Facebook Twitter

28 ნოემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-723-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ო.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ჯ–ვა, ნ.გ–ი, გ.გ–ი, ნ.გ–ი (მოპასუხეები)

კასატორები - გ.გ–ი, ნ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ო.კ–ი, ს.ჯ–ვა, ნ.გ–ი

თავდაპირველი მოპასუხე - დ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება

ო.კ–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

გ.გ–ისა და ნ.გ–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი - მოძრავი ნივთების მესაკუთრედ და თანამესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დაბადების მოწმობებით დადგენილია, რომ გ.გ–ი (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ნ.გ–ი (შემდეგში - მეორე მოპასუხე) ო.კ–ისა (შემდეგში - მოსარჩელე) და ნ.გ–ის (შემდეგში - მესამე მოპასუხე) შვილები არიან.

2. ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ მოსარჩელე და მესამე მოპასუხე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1990 წლის 28 აპრილიდან, ხოლო, რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2013 წლის 5 აპრილიდან.

3. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებად 2013 წლის 13 ივნისიდან რეგისტრირებული იყო ქ.თბილისში, ......... ქუჩის N6-ში მდებარე უძრავი ნივთი (შემდეგში - უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება).

4. 2019 წლის 11 მარტის სააღსრულებო ფურცლით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, N2/16577-13 საქმეზე, ს.ჯ–ვას (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე ან კრედიტორი) სასარგებლოდ მესამე მოპასუხეს 935 101.39 აშშ დოლარის, 3 050 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 3 300 ლარის ოდენობით ადვოკატის ხარჯის გადახდა დაეკისრა.

5. 2019 წლის 23 მაისის ქონების აღწერა-დაყადაღების მიზნით შედგენილი აქტით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბერის N2/16577-13 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში ....... ქუჩის N6-ში მდებარე მისამართზე არსებულ მოძრავ ნივთებს ყადაღა დაედო. 2019 წლის 31 მაისის ქონების აღწერა-დაყადაღების აქტით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ამავე მისამართზე მდებარე მოძრავ ნივთებს ყადაღა დაედო კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

6. 2016 წლის 16 აპრილის ქირავნობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ყოველთვიური 500 ლარის ოდენობით ქირის გადახდის სანაცვლოდ, დ.გ–მა (შემდეგში - ბინის მესაკუთრე), მესამე მოპასუხეს 5 წლით დროებით სარგებლობაში გადასცა თავის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინა (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ........, ბლოკი „ბ“, ბინა 1, შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც - ბინა).

7. 2019 წლის 10 ივნისის ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 11 მარტს საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის (N2/16577-13) საფუძველზე, მეოთხე მოპასუხის მიმართ მესამე მოპასუხის ვალდებულების შესრულების მიზნით ყადაღა დაედო თავდაპირველი მოპასუხის ბინაში მდებარე მოძრავ ნივთებს.

8. მესამე და მეოთხე მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 23 მაისსა და 31 მაისს შედგენილ აქტებში მითითებული მოძრავი ნივთების მის საკუთრებად აღიარება და მათი ყადაღისგან განთავისუფლება მოითხოვა.

9. მესამე მოპასუხისა და მეოთხე მოპასუხის მიმართ სასამართლოში სარჩელი აღძრა დ.გ–მაც, რომელმაც ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2019 წლის 10 ივნისის აქტში მითითებული მოძრავი ნივთების მის საკუთრებად აღიარება და ყადაღისგან მათი განთავისუფლება მოითხოვა.

10. სასამართლოს სარჩელით მიმართეს პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ, რომლებმაც ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2019 წლის 23 მაისსა და 31 მაისს შედგენილ აქტებში მითითებული მოძრავი ნივთების მათ საკუთრებად აღიარება და ყადაღისგან განთავისუფლება მოითხოვეს.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით:

11.1. მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

11.2. ბინის მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა: ამ უკანასკნელის საკუთრებად იქნა ცნობილი და ყადაღისგან გათავისუფლდა მის ბინაში აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2019 წლის 10 ივნისს შედგენილ აქტში მითითებული ყველა მოძრავი ნივთი;

11.3. პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ერთი მხრივ, მოსარჩელემ, ხოლო, მეორე მხრივ - სააპელაციო საჩივარი პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ წარმოადგინეს.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის სახელზე 2013 წლის 13 ივნისიდან რეგისტრირებულ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთები იყო მეუღლეთა თანასაკუთრება. მესამე მოპასუხის მიერ 2016 წლიდან სხვა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისა და, თუნდაც, ხსენებულ ბინაში მუდმივად ცხოვრებით, ამ უკანასკნელის თანასაკუთრების უფლება არ ქარწყლდებოდა. შესაბამისად, სადავო მოძრავი ნივთების ნახევარი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო, ნახევარი - მესამე მოპასუხის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 158.1, 1158.1 მუხლები, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40.1, 32.1, 32.2 მუხლები).

13.2. რაც შეეხებოდა პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის მოთხოვნას მოძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 158.1 მუხლით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე (ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე) მიაქცია ყურადღება და, განმარტა, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც, ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში, უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, მფლობელის კეთილსინდისიერებაზე დაყრდნობით და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგი, ნივთის მესაკუთრედ მიიჩნეოდეს.

სსკ-ის 158.1 მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია ქარწყლდება იმ შემთხვევაში, თუკი მესამე პირი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებით დაადასტურებს მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას.

სსსკ-ის 158.1 მუხლით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აკისრია. ვინაიდან სადავო მისამართზე მდებარე ბინა მოსარჩელის საკუთრებად იყო დარეგისტირებული, პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის პროცესუალურ ვალდებულებაში შედიოდა იმის მტკიცება, რომ რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიუხედავად, ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთები - არა მოსარჩელის, არამედ, მათ თანასაკუთრებას წარმოადგენდა.

სადავო ნივთებზე თავიანთი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს არ წარუდგენიათ და არც რაიმე დამატებით გარემოებაზე არ მიუთითებიათ. შესაბამისად, სადავო ნივთების მესაკუთრედ ჩათვლის შესახებ მხოლოდ მათი ზეპირი განმარტება, რასაც კრედიტორი სადავოდ ხდიდა, საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე მოსარჩელის მიმართ მოქმედი კანონისმიერი პრეზუმფციის საპირწონედ ვერ შეფასდებოდა და ვერ განიხილებოდა აღნიშნული ნივთების თანამესაკუთრეებად მიჩნევისთვის საკმარის მტკიცებულებად.

მოცემული საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოწმის სახით დაკითხული პირების (გ.ჩ–ია და გ.ა–ის) ჩვენებებზე და აღნიშნა, რომ მათ ვერ შეძლეს ისეთი გარემოების დადასტურება, რომელიც სადავო მოძრავ ნივთებზე მესამე მოპასუხის თანასაკუთრების უფლებას გამორიცხავდა და მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებად მიჩნევის საფუძველი გახდებოდა ან სადავო მოძრავ ნივთებზე მოსარჩელისა და მესამე მოპასუხის თანასაკუთრების უფლებას საფუძველს გამოაცლიდა და პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის თანასაკუთრების უფლების წარმოშობას დაადასტურებდა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავდროულად, მოსარჩელემ, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მესამე მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება და ხსენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაც მოითხოვა.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას მოსარჩელემ და მესამე მოპასუხემ დაადასტურეს, რომ 2015 წლიდან ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ. საწინააღმდეგო გარემოებაზე არცერთ მხარეს არ მიუთითებია. უფრო მეტიც, მხარეთა განცალკავებულად ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად კასატორმა მოწმეთა დაკითხვაზეც იშუამდგომლა, რომლებმაც მათი ცალ-ცალკე ცხოვრების შესახებ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითეს.

სსკ-ის 1168.1 მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დასახელებული ნორმის დისპოზიცია ცხადყოფს, რომ ურთიერთშეთანხმებით მეუღლეებს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა შეუძლიათ, რისთვისაც კანონით გათვალისწინებული არ არის შეთანხმების საქორწინო ხელშეკრულებით მოწესრიგების აუცილებლობა. სასამართლოებმა მოცემულ შემთხვევაში უგულებელყვეს ქონების გაყოფის თაობაზე მეუღლეთა შეთანხმება (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).

15. გარდა ამისა, განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ, რომელთა საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მათი სარჩელის დაკმაყოფილება. მოსარჩელის მსგავსად, პირველი მოპასუხეც და მეორე მოპასუხეც ითხოვს, რომ გაუქმდეს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მესამე მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინება და მითითებული შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:

საქმეზე წარმოგენილი მტკიცებულებების გაუთვალისწინებლად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე და მესამე მოპასუხე საქმის განხილვისას ქორწინებაში იმყოფებოდნენ, რის დასადასტურებლადაც ქორწინების რეგისტრაციის ფაქტზე მიუთითა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელე და მესამე მოპასუხე სადავო ნივთების თანამესაკუთრეები იყვნენ. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ ფაქტობრივად ყოფილ მეუღლეთა სოლიდარული ვალდებულების სტანდარტი დაამკვიდრა, რაც სამოქალაქო სამართლის პრინციპებთან შეუსაბამოა (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი) .

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

17. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.

19. საკასაციო პალატის განხილვის საგანი მოცემულ შემთხვევაში შემდეგია: რამდენად კანონიერია, მათ მიერ გასაჩივრებული ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტებში მითითებული მოძრავი ნივთების საკუთრებად აღიარებისა და ყადაღისგან განთავისუფლების თაობაზე კასატორთა მოთხოვნები.

20. მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილი დასაბუთება გასაზიარებელია, შემდეგი მოსაზრებებიდან გამომდინარე:

20.1. სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობისა და ყადაღისგან მათი განთავისუფლების საფუძვლის არსებობას მოსარჩელე ხსენებული ნივთების მის საკუთრებად რეგისტრირებულ ბინაში განთავსებას უკავშირებს, თუმცა, ვინაიდან საქმეზე დადგენილია, რომ 1990 წლის 28 აპრილიდან მოსარჩელე და მესამე მოპასუხე ფაქტობრივ, ხოლო - 2013 წლის 5 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, სარჩელის ზემოაღნიშნულ მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სსკ-ის 1158.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომლითაც დადგენილია, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. რაკი საქმეზე გამოიკვეთა, რომ უძრავი ქონება, სადაც სადავო მოძრავი ნივთებია განთავსებული, მოსარჩელის სახელზე 2013 წლის 13 ივნისს, ე.ი. რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში დარეგისტრირდა, ხოლო, მოძრავ ნივთებს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და საფუძველზე დაედო ყადაღა, ისინი მართებულად იქნა მიჩნეული მეუღლეთა თანასაკუთრებად.

20.2. ზემომითითებული მსჯელობის უარსაყოფად ვერ გამოდგება მესამე მოპასუხის მიერ 2016 წლიდან სხვა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისა და ამ ბინაში მუდმივად ცხოვრების შესახებ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება, რადგან სსკ-ის 1158.1 მუხლის დანაწესის (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას) ამოქმედებისთვის გადამწყვეტია, მეუღლეთა მიერ ნივთის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენის ფაქტის დადგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია.

21. რაც შეეხება პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის სარჩელის საფუძვლიანობას, მოცემული საკითხის გადაწყვეტისას, შემდეგი გარემოებებია გასათვალისწინებელი:

- ქონების ყადაღისგან განთავისუფლების შესახებ პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1, 32.2 (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს) და სსკ-ის 158.1 მუხლებშია (ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე) წარმოდგენილი.

- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში - მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).

- მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას, როგორც საპროცესოსამართლებრივი, ასევე - მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა (იხ. სუსგ №ას-1754-2019, 20.07.2022).

- ამდენად, პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის პროცესუალურ ვალდებულებაში შედიოდა იმის მტკიცება, რომ აღნიშნულ ბინაში განლაგებული მოძრავი ქონება უძრავი ნივთის რეგისტრირებული მესაკუთრის საკუთრება კი არ იყო, არამედ, ისინი მათ თანასაკუთრებას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, სადავო ნივთებზე თავიანთი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეებს არ წარუდგენიათ, შესაბამისად, სადავო ნივთების მესაკუთრეობის შესახებ მხოლოდ მათი ზეპირი განმარტება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა. რელევანტურ არგუმენტად ვერც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ.ჩ–ას და გ.ა–ის ჩვენებები ვერ ჩაითვლება, რადგან დასახელებულმა მოწმეებმა ვერ შეძლეს იმგვარი გარემოების დადასტურება, რომელიც სადავო ნივთებზე მესამე მოპასუხის თანასაკუთრების უფლებას გამორიცხავდა ან მოსარჩელისა და მესამე მოპასუხის თანასაკუთრების უფლებას საფუძველს გამოაცლიდა და მითითებულ ნივთებზე პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის თანასაკუთრების უფლების წარმოშობას დაადასტურებდა.

22. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმებისა და აღნიშნულის შუამდგომლობის დაკმაყოფილების მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთეთებს შემდეგზე:

საქმის მასალებით დგინდება, რომ მოცემული საქმის წარმოების შეჩერება მესამე მოპასუხის წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეზე (N2/16577-13) წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტამდე და ხსენებულ სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოითხოვა.

სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (იხ. სუსგ №ას-1719-2019, 22.01.2020).

მოცემულ შემთხვევებში, ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული საქმის განხილვის დასრულებამდე წინამდებარე დავის გადაწყვეტას ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა, არ დასახელებული და შესაბამისად არ დასტურდება. ამდენად, სსსკ-ის 279 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განნხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ამ მუხლის დეფინიცია დასახელებულ შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებებს არ მიესადაგებოდა, კერძოდ, მის მიერ მითითებული საქმის განხილვის დასრულებამდე წინამდებარე საქმის განხილვის შეუძლებლობა არ იკვეთებოდა. ამდენად, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა.

23. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ო.კ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.დ–ის (პ/ნ .........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 200 ლარის (საგადასახადო დავალება 21364388844, გადახდის თარიღი - 11.04.2024) 70% - 140 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. გ.გ–ისა და ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. გ.გ–სა (პ/ნ .........) და ნ.გ–ს (პ/ნ .........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ვ.ძ–ის (პ/ნ .........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 200 ლარის (საგადახდო დავალება 21364313523, გადახდის თარიღი - 11.04.2024) 70% - 140 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა