Facebook Twitter

7 ნოემბერი, 2024 წელი,

#ას-1187-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან გამგეობა) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით თანხის დაკისრების შესახებ შპს „კ–ის„ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2020 წლის 24 აგვისტოს #02.09.13/30/117 შეთანხმების ფარგლებში, ......., #9-ში შესრულებული სამუშაოების - 14 410.97 ლარის; ........ ქუჩა #11-ის მიმდებერედ შესრულებული სამუშაოების - 14 759.16 ლარის, 2020 წლის 24 აგვისტოს #02.09.13/30/116 ხელშეკრულების ფარგლებში, ......... ქუჩა #16-ის მიმდებარედ შესრულებული სამუშაოების - 23 255.36 ლარისა და ...... ქუჩა #58-ში შესრულებული სამუშაოების - 3 804.82 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. საქმის მასალებით არ დასტურდება შპს "კ–ისთვის" კასატორის მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულების დამადასტურებელი რომელიმე საფუძვლის არსებობა, შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს (დეტალურად იხ, საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2020 წლის 24 აგვისტოს #02.09.13/30/116 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 1-ლი ხელშეკრულება) და #02.09.13/30/117 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მეორე ხელშეკრულება) ხელშეკრულება დაიდო.

პირველი შეთანხმების ფარგლებში მოსარჩელემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში განეხორციელებინა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (.......... ქუჩა #48-ში და #58-ში, ........... ქუჩა #14-ისა და #16-ის მიმდებარედ) საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები, რომელიც 2020 წლის 16 ნოემბრამდე უნდა შესრულებულიყო. ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 80 457.20 ლარით განისაზღვრა (იხ. შეთანხმების 2.1. მუხლი).

ვალდებულება დროულად ვერ შესრულდა. ვადაგადაცილებამ - 45 დღე შეადგინა.

მეორე შეთანხმების ფარგლებში მოსარჩელემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 84 დღეში განეხორციელებინა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (....... ქუჩა #13-ში, ........ ჩიხი #9-ში და და ......... ქუჩა #11-ის მიმდებარედ) საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 101 111 ლარით განისაზღვრა (იხ. შეთანხმების 2.1. მუხლი).

ვალდებულება დროულად ვერ შესრულდა. ვადაგადაცილებამ - 30 დღე შეადგინა.

4.4. შემკვეთმა ვადაგადაცილების გამო, 1-ლი ხელშეკრულება 2020 წლის 31 დეკემბრიდან, ხოლო მეორე ხელშეკრულება 2020 წლის 30 დეკემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტა.

4.4.1. პირველი ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ - 25 964.91 ლარი, ხოლო მეორე შეთანხმების ფარგლებში - 25 300.25 ლარი შეადგინა, რაც სრულად ანაზღაურდა.

4.5. მხარეებს შორის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნარდობის ხელშეკრულებით შემკვეთმა მენარდეს ჩუღურეთის რაიონის სხვადასხვა უბანზე კონკრეტული მიწის მასების შემაკავებელი კედლების მშენებლობა დაუკვეთა და შესრულებული სამუშაოს ტოლფასი ანაზღაურების ვალდებულებაც იკისრა.

4.6. ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები გარიგებების შეწყვეტამდე სრულად არ დასრულებულა და სამუშაოები შეთანხმებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომაც მიმდინარეობდა.

4.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 8 ივნისის დასკვნით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი ექსპერტიზის დასკვნა), მხარეებს შორის გაფორმებული პირველი ხელშეკრულების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე ........ ქუჩა #16-ის მიმდებარედ შესრულებული საყრდენი კედლის სამუშაოების ღირებულება, ობიექტის ადგილზე შესწავლით მიღებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების (ხილული) და წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა #2-ში) დაფიქსირებულ ღირებულებას - 23 255.36 ლარს შეესაბამება.

4.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 ივნისის დასკვნით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ექსპერტიზის დასკვნა), მხარეებს შორის გაფორმებული მეორე ხელშეკრულების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე მნათობის ჩიხი #9-ში შესრულებული საყრდენი კედლის სამუშაოების ღირებულება, ობიექტის ადგილზე შესწავლით მიღებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების (ხილული) და წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, შეესაბამება წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა #2-ში) დაფიქსირებულ ღირებულებას - 14 410.97 ლარს.

მხარეებს შორის გაფორმებული მეორე ხელშეკრულების ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე .......... ქუჩა #11-ის მიმდებარედ შესრულებული საყრდენი კედლის სამუშაოების ღირებულება, ობიექტის ადგილზე შესწავლით მიღებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების (ხილული) და წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, შეესაბამება წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა #2-ში) დაფიქსირებულ ღირებულებას - 14 759.16 ლარს.

5. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოსარჩელეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), თუმცა, იმ სამართლებრივი შედეგეგის გათვალისწინებით რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, დანახარჯების კონდიქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში), 987.1 (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) და 987.2 (გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს) მუხლების დეფინიციიდან გამომდინარეობდა.

6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა შეთანხმებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას.

7. მოპასუხე/კასატორი ვადის ამოწურვის შემდგომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე მოთხოვნას იმ საფუძვლით უარყოფდა, რომ სამუშაოები მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის- ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ არ იყო დადასტურებული.

7.1. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ მსჯელობას უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს საქალაქო სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებზე, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ვალდებულების ნაწილი იყო შესრულებული, ხოლო დარჩენილი ნაწილი მოგვიანებით შესრულდა (იხ, მოწმე ვაჟა მაკალათიას, დავით ჭანტურიშვილის და ლევან მახარაძის ჩვენებები); ამდენად საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მათ შეწყვეტამდე სრულად არ დასრულებულა და მათი ნაწილი მომდევნო პერიოდში სრულდებოდა.

8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია შესრულებული სამუშაოების რეალური ღირებულებაც. დასკვნის კვლევით ნაწილში კი, აღნიშნულია, რომ ე.წ. „ფარული სამუშაოების“ ნაწილში ყველა ის ტექნიკური საჭიროება გათვალისწინდა, რაც შესასრულებელი სამუშაოებისთვის იყო აუცილებელი. აღნიშნული გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება კი, სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს.

მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) რელევანტური და გამაქარწყლებელი არგუმენტები ვერ დაუპირისპირა.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

10. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა