 წლის 14 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება;

8.3.4. 6 900 აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი ბონუსისა (ხელზე მისაღები ოდენობა) და 2022 წლის 14 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება;

8.3.5. 9 000 ევროს ეკვივალენტი ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) ოდენობით დამატებითი ბონუსისა და 2022 წლის 14 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს, დაყოვნებული თანხის 0,07% ანაზღაურება;

8.3.6. 20 000 აშშ დოლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) ეკვივალენტი ლარის ოდენობით დამატებითი ბონუსის ანაზღაურება.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგზე მიუთითა:

- დამსაქმებლის წერილობით დასაბუთების თანახმად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევა, მოსარჩელესა და მის დაქვემდებარებაში მყოფ დასაქმებულს, ძირითადი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელს შორის სამუშაო ადგილზე მომხდარ ურთიერთდაპირისპირებაში გამოიხატა. მოპასუხემ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით ზიანი კლუბს მიადგა და ამ უკანასკნელის, მასთან დაკავშირებული პირებისა და დასაქმებულების რეპუტაცია შეილახა.

- მოცემულ შემთხვევაში, მასსა და გუნდის მწვრთნელს შორის სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა ურთიერთდაპირისპირებაში მის ბრალეულობას იგი არ ადასტურებდა და მისი ინიციატივით კონფლიქტის წარმოშობას, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას უარყოფდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მომხდარი ინციდენტის შედეგად არათუ მან მიაყენა სხვა პირს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არამედ, თავად არის დაზარალებული, რადგან სხეულის დაზიანება მიიღო.

- მოსარჩელემ ყურადღება იმ გარემოებაზეც მიაქცია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ინციდენტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იქნა მიღებული, რაც ამ გარემოებებს შორის კავშირს გამორიცხავდა. შესაბამისად, ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტის შესახებ მოპასუხის მითითება მოსარჩელის ახსნა-განმარტებით უარყოფილია, შეჯიბრებითობის პირობებში მოპასუხის ახსნა-განმარტება მოსარჩელის ახსნა-განმარტებითვე გაბათილებულია.

- საქმეზე წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ინციდენტის პროვოცირება მოსარჩელემ გამოიწვია. საქმის მასალებით არც მოსარჩელის მიერ თანამშრომლისათვის სიტყვიერი და/ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დასტურდება, არ დგინდება, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამსაქმებელმა დისციპლინური წარმოება განახორციელა, დაპირისპირების გამომწვევი მიზებებისა და მხარეთა ბრალეულობის გარკვევას შეეცადა. გარდა ამისა, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ რა ზიანი მიადგა ზემოაღნიშნული ქმედებით კლუბს, რაში გამოიხატა კლუბის, მასთან დაკავშირებული პირებისა და დასაქმებულების რეპუტაციის შელახვა, გამოიწვია თუ არა ქმედებამ სამუშაო პროცესის შეფერხება და სხვა.

- მუშაობის პერიოდში მოსარჩელეს არასდროს დაურღვევია შრომითი მოვალეობები და მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა რომელიმე დისციპლინური სახდელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა.

10.2. საქმეზე დადგენილი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება თვეში 10 000 ევროს ეკვივალენტ ლარს (ხელზე მისაღები) შეადგენდა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გონივრული იყო მოპასუხისთვის 30 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით კომპენსაციისა და 2022 წლის 7 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის 48.8, 48.9 მუხლი).

10.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოპასუხეს ევალება, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 333.1 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სშკ-ს 2.1, 14.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 41.1 და 41. მუხლების საფუძველზე წარმატებული იყო.

10.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სწორად დაკმაყოფილდა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველი მოგებული მატჩისთვის დამატებითი 6 900 აშშ დოლარის (ხელზე მისაღები) ეკვივალენტი ლარის ოდენობით ბონუსის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, რადგან საქმეზე დადგინდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ იკისრა ვალდებულება, რომ მათ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის მანძილზე, ძირითადი გუნდის მიერ მოგებული ეროვნული ლიგის ყოველი მატჩისთვის მოპასუხე კლუბი მოსარჩელეს დამატებით ბონუსის სახით 300 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად გადაუხდიდა, ხოლო, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე ჩემპიონატში, მოპასუხის გუნდმა ჯამურად გამარჯვებით 23 თამაში დაასრულა.

ამასთან, ტრანსფერიდან მიღებული მოგების 3%-ის, 9 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნაც საფუძვლიანი იყო, რადგან მხარეთა შორის არსებული შეთანხმების მე-3 პუნქტით განისაზღვრა მოპასუხის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის მანძილზე ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში, დამატებითი ბონუსის სახით მოსარჩელისთვის 3 პროცენტის ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის გარეშე გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) გადახდა. შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კი, მოპასუხემ გერმანიის კლუბ „მ.ბ–ი“ ახალგაზრდა ფეხბურთელი გაყიდა, საიდანაც კლუბის მიერ მიღებული მოგების 3% - 9 000 ევროს შეადგენდა.

9 000 ევროს დავალიანებაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ პრეტენზია სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან სშკ-ის 41.1 მუხლით პირგასამტეხლო ერიცხება ნებისმიერი ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც დამსაქმებელს აქვს, შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნულ დავალიანებაზე პირგასამტეხლოს დარიცხვა იყო კანონშესაბამისი.

10.5. 20 000 აშშ დოლარის ოდენობით ბონუსის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც (რასაც მოსარჩელე, კლუბის მიერ ჩემპიონის ტიტულის მოგებას უკავშირებდა) სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დასაბუთებულად მიიჩნია, რაც შემდეგ არგუმენტებს დაამყარა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და, რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

2021 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული N1 დამატებითი შეთანხმების მე-3 პუნქტის საფუძველზე, მოპასუხე, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის მანძილზე დამატებით ბონუსის სახით გადაუხდის მოსარჩელეს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარში (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად - თუ კლუბი გახდება საქართველოს ჩემპიონი.

ვინაიდან, უდავო იყო, რომ 2022 წელს, მოპასუხე საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულს წარმოდგენდა, ამდენად, დამსაქმებელს რომ არ შეეწყვიტა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება, იგი კლუბის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის გათვალისწინებულ ბონუსს მიიღებდა.

ამასთან, გასათვალისწინებელი იყო, რომ ტიტულის მოგება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში (2022 წლის 3 დეკემბერს) მოხდა. იმის გათვალისწინებით, რომ ტიტულის მოპოვებას განაპირობებდა არა მხოლოდ, მოსარჩელის განთავისუფლების შემდგომ (2022 წლის 7 სექტემბრიდან) პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრების შედეგები, ასევე საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა, ჩემპიონის ტიტულის მიღებისათვის გათვალისწინებული დამატებითი ბონუსის (20 000 აშშ დოლარის), როგორც შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის გამო მიუღებელი შემოსავლის (ზიანის), ანაზღაურების თაობაზე.

შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს მოპასუხე, რომელიც აღნიშნულ განჩინებასთან ერთად, საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განჩინებასაც ასაჩივრებს, შემდეგი დასაბუთებიდან გამომდინარე:

11.1. მოსარჩელის მოთხოვნების განხილვის უფლებამოსილება სასამართლოს არ ჰქონდა, რადგან მოცემული საქმე სასამართლოს კომპეტენციას არ მიეკუთვნებოდა. შრომითი ხელშეკრულების 14.6 პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყვიტონ. თუ ასეთი შეთანხმება ვერ მიიღწევა, დავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების შესაბამისად განიხილება.

ზემოხსენებული დათქმის მიუხედავად, საქმის წარმოება სასამართლომ არ შეწყვიტა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქმე უკანონო შემადგენლობამ განიხილა. მითითებული საკითხის განხილვისას, გასათვალისწინებელია, მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2023 წლის 24 ოქტომბრის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების 14.6 პუნქტით გათვალისწინებული დათქმა არის არბიტრაჟზე შეთანხმება.

11.2. მოსარჩელემ, რომელიც მოპასუხე კლუბის სპორტული დირექტორი იყო და რომლის დაქვემდებარებაშიც ძირითადი გუნდის სტაფი და ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, თავისი პოზიციით ისარგებლა და, მის დაქვემდებარებაში მყოფ პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აღნიშნული გარემოება სადავო ბრძანებაში მითითებული მოტივით დასაქმებულის განთავისუფლების საფუძველს ქმნის, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულების 3.24 პუნქტით დასაქმებული ვალდებული იყო, მსგავსი ქმედება არ ჩაედინა და დასაქმებულის რეპუტაცია არ შეელახა. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საფეხბურთო კლუბში დისციპლინის დაცვა საყურადღებო და მნიშვნელოვანია. კონკრეტულ შემთხვევაში, ინციდენტის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მოკვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც მასში მონაწილე ორივე პირის ბრალეულობა გამოიკვეთა და ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

11.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კლუბის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის მოსარჩელეს ანაზღაურება (ბონუსი) ეკუთვნის. კლუბმა ტიტული 2022 წლის 3 დეკემბერს მოიპოვა, თუმცა ეს არ ყოფილა შრომის ანაზღაურება, არამედ, ეს იყო - კლუბის წარმატებისთვის ჯილდო.

სასამართლოს მოსაზრებით, ტიტულის მოპოვებას განაპირობებს არა მხოლოდ მოსარჩელის განთავისუფლების შემდგომ (2022 წლის 7 სექტემბრიდან) პერიოდში, არამედ, მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრების შედეგები, თუმცა სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არის წინა ჩატარებულ მატჩებზე დამოკიდებული კლუბის ჩემპიონობა.

11.4. გარდა ამისა, სასამართლომ არამართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო - შრომითი ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე დამატებით ბონუსის სახით მოსარჩელისთვის 3%-ის ეკვივალენტი ლარი გადაეხადა. ხელშეკრულებიდან გამომდინარე კომპენსაცია მოსარჩელეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიეღო, თუკი იგი ფეხბურთელის გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

14. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა, სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, კომპენსაციის, იძულებითი განაცდურის, სახელფასო დავალიანების, დამატებითი ბონუსისა და მათი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები.

15. სარჩელის დასახელებული მოთხოვნები სშკ-ის 48.8 (გასაჩივრებული ბრძანების მიღების პერიოდისთვის მოქმედი რედაქცია) (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 48.9 (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

16. განსახილველი საკითხების სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების კანონიერებაა შესაფასებელი, ე.ი. გამოსარკვევია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას.

16.1. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).

საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ბუნებრივია, რადგან, მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ასაბუთებს ან ვერ ასაბუთებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი დამსაქმებლის სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.

16.2. გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, რამდენიმე საკითხია საყურადღებო, სახელდობრ:

1). არსებობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით.

ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს.

შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტურ შრომის მოტივაციას შეუქმნის.

ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვალოს, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-267-2021, 11.06.2021; №ას-997-2020, 10.02.2021; №ას-658-2020, 4.12.2020).

2). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს.

სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. იხ. სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016; №ას-1421-2020, 5.03.2021; №ას-512-2020, 18.02.2021).

3). სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.

მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეშად დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ: Nას-416-399-16, 29.11.2016; Nას-812-779-2016,19.10.2016; Nას-1276-1216-2014, 18.03.2015; Nას-483-457-2015, 7.10.2015).

4). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა.

ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს.

ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად განთავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

16.3. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, დამსაქმებლის სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსი შემდეგია: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალურ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

გასაჩივრებული ბრძანების მიხედვით, სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების საფუძვლად ამ უკანასკნელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების 3.2.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულების უხეშ დარღვევაზე მიეთითა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ, დასაქმებული ვალდებულია არ ჩაიდინოს ისეთი ქმედებები, რომლებიც დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ხელშეკრულების პირობებს, დამსაქმებლის შინაგანაწესს და სხვა შიდა რეგულაციებს და დამსაქმებელს ფინანსურ ან სხვაგვარ ზარალს/ზიანს მიაყენებს ან რამენაირად შელახავს დამსაქმებლის, მასთან დაკავშირებული პირების ან სხვა დასაქმებულების რეპუტაციას.

16.4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოქმედების შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებით, მის შედეგად რაიმე ხასიათის ზიანის ობიექტურად არარსებობის პირობებში და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებების ერთობლივად შეფასებიდან გამომდინარე, კასატორის მოქმედების ვალდებულების „უხეშ დარღვევად“ კვალიფიკაცია საქმის გარემოებებიდან არ გამომდინარეობს და კონკრეტული ფაქტობრივი ვითარების შეუსაბამო დასკვნაა, მათ შორის, პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ არგუმენტებზე:

ა). ვერც სადავო ბრძანებაში მითითებული ვალდებულების დარღვევის შინაარსით და, ვერც სასამართლოში წარმოდგენილი დასაბუთებით, მისთვის ზიანის მომტანი შედეგის დადგომის შესაძლებლობა დამსაქმებელს სათანადოდ არ დაუსაბუთებია.

ბ). ზემომითითებული ვალდებულების დარღვევის უდავოდ დადასტურების პირობებშიც კი არაა დასაბუთებული, რომ დასაქმებულისათვის სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელი იქნებოდა;

გ). საქმის მასალებით არ გამოვლენილა დამსაქმებელ კლუბში ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე მოსარჩელის მხრიდან რაიმე გადაცდომისათვის სახდელდადების შემთხვევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და შექმნილი კონკრეტული ვითარების პროპორციულ რეაგირებად/ღონისძიებად არ უნდა ჩაითვალოს.

17. იმის გამო, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც გამოკვეთილია, შესაბამისად, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მათთან მიმართებით არ შეიცავს რელევანტურ საკასაციო პრეტენზიას.

18. რაც შეეხება სახელფასო დავალიანების, დამატებითი ბონუსისა და მათი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილს, მითითებულ ფარგლებშიც გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილი არგუმენტები გასაზიარებელია.

საკასაციო საჩივრით, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე დამატებით ბონუსის სახით მოსარჩელისთვის 3%-ის ეკვივალენტი ლარისა და კლუბის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ანაზღაურების (ბონუსი) საკითხია შედავებული, რომელთა ანაზღაურების ვალდებულებაც მხარეთა შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმებიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 37-39) გამომდინარეობს.

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე დადგინდა, რომ - 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე ჩემპიონატში მოპასუხის გუნდმა ჯამურად გამარჯვებით 23 თამაში დაასრულა, ხოლო შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხემ გერმანიის კლუბ „მ.ბ–ი“ ახალგაზრდა ფეხბურთელი გაყიდა, საიდანაც კლუბის მიერ მიღებული მოგების 3% - 9 000 ევროს შეადგენდა - არსებობდა დამატებითი ბონუსის სახით მოსარჩელისთვის, როგორც შეთანხმებული დამატებითი ბონუსის, ასევე, მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს დამსაქმებლისთვის დაკისრების საფუძველი.

შრომითი ხელშეკრულებითაც და დამატებითი შეთანხმებითაც მკაფიოდაა დადგენილი, თუ რა წინაპირობების არსებობას უკავშირდება დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის ბონუსის გადახდის ვალდებულების წარმოშობა, სახელდობრ:

1). თუკი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის მანძილზე ს.კ.დ.თ–სი გახდება საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი, კლუბი დამატებით გადაუხდის დასაქმებულს საჩემპიონო ბონუსს (იხ. შრომითი ხელშეკრულების მე-5 პუნქტის 5.2 ქვეპუნქტი, ტომი 1, ს.ფ. 22).

2). შრომითი ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე კლუბი დასაქმებულს დამატებითი ბონუსის სახით გადაუხდის - კლუბის ნებისმიერი ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში მიღებული მოგებიდან 3%-ის ეკვივალენტ ლარს (იხ. დამატებითი შეთანხმების მე-3 პუნქტი).

გარდა ამისა, აღსანიშნავია, სშკ-ის 41.1 მუხლის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.

ზემომითითებულის გათვალისწინებით სახეზეა ბონუსისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს კასატორისთვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განახორციელეს.

19. მცდარია კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითებაც, რომ შრომითი ხელშეკრულების 14.6 პუნქტიდან გამომდინარე მოცემული საქმე სასამართლოს კომპეტენციას არ მიეკუთვნება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განჩინებით, კასატორის დასახელებული შუამდგომლობა კანონიერად არ დაკმაყოფილდა.

მოცემული საკითხის გაანალიზებისას საყურადღებოა, საქმის მასალებით გამოვლენილი შემდეგი გარემოებები:

1). შრომითი ხელშეკრულების 14.6 პუნქტით დადგენილია, რომ წინამდებარე შრომით ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყვიტონ. თუ ასეთი შეთანხმება ვერ მიიღწევა, დავა განიხილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების შესაბამისად. ხელმომწერი მხარეები აღიარებენ FIFA-ს, UEFA-ს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბის წესდებებს, დებულებებს და გადაწყვეტილებებს.

2). საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) წესდების 59-ე მუხლის თანახმად, სფფ-ის მიერ აღიარებული საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი უფლებამოსილია საბოლოო ინსტანციაში (როცა ამოწურულია ყველა შიდა პროცედურა და საშუალება) განიხილოს სფფ-ისა და მის წევრებს/ასოცირებულ წევრებს, ფეხბურთელებს, კლუბებს, ოფიციალურ პირებს შორის, ასევე, სფფ-ს წესდებებთან, დებულებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა იმ დავებისა, რომელიც დაკავშირებულია თამაშის წესების დარღვევასთან, ფეხბურთელების ოთხ მატჩამდე ან ერთ თვემდე დისკვალიფიკაციასთან და ტექნიკურ საკითხებთან.

3). საქმეზე წარმოდგენილ FIFA-ს 2022 წლის 18 ოქტომბრის წერილში განმარტებულია, რომ გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანოების წინაშე მხარეებად გამოდიან მხოლოდ ფიფას წევრები, კლუბები, მოთამაშეები, მწვრთნელები ან მატჩების ლიცენზირებული აგენტები, შესაბამისად, სპორტულ დირექტორთა მიერ შეტანილი სარჩელები არ შედის ფიფას კომპეტენციაში.

4). საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2023 წლის 30 მარტის წერილის თანახმად, სფფ-ის კლუბების ეროვნული ლიცენზირების დებულებების მიხედვით, ტერმინი „თანამშრომლები“ მოიცავს:

ა). ყველა პროფესიონალ ფეხბურთელს, ფიფას „ფეხბურთელთა სტატუსისა და ტრანსფერის დებულებების“ თანახმად;

ბ). ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, სამედიცინო და დაცვის პერსონალს, რომელიც განსაზღვრულია დებულებების 27-40 მუხლებში.

აღნიშნული მუხლები არ მოიცავს კლუბის სპორტული დირექტორის პოზიციას.

5). „საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის მესაკუთრე და 100%-იანი წილის მფლობელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ მოყვანილი გარემოებების ერთობლიობა ქმნის შემდეგი დასკვნის საფუძველს:

1). მხარეთა შორის დავის განმხილველ კონკრეტულ უწყებაზე/წესზე შეთანხმების არსებობა არც შრომითი ხელშეკრულებიდან და არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდებიდან არ გამომდინარეობს. ასეთ პირობებში კი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შეზღუდვით, სამართლიან სასამართლოზე მიმართვის დასაქმებულის უფლება შეიზღუდება.

2). FIFA-ს 2022 წლის 18 ოქტომბრის წერილში მკაფიოდაა მითითებული, რომ სპორტულ დირექტორთა მიერ შეტანილი სარჩელები არ შედის ფიფას კომპეტენციაში, ხოლო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2023 წლის 30 მარტის წერილში, სადაც სფფ-ის კლუბების ეროვნული ლიცენზირების დებულებების მიხედვით ტერმინი „თანამშრომელი“ განმარტებულია იმგვარად, რომ აღნიშნული არ მოიცავს კლუბის დირექტორის პოზიციას.

ამდენად, სფფ-ის წესდების 59-ე მუხლში ჩამოყალიბებული დათქმა მასზედ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებული საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი უფლებამოსილია საბოლოო ინსტანციის სახით (როცა ამოწურულია ყველა შიდა პროცედურა და საშუალება) განიხილოს სფფ-ისა და მის წევრებს/ასოცირებულ წევრებს შორის დავა - არ მოიაზრებს დავას, სპორტულ დირექტორსა და კლუბს შორის და ხსენებული მუხლის მოქმედება მოსარჩელის მიმართ ვერ გავრცელდება.

3). საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტაზე უფლებამოსილი პირი, ფედერაციის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომელიც მის წინაშეა ანგარიშვალდებული.

რაც შეეხება მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 2023 წლის 24 ოქტომბრის წერილს, ხელშეკრულებით მხარეთა შორის არბიტრაჟში დავის განხილვაზე მხარეთა შეთანხმების არსებობა ვერც ხსენებული წერილით დგინდება; წერილში აღნიშნულია, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები მის გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ შრომითი ხელშეკრულების 14.6 პუნქტით ფეხბურთის ფედერაციისთვის მიმართვის ფარგლებში. ამასთან, საკასაციო პალატის მსჯელობის უარსაყოფად ვერ გამოდგება ამავე წერილში გამოთქმული ვარაუდი იმის თაობაზე, რომ წესდებაში ასახული დათქმა მხარეთა შორის არბიტრაჟზე შეთანხმებას უნდა გულისხმობდეს; ვინაიდან, საკითხს იმის შესახებ, შეიცავს თუ არა მხარეთა შეთანხმება დავის განხილვის კონკრეტულ წესზე რაიმე კანონშესაბამის დათქმას და როგორია მისი შინაარსობრივი დატვირთვა, აღნიშნულ საკითხს წინამდებარე განჩინების ფარგლებში უკვე გაეცა პასუხი.

20. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.კ.დ.თ–სის'' საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს.კ.დ.თ–სს'' (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ხ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახადო დავალება № 4333, გადახდის თარიღი - 31.07.2024) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა