Facebook Twitter

25 ივლისი, 2024 წელი,

#ას-468-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შსს სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მიმწოდებელი ან სადაზღვევო კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს შსს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემსყიდველი) მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 3612 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ: კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად უგულველყო საქმეში დაცული მტკიცებულებები, რასაც შედეგად არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა დამოკიდებულია საგამონაკლისო ხდომილების არარსებობაზე და მხარეთა შორის გაფორმებული გარიგების დაცვაზე, რომლის პირობები მხარის მიერ დარღვეულია. ამავდროულად ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანების ხასიათი გაცილებით დიდი მოცულობისაა და შესაძლოა განვითარებულიყო სხვა შემთხვევის შედეგად (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2019 წლის 30 დეკემბერს #15/3-622 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანს წარმოადგენდა დაზღვევის პირობების #1 დანართისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის #2 დანართის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით მიმწოდებლის სატენდერო წინადადებებითა და ტარიფებით.

ხელშეკრულების საერთო/საორიენტაციო ღირებულება - 280 000 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

4.4. შეთანხმების საფუძველზე, დაზღვეული იყო მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება, ,,ტოიოტა ჰაილუქსი, სახელმწიფო ნომრით „........“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაზღვეული ავტომანქანა) (იხ. ხელშეკრულების დანართი N2 ).

4.5. 2020 წლის 27 ოქტომბერს მ.გ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მძღოლი) სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე დაზღვეული ავტომანქანით მოძრაობისას, მესტია ზუგდიდის საავტომობილო გზაზე ვერ უზრუნველყო საჭის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას „ტოიოტა პრიუსს“, სახელმწიფო ნომრით „.......“.

შემთხვევის შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.

4.6. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა მოპასუხე ორგანიზაციის მძღოლი და ეს უკანასკნელი - 250 ლარით დაჯარიმდა.

4.7. სასაზღვრო პოლიციის N9 სამმართველოს წარმომადგენელმა ნომრიდან 595 553434, 2020 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა სადაზღვევო კომპანიას მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე 032 2 30 33 33.

4.8. მოსარჩელემ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა სადაზღვევო კომპანიას.

4.9. სადაზღვევო კომპანიის 2020 წლის 27 ოქტომბრის NDDEC MI 27/10/20-001 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე ეთქვა უარი; კერძოდ, 2019 წლის 30 დეკემბრის #15/3-622 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 5.3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია არ აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გასცეს პირობა ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე.

წინააღმდეგ შეთხვევაში, მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილია მოიხსნას ნაკისრი პასუხისმგებლობა. ამავე ხელშეკრულების დანართი N2-ის 1-ლი ნაწილის მე-2 მუხლის „ჟ“ ქ/პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილია მოიხსნას ნაკისრი პასუხისმგებლობა, თუ შემსყიდველი აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას და გასცემს პირობას ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე.

კასატორის პოზიციით, ვინაიდან ავტომობლის მძღოლებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ, 2020 წლის 27 ოქტომბერს დამდგარი ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

4.10. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 იანვრის #000192621 დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტის დასკვნა), შესაბამისად დაზღვეული ავტომანქანისთვის მიყენებული ზარალი - 3612 ლარია.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.

6. სსკ-ის 799.1 მუხლით დადგენილია მზღვეველის ვალდებულება - აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ის ზიანი, რომელიც ხელშეკრულების პირობების მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, ისე, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს წარმოადგენს, მხარეთა მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.

7.1. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორული, ანუ სარისკო გარიგებაა, ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო.

მზღვეველი კი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა.

7.2. სსკ-ის 799-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

7.3. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად აღმოცენებული მხარეთა ურთიერთობაა, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

7.4. აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან შეძლებისდაგვარად გამოირიცხოს სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა, მაქსიმალურად შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს საკუთრივ დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.

8. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება გაფორმდა; დამზღვევის მიერ შესრულებულია ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე; ასევე დადასტურებულია, რომ დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

9. მოპასუხე/მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის მიცემული ახსნა-განმარტება ავტოსაგზაო შემთხვევის მისი მიზეზით გამოწვევის, მეორე ავტომობილის მძღოლთან პრეტენზიის არქონისა და ზიანის ანაზღაურების თანხმობის შესახებ, წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას და მოპასუხეს აძლევს უფლებას უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა, მზღვეველმა კი უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (შდრ. სუსგ. #ას-1091-2022, 23.02.2023 წ.).

11. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობებზე.

ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო არ ეღიარებინა საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გაეცა პირობა ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილი ოყო მოეხსნა ნაკისრი პასუხისმგებლობა.

ხელშეკრულების დანართი N1-ის 1 ნაწილის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილი იყო არ აენაზღაურებინა ნაკისრი პასუხისმგებლობა, თუ შემსყიდველი აღიარებდა საკუთარ პასუხისმგებლობას და გასცემდა პირობას ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე.

12. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს.

საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (შდრ. სუსგ №ას--1147-1067-2017, 29 .12.2017წ).

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს შემდეგს: მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებებში მითითებულია რომ შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს პრეტენზიები არავის მიმართ არ გააჩნიათ. აღნიშნული ახსნა-განმარტება მიცემული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში, რა დროსაც მხარეთა ვალდებულებას რეალური ვითარების შესახებ სწორი ახსნა-განმარტების მიცემა წარმოადგენს.

ამასთან, ახსნა განმარტება არ შეიცავს მძღოლის მიერ მესამე პირებისთვის რაიმე კომპენსაციის დაპირების ფაქტს, რისი არსებობაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გამორიცხავდა მზღვეველის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, დასახელებული ახსნა-განმარტება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევის არსებობას ვერ ადასტურებს და მისი შინაარსი არ შეიძლება გახდეს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

14. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ხელშეკრულების არასწორი და არასრული განმარტების შესახებ.

14.1. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (ხელშეკრულების განმარტების საკითხებზე იხ., სუსგ №ას-1144-1090-2014, 23.02.2015წ.).

14.2. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულება არ შეიცავდა ბუნდოვან, ორაზროვან და ურთიერთგამომრიცხავ გამონათქვამებს და მასში ნათლად იყო ჩამოყალიბებული მხარეთა უფლებამოვალეობები.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #6121338, გადახდის თარიღი 13.05.2024წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #6121338, გადახდის თარიღი 13.05.2024წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე