20 ნოემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-1292-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.დ–ძე, გ.გ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.კ–ი, შპს ,,გ–ი“ (მოსარჩელეები)
მოპასუხეები - ა.რ–ძე, ბ.კ–ძე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს.კ.ნ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ნატურით გაყოფით საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. N......საკადასტრო კოდის მქონე 13 925კვ.მ მიწის ნაკვეთი (შემდეგში - უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება), ქ.ქუთაისში, ........ მდებარეობს, რომელზეც N1, N2, N3, N4 და N5 შენობა-ნაგებობები (ნაკვეთი N1) და 1 360კვ.მ მოცულობის N2 ნაკვეთია განლაგებული.
2. უძრავი ნივთის თანამესაკუთრეები არიან:
- ა.რ–ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხე) - 450კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.
- გ.დ–ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან პირველი კასატორი) - სართული 1: ფართი N2, 43.56კვ.მ; ფართი N1-1 – 28.85კვ.მ; ფართი N1-2 – 144 კვ.მ; სართული 2: 72კვ.მ; სართული 3 - 152კვ.მ.
ბ.კ–ძე (შემდეგში - მესამე მოპასუხე) - სართული 2, ფართი 483.42კვ.მ; ფართი N3-1, 90.66კვ.მ; სართული 3, ფართი 1, 304კვ.მ.
გ.გ–ძე (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე ან მეორე კასატორი) - სართული 1, ფართი N1-3, 81.24კვ.მ; ფართი N1-4, 53.41კვ.მ; სართული 2, 152.53კვ.მ; სართული 3 – 154.39კვ.მ.
შპს ,,გ–ი’’(შემდეგში - პირველი მოსარჩელე მოსარჩელე ან საწარმო) - სართული 1,2,3, - 1 574.25კვ.მ.
გ.კ–ი (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) - სართული 1,2,3 – 2 011კვ.მ; 2 646 კვ.მ; ანტრესოლი 1-ლი სართულის 30.66კვ.მ; ანტრესოლი მე-2 სართულის - 30.66კვ.მ; ანტრესოლი მე-3 სართულის - 30.65კვ.მ; სართული 1, - 1172,71 კვ.მ; სართული მე-2, 1 172.71კვ.მ; სართული მე-3, 1 172.71კვ.მ.
3. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 2 აგვისტოს დასკვნისა და დასკვნის შემდგენი ექსპერტის, გ.რ–ძის ჩვენების მიხედვით, ხსენებული დასკვნა საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაციების, ადგილზე აზომვების შედეგად მიღებული მონაცემებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთშედარების მეთოდით მომზადდა.
უძრავი ქონება, 15 285კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, რომლის ფართობზეც ექვსი ერთეული შენობა-ნაგებობაა დარეგისტრირებული. შენობა-ნაგებობების შიდა (1 ვარიანტი) და დაკავებული (მე-2 ვარიანტი) ფართების შესაბამისად წილის გაყოფის ორი მეთოდი დადგინდა.
სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნივთის გაყოფის 1-ლი ვარიანტის მონაცემია შემდეგი:
- 450კვ.მ (ს/კ .........) - პირველი მოპასუხის საკუთრება;
- 43.56კვ.მ (ს/კ ........) - მეორე მოპასუხის საკუთრება;
- 83.42კვ.მ (ს/კ ..........) - მესამე მოპასუხის საკუთრება;
- 90.66კვ.მ (ს/კ .........) - მესამე მოპასუხის საკუთრება;
- 304.03 კვ.მ, ს/კ ......... - მესამე მოპასუხის საკუთრება;
- 28.85კვ.მ, ს/კ .........- მეორე მოპასუხის საკუთრება;
- 144კვ.მ, ს/კ ..............- მეორე მოპასუხის საკუთრება;
- 81.24 კვ.მ, ს/კ ......... – მეოთხე მოპასუხის საკუთრება;
- 53.41 კვ.მ, ს/კ ......... - მეოთხე მოპასუხის საკუთრება;
- 72 კვ.მ, ს/კ ........... - მეორე მოპასუხის საკუთრება;
- 152.53 კვ.მ,ს/კ .......... - მეოთხე მოპასუხის საკუთრება;
- 152 კვ.მ. ს/კ ......... - მეორე მოპასუხის საკუთრება;
- 154.39 კვ.მ, ს/კ ..........- მეოთხე მოპასუხის საკუთრება;
N2 შენობა (შიდა ფართი)- 2 011 კვ.მ, ს/კ ......... - მეორე მოსარჩელის საკუთრებაა;
N3 შენობა(შიდა ფართით)- 2 646 კვ.მ, ს/კ ....... – მეორე მოსარჩელის საკუთრებაა;
N4 შენობა(შიდა ფართი)- 10 156.75 კვ.მ, ს/კ ........ – მეორე მოსარჩელის საკუთრებაა;
N5 შენობა (შიდა ფართი) -1574.25 კვ.მ, ს/კ ........ - პირველი მოსარჩელის საკუთრებაა;
N6 შენობა (შიდა ფართი) – 3518,13 კვ.მ, ს/კ ......... - მეორე მოსარჩელის საკუთრებაა.
იმავე მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობების მთლიანი შიდა ფართი 21 596.71კვ.მ-ს შეადგენს, საიდანაც მოპასუხეთა საკუთრებაში 1 810.09კვ.მ-ია დარეგისტრირებული, რაც პროპორციულად 0.0894-ს შეადგენს.
1-ლი ვარიანტის მიხედვით, არსებული საკადასტრო კოდის უძრავი ქონებიდან მოპასუხეთა კუთვნილი წილების პროპორციული მიწის ნაკვეთის ფართობი (N1 შენობასთან ერთად) 1 274კვ.მ-ია.
გაყოფის მე-2 ვარიანტის შესაბამისად:
იმავე მიწის ნაკვეთზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობის დაკავებული ფართი არის 679კვ.მ;
N2 შენობა-ნაგებობის დაკავებული ფართი - 705კვ.მ;
N3 შენობა-ნაგებობის დაკავებული ფართი - 902კვ.მ;
N4 შენობა-ნაგებობის დაკავებული ფართი - 3 261კვ.მ;
N5 შენობა-ნაგებობის დაკავებული ფართი - 642 კვ.მ;
N6 შენობა-ნაგებობის დაკავებული ფართი - 1 243კვ.მ.
ჯამურად, სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობების დაკავებული ფართი 7 432კვ.მ-ს შეადგენდა, საიდანაც მოპასუხეთა საკუთრებაში რეგისტრირებული N1 შენობის დაკავებული ფართია 679კვ.მ, რაც პროპორციულად 0.0914 ნაწილს შეადგენდა.
მეორე ვარიანტის მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონებიდან მოპასუხეთა კუთვნილი წილების პროპორციული მიწის ნაკვეთის ფართობი (N1 შენობასთან ერთად) 1 397კვ.მ-ს შეადგენს.
არსებული მდგომარეობით, საჯარო სივრციდან სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირება შესაძლებელია ა.წერეთლის ქუჩიდან არსებული გზით. ალტერნატიული გზის მოწყობა შესაძლებელია, თამარ მეფის ქუჩიდან.
ადგილზე დათვალიერებისას ჩატარებული აზომვების მონაცემების საჯარო რეესტრში რსებული რეგისტრაციებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეჯერების შედეგად დადგინდა შემდეგი: ექსპერტიზისთვის წარმოდგენილი უძრავი ქონების გაუშენებელი ტერიტორიის გაყოფა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით (შპს ,,ი..-ის" მიერ შესრულებული) შესაძლებელი იყო მისი ფუნქციური ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე.
მოპასუხეებს შესაძლებელია გამოეყოთ მიწის ნაკვეთი, შენობაში მათი კუთვნილი ფართების ან კუთვნილი შენობის პროპორციულად. ექსპერტიზით განისაზღვრა მოპასუხეებისთვის გამოსაყოფი მიწის ნაკვეთის ფართობის ორი ვარიანტი.
N1 ვარიანტი: შენობა-ნაგებობებში კუთვნილი ფართების პროპორციულად 1 274კვ.მ და N2 ვარიანტი - შენობა-ნაგებობების დაკავებული ფართების პროპორციულად - 1 397კვ.მ. ამჟამად, სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე N2, N 3, N4, N5, N6 შენობა-ნაგებობებთან მისასვლელი გზა წერეთლის ქუჩიდან არის მოწყობილი.
ჩამოთვლილ შენობა-ნაგებობებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა დღეისთვის არ არსებობს. ამ შენობებთან შესაძლებელია ალტერნატიული მისასვლელი გზის თამარ მეფის ქუჩიდან მოწყობა.
მე-2 ვარიანტით გაყოფის შედეგად, ალტერნატიული გზების მოსაწყობად, საჭიროა, მომზადდეს გზის მოწყობის პროექტი, რომელშიც ზუსტად იქნება განსაზღვრული საპროექტო გზის მონაცემები. ამასთან, ახალი მისასვლელი გზის მოწყობა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ადგილზე დათვალიერების შედეგად დადასტურდა, რომ მოპასუხეებს მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი აქვთ დაკავებული, კერძოდ, მათ თვითნებურად გადააკეთეს N1 შენობა და პირველ სართულზე რამდენიმე რკინის კარი გამოჭრეს, სადაც, ნახაზის მიხედვით, ყრუ კედელი უნდა იყოს, რომლებიც მეორე მოსარჩელის კუთვნილ ფართშია და გამოჭრილი კარის ღიობებით მოპასუხეები ისე სარგებლობენ, რომ, მეორე მოსარჩელის თანხმობა არ აქვთ.
4. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლითაც მოითხოვეს:
4.1. თანასაკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის გაუშენებელ ნაწილზე (სადავო მიწის ნაკვეთი) საზიარო უფლების გაუქმება, 14 012კვ.მ მიწის ნაკვეთის (ნაკვეთი N1) მოსარჩელეთათვის საკუთრებაში გადაცემა და 1 274კვ.მ მიწის ნაკვეთის (ნაკვეთი N2) მოპასუხეთა საერთო საკუთრებად დარეგისტრირება.
4.2. მეორე და მეოთხე მოპასუხისთვის, მეორე მოსარჩელისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე ქ.ქუთაისი, ......., ს/კ .......) სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა; მეორე მოპასუხისთვის, მეორე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში (ს/კ .........) მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან (ს/კ ........; ს/კ .........; ს/კ .........) გამავალი კარის ღიობების ამოშენების დავალება, ხოლო, მეოთხე მოპასუხისთვის, მეორე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში (ს/კ ........) მეოთხე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან, ს/კ ..........; ს/კ ......... - გამავალი კარის ღიობების ამოშენების დავალება;
4.3. მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, მეორე მოპასუხისა და მეოთხე მოპასუხისთვის 32 520 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით:
5.1. პირველი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო, მეორე მოსარჩელის დაზუსტებული მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
5.2. თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მიწის ნაკვეთის გაუშენებელ ნაწილზე, საზიარო უფლება გაუქმდა: 14 012კვ.მ მიწის ნაკვეთი (ნაკვეთი N1) მოსარჩელეებს საკუთრებაში გადაეცათ; 1 274კვ.მ მიწის ნაკვეთი (ნაკვეთი N2) მოპასუხეთა საერთო საკუთრებად დარეგისტრირდა;
5.3. მოპასუხეებს, მეორე მოსარჩელის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე ქ.ქუთაისი, ........, ს/კ ........), სარგებლობის ხელშეშლა აეკრძალათ, კერძოდ: მეორე მოპასუხეს, მეორე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში (ს/კ ..........) მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან (ს/კ ........; ს/კ .........; ს/კ ........) გამავალი კარის ღიობების ამოშენება დაევალა; ხოლო, მეოთხე მოპასუხეს, მეორე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში (ს/კ ........) მეოთხე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან (ს/კ .........; ს/კ .........) გამავალი კარის ღიობების ამოშენება დაევალა.
6. საზიარო უფლების გაუქმების შემდეგ მხარეთათვის უძრავი ქონების გადანაწილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით მეორე მოპასუხემ და მეოთხე მოპასუხემ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების ნატურით გაუქმების შესაძლებლობა იკვეთებოდა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 2 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნითა და მისი N1 დანართით, საქმეზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 963-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგისთვის საჭირო წინაპირობის არსებობა დასტურდებოდა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე მოპასუხემ და მეოთხე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინეს, რომლითაც ხსენებული განჩინების მათ ნაწილში გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგი საფუძვლით მოითხოვეს:
9.1. გაუგებარია, თუ რატომ გადაწყვიტა სასამართლომ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, ნატურით, მოპასუხეთა მიერ დაკავებული ფართების პროპორციულად უნდა გაყოფილიყო, მაშინ როდესაც, დაკავებული ფართების პროპორციულად ნატურით გაყოფის შემთხვევაში, მოპასუხეები გაცილებით მეტ ფართს მიიღებდნენ. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შედეგად, მოპასუხეთა ქონება შემცირებულია.
9.2. ადგილზე დათვალიერებით დადასტურდა, რომ კასატორებს მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი აქვთ დაკავებული, თუმცა, ამჟამად მეორე მოპასუხეს კარები აქვს ამოშენებული, რომელიც ადრე მეორე მოსარჩელის შიდა ფართს ესაზღვრებოდა. აღნიშნული კარები მანამდე იყო გამოჭრილი, სანამ მეორე მოპასუხე ფართს შეიძენდა. კარების ღიობი, უკვე ბლოკით არის ამოშენებული და კარების ნაცვლად იქ კედელია აღმართული. გარდა ამისა, ფართთან მეორე მოსარჩელეს ლითონის ღობე აქვს გავლებული. ამდენად, მეორე მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არანაირ ხელშეშლას ადგილი არ აქვს და არც მანამდე არ ჰქონია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
13. მოცემულ შემთხვევაში, საზიარო საგნის გაყოფით საზიარო უფლების გაუქმებისა და ამონაგების განაწილების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 953-ე, 961.1, და 964.1 მუხლები. ამ ნორმების შინაარსი ასეთია: თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს; თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება; თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.
14. დასაწყისში მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.
ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული.
ასეთი წესით საზიარო ქონების გაყოფისათვის გარკვეული წინაპირობების არსებობაა საჭირო, კერძოდ:
საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად;
2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება.
როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს.
ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. სუსგ №ას-67-65-2014, 31.07.2014; №ას-1653-1550-2012, 15.04.2013; №ას-1089-1020-2012, 8.10.2012; №ას-932-875-2012, 17.09.2012; №ას-1665-1562-2012, 4.02.2013).
საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება, როგორც საკასაციო პალატამ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ე.ი. დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე - საერთო საკუთრება (იხ. სუსგ: №ას-39-39-2016, 1.03.2016).
15. დადგენილია, რომ საზიარო საგანი, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთის გაუშენებელი ნაწილია. აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში რამდენიმე პირის სახელზეა აღრიცხული, რომლებიც განსახილველი დავის მხარეები არიან და თითოეულს საზიარო საგნის მიმართ სხვადასხვა ოდენობის წილობრივი უფლება აქვს.
16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის გადაწყვეტისთვის უმთავრესი გარემოება: არსებობს უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების ნატურით გაუქმების წინაპირობები.
აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 2 აგვისტოს კვლევიდან. ხსენებულ მტკიცებულებაში ცალსახადაა მითითებული, რომ:
ექსპერტიზისთვის წარმოდგენილი უძრავი ქონების გაუშენებელი ტერიტორიის გაყოფა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით (შპს ,,ი....–ის" მიერ შესრულებული) შესაძლებელია, მისი ფუნქციური ღირებულებისა და დანიშნულების შემცირების გარეშე.
მოპასუხეებს შესაძლებელია გამოეყოთ მიწის ნაკვეთი, შენობაში მათი კუთვნილი ფართების ან კუთვნილი შენობის პროპორციულად.
ექსპერტიზით განისაზღვრა მოპასუხეებისთვის გამოსაყოფი მიწის ნაკვეთის ფართობის 2 ვარიანტი. N1 ვარიანტი: შენობა-ნაგებობებში კუთვნილი ფართების პროპორციულად 1 274კვ.მ და N2 ვარიანტი - შენობა-ნაგებობების დაკავებული ფართების პროპორციულად - 1 397კვ.მ. ასევე დადგინდა, რომ ამჟამად, სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე N2, N 3, N4, N5, N6 შენობა-ნაგებობებთან მისასვლელი გზა წერეთლის ქუჩიდან არის მოწყობილი. ჩამოთვლილ შენობა-ნაგებობებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა დღეისთვის არ არსებობს. ამ შენობებთან შესაძლებელია ალტერნატიული მისასვლელი გზის თამარ მეფის ქუჩიდან მოწყობა.
მე-2 ვარიანტით გაყოფის შედეგად, ალტერნატიული გზების მოსაწყობად, საჭიროა, მომზადდეს გზის მოწყობის პროექტი, რომელშიც ზუსტად იქნება განსაზღვრული საპროექტო გზის მონაცემები. ამასთან, ახალი მისასვლელი გზის მოწყობა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
16. საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შედეგად მოპასუხეთა ქონების შემცირების შესახებ კასატორთა პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და შემდეგ მსჯელობაზე მიუთითებს:
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რათქმაუნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ: №ას-1423-2019, 28.02.2020).
საზიარო საგნის ნატურით გაყოფის სასარჩელო პრეტენზიის ფარგლებში, მოპასუხის შესაგებლით სარჩელის საფუძვლიანობის გამორიცხვა დამოკიდებულია სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენით, მოთხოვნილი წესით საზიარო უფლების გაუქმების საფუძვლის არარსებობის დასაბუთებაზე. ასეთ დროს, მოპასუხემ, უნდა ამტკიცოს, რომ მოსარჩელის ზემომითითებული მოთხოვნა უსაფუძვლოა.
კასატორებს ასე არ უმოქმედიათ, საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შედეგად თავიანთი საკუთრების ღირებულების შემცირების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, მათ შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ დაადასტურეს და, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების (ექსპერტის დასკვნა) გამაქარწყლებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინეს.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან ადგილზე დათვალიერებით დადასტურდა, რომ მეორე მოპასუხესა და მეოთხე მოპასუხეს, მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი დაკავებული ჰქონდათ, ამდენად, ხელშეშლის აღკეთის ნაწილშიც სარჩელი წარმატებულად სწორად ჩაითვალა (სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლები).
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.დ–ძისა და გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.დ–ძეს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახადო დავალება # 5876, გადახდის თარიღი - 24.10.2024) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. გ.გ–ძეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.დ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახადო დავალება #253, გადახდის თარიღი - 24.10.2024) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა