28 ნოემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-112 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ც–ი“, შპს „ს.ც–ი“, გ.შ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ბ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან ბანკი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ს.ც–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), შპს „ს.ც–ი ?-ისა“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და გ.შ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა რიგი ფაქტობრივი გარემოებები რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. კერძოდ, მოპასუხეების ქმედებაში გამოკვეთილია მაღალი ხარისხის ბრალეულობის ყველა ნიშანი რაც უდავოდ ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს; ამასთან, ის ფაქტი, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეფასების გარეშე დატოვა წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ნახევარზე მეტი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2011 წლის 5 იანვარს ბანკს, რ.ფ–ასა და ქ.ჩ–ას შორის გაფორმდა 000102-000434 გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება), საკრედიტო ხაზის მოცულობად - 5 000 000 აშშ დოლარი განისაზღვრა.
4.3.1. მხარეთა შეთანხმებით 2014 წლის 26 თებერვალს შეიცვალა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და საკრედიტო ხაზის მოცულობა - 20 000 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
4.3.2. 2015 წლის 24 ივნისს საკრედიტო ხაზის მოცულობა კვლავ შეიცვალა და 40 000 000 აშშ დოლარით დადგინდა.
4.4. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკსა და რ.ფ–ას შორის 2015 წლის 24 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვით მსესხებელმა სესხად მიიღო - 17 500 000 აშშ დოლარი 36 თვით, წლიური 12.5% - იანი სარგებლით.
4.4.1. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო - 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).
4.5. 2014 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც განისაზღვრა უზრუნველყოფილი მოთხოვნები და მათი საფუძვლები, შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ......, რესტორანი „არაგვისა“ და ფირმა „ვერხვებისთვის“ ნაკვეთებს შორის მდებარე 1540 კვ.მ დაზუსტებული ფართობი, ს/კ-ით #.......
თბილისში, ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის (ნაკვ. #....), თბილისში, ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის, სტალინის სახელობის სანაპირო #1 (რესტორან არაგვის მიმდებარე ტერიტორია), (ნაკვეთ, #......), თბილისში, ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის, სტალინის სახელობის სანაპირო #1 (რესტორან არაგვის მიმდებარე ტერიტორია), (ნაკვეთი #......) მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი - 2177.00 კვ.მ ს/კ-ით # ......
თბილისში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდსა და რესტორან „არაგვს“ შორის, ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის, თამარ მეფის გამზირსა და ცირკის ასასვლელი გზის კუთხეში, მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი - 8001.00 კვ.მ ს/კ-ით #......
იპოთეკის ხელშეკრულებას მეორე მოპასუხე კომპანიის დირექტორი/მესამე მოპასუხე აწერს ხელს.
4.6. 2017 წლის 30 იანვარს ბანკს, რ.ფ–ას, ქ.ჩ–ასა და შპს „ფ.ნ–ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები #2-000102-000434-010, რომლის თანახმად, შპს „ფ. ნ–ი“ გახდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების კლიენტი.
4.7. შპს „ფ.ნ–ზე“ ვალის გადაკისრების შემდეგ იპოთეკის გაგრძელებაზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეს/მეორე მოპასუხეს, თანხმობა არ გამოუხატავს.
4.8. შპს „ფ.ნ–მა“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
4.9. 2017 წლის 28 ნოემბერს ბანკმა სარჩელი აღძრა შპს „ფ.ნ–ის“, მეორე მოპასუხის, შპს „რ.ა–სა“ და სხვათა მიმართ დავალიანების დაკისრებისა და იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ნივთების რეალიზაციის მოთხოვნით.
4.9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), სარჩელი უარყოფილ იქნა; ბანკს/მოსარჩელეს იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მეორე მოპასუხის მიმართ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2019 წლის 4 დეკემბერს შევიდა.
4.9.2. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეები ბრალეული პირები არ იყვნენ და მათი ქმედებით ბანკს ზიანი არ მიდგომია.
5. თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების ფაქტობრივი შემადგენლობის არ არსებობამ განაპირობა.
6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.
7. საქართველოს უზენაესმა სასამართლოს არაერთი განმარტებით, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს (ზიანის მიმყენებელს) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (შდრ. სუსგ საქმე №ას-1426-2018, 11.04.2019; საქმე №ას-769-737-2016, 20.06.2018; საქმე №ას-176-163-2015; საქმე №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისი),
შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ოთხივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-72-72-2018, 15.02.2018; საქმე №ას-809-776-2016, 04.04.2017).
8. სსკ-ის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესსაც: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
9. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მას მიადგა ზიანი.
10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ მესამე მოპასუხის განმარტება, რომ მის მიერ მართულმა კომპანიამ/მეორე მოპასუხემ არ იცოდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 2017 წლის 30 იანვრის დამატებითი პირობების (საკრედიტო ურთიერთობაში შპს „ფ.ნ–ის“ შემოსვლით, მის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონება უზრუნველყოფდა შპს „ფ. ნ–ის“ ვალდებულებას) შესახებ ტყუილია და მისი ამ ქმედებით - 500 000 აშშ დოლარის მოცულობის ზიანი მიადგა.
11. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის/კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 206-ე (ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე) მუხლზე რომლის მიხედვით, ვალის გადაკისრებისას ანუ მოვალის ცვლილებისას, შეწყვეტილად ითვლება თავდებობა და გირავნობა.
11.1. დადგენილია, რომ მეორე მოპასუხის ქონება დაიტვირთა ფიზიკური პირების რ.ფ–ასა და ქ.ჩ–ას მიერ გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით და არა შპს ,,ფ.ნ–ის“ სესხის უზრუნველყოფისათვის.
ისე, რომ ამის შესახებ იპოთეკის საგნის მესაკუთრისათვის/მეორე მოპასუხისთვის ცნობილი არ ყოფილა, განხორციელდა მოვალე პირების ჩანაცვლება, კერძოდ, 2017 წლის 30 იანვარს რ.ფ–ასა და ქ.ჩ–ას ნაცვლად, მოვალედ შპს ,,ფ.ნ–ი“ ჩაენაცვლა; დასახელებულ ცვლილებაზე იპოთეკის საგნის მესაკუთრეს თანხმობა არ განუცხადებია.
სსკ-ის 286.3 მუხლის თანახმად კი, ამისათვის საჭირო იყო მესაკუთრისა და კრედიტორის შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც არ განხორციელებულა.
12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გამოხატული მოსაზრება - შპს ,,ფ.ნ–ზე“ ვალის გადაკისრებით იპოთეკის გაუქმების შესახებ არის არა "ტყუილი" და/ან მართლსაწინააღდეგო ბრალეული ქმედება, არამედ იგი მხარის პოზიციაა, რომლის კანონშესაბამისობაზეც სასამართლომ იმსჯელა და მათ შორის ამ დასკვნის საფუძველზე მიღებული, ზემომითითებული გადაწყვეტილება, შესულია კანონიერ ძალაში; შესაბამისად, დასახელებული პრეტენზია აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის დანაწესიდან.
13. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარისა (საგადახდო დავალება - #19475, გადახდის თარიღი - 26.12.2023), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.ბ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარისა (საგადახდო დავალება - #19475, გადახდის თარიღი - 26.12.2023), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა