7 ნოემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-530 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.მ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ნ.მ–ვა, ი. და ე. მ–ები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - კომლის წევრად აღდგენა, კომლის საერთო ქონების 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, მესაკუთრეთა სიიდან ამორიცხვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.მ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.მ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან აპელანტი), ი. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან აპელანტი) და ე. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან აპელანტი( მ–ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კომლის წევრად აღდგენის, კომლის საერთო ქონების 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობისა და მესაკუთრეთა სიიდან ამორიცხვა შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა, სახელდობრ:
კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა რიგი ფაქტობრივი გარემოებები რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. კერძოდ, კასატორს საცხოვრებელი ადგილი არასოდეს შეუცვლია, დაბადებიდან დღემდე რეგისტრირებულია სადავო სახლში და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, პირველი მოპასუხე საარქივო ცნობაში 1996 წლიდან ფიქსირდება, შესაბამისად, კანონის თანახმად იგი ვერც კომლის წევრად ვერ მიჩნევა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონალური არქივის 2018 წლის 24 აგვისტოს AA2018021119-03 ცნობის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ ბოლნისის რაიონის მამხუტის (სარაჩლოს) სასოფლო საბჭოს სოფელ ........ (......1986-1990 (რეკვიზიტები შევსებულია 1996 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია - მ. მ– მ. ო. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომლის უფროსი) კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ცოლი - მ. (ჩანაწერი ,,ლუტვუ“ გადახაზულია), მ–ა გ. კზი; შვილები ნ.მ–ვ მ. ო. (გაკეთებულია ჩანაწერი ,,ამოეწერა, გამოეყო კომლს 12.1987 წ“)) შ. მ–ა მ., მ. (რთულად იკითხება, ჩანაწერი ჩასწორებულია), ი. მ–ა მ., მ. (რთულად იკითხება, ჩანაწერი ჩასწორებულია), ე. მ– მ. ო. (გაკეთებულია ჩანაწერი ,,მუშაობს ქ. ბაქო“). რძალი - ა. მ–ა მ. მ. კ (გაკეთებულია ჩანაწერი ,,ამოეწერა, გამოეყო კომლს 12.1987 წ“), შვილიშვილები - ნ. მ–ა ნ. კ (გაკეთებულია ჩანაწერი ,,ამოეწერა, გამოეყო კომლს 12.1987 წ“) ს. მ. ნ. ოგ (გაკეთებულია ჩანაწერი ,,ამოეწერა, გამოეყო კომლს 12.1987წ“).
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1986-1990 წელს აგებული 86.კვ.მ საცხოვრებელი სახლი (მათ შორს 74 კვ.მ საცხოვრებელი სახლი; 1991- 1996 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1986-1990 წლებში 0,30 ჰა მიწის ფართობი.
4.4. ბოლნისის რაიონის ..... (.......) სასოფლო საბჭოს სოფელ ........ (ქვემო .......) 1996-2000 (რეკვიზიტები შევსებულია 2012 წლისჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მ. მ–ი მ. ო (გადახაზულია გარდაიცვალა 4.06.09). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ცოლი - მ. მ–ა გ. კ (დოკუმენტშია ასეა, გადახაზულია, გარდაიცვალა 6.10.09); შვილები - შ. მ–ა მ. კ (გაკეთებულია ჩანაწერი „გათხოვდა - კომლში #940“), ი. მ–ა მ., ე. მ– მ. და რძალი - ა. მ–ა, მ. ო. კ.
კომლს პირად საკუთრებაში 1986-1990 წლებში ერიცხება 88.კვ.მ საერთო სასარგებლო ფართი (მათ შორს 74 კვ.მ საცხოვრებელი სახლი; 2000-2012 წლების მონაცემები არ ფიქსირდება) და 1996-1999 წლებში 0,30 ჰა მიწის ფართობი (2000-2012 წლების მონაცემები არ ფიქსირდება).
მ. მ. ოღლი მ–ის და მ. გ. კიზი მ–ას გარდაცვალების შემდეგ, კომლის უფროსად - ე. მ– . ო არის ჩაწერილი.
4.5. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ბოლნისის არქივის 2015 წლის 30 ივლისის სარქივო ცნობის თანახმად, ბოლნისის არქივში დაცულ ბოლნისის რაიონის ..... (ს......) საკრებულოს სოფელ ........... (......) საკომლო წიგნებში 1986-1990 წლებში (ჩანაწერები არასრულადაა შევსებული 1996 წლამდე) კომლის უფროსად ჩაწერილია - ნ.მ. ოღლი მ–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ოჯახის უფროსი - მ. ნ. მ., მეუღლე - მ–ა ა. მ. კზი და შვილები - მ–ა ნ. ნ. კიზი, მ. ს. ნ. ოღლი, მ–ა ლ. ნ. კიზი.
საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ კომლის ქონების შესახებ ინფორმაცია არ არის.
4.6. 1996-2000 წლებში (2012 წლამდე ჩანაწერები არასრულადაა შევსებული) კომლის უფროსად ჩაწერილია - ნ. მ. ოღლი მ–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ოჯახის უფროსი - მ. ნ. მ., მეუღლე - მ–ა ა. მ. კზი და შვილები - მ–ა ნ. ნ.კიზი, მ.. ს. ნ. ოღლი, მ–ა ლ. ნ. კიზი.
კომლზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერი არ არის მითითებული.
4.7. ქვემო ქართლის რეგიონალურ არქივში დაცული ბოლნისის რაიონის მამხუტის სასოფლო საბჭოს სოფელ ქვემო არქევანის 1986-1990 წლებში (რეკვიზიტები შევსებულია 1996 წლის ჩათვლით) საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია - ნ.მ–ვ მ. ო. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე - მ–ა ა. მ. კიზი და შვილები - მ–ა ნ. ნ.კიზი, მ– ს. ნ. ოღლი, მ–ა ლ. ნ. კიზი.
კომლის პირად საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
4.8. ვ. მ–ი და ნ.მ–ვა 1995 წლის 15 თებერვლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
მ. მ–ი 2009 წლის 4 ივნისს, ხოლო ლ. (მ.) მ–ა 2009 წლის 6 ოქტომბერს გარდაიცვალა.
4.9. საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 10 ივნისის მონაცემებით, კომლის შემადგენლობაში პირთა რეგისტრაციის საფუძვლები (განცხადება, გადაწყვეტილება, დადგენილება - აღრიცხული ერთიან ფონდად, როგორც ეროვნული საარქივო დოკუმენტი) საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული არ არის.
4.10. უძრავი ქონების ს/კ-ით #....... (ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი - 410.კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1, #2, #3), #....... (ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 1330.კვ.მ) და #....... (ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 460.კვ.მ) თანამესაკუთრედ სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღება-ჩაბარების #843 აქტის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების #00044 ოქმის, #11/5583 საარქივო ცნობის #15/199221, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმისა #00048, #11/5584 და #15/199221 საარქივო ცნობის საფუძველზე აღრიცხულია - ნ.მ–ვა.
4.11. მოსარჩელე ბოლნისში, ს. ......... პირველ ქუჩა #25-შია რეგისტრირებული, რეგისტრაციის თარიღია - 01.02.2002 წელი (იხ. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრიის სამსახურის საინფორმაციო ბარათი).
4.11.1. კასატორი/მოსარჩელე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ ........ მდებარე, ქუჩა #1, სახლი #25-ში ცხოვრობს (იხ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 სექტემბრის ცნობა).
4.12. მოსარჩელე 1987 წლის 12 დეკემბერს ოჯახის წევრებთან ერთად გამოეყო მამის - მ. მ–ის კომლს და ცალკე კომლად დარეგისტრირდა, თუმცა კომლის ქონების გაყოფა არ მომხდარა.
4.12.1. მოსარჩელე 1992 წლის 1 იანვრის მონაცემებით, კომლის წევრი არ იყო.
4.12.2. კომლის ქონებიდან მოსარჩელის მიერ წილის სახით ფულადი კომპესაციის მიღების ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდება.
4.13. პირველი ინსტანცის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, კომლიდან მოსარჩელის გამოყოფის შესახებ ფაქტობრივი გარემოება სადავო არ არის.
4.14. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა - 1988 წლიდან დაიწყო და 1990 წლის დეკემბერში ამოიწურა.
5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდებოდა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე (კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით) და 125-ე (საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის) მუხლებით, კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით.
კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ:
1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად ( გამოყოფა);
2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა);
3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება.
კომლის ქონებაში ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ.
6. მიწისა და საერთოდ სოფლის მეურნეობის სისტემაში რეფორმის განხორციელებამ, შესაბამისად ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნამ, მნიშვნელოვნად შეცვალა მანამდე არსებული მოწესრიგება.
ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას წარმოადგენდა, არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრების სამართლებრივი რეჟიმი.
7. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის # 949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის # 29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.
კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის # 128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.
8. მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის 1 იანვრის მდომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული).
ამავე ნორმატიული ბაზიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა, სხვა ადგილას მიეღო ასევე ქონება მიღება-ჩაბარების აქტით.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმატიული წყაროს მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება, ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას.
9. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე 1987 წელს ოჯახის წევრებთან ერთად გამოეყო მამის - მ. მ–ის კომლს და ცალკე კომლად დარეგისტრირდა, თუმცა კომლის ქონების გაყოფა არ მომხდარა.
ასევე დადგენილია, რომ კომლის ქონებიდან მოსარჩელეს წილის სახით ფულადი კომპესაცია არ მიუღია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია მოთხოვნა ხანდაზმულად 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე (საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით) და მე-80 (სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა) მუხლების საფუძველზე. კერძოდ:
ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის ათვლა 1987 წლიდან დაიწყო, როდესაც მოსარჩელე მამის კომლს გამოეყო და 1990 წელს ამოიწურა, თუმცა, სარჩელი წარდგენილია 2019 წლის 15 აპრილს, ერთმნიშვნელოვნად სამ წელზე მეტი პერიოდის გასვლის შემდგომ. ამდენად, სარჩელის წარუმატებლობა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამ განაპირობა.
10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც, შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).
11. ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე "ისრაელის მოქალაქეები - თ. ჯ–ი, ნ. ჯ–ი და ი.ჯ–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ, ხანდაზმულობის ვადების მნიშვნელობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობა გაიზიარა და განმარტა: „სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან“.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის - არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი“ (შდრ. სუსგ №ას-1778-1756-2011, 29.06.2012წ).
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს დ.ნ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება - №21880517326, გადახდის თარიღი - 17.05.2024) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.მ–ვს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ნ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება - №21880517326, გადახდის თარიღი - 17.05.2024) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა